იმპერიული ძლევამოსილების სისტემა

იმპერიული ძლევამოსილების სისტემა

ორმაგი სირთულე
   

    ბორის ელცინისა და მისი გუნდის წარმატებანი უპირველეს ყოვლისა იმით აიხსნება, რომ იგი განსაკუთრებული სრულყოფილებით ფლობს რუსეთის იმპერიის მიერ საუკუნეთა განმავლობაში შემუშავებულ მეთოდებს.
    იმპერიული ძლევამოსილების სისტემა პირველად გენიალურმა ცეზარმა აამოქმედა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. შემდგომ ეპოქებში კი სახელმწიფოებრიობის ამ კონცეფციამ თავისი განვითარება ჰპოვა ჯერ ბიზანტიაში, ხოლო XV-XVI საუკუნეებში, ევრაზიულ სივრცეზე წარმოშობილ გრანდიოზულ ველიკორუსულ სახელმწიფოში.

    ამ სახელმწიფოს ისტორია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ წარმატებას მხოლოდ ის ელიტარული დაჯგუფება აღწევს, რომელიც სისხლხორცეულად შეიგრძნობს, ზუსტად აითვისებს საკუთარი სახელმწიფოებრიობის შინაგან ბუნებას, მის შიდა და გარე მიმართებებს, სახელმწიფოებრივი ძალმოსილების განხორციელების ძირითად მეთოდებს ანუ იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ცნობიერ და ეთიკურ სისტემებს, რომლებიც საბოლოო მიზნის მიღწევის, სრული და უეჭველი ისტორიული წარმატების გარანტიას იძლევა.
    არასოდეს დამავიწყდება ის ვიდეოფილმი, რომელიც გორბაჩოვის ბრძანებით, 1989 წელს უჩვენა მაშინდელი «საკავშირო ტელევიზიის» პირველმა არხმა. მასზე აღბეჭდილი იყო მთვრალი თუ ნაბახუსევი ელცინის გამოსვლა ამერიკის რომელიღაც უნივერსიტეტში.
    ვერასდროს, ვერაფრით, ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ ის კაცი, რომელმაც ყოვლისმნახველი ამერიკელებიც კი განაცვიფრა თავისი ექსცენტრიული ქცევით, თავად შეძლებდა (ეყოფოდა ინტელექტი) ესოდენ სწრაფად, ესოდენ ბრწყინვალედ აეთვისებინა ყველა ეს მეთოდი და ესოდენ ღრმად ჩაწვდომოდა იმპერიული სახელმწიფოებრიობის შინაგან ბუნებას, მის ურთულეს კანონებს.
    ალბათ მთავარია გუნდი, რომელმაც ეს პიროვნება, მისი ხელოვნურად შექმნილი იმიჯი აიტაცა და თავისი მიზნების განმახორციელებელ იარაღად აქცია.
    ამ გუნდის ცენტრალური ფიგურები, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით არიან გენადი ბურბულისი და ეგორ გაიდარი. სწორედ მათ, თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად, უფორმო, მაგრამ ენერგიულად «მდუღარე» მასიდან გამოძერწეს «იმპერატორი», რომელიც დღეს ესოდენ მტკიცედ წარმართავს იმპერიულ ხომალდს და ძნელად თუ უშვებს ან მომავალში დაუშვებს რაიმე სტრატეგიული ხასიათის შეცდომას.
    რუსლან ხაზბულატოვს ეყო ჭკუა და ალღო მიმხვდარიყო, ვინ იყვნენ მისი მთავარი მოწინააღმდეგენი იმ დიდ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, რომელშიც იგი ჩაება. სწორედ ამიტომ ცდილობდა გააფთრებით, როგორმე ჩამოეშორებინა ელცინისაგან ეს ორი პიროვნება, მაგრამ ვერაფერი გააწყო: ეკავათ მათ რაიმე ოფიციალური თანამდებობა თუ არა, ისინი მაინც ელცინის უახლოეს გარემოცვას შეადგენენ და შეადგენენ დღესაც.
    რა თქმა უნდა, ელცინი სრულიად უმწეოა გუნდის გარეშე, მაგრამ მისი ძალა კიდევ იმაშიც მდგომარეობს, რომ თვით გუნდიც შესანიშნავად აცნობიერებს: ელცინის გარეშე იგი დაუყოვნებლივ იქცევა არარაობად, რადგან ეს პიროვნება, მისი ადამიანური თვისებებით, საოცრად ზუსტად მოერგო რუსი ხალხის ეთნოფსიქოლოგიას, ველიკორუსული საზოგადოების ცნობიერებას.
    მიხეილ გორბაჩოვი კი - პირიქით. მიუხედავად მის მიერ რუსეთში განხორციელებული უპრეცედენტო რეფორმისა, მიუხედავად იმისა, რომ მან პირველმა გაათავისუფლა საუკუნეთა განმავლობაში დათრგუნული პიროვნება და ბოლოს და ბოლოს, თავისი ინტელექტით, პოლიტიკური თუ პიროვნული განვითარების საერთო დონით, ბევრად აღემატებოდა და აღემატება ბორის ელცინს, მაინც ვერ შეძლო, დაეკავებინა რუსთა ეროვნულ ცნობიერებაში ის ადგილი, რომლის მოპოვებას ესოდენ გულმხურვალედ ცდილობდა. სწორედ ეს გახდა ამ მოღვაწის უდიდესი ტრაგედია და მისი დაცემის უმთავრესი მიზეზიც.
    ელცინს დღეს ეპატიება ის, რაც არაფრით ეპატიებოდა გორბაჩოვს. ელცინი უყვართ. გორბაჩოვი კი არ სძულდათ, მაგრამ არც უყვარდათ. მის მიმართ გულგრილნი იყვნენ. მისთვის ბარიკადებზე არ წავიდოდნენ, ელცინისათვის კი - წავიდნენ, კვლავაც წავლენ და დაიხოცებიან კიდეც.
    ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს სიყვარული და ერთგულება რუსეთში არ იძენს ისეთ მახინჯ, ამაზრზენ ფორმებს, როგორსაც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, რომელსაც სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვა ტრადიცია და სხვა სიღრმე აქვს.
    ნურავინ იტყვის, რომ რუსებს ამ ნიშნით მდიდარი ტრადიცია არ გააჩნიათ. პირიქით, ამ თვალსაზრისით რუს ერს უდიდესი და უმდიდრესი გამოცდილება აქვს. რუსეთში ძალზე მაღალია სახელმწიფოებრივი კულტურის დონე, ძალზე მაღალია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეგნება. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რამდენად «დემოკრატიული» ან «ანტიდემოკრატიული» იყო ის სახელმწიფო, რომელიც რუსეთში საუკუნეთა განმავლობაში არსებობდა. მთავარია, რომ არსებობდა მყარი სახელმწიფოებრივი ტრადიცია, რომლის შერყევა ეროვნულ ცნობიერებაში ვერ შეძლო ერის ფიზიკურ სხეულზე XX საუკუნეში განვითარებულმა დამანგრეველმა სოციალურმა კატაკლიზმებმა.
    მძვინვარე რევოლუციამ, რომელმაც ათეულობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქვეყანაში სისხლის ზღვა დააყენა, - მაინც ვერ ჩაკლა ეს ტრადიცია, ვერ მოსპო ვერც ის  სტრუქტურები, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში მისი ცხოველმყოფელობის გარანტიებს ქმნიდნენ.
    ყოველი საზოგადოებრივი კატაკლიზმის შემდეგ, ეს სტრუქტურები მაინც ცოცხლდებოდნენ და საკუთარ ნებას კარნახობდნენ პოლიტიკურ ელიტებს.
    და მაინც, რაში მდგომარეობს იმპერიული მეთოდის არსი, რა არის «ქვაკუთხედი» იმ განსაკუთრებული ფენომენისა, რომლის მომხრენიც ამჟამად ვართ? ალბათ უპირველეს ყოვლისა ის, რომ ველიკორუსული საზოგადოება, ამ ერის ცნობიერება, ურყევად და უსასრულოდ მიისწრაფის ირაციონალური ძალაუფლებისაკენ.
    სწორედ ძალაუფლების ირაციონალობა, მეტაფიზიკურობა, ღვთაებრიობაა ველიკორუსული სახელმწიფოს ძირითადი, შინაგანი არსი. და თუ მკაცრად, წმინდა მეცნიერულად გავაანალიზებთ, ამასაც, რასაკვირველია, ისტორიული მიზეზები, საუკუნეთა და ათასწლეულთა სიღრმეში ჩაკარგული სოციოფსიქოლოგიური ფესვები აქვს.
    უპირველეს ყოვლისა, ეს ტრადიცია ბიზანტიზმს, სახელმწიფოებრიობის ბიზანტიურ - ქრისტიანულ კონცეფციას უკავშირდება. ამასვე ეყრდნობა «მესამე რომის» თეორია, რომელიც, ბიზანტიის დაცემის შემდეგ, უმალვე აიტაცა ველიკორუსულმა საზოგადოებამ და საკუთარ სახელმწიფოებრიობის გეო პოლიტიკურ დოქტრინად აქცია.

    ყოველივე ზემოთქმული, რა თქმა უნდა, მხოლოდ განყენებული, თეორიული მსჯელობა იქნება, თუ არ ვიტყვით იმასაც, რომ საქართველოს დღევანდელობას, ამჟამინდელ პოლიტიკურ რეალობებს «წითელ ხაზად» გასდევს ჩვენს მარადიულ, საბედისწერო «ჩრდილოეთში» დამკვიდრებული ამ სახელმწიფოებრივი ტრადიციის «მსახვრალი ტვირთი».
    ჩვენი ბედკრული სამშობლოს უბედურება, მისი მწარე დამარცხება კი, მსოფლიო ისტორიული თვალსაზრისით, მხოლოდ მცირე, თითქმის შეუმჩნეველი ანარეკლია კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი და უძლიერესი იმპერიას ძალუმი სუნთქვის, მისი ცხოველმოქმედების და მრისხანე ბორგვისა.

«ივერია-ექსპრესი,» 1 თებერვალი, 1994 წელი.