იგორ გიორგაძეს სიკვდილამდე არ მოასვენებენ

იგორ გიორგაძეს სიკვდილამდე არ მოასვენებენ

  

    მოსკოვში, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტთა მოლაპარაკების შემდეგ, კვლავ დაისვა საქართველოს უშიშროების ყოფილი შეფის «სამშობლოში დაბრუნების» საკითხი. ოღონდ, ედუარდ შევარდნაძეს პირდაპირი თხოვნით არ მიუმართავს ბორის ელცინისათვის - მან უფრო რთული, მაგრამ გონებამახვილური გზა აირჩია: საქართველოსა და რუსეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას «სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ პირთა ურთიერთგადაცემის» შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი (ასევე საქართველო) ვალდებულია გადმოსცეს ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ყველა ეჭვმიტანილი, რომელიც მხილებულია სისხლის სამართლის დანაშაულში.
    ძნელია სათქმელია, რამ აიძულა რუსეთი ამგვარ დათმობაზე წასულიყო - არ არის გამორიცხული, აქ კვლავ ჩვენთვის სასარგებლოდ «ემუშავა» ჩეჩნეთის ფაქტორს: რუსეთს ნამდვილად აშინებს ჩეჩენთა ლიდერების საქართველოში შემოხიზვნის პერსპექტივა. მით უმეტეს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, რამაზ განტემიროვმა უკვე რამდენჯერმე გამართა პრეს-კონფერენცია თბილისში. როგორც ჩანს, კრემლში სურთ თავი დაიზღვიონ და იქონიონ დოკუმენტი, რომელიც აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას, უსიტყვოდ შეასრულოს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველი მითითება. სამაგიეროდ, რუსეთმაც აიღო გარკვეული ვალდებულებანი შევარდნაძის მიმართ.
    საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი, როგორც ცნობილია, განსაკუთრებული გულჩვილობითა და შემწყნარებლობით არასდროს გამოირჩეოდა. მისი კარიერის განმავლობაში არაერთგზის ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ოპონენტისთვის ერთი სიტყვაც არა შეურჩენია და, სამაგიეროც მკაცრად გადაუხდია.
    მით უმეტეს არ არის ძნელი წარმოსადგენი ის მძვინვარე სიძულვილი, რომელიც მას იგორ გიორგაძის მიმართ ამოძრავებს. ეს უკანასკნელი პრეზიდენტის რისხვას ვერსად გაექცევა - «მიწაშიც რომ ჩაძვრეს», შევარდნაძის ხელი იქაც მიწვდება. რუსეთი იძულებული გახდება შეასრულოს საქართველოს ლიდერის დაჟინებული მოთხოვნა და გაწიროს თავისი ერთგული მსახური, რადგან ბოლოს და ბოლოს, რაოდენ ძვირფასიც არ უნდა იყოს მისთვის გიორგაძე, იგი საქართველოში ნამდვილად ვერ გაიცვლება.
    მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად იგორ გიორგაძე ახლა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთ-ერთ ბინაზე ცხოვრობს და დასაკლავი ციკანივით ელოდება თავისი ბედის გადაწყვეტას.

«მერიდიანი», 26 მარტი, 1996 წელი.