იგორ გიორგაძის უკანასკნელი გამოცდა

იგორ გიორგაძის უკანასკნელი გამოცდა

სამართალდამცავი ორგანოებისა და გამგებლების ერთობლივ თათბირზე, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურის ყველა რგოლისა და მექანიზმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთი იდუმალებით მოცული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ყველა ქვეყნის ბიზნესმენები თავის სამშობლოს ეხმარებიან (მას ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სომხებისა «შურს»), ქართველი ბიზნესმენები კი, რომლებიც მოსკოვში იმყოფებიან, ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში დესტაბილიზაციის ახალი ტალღა ააგორონ.
    თუ რისი თქმა სურდა შევარდნაძეს კონკრეტულად, მისმა ერთგულმა «საჭურველთმტვირთველმა», ვახტანგ რჩეულიშვილმა განმარტა: «გარკვეული ძალები მოსკოვში ფულს აგროვებენ, რათა დაეხმარონ დესტრუქციულ ელემენტებს».
    ორივე ეს განცხადება უაღრესად ნიშანდობლივია, თუ გავიხსენებთ უახლოეს წარსულს და აგრეთვე იმ გარემოებასაც, რომ დღეს საქართველოში იქმნება პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც თუ შინაარსობრივად არა, ყოველ შემთხვევაში გარეგნული ნიშნებით მაინც ჰგავს 1990-1991 წლებში არსებულ ვითარებას.
    ყველას გვახსოვს პრეზიდენტ გამსახურდიას ანალოგიური განცხადებანი მოსკოვში არსებული «ანტისახელისუფლებო ჯგუფის» შესახებ. თუ ვინ მონაწილეობდა ამ ჯგუფის მუშაობაში, არ არის ძნელი გასაშიფრი: ყველაზე ხშირად ახსენებდნენ ნუგზარ ფოფხაძის, გურამ მგელაძის და სხვა ყოფილი «პარტიული მუშაკების» სახელებს.
    არ არის ძნელი იმის განსაზღვრაც, რომ ამ ჯგუფს თუ არ ხელმძღვანელობდა, ყოველ შემთხვევაში მფარველობას უწევდა თავად ედუარდ შევარდნაძე - მისი ყოფილი თანამებრძოლები კი, ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოში «დემოკრატიული რევოლუციის» ორგანიზებისათვის. მათ არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას თანდათანობითი დისკრედიტაცია შეძლეს, არამედ გარკვეული (ირიბი) მონაწილეობაც მიიღეს შემდგომ განვითარებულ მოვლენებში და (რაც მთავარია) სიგუა-კიტოვანის ტანდემის ნეიტრალიზაციაც კი მოახერხეს თავიანთი ლიდერის სასარგებლოდ.
    შემდგომში ეს ჯგუფი დაიშალა - სოლიკო ხაბეიშვილი თბილისში «დემოკრატიისა და აღორძინების» შევარდნაძისეულ ფრონტს ჩაუდგა სათავეში და ფინანსურ კლანთა ბრძოლას შეეწირა; მისი ადგილი იმავე ნუგზარ ფოფხაძემ დაიკავა. მაშასადამე, «მოსკოვში არსებული ჯგუფი» მართლაც ახალი ფიგურებისაგან შედგება. უფრო ზუსტად, იგი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უეჭველად ეკუთვნიან საქართველოში «გვიანი კომუნიზმის ეპოქას», მაგრამ ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ მოხვდნენ შევარდნაძის დღევანდელ გუნდში. ისინი გააფთრებით ეძებენ ახალ ლიდერს, ცდილობენ ეს ლიდერი მოსკოვის ყოვლისშემძლე ფინანსურ წრეებზე «გაიყვანონ» და გარკვეული საფუძველიც შეუქმნან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებისათვის.
    შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ჯგუფის რჩეული ჯუმბერ პატიაშვილია. თუმცა, დარწმუნებით რაიმეს თქმა, ინფორმაციის სიმწირის გამო, თითქმის შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, თუ შევარდნაძეს 1972-1985 წლებში ყავდა თავისი «ელიტა», რომელიც მას, «შეეზარდა» და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა, ასეთივე «ელიტა» 1985-1989 წლებშიც შეიქმნებოდა საქართველოში პირველი პირის გარშემო.
    რაც შეეხება ამ ელიტათა შესაძლებლობებს, არც შესაბამისი ნიჭისა და უნარის, არც ფინანსური რესურსების ნაკლებობას მისი წევრები არასოდეს განიცდიდნენ.
    თუმცა, არ არის გამორიცხული, «მოსკოვური ჯგუფის» პროტეჟე დღევანდელ პირობებში ჯაბა იოსელიანი იყოს და არა ჯუმბერ პატიაშვილი. თუ არ ჩავთვლით მილიონერ კახა ბენდუქიძეს, რომელიც მთლიანად რუსეთის ისტებლიშმენტშია ინკორპორირებული და საქართველოში მიმდინარე მოვლენები ნაკლებად აღელვებს, მოსკოვში მხოლოდ ერთი ცნობილი პიროვნება რჩება, რომელსაც სავსებით შესაძლებელია დიდად აინტერესებდეს ძალთა განლაგება საქართველოს სახელისუფლო ოლიმპზე. ეს არის გურამ მგელაძე. მართალია, წარსულში იგი ედუარდ შევარდნაძის «ფავორიტი» და მის მიერვე აღზევებული «პარტოკრატი» იყო (აბაშიძის რაიკომის მდივნიდან - აგროსამრეწველო კომპლექსის თავმჯდომარეობამდე), მაგრამ ასევე ცნობილია, რომ გურამ მგელაძე არის ჯაბა იოსელიანის ბავშვობის მეგობარი და მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 1989 წელს «მხედრიონის» ჩამოყალიბებაში.
    ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ქართველ «ნუვორიშთა» ის ტალღა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული «მხედრიონთან» 1992-1995 წლებში და გარკვეული ფინანსური რესურსების დაგროვების შემდეგ მოსკოვში განაგრძო მოღვაწეობა - ეს სოციალური ფენა ვერც «მხედრიონს» და ვერც მის ლიდერს ასე ადვილად ვერ დაივიწყებს და თუ მაინც გამოიჩენს გულმავიწყობას, უეჭველად «შეახსენებენ».
    ძნელი არ არის იმის განსაზღვრაც, თუ რამდენად მონაწილეობს «ელიტათა» ამ ბრძოლაში თავად რუსეთი. საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაპირისპირებამ სულ უფრო მწვავე ხასიათა შეიძინოს.
    საქმე იმაში არ არის, თითქოს რუსეთი დაინტერესებულია ან არ არის დაინტერესებული საქართველოში რომელიმე კონკრეტული ფიგურის «გაპრეზიდენტებით». რეალურად იგი დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს რაც შეიძლება ძლიერი ოპოზიცია ჰყავდეს. ამის მისაღწევად რუსეთის სპეც-სამსახურები (ისევე, როგორც წარსულში) ხელს შეუწყობენ ორივე მხარეს და ორივე მხარეს შეუქმნიან მომავალი წარმატების ილუზიას.
    ყველაზე საინტერესო კი მთელს ამ სიტუაციაში ის არის, რომ შევარდნაძემ ამ საკითხთან მიმართებაში პასუხისმგებლობის პერსონიფიცირება მოახდინა. მან უშიშროების სამსახურს დაავალა აღკვეთოს მოსკოვში არსებული ჯგუფის ჩარევა საქართველოს საქმეებში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოთხსენებული ჯგუფის მოქმედება ყოველთვის არ შეიცავს რაიმე დანაშაულის ნიშნებს (თუ არ ჩავთვლით დანაშაულად შევარდნაძის ოპონენტთა მხარდაჭერას), იგორ გიორგაძეს ძალზე ძნელი ამოცანის შესრულება მოუწევს. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს მისი უკანასკნელი «გამოცდა» იყოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში მომავალი, გარდაუვალი ცვლილებების წინ.

«მიმომხილველი», 17 აგვისტო, 1995 წელი.