იგორ გიორგაძის მეორედ მოსვლა

იგორ გიორგაძის მეორედ მოსვლა

        ბოლოდროინდელმა ხმაურიანმა «შეწყალებებმა» კვლავ «წამოჭრა» დღის წესრიგში მოსკოვს გადახვეწილი და «პლეხანოველი ძველი ბიჭი» ჟენია პრიმაკოვის მიერ ბეირუთის კონსპირაციულ ბინაში გამწესებული იგორ გიორგაძის დაბრუნების თემა.
        როგორც ცნობილია, «კომანდორმა» ვაზიანის სამხედრო აეროდრომიდან რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით «გაასწრო» ქართულ პროკურატურასა და პოლიციას, რომელიც მას ტერორისტული აქტების (მათ შორის გია ჭანტურიას მკვლელობისა და პრეზიდენტზე თავდასხმის) ორგანიზებაში ადანაშაულებდა. მას შემდეგ იგორ გიორგაძე ერთგვარი «სატყუარაა», რომელსაც ორივე მხარე (როგორც თბილისი, ასევე მოსკოვი) ოსტატურად იყენებს.
        რასაკვირველია, 1995 წლის შემდეგ რუსეთმა ერთგვარად გადააჭარბა გიორგაძის პოტენციალის შეფასებაში, თუმცა, თავისთავად სამარცხვინო ფაქტია, რომ ორი წლით ადრე 1993 წელს) საშუალო დონის «კაგებეშნიკის» რეიტინგი ლამის 40 პროცენტს გადასცდა.
        და ეს 9 აპრილიდან სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ!
        ჯერჯერობით, არ არის იმის ნიშანი, რომ პრეზიდენტი იგორ გიორგაძის შეწყალებას აპირებს. საამისოდ მას არც სურვილი აქვს (ოღონდ არა იმიტომ, თითქოს გიორგაძეს მართლაც მიიჩნევს საფრთხედ, რაიმე თვალსაზრისით) და არც იურიდიული უფლება. პრეზიდენტს შეუძლია, შეიწყალოს მხოლოდ მსჯავრდებული პიროვნება, ანუ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას გაასამართლებენ და სასჯელს გადაუწყვეტენ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ლეგალური საშუალება, შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე იგორ გიორგაძის წინააღმდეგ, რაც ჯერ კიდევ 1995 წელს აღიძრა, უმძიმესი ბრალდებებით.
        თემურ ხაჩიშვილისა და გიგა გელაშვილის გათავისუფლება აქ არაფერს ნიშნავს, ისინი კი არ გაუმართლებიათ, არამედ შეიწყალეს, მაშასადამე, თუ იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოვა, მას დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ და გაასამართლებენ.: შესაბამისად, იგორ გიორგაძე სავსებით განსხვავებულ ფაქტორად რჩება.
        მივაქციოთ ყურადღება გიორგაძის რეაბილიტაციას ითხოვენ «არასისტემური» ძალები, თითქოს უცნობი პარტიები, რომლებიც არ ფიგურირებენ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. არც ერთი საჯარო პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ძალა, ვინც კი საერთოდ «ჩანს», თბილისურ «პოლიტბომონდში» (ზვიადისტებიდან სოციალისტებამდე და «მოქკავშირიდან» «აღორძინებამდე», ირაკლი წერეთლიდან ლევან პირველამდე) არათუ არ მოითხოვს გიორგაძის რეაბილიტაციას, არამედ საერთოდ არ ეხმაურება ასეთ მოთხოვნებვ და, უფრო მეტიც არასერიოზულად მიაჩნია.
        ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის გაპრეზიდენტებასაც კი ამზადებდნენ, მაგრამ იგორ გიორგაძე მათთვის «ტაბუირებულია». ყველაზე ადვილია ამის გამო იგორ გიორგაძე «მარგინალურ პოლიტიკოსად» გამოგვეცხადებინა, მაგრამ ეს არცთუ ზუსტი განსაზღვრება იქნებოდა. სინამდვილეში იგორ გიორგაძე საერთოდ არ არის პროლიტიკოსი – იგი ანტისისტემური ძალაა. სწორედ ამით აიხსნება, რომ მას არ აღიარებენ «ლეგალური ქართველი» პოლიტიკოსები, ვინც ამჟამად არსებულ პოლიტიკურ სისტემაშია ინტეგრირებული და ამ სისტემაში მითითებული წესებით თამაშობს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგორ გიორგაძეს «ლეგალიზება» შეუძლია მხოლოდ არსებული სისტემის დანგრევით და ახალი სისტემის შექმნით. პოლიტოლოგიური ენით თუ ვიტყვით, ეს «სისტემური ჩანაცვლებაა», ხოლო უბრალო ჟურნალისტური ტერმინოლოგიით - «სახელმწიფო გადატრიალება», ანუ ელიტის ძირფესვიანი მოთხრა და მისი კონსოლიდირებულად (ირაკლი წერეთლიდან - ვახტანგ რჩეულიშვილამდე) განდევნა სახელმწიფო იერარქიიდან.
        «ლეგალური» არამარგინალი ქართველი პოლიტიკოსები 12 წლის წინანდელ შეცდომას არ გაიმეორებენ და ანტისისტემურ ძალებს მხარს არ დაუჭერენ. იგორ გიორგაძეს კი ახალი გრანდიოზული რევოლუციისთვის არანაირი რესურსი არ გააჩნია. ხოლო თუ იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოვა და არსებულ სისტემაში ინტეგრირებას შეეცდება, რომც არ დააპატიმრონ, მარგინალ პოლიტიკოსად იქცევა, როგორიც უამრავია საქართველოში.

დილის გაზეთი, 6 აგვისტო, 2002 წელი