იოსებ სტალინი – საქართველოს ეროვნული მოძრაობის საწყისი

იოსებ სტალინი – საქართველოს ეროვნული მოძრაობის საწყისი


       
               რუსეთის «მოდერნიზებული იმპერიის» (როგორც იმ დაუვიწყარ ეპოქაში ამბობდა ირაკლი წერეთელი) მრისხანე იმპერატორის დაბადების 120 წლისთავს საქართველოში თითქოს მხოლოდ პანტელეიმონ გიორგაძის კომუნისტები აღნიშნავენ.
        ერთი შეხედვით, ქართველი ხალხი სრულებით გულგრილია სოსო ჯუღაშვილისადმი... თუმცა ზოგადად, სტალინის ფენომენმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ქართულ ცნობიერებაზე და დიდწილად განსაზღვრა კიდეც საბედისწერო პროცესების განვითარება XX საუკუნის მეორე ნახევარში.
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო თარიღი არის 1956 წლის 9 მარტი, როდესაც რუსებმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი პროსტალინური დემონსტრაცია უმოწყალოდ დახვრიტეს.
        თვით ეს დემონსტრაცია, რა თქმა უნდა, ეროვნული გრძნობების გამოვლენა იყო და არა რაღაც «კომუნისტური რწმენისა» - ამიტომაც მოხდა, რომ სწორედ საქართველოში გამოვიდა ხალხი ქუჩაში სტალინის სახელის დასაცავად და არა სომხეთში, უზბეკეთში ან მოლდოვაში.
        სტალინის ქართველობა ტკბილად ელამუნებოდა ქართველი ხალხის ეროვნულ თვითშეგნებას, ამიტომ, როდესაც რუსმა ხრუშჩოვმა მწარედ (დიდწილად მართლაც უსინდისოდ და უსამართლოდ – ვინაიდან 37 წელს თავადაც ყველაფერში მონაწილეობდა) გააკრიტიკა იოსებ ჯუღაშვილი, ქართულმა ცნობიერებამ ეს ეროვნულ შეურაცხყოფად აღიქვა.
        ეს გრძნობა კიდევ უფრო გამძაფრდა 9 მარტს, - მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტის შედეგად. მაშინ გულში ჩაკლული ბოღმა მეტად ქმედითი აღმოჩნდა და იგი სრულად «მომდევნო» თაობამ გამოამჟღავნა, - თაობამ, რომელსაც იმთავითვე სძულდა ის ფენომენი, რომელიც «რუსეთს» უკავშირდებოდა.
        თუმცა, ეს თაობა (9 აპრილის თაობა) ამ სიძულვილის პირველწყაროს ვერ აცნობიერებდა. მისთვის სტალინის ფენომენი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა, მაგრამ «მამათა თაობისათვის» (9 მარტის თაობისათვის) სწორედ ეს ფენომენი გახლდათ განმსაზღვრელი.
        თანამედროვე «პრორუსულ მოღვაწეებს» (მაგალითად, ვახტანგ გოგუაძეს, ვალერი კვარაცხელიას) არაფრის დიდებით არ სურთ ეს ფენომენი გაიზიარონ და ცნონ.
        ისინი კვლავინდებურად, ჯიუტად ამტკიცებენ, რომ «ანტირუსული განწყობა» საქართველოში გარედან არის შემოტანილი (ლამის ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერაა პროვოცირებული), რომ იგი არ არის თვისებრივი ქართველი ერისათვის, რომელსაც, სინამდვილეში ძალიან უყვარს რუსეთი და ა.შ.
        ამასთან დაკავშირებით, მკითხველს შევახსენებ ედუარდ შევარდნაძის განცხადებას, რომელიც მან 1998 წლის მარტში გააკეთა _ ცნობილი მოვლენების იუბილესთან დაკავშირებით.
        სამწუხაროდ, ეს სენსაციური განცხადება, რომელიც «საქართველოს რესპუბლიკაში» გამოქვეყნდა, თითქმის შეუმჩნეველი დარჩა: « ... ჩემი უფროსი მეგობარი, უბრწყინვალესი პოეტი და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ბატონი ირაკლი აბაშიძე მიყვებოდა: როდესაც ხრუშჩოვი კითხულობდა თავის ცნობილ მოხსენებას მე-20 ყრილობაზე (როგორც ჩანს, ირაკლი აბაშიძე, როგორც დელეგატი, კრემლის ყრილობათა დარბაზში იმყოფებოდა – ავტ.), იგი დროდადრო მუშტს დაჰკრავდა ხოლმე ტრიბუნას და ხმამაღლა გაიძახოდა: «ვოტ ვამ ველიკი სინ გრუზინსკოგო ნაროდა, ვოტ ვამ სინ გრუზიი. დარწმუნებული ვარ, მისი მიზანი იყო, ამით ხაზი გაესვა სტალინის ქართველობისათვის, რათა სწორედ ქართველი ხალხისაკენ მიემართა ტრადიციული რეჟიმის, იგივე სტალინური რეჟიმის დროს ნაწამები ადამიანებისა და მთელი ხალხის სიძულვილი; 9 მარტი იყო რუსული შოვინიზმის გამოვლინება»...
        ედუარდ შევარდნაძის ეს განცხადება ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმდროინდელ (50-იანი წლების) ატმოსფეროს საქართველოში. მაშინ შევარდნაძე კომკავშირელი მუშაკი იყო და, რაღა თქმა უნდა, აღმერთებდა სტალინს – არა მხოლოდ და არა იმდენად როგორც «კომუნისტურ ბელადს», არამედ როგორც «ქართველ გენიას».
        ხრუშჩოვისეული კრიტიკა დიახაც, იქნა აღქმული, როგორც ქართველობის შეურაცხყოფა, რომელიც იდენტიფიცირებული იყო სტალინთან. ხოლო ის მოსაზრება, რომ ამგვარი გაიძვერობით ხრუშჩოვი ცდილობდა რეპრესირებული ხალხებისა და ადამიანების სიძულვილი მიემართა ქართველი ხალხისაკენ და აეცილებინა ეს სიძულვილი რუსებისათვის (აქაოდა, აბა, ჩვენ რა შუაში ვართ, სტალინიც ქართველი იყო და ბერიაცო), ნამდვილად არ არის მოკლებული რაციონალურობას.
        ამგვარი «ილეთი» საერთოდ დამახასიათებელია რუსეთისათვის. ამ ქვეყნის ისტორიაში ხან ებრაელები ხდებოდნენ განტევების ვაცი, ხან გერმანელი ბირონი და ხან ვინ მოთვლის კიდევ...
        ამ აზრით, იოსებ სტალინი თამამად შეიძლება ჩაითვალოს «ეროვნული მოძრაობის» წამომწყებად საქართველოში;
        თუმცა, სტალინი ამას სიცოცხლეშიც ვერ იფიქრებდა, - «მოძრაობის» ლიდერები კი ვერც ახლა აცნობიერებენ, რა გრძნობებზე ითამაშეს სინამდვილეში.
        აქედან გამომდინარე, გორში სტალინის საპატივცემულოდ გამართული მიტინგი თუ მსვლელობა თამამად შეიძლება ჩაითვალოს «ეროვნული მოძრაობის» მორიგ აქციად.

მერიდიანი, 20 დეკემბერი, 1999 წელი