ინტერვიუ „გვირგვინას“ გლობალურ კატასტროფაზე და მის შესაძლო შედეგებზე.

ინტერვიუ „გვირგვინას“ გლობალურ კატასტროფაზე და მის შესაძლო შედეგებზე.

საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ჟურნალისტსა და ისტორიკოს დათო გამცემლიძეს ესაუბრა:

 

- მსოფლიო გაჩერებულია. გახსოვს ხომ: „გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ“. კი გაჩერდა, მაგრამ სად ჩავიდეთ? მოკლედ, რიტორიკული კითხვით დავიწყოთ, - რა ხდება, მსოფლიო შეიშალა თუ საფრთხეს აფასებს ადეკვატურად?

 

_ გმადლობ. უკვე ყველა დარწმუნდა, რომ არავითარი გადაჭარბება არ არის შეფასებაში: „ის, რასაც მსოფლიო შეეჩეხა, ყველაზე დიდი გამოწვევაა კაცობრიობისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.

მსოფლიო ლიდერთაგან ეს პირველმა  ანგელა მერკელმა თქვა და გერმანელი ლიდერის „გახმოვანებით“, თეზისი კიდევ უფრო ავისმომასწავებლად ჟღერს. მიზეზის ახსნა, ალბათ, არც არის საჭირო.

აქვე გავიხსენოთ, რომ მეორე მსოფლიო ომიც კი არ შეხებია ასე ტოტალურად მთელ მსოფლიოს. მაგალითად, აზიის, აფრიკის ან სამხრეთ ნახევარსფეროს ბევრი ქვეყანა იმ ომში საერთოდ არ მონაწილეობდა, ამდენად მსხვერპლიც არ გაუღია.

დღეს კი საფრთხე ემუქრება აბსოლუტურად ყველას. ვირუსოლოგთა მტკიცებით, თუ კაცობრიობამ უახლოეს მომვალში ვაქცინა ან ქმედითი წამალი ვერ შექმნა, ანუ „მასობრივი იმუნიტეტის“ იმედადღა დარჩა (ძალიან ცუდად ჟღერს „ჯოგური იმუნიტეტი“, თუმცა მეცნიერული ტერმინია), მაშინ ამ მზაკვარი და სწრაფად გავრცელებადი ვირუსის შედეგად შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს. განა, ისტორიული მაგალითი მუდამ  თვალწინ არ გვაქვს?

- „ესპანურ გრიპს“ გულისმობ?

- დიახ, 1918-1920 წლების „ესპანურას“ პანდემიის დროს, მარტივად თუ ვიტყვით, ეს იყო „ჩიტის გრიპი-1“, ევროპაში, დაახლოებით, 50-70 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე პირველ მსოფლიო ომში ბრძოლის ველზე ან დაბომბვების დროს დაღუპულთა რიცხვი.

სხვათა შორის, იმ  „გვირგვინა-ვირუსის“ გავრცელების პირველწყარო, ანუ „ნულოვანი ავადმყოფი“ იყო ამერიკელი ფერმერი, რომელსაც ფრინველების ფერმა ჰქონდა, ანუ აქტიურად კონტაქტობდა მათთან, პირველ რიგში, ბატებთან და იხვებთან. მათგან გადაედო, დაავადდა, იმავე დროს, ჯარში გაიწვიეს, გემით გადაკვეთა ატლანტის ოკეანე, ჩავიდა ევროპაში, დასახლდა ყაზარმაში და... სწორედ ასე დაიწყო საზარელი პანდემია, რომელიც ჯერ სამხედრო დანაყოფებში, შემდეგ კი მოსახლეობაშიც გავრცელდა უკვე მშვიდობიანობის დროს.

- ის პანდემია დიდხანს გაგრელდა...

- დიახ, საინტერესო და ნიშანდობლივია მეცნიერთა დასაბუთებული მტკიცება, რომ ის პანდემია,  დაახლოებით, ორ წელიწადს გაგრძელდა. იმედი ვიქონიოთ, დღევანდელი მსოფლიო ბევრად უფრო სწრაფად შეძლებს, ამ გამოწვევას უპასუხოს!

მაგრამ შენს კითხვაში არანაკლებ საინტერესო სხვა აქცენტი იყო: მართლაცდა „რა ხდება?“ ჰქონდა კი კაცობრიობას გლობალური კატასტროფის ამგვარი აღქმა წარსულში? ბოლოს და ბოლოს, არც პირველი, არც მეორე მსოფლიო ომი რამე „ახალი ხილი“ არ ყოფილა, რადგან ადამიანთა მოდგმის ისტორია, სამწუხაროდ, ომების ისტორიაა. ხოლო „ისპანკის“ პანდემიისას მსოფლიო ჯერ კიდევ არ იყო ისე „კომუნიცირებული“, ისე გლობალიზებული სატელეკომუნიკაციო თუ სხვა თვალსაზრისით, რათა ის პანდემია ადეკვატურად აღექვა, როგორც პლანეტარული მასშტაბის  ეგზისტენციური საფრთხე! აქედან გამომდინარე, დღევანდელი ვითარება მართლაც ფილოსოფიურ სიმაღლეს აღწევს და ისეთ კითხვებს წარმოშობს, რომელიც ადრე წარმოუდგენელიც იყო. ძმები სტრუგაცკების ერთ-ერთ ფანტასტიკურ რომანში  პერსონაჟი ამბობს: „ვეძებთ და ვპოულობთ პასუხს კითხვებზე, რომელთა დასმაც არ ვიცითო“. ანუ ადამიანი გრძნობს, - ის, რასაც შეეჩეხა, „პასუხია“, ოღონდ პასუხია იმ „კითხვებზე“, რომელთა ფორმულირებაც არ ძალუძს!

შეიძლება თუ არა ასე მოხდეს? აღმოჩნდა, რომ თურმე  შესაძლებელია.

ე. ი.საკაცობრიო საზრისის მთელი პარადიგმა იცვლება: ადამიანი ეძებს არა პასუხს კითხვებზე, არამედ ცდილობს კითხვის ფორმულირებას უკვე აღმოჩენილი „პასუხის“ შესაბამისად.

- ერთი ნათელი პასუხი რაც გვაქვს ის არის, რომ საფრთხე, გნებავს, მტერი - უხილავია...

- ახლა მეორე კუთხით შევხედოთ პრობლემას და სხვაგვარდ ვთქვათ: ადამიანური საზრისის ევოლუცია ეგუება ეგზისტენციურ საფრთხეს, როდესაც საფრთხე ხილულია.

ანუ მისთვის  მიუღებელია(!), თუმცა „გასაგებია“, როდესაც რომელიმე კაცთმოძულე რეჟიმი - ვთქვათ, ნაცისტური რეჟიმი გერმანიაში ან კომუნისტური რეჟიმი საბჭოთა კავშირში - მილიონობით ადამიანს ჟლეტს მათი ეთნიკური წარმომავლობის ან სოციალური კუთვნილების გამო ან/და მილიონობით ადამიანი იღუპება ომის შედეგად, მაგრამ... ადამიანის ინდივიდუალური და კოლექტიური ცობიერება ვერაფრით ეგუება იმას, რასაც ვერ ხსნის, როდესაც ეს „აუხსნელი“ ასეთივე ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნის, თუმცა ვერ „საგნდება“.

და რამდენჯერაც არ უნდა ვაჩვენოთ ტელევიზიით ელექტრო-მიკროსკოპით ათასგზის  გადიდებული „გვირგვინა-ვირუსი“ ან ის, თუ როგორ ანადგურებს იგი უჯრედებს, ეს აღქმა მაინც ვერ შეიცვლება, რადგან ადამიანური მენტალობა ინსტინქტურად ეწინააღმდეგება მიზეზ-შედეგობრივ მიმართებათა ასეთ ტრანსფორმაციას: თითქმის „უხილავი“ არსება, რომელიც მილიონობით ადამიანს უქმნის ეგზისტეციურ საფრთხეს.

- გეთანხმები, ადამიანების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აცნობიერებს საფრთხეს სწორედ ამ მიზეზით...

- და ყველაზე მთავარი პარადოქსი: XIV საუკუნის ევროპაში ბაქტერიულმა ინფექცია „შავმა ჭირმა“ კინაღამ მთლიანად ამოწყვიტა კონტინენტის მოსახლეობა. მაშინ არც მიკროსკოპები არსებობდა, არც - განვითარებული მედიცინა, ხოლო ადამიანები ყველაფერს ღვთის რისხვით ხსნიდნენ - „შევცოდეთ და უფალი გვსჯისო“. ამგვარი  ახსნა მტკივნეული იყო, თუმცა „კოგნიტიურ დისონანსს“ მაინც არ ქმნიდა. აი, დღეს კი, როდესაც მეცნიერება ასე განვითარდა, ხოლო ადამიანმა  სამყაროს ცენტრად წარმოიდგინა თავი, როდესაც იგი ხედავს მიკროსკოპით „მტერს“, ხოლო შუა საუკუნეების ადამიანი ბაქტერიას ვერ ხედავდა, თანამედროვესთვის  განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ასეთი „დისონანსი“!

- რატომ?

- შავი ჭირის დროს ადამიანს არ სჭირდებოდა მიმართების დადგენა უფლის ნებასა და კონკრეტულ მკვლელ-არსებას - ბაქტერიას შორის. დღეს კი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს ეს ვირუსი უფლის შექმნილად მიაჩნია, თვით ვირუსისადმი უმწეობა მაინც უნადგურებს მსოფლაღქმას და პირველად, აღორძინების ეპოქის შემდეგ, ეჭვს უჩენს საკუთარ ძალმოსილებაში.

ამავე კონტექსტში, დავაკვირდეთ ჰოლივუდის „ფილმ-კატასტროფებს“, როდესაც დედამიწა ლამის დაიღუპოს, თუმცა ბოლო მომენტში გამოჩნდება გმირი (ან გმირები), ვინც კაცობრიობას იხსნის უცხოპლანტელთაგან, ასტეროიდთან შეჯახებისგან, მსოფლიო ცუნამისგან და ა. შ.

მთავარი აქ ის კი არ არის, რომ ყველა ეს საფრთხე ვირტუალურად  „გასაგნებულია“, არამედ ამ აღქმის სრულიად მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული „გადმოტანა“ რეალურ სამყაროში. ამიტომაც ამბობენ, დავაკვირდეთ: „კინო მგონია ეს ყველაფერიო“.  ან „სიზმარში მგონია თავი“, რაც შინაარსობრვად იგივეა: გამოხვალ კინოთეატრიდან ან გამორთავ ტელევიზორს ან გაიღვიძებ და ყველაფერი მთავრდება, გეღიმება კიდეც: „როგორ შეიძლება, ფილმი ასე განმეცადა, ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ კინოა?“ იწყებ ცხოვრებას ჩვეულებრივ. იტალიური ქალაქის მერიც ამიტომ კიოდა ლამის ტელემიმართვისას: „იტალიელებო, გაიგეთ, ის, რაც ახლა ხდება, კინო არ არის!“

აი, ზუსტად ამიტომ მიმაჩნია, რომ ასეთი გამოწვევა კაცობრიობისთვის მეორე მსოფლიო ომიც კი არ ყოფილა და ამ საკითხზე, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ეპიდემიოლოგები ან ვირუსოლოგები, არამედ ფილოსოფოსებიც უნდა დაფიქრდნენ.

- იცი, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით იმეორებენ, - ეს არის ომი უხილავ მტერთან, ადამიანის ფსიქიკისთვის ცოტა ძნელი აღსაქმელია ომი სროლების, აფეთქებების გარეშე...  ან რატომ აღმოჩნდა მსოფლიო ასე მოუმზადებელი ამ უხილავ მტერთან საბრძოლველად?

- მსოფლაღქმის თაობაზე ჩემი აზრი მოგახსენე. ახლა რაც შეეხება მოუმზადებლობას: არა მგონია, ამ მოუმზადებლობის მიზეზი პარადიგმის ხსენებული ცვლილება ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები დიდი ხანია, წინასწარმეტყველებდნენ იმგვარი პანდემიის საფრთხეს, რაც გლობალიზებულ მსოფლიოში ბევრად სწრაფად და  უფრო საშიშად გავრცელდებოდა, ვიდრე წინა ვირუსები ან ბაქტერიული ინფექციები. მაგრამ აქ უკვე წმინდად ტექნოლოგიური პრობლემა წარმოიშობა: მე რამდენადაც ვიცი, თანამედროვე მეცნიერებამაც კი ვერ „ამოხსნა“ ბევრი საიდუმლო, რაც ვირუსს უკავშირდება. ანუ ვერ უპასუხა მტკიცედ არსებით კითხვებს: „რა“ და „როდის“. მეცნიერებმა, ჯერჯერობით, მხოლოდ ის იციან, რომ ვირუსი, როგორც ასეთი, დედამიწის არა უბრალოდ ბიოლოგიური, არამედ გეოლოგიური ევოლუციის პროდუქტია და მილიარდობით წლის წინათ გაჩნდა, როგორც არაცოცხალი მატერიიდან - ცოცხალ მატერიაზე გარდამავალი საფეხური, ერთგვარი „აქტიურ ნივთიერება“.   

ერთ სერიოზულ გამოცემაში შემხვდა ჰიპოთეზა, რომ ვირუსი დედამიწაზე ასტეროიდმა ან კომეტამ „შემოიტანა“ მილიარდობით წლის წინათ და თითქოს სწორედ იგი იქცა სიცოცხლის წარმოშობის პირველწყაროდ.

როგორც სპეციალისტები წერენ, „მოუმზადებელნიც“ სწორედ იმიტომ აღმოვჩნდით სამედიცინო თვალსაზრისით, რომ არ არსებობს არანაირი „წამალი“ არც ერთი სახეობის ვირუსის საწინააღმდეგოდ. ჩვეულებრივი „გრიპის ვირუსიც“ კი მარცხდება არა წამლის წყალობით, არამედ ჩვენივე ორგანიზმის იმუნური სისტემით. როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი, რაც მედიცინას შეუძლია ამ და ნებისმიერი სხვა ვირუსის საწინააღმდეგოდ, არის ადამიანის იმუნური  სისტემის გაძლიერება და მის იმედად ყოფნა. ან უშუალოდ ამ ვირუსის დასუსტებული შტამის თუ ბაქტერიის - ვთქვათ BCG ვაქცინის გამოყენება.

ოღონდ  მე რაც წავიკითხე ამ დღეებში, მეცნიერებმა ბევრი არაფერი იციან იმაზე, თუ როგორ „მუშაობს“ ეს ყველაფერი.

ვირუსული ინფექციის ინვაზიური „განკურნება“, რამდენადაც მე მივხვდი, არ ხდება: მხოლოდ ადამიანის იმუნური სისტემა ამარცხებს მას, - ეს არის ვირუსის „მოხდა“ და „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ იყვნენ მზად მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები ამ გამოწვევისთვის და რატომ არ ეყოთ ელემენტარული აღჭურვილობა ან მოწყობილობა, ასევე რატომ აღმოჩნდა იტალიის, ესპანეთის ან ბრიტანეთის ჰოსპიტალური სექტორი ასე მოუმზადებელი, ასეთი უმწეო პასუხი ძალიან „არაკომფორტულია“: როგორც ჩანს, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში მთავრობები არ ითვალისწინებდნენ - „პანიკურად“ მიიჩნევდნენ ეპიდემიოლოგთა გაფრთხილებებს -  არ სურდათ დიდძალი თანხების მიმართვა იმ საფრთხის მოსაგერიებლად, რომლის ალბათობა თითქოს იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახება.

ამ თვალსაზრისითაც დავაკვირდეთ, რომ ტოტალიტარული სახელმწიფო, ჩინეთი, ბევრად უკეთ აღმოჩნდა მზად, რადგან ამ სახელმწიფოს მიერ ვირუსის ესოდენ სწრაფად დამარცხება, ჩემი აზრით, მხოლოდ მობილიზაციით და დრაკონული საკარანტინო ზომებით ვერ აიხსნება: მნიშვნელოვანი რესურსები მათ უკვე ჰქონდათ მობილიზებული, რაკი ჩინურ კომპარტიას არ ჰყავს ოპოზიცია, რომელიც მმართველ პარტიას „დაამუნათებდა“: „რა სისულელეებზე ხარჯავთ ფულს, როდესაც ბევრად აქტუალური სოციალური პრობლემები არსებობსო“.

ახლა ნამდვილად „იკადრა“ დასავლეთმა მილიარდობით დოლარის გამოყოფა არა მხოლოდ ეკონომიკის გადასარჩენად, არამედ სამეცნიერო კვლევებისა და აღჭურვილობა-ეკიპირებისთვის, მაგრამ ვაითუ, გვიან იყოს!

- გვერდს ვერ ავუვლით შეთქმულების თეორიებს, სადაც სამი მთავარი მოთამაშე გამოიკვეთა: ჩინეთი, აშშ და რუსეთი.  განვიხილოთ ეს თეორიები და როგორღაც შევძლოთ სიმართლესთან მიახლოება. მით უფრო, ნებისმიერ ქმედებას უნდა ჰქონდეს მიზანიც.

- ძალიან საინტერესო თემაა. პირველ კითხვაზე პასუხს დავუბრუნდები და კვლავ ვიტყვი, რომ ხსენებულმა „კოგნიტიურმა დისონანსმა“ და პარადიგმულმა ცვლილებამ გააასკეცა „კონსპიროლოგია“, რაც გასაკვირი არ არის. ანუ ბევრი ამაში ეძებს ახსნას, მაშასადამე - ხსნასაც.

ზოგადად, „კონსპირაცია“, როგორც სოციო-ფსიქოლოგიური ფენომენი,  მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხშირად იძენს პოლიტიკურ „ღირებულებას“. სოციო-ფსიქოლოგთა აზრით, კონსპირაციისადმი მიდრეკილება არა  ინტელექტუალური, არამედ მენტალური ფენომენია. ე. ი. სულაც არ არის დამოკიდებული ადამიანის ინტელექტზე: შეიძლება შეგხვდეს სრულიად ჯანმრთელი, განათლებული, მოაზროვნე ადამიანი, რომელიც გულდაჯერებით დაგიწყებს მტკიცებას, თითქოს პრეზიდენტი კენედი „ამერიკის სპეცსამსახურმა“ მოკლა. ვერანაირი არგუმენტით და ფაქტებით ვერ გადაარწმუნებ, რაკი  მენტალობა არის არა ის, რას ვფიქრობთ, არამედ ის, თუ „როგორ ვფიქრობთ“ - კოორდინატთა რომელ სისტემაში ვფიქრობთ. და თუ ფაქტები ეწინააღმდგება, ისევე როგორც ეწინააღმდეგება ელემენატარული საღი აზრი, მაშინ მით უარესი საღი აზრისა და ფაქტებისთვის.

- ამაში აბსოლუტურად გეთანხმები - მით უარესი ფაქტებისთვის...

- საბოლოოდ, მაინც ღირებულებებზე დაიყვანება: თუ ამგვარი მენტალობის მატარებელს ამერიკა „სატანის ბუდედ“ მიაჩნია, იგი იოლად დაიჯერებს, თითქოს სწორედ ამერიკის დაზვერვამ მოაწყო ეს ყოველივე ჩინურ ქალაქ ვუჰანში, ხოლო თუ პროამერიკელია და ანტიკომუნისტი, რასაკვირველია, იოლად დაიჯერებს ჩინეთის ბოროტ ნებას, იმის მიუხედავადაც კი, რა ურჩხულებიც არ უნდა იყონ ჩინეთის კომუნისტი ლიდერები, თუმცა არც „პოლ პოტები“ არიან მაინც და აღარც „კიმები“, უბრალოდ, წარმოუდგენელია, საკუთარი ქვეყნისთვის ასეთი  „ტერაქტი“ მოეწყოთ: დასავლეთში უკვე სერიოზულად განიხილავენ წარმოების ჩინეთიდან გატანას, რაც ამ ქვეყნისთვის კატასტროფად იქცევა, რაკი „ჩინური სასწაული“ სწორედ დასავლურმა ინვესტიციებმა და დასავლურმა წარმოებებმა განაპირობა.

ჩემი აზრით, აქ უნდა განვასხვავოთ მიზეზი - შედეგისგან. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ერთია, როგორ წარმოიშვა პრობლემა ან „ვისი ხელი ურევია“ და მეორეა, უკვე დამდგარ რეალობაში როგორ მოქმედებენ და პოლიტიკის, მათ შორის, გეოპოლიტიკის უმოწყალო, ცინიკური კანონებიდან გამომდინარე, რამდენად „იყენებენ“ ამ რეალობას დიდი მოთამაშეები.

აბსოლუტურად გეთანხმები, რომ შექმნილმა ვითარებამ დაადასტურა ბევრისთვის უსიამოვნო რეალობა: ამჟამად მსოფლიოში სამი ძირითადი აქტორია: ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი. ამ აზრს უამრავი ოპონენტი ჰყავდა, თუმცა როგორც კი ეგზისტენციური პრობლემა წარმოიშვა, თეზისი მთლიანად დადასტურდა! - მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

ახლა ამ სამი აქტორის ურთიერთდამოკიდებულება იმას ჰგავს, სამი მოჭადრაკე სამ საჭადრაკო დაფაზე ერთმანეთს რომ ეთამაშებოდეს ისე, ყოველი მათგანი ერთდროულად ორ მეტოქეს ეპაექრებოდეს, თანაც სხვა  დაფაზე არსებული „დისპოზიციის“ გათვალისწინებით.

- მეტად განმარტე ეს პასაჟი...

- მაგალითად, ჩინეთმა სწორედ რუსეთს მიაწოდა პირველს ახალი „გვირგვინას“ გენომი შესასწავლად, ამერიკას კი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა,  ამაში არც რუსეთი ჩამორჩა. იმავდროულად, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რთული „პარტია“ მიმდინარეობს ნავთობის საკითხზე და, კვლავ, აქაც „მესამე აქტორი“, ანუ ჩინეთი ცდილობს, საკუთარ მიზნებს მიაღწიოს იმის გათვალისწინებით, რომ სტრატეგიულად მას აწყობს ნავთობზე ფასის დაცემა, რუსეთს კი - პირიქით. დღეს ამერიკული ნავთობკომპანიები მზად არიან, თავად გადაუხადონ ფული მსურველს, თუ „წაიღებს“ ნავთობს და  ნავთობსაცავებს გამოუთავისუფლებს. ჩინეთი ამით სარგებლობს და საკუთარ ნავთობსადენებს ავსებს თითქმის უფასოდ მიღებული სტრატეგიული რეზერვებით, ხოლო რუსეთი ტაქტიკურად იგებს, რაკი ამერიკული მაღალტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც „ფიქალის ნავთობს“ მოიპოვებდნენ, ენერგომატარებლებზე ფასის დაცემის გამო გაკოტრების პირას არიან.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ „კონსპირაციული“ თეორია, ფაქტებსაც თუ თავს დავანებებთ, ლოგიკურ წინააღმდეგობას აწყდება: განა, შეგვიძლია ვთქვათ, ვინ არის „მოგებული“ ამ სამეულში შექმნილი ვითარების შედეგად? ერთმა თუ ამ მიმართულებით მოიგო, სხვა მიმართულებით წააგო და ა. შ. ეს არ არის „ნულოვანი ჯამის“ თამაში.

აქვე: ჩემთვის, როგორც ევროკავშირის დიდი გულშემატკივრისთვის, საწყენი ისაა, რომ „სამთა თამაშში“ ევროპა ვერანაირად ჩაერთო და ვერ იქცა „მეოთხე აქტორად“ - გასაგები მიზეზების გამო. 

- ამ ეტაპზე რა არგუმენტებიც არ უნდა მოვისმინოთ, ერთი რამ ცხადია: თუნდაც ჰყავდეს ამ ყველაფერს დამგეგმავები, ისინი საკმაოდ მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ შედეგებისთვის. „გვირგვინი“ მზად არის, ყველას „დაედგას“ და არავის არჩევს - არც მდიდარს და არც ღარიბს, არც პრეზიდენტს, მონარქს და არც ჩვეულებრივ ადამიანს. და აქვე, მდიდარზე გამახსენდა - რუსი ბლოგერები ხშირად ახსენებენ G5-ს და ბილ გეითსს. ამაზე რას იტყვი?

- ისევ და ისევ, ჩემი აზრით, „თვალ“ და „თავ“ შესაქცევი კონსპირაციული თეორიაა. აქ კვლავ უნდა ვცადოთ შედეგის გარჩევა მიზეზისაგან. ანუ არ დავუშვათ მათი „ადგილჩანაცვლება“: ის, რომ ჩინეთმა ნამდვილად მიაღწია ბრწყინვალე შედეგებს G5 ტექნოლოგიის გამომუშავება-განვითარებაში - დიდწილად იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც დასავლეთისგან... „ისესხა“, აგრეთვე ის გარემოებაც, რომ წარმოუდგენელია ეს ძალიან უხაროდეს ბილ გეითსს ან გახარებოდა სტივ ჯობსს ან ამით ბედნიერი იყოს ილონ მასკი თუ სხვა გენიალური ტექნოლოგიური ინოვატორები, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს,  თითქოს სარწმუნოა ალბათობა, რომ მათ შეუკვეთეს ამერიკულ სპეცსამსახურებს ამგვარი ტერაქტის მოწყობა.

- სკეპტიკოსები გკითხავენ: ვითომ რატომ?

- რადგან ამერიკა სწორედაც ასჯერ მეტად დაზარალდა ამ უბედურებით, ვიდრე - თავად ჩინეთი.

G5 ტექნოლოგია და პეკინის მცდელობა, ეს ტექნოლოგიური მიგნება გლობალური დომინანტობის ერთ-ერთ ფაქტორად აქციოს, ცალკე ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხო თემაა. მან უკვე გამოიწვია სერიოზული განხეთქილება დასავლეთში, რადგან დიდმა ბრიტანეთმა, განსხვავებით ევროკავშირისა და ამერიკისგან, თვალი დახუჭა იმ სრულიად აშკარა საფრთხეზე, რასაც ჩინური ზეტექნოლოგიის დასავლურ სისტემებში, მათ შორის, უსაფრთხოების სისტემაში დანერგვა შეიცავს.

რაც შეეხება, ზოგადად, მოუმზადებლობასა და მოულოდნელობას, რას ვიზამთ, შავი გედი - შავი გედია.

ხოლო ინსპირატორებს რომ შედეგი არ ჰქონოდათ გათვლილი, ჩემი აზრით, გამორიცხულია. თუ ეს ყოველივე, დავუშვათ, ხელოვნურია, მაშინ ამ ოპერაციის მომზადებაში ისეთი „ინტელექტუალური რესურს-ცენტრები“ იქნებოდნენ ჩართულნი, შედეგებსაც გათვლიდნენ საკუთარი ქვეყნებისთვის.

- პოლიტიკას შევეხოთ. როცა ამბობენ, სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყოო, აქ საინტერესოა შენი ხედვა: რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ პოლიტიკურ კონტექსტში, თუნდაც მსოფლიო წესრიგის ჭრილში?

- ყველაზე ცუდი, რაც ამ „გვირგვინა-ვირუსმა“ და მისმა პანდემიამ მოიტანა, არის უძლიერესი დარტყმა გლობალურ წესრიგზე. სწორედ იმ წესრიგზე, რასაც მსოფლიოში დასავლეთი ამკვიდრებდა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ.

ამ გლობალური წესრიგის სიტემური საფუძველი იყო საერთო პასუხისმგებლობა და/ანუ პლანეტარული სოლიდარობა.

დასავლეთი რაკი ამკვიდრებდა უპირველესად საკუთარ სივრცეში, სწორედ იგი უნდა ყოფილიყო მაგალითის მიმცემი ამ თვალსაზრისით ყველასთვის, ვინც კი  წესრიგის დანგრევასა და მსოფლიოს კვლავ XIX საუკუნის ნაციონალისტურ-იმპერიულ-აგრესიულ ეგოიზმში ჩაფვლას ცდილობდა.

და რა ვიხილეთ რეალურად? ევროპის სახელმწიფოებმა ერთმანეთს კრიტიკულ მომენტში დახმარება არ აღმოუჩინეს - დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთს რესპირატორებსა და ნიღბებს სტაცებდნენ...

თუ რეტროსპექტულად შევხედავთ, ასეთი რამ დასავლეთს არათუ მეორე მსოფლიო ომის, არამედ პირველი მსოფლიო ომის შემდეგაც არ „დამართნია“. ვგულისხმობ ღირებულებით საკითხს: მეორე მსოფლიო ომში ლიბერალურმა ევროატლანტიკურმა ცივილიზაციამ გაიმარჯვა - დაამარცხა ნაციზმი და ფაშიზმი სწორედ თავისი ერთიანობით, სოლიდარობით და საერთო ღირებულებათა გარშემო კონსოლიდირებით. შემდეგ, იმავე სოლიდარობითა და კონსოლიდაციით, გაიმარჯვა ცივ ომში კომუნისტური იმპერიალიზმის წინააღმდეგ და მიკროსკოპულმა „გვირგვინამ“ შეარყია...

„შავი გედი“... ისევ და ისევ „შავი გედი“, რასაც ჯიუტად და ბრმად არ ითვალისწინებდა ფილოსოფოსი ფრენსის ფუკუიამა, როდესაც დასავლური სამყაროს ძლევამოსილებით აღფრთოვანებული „ისტორიის დასასრულზე“ წერდა.

არადა, ქართულად თუ ვიტყვით, „სად ხარ, თურმე!“.

- და რა იქნება შედეგი?

- „იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა“ და მაინც იმედი ვიქონიოთ, ასეთი  „ფეხის დაცდენა“ ევროატლანტიკურ ცივილიზაციას საბოლოოდ ვერ დასცემს, ხოლო ეს უბედურება იქნება სტიმული არა საბოლოო დაშლის, არამედ მეტი კონსოლიდაციისთვის. მაგალითად: ის, რაც ევროპაში მოხდა ამ „კორონასთან“ დაკავშირებით, როდესაც ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ და ყველა ნაციონალურ ნაჭუჭში ჩაიკეტა, ევროკავშირის ბრალი კი არ არის, როგორც ზოგიერთი დემაგოგი ამტკიცებს, არამედ პირიქით, იმის შედეგია, რომ ევროპის დიდმა ლიდერებმა, - ვალერი ჟისკარ დესტენმა, ჰელმუტ კოლმა და ფრანსუა მიტერანმა -  ბოლომდე ვერ მიიყვანეს (არ მიაყვანინეს) ერთიანი ფედერაციული ევროპის პროექტი, რომელიც მაასტრიხტში დაფუძნდა.  „ევროპული ფედერაციის“ კონსტიტუცია ნაციონალისტებმა „ჩააგდეს“. მათ შორის, იტალიელმა ნაციონალისტებმა, ვინც ახლა ყველაზე მეტს ყვირის, „ევროკავშირი არ დაგვეხმარაო“.

ევროპა რომ ფედერაციული ზესახელმწიფო ყოფილიყო, „ცენტრი“ (ბრიუსელი) მოიპოვებდა ბერკეტებს რესურსების სამართლიანი და მიზანშეწონილი გადანაწილებისთვის.

სამწუხაროდ, არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია ვიფიქროთ, რომ ფანატიკოსი (მე ვიტყოდი, პათოლოგიური) „ევროსკეპტიკოსები“ ამ უბედურებას ევროკავშირის  კიდევ უფრო დასასუსტებლად არ გამოიყენებენ

- ჩემი მოსაზრება მომავლის მსოფლიოსთან დაკავშირებით ასეთია: გლობალიზაცია დაეყრდნობა სხვა ფორმულას, ანუ ნაციონალური სახელმწიფოების მიერ გაღებულ და მისაღებ სიკეთეებს და არა ბირთვული იარაღის ფლობის უპირატესობებს ან თუნდაც ეკონომიკურ სიდიადეს. სამომავლოდ, მე ასე ვუყურებ, ნაციონალურ სახელმწიფოებს უჩნდებათ თვითრეალიზების მეტი შანსი, მაგრამ ეს მოუწევთ საკუთარი იდენტობის განსაზღვრის საფუძველზე. აქ დავკონკრეტდები. მაგალითად, საქართველო ქვეყანაა თუ სახელმწიფო, რა უფრო პრიორიტეტულია - სახელმწიფოს მოქალაქე თუ ქვეყნის ეროვნული უმრავლესობა და სხვა უამრავი პარამეტრი? შენი მოსაზრება ამ საკითხზე, ანუ როგორ მოგვიწევს ცხოვრება ხვალ და როგორი იქნება გამოწვევები და პასუხი მასზე?

- ძალიან კარგად ჩამოაყალიბე. განურჩევლად იმისა, ვინ გეთანხმება ან ვინ - არა, ვის დადებითად მიაჩნია ამგვარი ალგორითმი და ვის - არა, წარსული გლობალური წესრიგის ნაცვლად რაღაც ალტერნატივის შემუშავება ნამდვილად დადგება დღის წესრიგში.

როგორი იქნება ეს ალტერნატივა, უახლოესი წლები გვიჩვენებს. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, დასავლეთი აქ უკვე ვეღარ შეასრულებს  „პირველი ვიოლინოს“ პარტიას, როგორსაც არათუ ათწლეულების, არამედ საუკუნეების  მანძილზე ასრულებდა. საქმე ისაა, რომ  ამ კრიზისმა მეტისმეტად გააძლიერა გლობალური გავლენის სხვა ცენტრები.  ეჭვი არ შეგვეპაროს, მოსკოვი და პეკინი აუცილებლად შეეცდებიან ისარგებლონ დასავლეთის ამ ძალიან სევდიანი მარცხით.

რაც შეეხება ჩვენს პატარა და სუსტ ქვეყანას, სამწუხაროდ, საქართველოს ისეთი სახელმწიფოებრივი პრობლემები აქვს გადაუწყვეტელი, ჩვენთვის მეტისმეტი ფუფუნება იქნებოდა ახლა ნაციონალიზმსა და გლობალიზმს შორის „ბალანსზე“ მსჯელობა. ჯერ უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, რომელსაც აქვს საზღვრები და/ანუ აკმაყოფილებს სახელმწიფოებრიობის უმთავრეს ნიშანს: სუვერენიტეტს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლებისა და ძალაუფლების განუყოფელი ერთობა ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ მთელ ტერიტორიაზე.

სანამ ეს უმთავრესი ნიშანი არ გაგვაჩნია, ვრჩებით „ჯერვერშემდგარ“ სახელმწიფოდ, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები ამას პირდაპირ არასდროს გვეტყვიან.

აქედან გამომდინარე, ის დარტყმა, რაც „სოლიდარობისა და საერთო პასუხისმგებლობის“ ღირებულებამ განიცადა, უდიდესი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა თუ ჯერ არ არის მთლიანად დაპყრობილი - იოტისოდენად არ ვაჭარბებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ, „დასავლური სოლიდარობის“ შედეგია.

როგორც კი ეს სოლიდარობა „ღირებულებად“ აღარ ჩაითვლება, არა მხოლოდ მსოფლიო, შემდეგ დასავლეთი, მათ შორის, ევროპა ჩაეფლობა „განცალკევების ჭაობში“, არამედ მოსკოვსაც ხელ-ფეხი გაეხსნება სამეზობლოში აგრესიისა და „ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოს“ აღსადგენად.

კვლავ იმედი ვიქონიოთ, ასე არ მოხდება.

- დიახ, რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, თუმცა საკითხავი ის არის, ვინ და რამდენი ადამიანი ფიქრობს ამაზე, თორემ ერს რომ ამაზე ფიქრისთვის არ სცალია, ამას ნათლად ვხედავთ. გავაგრძელებ... ვერ ვიტყოდი, რომ დღეს მსოფლიო ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა, მაგრამ კრიზისი სახეზეა და თითქმის ყველა სახელმწიფოში რეცესიას უნდა ველოდოთ. ვხედავთ, რა ხდება ენერგომატარებლების ფასებთან მიმართებით. ამ ვითარების ანალიზი ხომ არ იძლევა იმაზე დაფიქრების უფლებას, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ახალ კრიზისში შევალთ და მსოფლიოს რომელიმე ან რამდენიმე წერტილში  ახალი საომარი მოქმედებები იფეთქებს? პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში? ომი ხომ ეკონომიკას აძლიერებს და სხვა თუ არაფერი, მსოფლიოს ჯერაც ის ლიდერები ჰყავს, რომელთაც კუნთების დემონსტრირება უყვართ, ამ ლიდერების უკან კი საკმაოდ ძლიერი ფინანსური თუ სხვა სახის კორპორაციებია.

- გმადლობ, ამ კითხვისთვის. არის ასეთი გამოთქმა: „პოლიტიკა არასდროს მთავრდება“. ერთი შეხედვით, თითქოს, მარტივი თეზისია, პრიმიტიულიც კი. ანუ მისი „დეკონსტრუქცია“, წესით, იმაზე იოლი უნდა იყოს, ვიდრე თეზისებისა - „ისტორია არასდროს მთავრდება“ ან „ისტორია წარსული არ არის“... მაგრამ პირველ თეზისს თუ დავაკვირდებით, უამრავი წახნაგი აქვს.

აი, მაგალითად, ის, რაც მოხდა ნავთობთან დაკავშირებით უშუალოდ პანდემიის დროს.

როგორც ცნობილია, რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, ვლადიმირ პუტინმა, ბევრისთვის, თუმცა ალბათ არა ყველასთვის, მოულოდნელად, უარი უთხრა ორგანიზაცია OPEC-ს, რომელშიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები არიან გაერთიანებულნი, საუდის არაბეთის „თამადობით“,  გაეგრძელებინა ადრინდელი ხელშეკრულება, რაც  რამდენიმე წლის წინათ გაფორმდა ფორმატით OPEC+.

შეგახსენებ, რომ მოსკოვი, ჯერ კიდევ, სსრკ-ს ეპოქიდან, არ არის ამ ორგანიზაციის წევრი, ამიტომაც მოიფიქრეს ამგვარი ფორმულა, ანუ OPEC+რუსეთი.

ადრინდელი შეთანხმების მიხედვით, OPEC და რუსეთი ერთობლივად არეგულირებდნენ გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასებს და ცდილობდნენ წარმოების შემცირებას ან გაზრდას იმგვარად, ბარელის ფასი რაღაც ნიშნულზე „დაეჭირათ“: არც ძალიან მაღალი ყოფილიყო, თუმცა არც ძალიან დაბალი. „მოულოდნელად“, სწორედ „კორონოვირუსული აფეთქების“ დროს, პუტინმა განაცხადა, რომ გამოდის ამ შეთანხმებიდან და მე, პირადად, ვერაფრის დიდებით ვერავინ დამარწმუნებს, თითქოს ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება პანდემიას.

რასაკვირველია, ოპონენტებმა შეიძლება შემახსენონ, რომ პუტინმა განცხადება ჯერ კიდევ მანამდე გააკეთა, სანამ ეპიდემია დღევანდელ მასშტაბს შეიძენდა, თუმცა იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა - ყველა ყველა და მოსკოვს ისტორიულად „ხარისხიანი“ და თავის საქმეში  „კვალიფიციური“ სპეცსამსახურები ჰყავს - ჯერ კიდევ დეკემბერში მოახსენეს, ალბათ, პრეზიდენტ პუტინს მოსალოდნელი პანდემიის შესახებ. სინამდვილეში, მის შედეგთა გათვლა არ იყო რთული.

- ანუ?

- ეს იმას არ ნიშანვს, ამასაც ხაზს გავუსვამდი აქვე, თითქოს პანდემია „პუტინის მოწყობილია“ და რუსეთის ბიო-ლაბორატორიებიდან მოხდა ამ მზაკვარი ვირუსის „კულტუივირება“ ვუჰანში, თუმცა პუტინი რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისას ამ „გარემოს“ ითვალისწინებდა, ეჭვს არ იწვევს.

რატომ მიიღო პუტინმა ასეთი გადაწყვეტილება, ანუ რატომ თქვა უარი ნავთობმოპოვების „შეკავებაზე“, თუმცაღა ზუსტად იცოდა საუდელთა მოსალოდნელი პასუხი? -  „ერ-რიადმა“ საერთოდ მოხსნა ყოველგვარი შეზღუდვა, გაზარდა ნავთობწარმოება, შედეგად, ნავთობზე ფასები კატასტროფულად დაეცა და იმ დონეს მიაღწია, რაც იყო გორბაჩოვის ეპოქაში, როდესაც მნიშვნელოვანწილად სწორედ ნავთობზე ფასების ვარდნამ გამოიწვია სსრკ ეკონომიკის კრახი, სხვა ფაქტორებთან ერთად.

- როგორ შეიძლება, ეს პუტინისთვის და მისი ქვეყნისთვის სასარგებლო ყოფილიყო?

- მაგრამ ნუ ავჩქარდებით დასკვნებში:  პუტინის მიზანი ამ შემთხვევაში იყო ამერიკის „სისტემათშემოქმედი“ ნავთობმწარმოებელი სექტორის განადგურება! ეს სექტორი ბოლო ათწლეულის განმავლობაში კოლოსალურად „გადაეწყო“ „ფიქალის ნავთობისა“ და „ფიქალის აირის“ წარმოებაზე, რომელიც ბევრად ძვირი თვითღირებულებისაა, ვიდრე რუსული ან საუდური ნედლი ნავთობი ან რუსული ბუნებრივი აირი.

სანამ ნავთობზე ფასები მაღალი იყო, ამერიკული ნავთობკომპანიები მოგებაზე მუშაობდნენ, მაგრამ დღეს ამერიკაში ამ მხრივაც კატასტროფული ვითარებაა: მაღალტექნოლოგიური კომპანიები კოტრდებიან, ლეგენდარული მწარმოებლები ლამის „იქით უხდიან“ ფასს ყველას, ვინც ნავთობს უფასოდ წაიღებს და ამით ნავთობსაცავებს გამოათავისუფლებს, ხოლო ამერიკის ხელისუფლებას - ტრამპის ადმინისტრაციას, „გვირგვინას ეპიდემიის“ დროს, - როცა მილიონობით ამერიკელს სიკვდილი ემუქრება, - ძალიან გაუჭირდება ეკონომიკის ამ „სისტემათშემოქმედი“ სექტორისთვის რაიმე ქმედითი დახმარების აღმოჩენა, გარდა ამერიკაში ნავთობის იმპორტის შეზღუდვისა, რაც საბოლოოდ დაანგრევს ტრამპის მიერ ისედაც „მორყეულ“ იმ გეოეკონომიკურ წესრიგს, რასაც ამერიკა ამკვიდრებდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამერიკის მთავარი გეოეკონომიკური - ახლო მომავალში კი გეოპოლიტიკური მეტოქე, ჩინეთი, ამჟამად უხვად ავსებს თავის სტრატეგიულ ნავთობსაცავებს და ასეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავს ფიუჩერსული (სამომავლო, - ავტ.) ნავთობკონტრაქტების გასაფორმებლად, რაც მისი გარდაუვალი ეკონომიკური  „ნახტომის“ წინაპირობად იქცევა. მსოფლიომ შესაძლოა, ახალი „სინგაპური“ მიიღოს 15-20 წლის შემდეგ, ოღონდ ორმილიარდიანი მოსახლეობით.

კრემლმა, როგორც ჩანს,  ისიც გათვალა, რომ როგორი მდიდარი ქვეყანაც არ უნდა იყოს საუდის არაბეთი - მთავარი მოთამაშე გლობალურ ნავთობაზარზე, მას ძალიან გაუჭირდება  ფასთა „დაჭერა“ 10-15 დოლარის დონეზე: არაბული სამყარო, ზოგადად, 50-60  წელია, მიეჩვია ფუფუნებას ნავთობის ხარჯზე და ნორვეგიისგან განსხვავებით, ნავთობის გაყიდვით მიღებულ დიდძალ სახსრებს „მომავალ თაობათა ფონდში“ კი არ რიცხავდა, არამედ პირობითად თუ ვიტყვით, „როლსს როისსა“ და „იკრას“ დელიკატესში ხარჯავდა.

ვერც საუდელებს, ვერც ემირატელებს და ვერც ქუვეითელებს მათი ფეოდალები ვერ აუხსნიან, რას ნიშნავს „ქამრების შემოჭერა“.

მაშასადამე, პუტინი დაელოდება მომენტს, როდესაც არაბები ვეღარ მოითმენენ, ამასობაში ამერიკის ნავთობსექტორს უდიდესი ზარალი მიადგება და შემდეგ ნავთობზე ფასები ერთბაშად „აფრინდება“ მოსკოვის დიქტატით!

რამდენ წელს „მოითმენს“ რუსეთი დაბალ ფასებს? ყოველ შემთხვევაში, საუდელებისგან განსხვავებით, მოსკოვს, დაახლოებით, 500  მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვი აქვს და კიდევ, დაახლოებით, 100-150 მილიარდი დოლარის სამთავრობო ფონდი.

- მაგრამ ხალხი? მოითმენს რუსეთის მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებს?

- გარდა ამისა, რუსეთში დიქტატურაა და კრინტის დაძვრას ვერავინ გაბედავს, მათ შორის, ვერც რუსი ოლიგარქი ნავთობმწარმოებლები. გაბედავენ და პუტინი „თავს მოაგლეჯს“, როგორც ხოდარკოვსკისა და ბერეზოვსკის, თავის დროზე.

ეს მაგალითი იმის საილუსტრაციოდ მოვიტანე, რომ „პოსტპანდემიური“ მსოფლიო გეოეკონომიკური თვალსაზრისითაც უკვე სრულიად სხვა იქნება: სამწუხაროდ და სავალალოდ, ამ პანდემიამ, ნაცვლად სოლიდარობისა და კონსოლიდირებისა, მსოფლიო „სამხეცედ“ გადააქცია. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჯუნგლის ბინადრებმაც კი იციან საერთო განსაცდელის დროს „დაზავება“, როცა ვეფხვი და ირემი ერთად სვამენ წყალს, ადამიანთა მოდგმა კი, სამწუხაროდ, არც ამისთვის აღმოჩნდა მზად...

- რატომ?

- „პოლიტიკა“, აგრეთვე გეოპოლიტიკა, როგორც მისი გლობალური პროეცირება, „არასდროს მთავრდება“.

მე პირადად ეს შედეგი ბევრად მეტ საფრთხედ მიმაჩნია, ვიდრე ის ეკონომიკური კრიზისი, რაც ამ პანდემიასა და მსოფლიო ეკონომიკის „დაპაუზებას“ მოჰყვება. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ამუშავდება, თავიდან „დაიქოქება“, მაგრამ იმ რელობებს რაღა ეშველება, რაც პანდემიამ გამოიწვია?

გეთანხმები, რომ საქმე ომებამდე შეიძლება მივიდეს. მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში, რადგან ამერიკა ასე ადვილად არ დათმობს თავის პრეროგატივებს, ხოლო ნავთობი, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ალტერნატიულ ტექნოლოგიებზე, კვლავაც რჩება და კიდევ ძალიან დიდხანს დარჩება მსოფლიო ეკონომიკის, შესაბამისად, გეოპოლიტიკის „სისხლად“.

- ახლა საქართველოში გადმოვინაცვლოთ: მე ვიცი, რომ ნებისმიერ ფაქტს და ნებისმიერ სფეროში ისტორიულ პრიზმაში უყურებ და საკმაოდ საინტერესო მოდელირებით განიხილავ ხოლმე მას. ხელისუფლება აცხადებს, რომ ის, რაც გვაქვს, არის იმის შედეგი, რაც მაქსიმალურად შევძელით, შეიძლებოდა უკეთესადაც და ისევე როგორც შესაძლებელი იყო უარესი შედეგიც. პარალალურად, ჩვენ ვუსმენთ უამრავ უკმაყოფილო პოლიტიკოსს, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლების ქმედებებს. პროცესი შევაფასოთ მაქსიმალურად ობიექტურად: როგორია არსებული შედეგები?

- არც საქართველოში „მთავრდება პოლიტიკა“! აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: იმას, რაც ხდება, ძალიან შორსმიმავალი, ღრმა და სისტემური შედეგები ექნება როგორც პოლიტიკური თუ პარტიული „ლანდშაფტის“, ასევე ძალთა რეალური განლაგების, მათი კონფიგურაციისა და მომავალ არჩევნებზე ზეგავლენის თვალსაზრისით.

აქვე: ძნელი სათქმელია, ჩატარდება თუ არა ეს არჩევნები ოქტომბერში, როგორც არის დაგეგმილი ან მოასწრებენ თუ არა ჩვენი პოლიტიკური ელიტები იმ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებას, რაზედაც თითქოს შეთანხმდენ ამერიკის შუამავლობით. ორივე საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა არა არსებითი.

მთავარი მაინც ისაა, რომ რაკი ქართულმა საზოგადოებამ ეპიდემია აღიქვა - სწორადაც აღიქვა, როგორც სასიცოცხლო, ეგზისტენციური საფრთხე, მაშინ მთავრობის წარმატება ამ საფრთხის მოგერიებაში, რაც, ჯერჯერობით, საბედნიეროდ, უდავოა, შეუდარებლად გააძლიერებს  მმართველ პარტიას მომავალი არჩევნების წინ. იმდენადაც კი, რომ შესაძლოა, ახალი „საკონსტიტუციო უმრავლესობაც“ მივიღოთ, მიუხედავად 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერისა საკონსტიტუციო შეთანხმების მიხედვით. მით უმეტეს, თუკი რეფორმა ვერ განხორციელდა და არჩევნები კვლავ ძველი, ანუ შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა.

ამგვარი საშიშროება(!) რომ არსებობს, ოპოზიციურ ლიდერთა და ოპოზიციური მედიის ნევროტულ, ერთგვარად, დაბნეულ რეაქციებშიც მჟღავნდება. ისინი გრძნობენ, რომ „ცუგცვანგის“ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როდესაც პოტენციურ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა პანიკურად შეშინებულია; შიშის დროს კი იგი ცდილობს, ხელისუფლებას „მიეკრას“, როგორც მხსნელს, -  ხელისუფლების გარშემო შეიკრიბოს და ყოველგვარ ოპონირებას, მათ შორის, ოპოზიციურ აქტივობას ნეგატიურად აღიქვამს.

ამ შემთხვევაშიც უდიდესია ხელისუფლების პასუხისმგებლობა: ნუ შეეცდება ისარგებლოს შექმნილი ვითარებით და სჯობს, განაგრძოს მცდელობა იმგვარი სისტემის შექმნისა, რაც, ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში წერტილს დაუსვამს „ერთპარტიულობის“ მანკიერ ტრადიციას. ეს ავბედითი „ტრადიცია“ 30 წელია, გრძელდება; მანამდე კი 69 წლის განმავლობაში ბატონობდა - პირველი დემოკრატიული ერსპუბლიკის დამხობის შემდეგ.  

კრიზისის დროს საუკეთესო სტრატეგია შეიძლება იყოს პოლიტიკურ ელიტებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება და კოალიციურობა იმ ძალებს შორის, რომლებიც ფუნდამენტურ საგარეო და საშინაო ღირებულებებზე არიან შეთანხმებულნი.

მარგინალებს, რასაკვირველია, არ ვგულისხმობ.

- ბოლო დროს ვირუსის გავრცელების კონტექსტში უამრავი ვერსია მოვისმინეთ. ერთ-ერთი ეხება ჰაფლოჯგუფებს და გენეტიკურ თავისებურებებს. შენი განცხადებით, „ჰაფლოჯგუფებსა და გენეტიკურ-ქრომოსომულ ეთნო-თავისებურებებზე მსჯელობა არაპოლიტკორექტულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი მცდარია“. ამ თემასაც შევეხოთ, რადგან ეს არ არის მხოლოდ ვიწრო სპეციალისტების მსჯელობის ფორმატი. აქ მნიშვნელოვანია ისტორიული კონტექსტიც.

- მაინც ძალიან ფრთხილი ვიქნები ამ თემაზე მსჯელობისას. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს მე ან შენ „არაპოლიტკორექტულობის“ გვეშინია - უბრალოდ, სპეციალისტი არ ვარ. თუმცა თვალსაჩინო კანონზომიერებები ნადვილად არსებობს, მათი იგნორირება შეუძლებელია. თუ არადა, მაშინ სხვაგვარად უნდა აიხსნას,  რატომ და როგორ ხდება, ერთი ჯგუფი, ერთი კატეგორია უფრო ნაკლებ ზიანდება ვირუსით, ვიდრე - სხვა?

სასაცილოც კია იმაზე მსჯელობა, თითქოს ეს ნიშნავს ერთის „უკეთესობას“ - მეორეზე. შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ ისტორიული ტრადიციის, გარემო-პირობების, მათ შორის, ბუნების, ფლორის, ფაუნის, ჰავის, ნესტიანობის ან პირიქით, სიმშრალის, ლანდშაფტის, დაჭაობების, ბოლოს და ბოლოს, კულინარიული სპეციფიკის, შესაბამისად, ათასწლეულთა მანძილზე ბუნებრივად გამომუშავებული გენომური თავისებურებების „წყალობით“, ერთი ჯგუფი შესაძლოა, უფრო „რეზისტენტული“ აღმოჩნდეს კორონა-ვირუსის მიმართ, ვიდრე - მეორე.

მაგალითად, ხომ არავინ დაობს, რომ სხვადასხვა ჰაფლოჯგუფები ნამდვილად განსხვავებულად რეზისტენტულნი არიან ზოგიერთი  მიკრობული დაავადებებისა თუ შიდა ორგანოთა ქრონიკული პათოლოგიების მიმართ? მაშ, „ვირუსმედეგობის“ მხრივ რატომ არ შეიძლება, განსხვავდებოდნენ?

თუმცა რაკი სპეციალისტი არ ვარ, მეტს არ ვიტყვი - ფაქტებსა და კვლევის შედეგებს დაველოდოთ. 

- როგორ შეაფასებდი საქართველოს საპატრიარქოს გამოწვევას? პირადად ჩემთვის, უამრავ ფაქტსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს არის ბრძოლა კიდევ უფრო მეტი გავლენისა და კიდევ უფრო მეტი ძალაუფლებისთვის და რეალურად რელიგიასთან არაფერი კავშირი არ აქვს, თუმცა რელიგიური პასაჟი ჩართულია ამ ბრძოლაში სასურველი შედეგისთვის.

- უბრალოდ, თავზარდამცემია ის, რაც ამ მიმართულებით მოხდა ჩვენს ქვეყანაში. არა მხოლოდ უმაღლესი იერარქიის გამაოგნებელ პოზიციას ვგულისხმობ, არამედ, ზოგად განწყობასაც. ერთ-ერთმა კლირიკოსმა ისიც კი თქვა: „ჩვენ ისლამისტ ფანატიკოსებზე მტკიცენი აღმოვჩნდით რწმენაში, რადგან იმათაც კი შეეშინდათ ამ „პატარა არსების“, ჩვენ კი არ შევეპუეთო“.

ამას რომ წაიკითხავ ადამიანი, საკუთარ ნორმალურობაში შეგეპარება ეჭვი და გაგიჩნდება სურვილი, სტანისლავ ლემის გენიალური „სოლარისის“ გმირივით რამე რთული მათემატიკური ამოცანა ამოხსნა, რათა უპასუხო კითხვას: „ნეტავ, კვლავ თუ ვაზროვებ და ხომ არ შევიშალე ჭკუიდანო“.

მეორე გვსაყვედურობს: რუსეთის ეკლესიის პოზიციას როცა ემთხვეოდა ჩვენი ქმედებები, ამისთვის გვაკრიტიკებდით, ახლა გვაკრიტიკებთ, მოსკოვის საპატრიარქოსგან განსხვავებულად რატომ ვიმოქმედეთო.

ჯერ ერთი, არცთუ დამაჯერებელი არგუმენტია, მაგრამ ასეც რომ იყოს, როგორ შეიძლება, საკუთარი „დამოუკიდებლობის“ მტკიცება ამგვარი სამკვდრო-სასიცოცხლო რისკის ფასად?

- თან რა კონტექსტში განაცხადეს ეს მანდაც, რბილად ვიტყვი - იცრუეს... კრეტის კრებაზე იყო საუბარი, რუსეთს მივბაძეთო, არადა, რუსეთმა „მოგვბაძა“...

- ხომ ფაქტია, რომ კორეაში, მაგალითად, პანდემიური აფეთქების მიზეზი გახდა 31-ე პაციენტი (მისი სახელი და გვარი ახლა უკვე ცნობილია, - ავტ.), ვინც ერთ-ერთი რელიგური დენომინაციის წევრი იყო და მიუხედავად კარანტინისა, მაინც დადიოდა რელიგიურ ღონისძიებებზე, დაასნებოვნა ათასამდე ადამიანი, იმათ გადასდეს ათჯერ მეტს და ა. შ.

 საბედნიეროდ, კორეას აღმოაჩნდა სამეცნიერო-ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსები, ამ სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხის „კუპირება“ მოეხერხებინა. ჩვენ კი... განა, გვაქვს ამდენი და ასეთი რესურსი? ვიყოთ რეალისტები...

ოღონდ, აქვე ერთს ვიტყოდი: როგორც „პოლიტიკა არ მთავრდება“ არასდროს, ასევე ნებისმიერ პოლიტიკურ  მოვლენას, ფენომენს, პრობლემას სჭირდება შესაბამისი „ტექნოლოგია“ და ჭკვიანური მიდგომა რეალობის გათვალისწინებით. თუკი ჩვენი მიზანი პრობლემის გადაჭრაა და არა მხოლოდ მისი წარმოჩენა.

ამ რეალობაში, რაც შეიქმნა ეკლესიის პოზიციის გამო, ჩემი აზრით, ყველაზე ჭკვიანური, მიზანშეწონილი, სწორედაც „პოლიტ-ტექნოლოგიური“ აღმოჩდა პაატა იმნაძის განცხადება და მის მიერ დასმული აქცენტები.

შეგახსენებ, რა თქვა პაატა იმნაძემ: ის კი არ უთქვამს მრევლისთვის, ეკლესიაში არ მიხვიდეთ, თორემ ავად გახდებით და მერე სხვასაც დაღუპავთო, არამედ უთხრა: „ეკლესიაში არ მიხვიდეთ, თორემ სამღვდელოების წევრებს დაასნებოვნებთ და მათ გაუფრთხლდითო“. მაშინვე ისიც თქვა, „ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება“, ანუ სამღვდელოება ვერ გვეტყვის თვითონ, პირდაპირ, „არ მოხვიდეთო“, მაგრამ თქვენ ნუ ჩააყენებთ მათ მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაშიო.

საკმაოდ ჭკვიანურად მოფიქირებული და „კონსტრუირებული“ მესიჯი იყო, რომელმაც შესაძლოა, უფრო მეტად „იმუშაოს“, ანუ უფრო ქმედითი აღმოჩნდეს, ვიდრე პირდაპირი კრიტიკა და შეგონება, რაც სრულიად ფუჭია, როგორც ჩანს.

- მესმის, რა კონტექსტშიც ამბობ ამას. იქნებ, „ჩვენ დავსხდეთ სახლში“... მაგრამ მაინც არასწორ განცხადებად მიმაჩნია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ექიმებმა და ეპიდემიოლოგებმაც გაუაზრებელი განცხადებებით დააზიანეს პროცესი. შესაბამისად, არანაირი დიპლომატია არ არის იმნაძის განცხადება, რომელიც კანონის ფარგლებსა და დადგენილ ნორმებს სცდება... ისიც აზიანებს პროცესს. ეს ჩემი აზრია, უკაცრავად, რომ გაგაწყვეტინე...

- მეორე მხრივ, რაკი პოლიტიკა არათუ „არასდროს მთავრდება“, არამედ „არსად მთავრდება“, ეკლესიის უმაღლეს იერარქიაშიც გამწვავდა ბრძოლა და ჩემი შთაბეჭდილებით, პატრიარქის პოზიცია მაინც უპირატესად იმ შიშითაა გამოწვეული, ვაითუ ეს თემა ეკლესიაში განხეთქილების მიზეზი გახდეს და ვეღარ მოხერხდეს სინოდის უმრავლესობის  „უპირატესი“ - არა საყოველთაო და არა უპირობო, კონსენსუსის შენარჩუნება თანამოსაყდრე შიოსთან, როგორც მემკვიდრესთან  დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს მხცოვან პატრიარქს სიკვდილის არ ეშინია ისე, როგორც - განხეთქილებისა!

შეგახსენებ, რა მოხდა, დაახლოებით, 22-23 წლის წინათ, როდესაც „მამა ბასილ მკალავიშვილის“ ფანატიკოსთა ჯგუფისა და სინოდში მის ღია თუ ფარულ მხარდამჭერთა მოთხოვნით, ილია მეორე იძულებით  დაეთანხმა „მსოფლიო საეკლესიო კრებიდან“ გამოსვლას, რომელსაც წლების განმავლობაში თავად ხელმძღვანელობდა. მიზეზი, ისევ და ისევ, განხეთქილების შიში იყო მაშინაც.

ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება 19 აპრილს არ დაუშვებს საგანგებო მდგომარეობის დარღვევას და 21 საათის შემდეგ რომც იყოს ღია ეკლესიათა კარები, პოლიცია იქ ბევრს არავის შეუშვებს უშუალოდ ღვთისმსახურთა და კიდევ რამდენიმე მორწმუნის გარდა; რადგან როგორი დიდიც არ უნდა იყოს ეკლესიის განაწყენების რისკი, ეპიდაფეთქების რისკი ბევრად მეტია, რამეთუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამისთვის სწორედ ხელისუფლებას დაეკისრება და არა - ეკლესიას.

- დაბოლოს, რა დასკვნები უნდა გააკეთოს მსოფლიომ - კონკრეტულად, საქართველომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე?

- გავბედავ ვთქვა, რომ არა მგონია, მსოფლიომ, მათ შორის, ევროპის მოსახლეობამ, სწორი დასკვნები გამოიტანოს იმ საზარელი ტრაგედიიდან, რაც ჩვენ თვალწინ განვითარდა.

რასაც მე ვაკვირდები, „მასა“ უფრო იქით იხრება, რომ კიდევ უფრო უნდა ჩაიკეტოს თავიანთ სახელმწიფოებში, გაითიშონ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფუძნებული საერთაშორისო ინსტიტუტები კიდევ უფრო დაასუსტონ, „გლობალიზაციის“ წინააღმდეგ იბრძოლონ ფსიქოპატებთან ერთად და ა. შ.

ნაცვლად იმისა, ერთადერთი სწორი დასკვნა გამოიტანონ, რომ პირიქით, -  ასეთ პლანეტარულ გამოწვევებთან საბრძოლველად და/ან მომავალში მსგავსი ტრაგედიების გამანადგურებელი გავლენის შესარბილებლად მეტი კონსოლიდაცია და მეტი სოლიდარობაა საჭირო! საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების (მაგალითად, ევროკავშირის)  არა კიდევ უფრო დასუსტება, არამედ პირიქით, მათი გაძლიერება და რეალურ პასუხისმგებლობასთან ერთად რეალური ბერკეტებით აღჭურვა.

სამწუხაროდ და სავალალოდ, აქ დასავლური სამყარო დემოკრატიის ერთ ძალიან დიდ და საშიშ მანკიერებას შეეჩეხა, როდესაც გონიერ ელიტებს უჭირთ მასის ინსტინქტთა, ასევე ამ ინსტინქტთა გამომხატველ პოპულისტთა წინააღმდეგ წასვლა და „ჩათრევას ჩაყოლას“ ამჯობინებენ.

ევროპაში არ ჩანან ლიდერები და აღარც ის ფენომენი მოიძევება, რასაც ინგლისურად ჰქვია Leadership.

ერთადერთი ძლიერი პოლიტიკოსი ევროპაში ანგელა მერკელია და ლიდერი ისიც „ვერ-არ არის“ - მიზეზთა  გამო.

მაინც იმედი ვიქონიოთ, დასავლური სამყარო, ევროატლანტიკური ცივილიზაცია, რომელიც ყველა პრობლემის, ნაკლის ან თუნდაც მანკის მიუხედავად, მაინც კაცობრიობის ერთადერთი იმედია, დროთა განმავლობაში, ამ „სახადსაც“ მოიხდის - „გვირგვინასთან“ ერთად.

ქრონიკა+

2020 წლის 11 აპრილი