იალტა ახალ სამიტს მასპინძლობს

იალტა ახალ სამიტს მასპინძლობს

        

        გუშინ ყირიმში გაიმართა ქართული და აფხაზური მხარეების მორიგი შეხვედრა «ჟენევის ფორმატით» შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს თარგლებში. ამჯერად შეხვედრას ინტრიგას სძენდა ის გარემოება, რომ იალტაში სპეციალურად ჩაფრინდა უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რათა მხარეებს შეხვედროდა. თვით უკრაინელი ლიდერის მოტივაცია ძნელად ამოსაცნობი არ არის.
        კიევი კვლავინდებურად დუღს, გრძელდება მოძრაობა «უკრაინა კეუჩმას გარეშე» - ამიტომ ქვეყნის პრეზიდენტს სურდა, ქარაგმულად მიენიშნებინა თანამემამულეთათვის: შეურიგებელი დაპირისპირებით ის დაგვემართება, რა უბედურებაც საქართველოს დაემართაო.
        საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი, ხოლო სოხუმის რეჟიმისას - «პრემიერი» ვიაჩესლავ ცუგბა.
        შეხვედრას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ხდება შესაძლო ახალი ფორმატის ზონდირება, რომელშიც რუსეთს გადამწყვეტი როლი აღარ მიენიჭება, ოღონდ, ახალი ფორმატი მხოლოდ ძველიდან შეიძლება «ამოიზარდოს».
        ამდენად, გუშინ იალტაში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. მხარეებმა მიიღეს «იალტის დეკლარაცია», რომლითაც დადასტურებულია, რომ ძალის გამოყენება, კონფლიქტის გადასაწყვეტად, უნდა გამოირიცხოს.
        დოკუმენტით დეკლარირებულია პირველ ეტაპზე გალის რაიონში ლტოლვილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. საინტერესოა, რომ მხარეებმა (ორივე მხარემ) რუსეთი დაადანაშაულეს 1998 წლის მაისის მოვლენებში.
        კერძოდ, აღნიშნულია, რომ «რუსეთის სამშვიდობო ძალებმა, არასრულყოფილად შეასრულეს თავისი მოვალეობა». გასაგებია, თუ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება უყენებს ამ პრეტენზიას რუსეთს, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვმა სეპარატისტების ნდობაც დაკარგა და მას ისინიც ეჭვის თვალით უყურებენ.
        განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი დებულება: «მხარეები მიმართავენ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, რათა მან სთხოვოს გაეროს, «მეგობარ ქვეყნებს», ეუთოს და დსთ-ს იქცნენ აფხაზეთში ომის განუახლებლობის, ლტოლვილთა უსაფრთხო დაბრუნების გარანტებად პირველ ეტაპზე გალის რაიონის ძველ საზღვრებში.
        მაშასადამე, ჯერ ერთი, რუსეთი ამით აღარ არის ერთადერთი და შეუცვლელი მედიატორი, გარდა ამისა, სოხუმი თანხმდება გალის რაიონის «ძველი საზღვრების» ხსენებას, რასაც ადრე არასდროს ეთანხმებოდა, ვინაიდან «ძველი საზღვრები» ლამის ღალიძგამდე აღწევს. არძინბას კი, თეორიულადაც არ სურდა დათანხმებოდა ლტოლვილთა დაბრუნებას გალის არხის ჩრდილოეთით.
        თვით საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შედეგთა თაობაზე, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია მხარეთა შორის ნდობის განმტკიცება ახალი მექანიზმების ამოქმედებით - გამომდინარე სტამბოლისა და ათენის შეხვედრებიდან - იქმნება საიფნორმაციო ბაზა მიმდინარე პროცესთა მონიტორინგისთვის.
        რასაკვირველია, ეს დებულებები კონფლიქტის გადაწყვეტას არ ნიშნავს, მაგრამ, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ახალი პოლიტიკურ, რეალობა იქმნება.
        დრო ამჯერად კონფლიქტის მოწესრიგების სასარგებლოდ მუშაობს, ვინაიდან, 2001-2002 წლებში აუცილებლად მიიღებენ რადიკალურ ზომებს. ამის ნიშნები სულ უფრო მრავლდება. უკრაინა, შესაძლოა, რუსეთს «ჩაენაცვლოს» თვით სამხედრო ფაქტორის თვალსაზრისითაც კი, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესში კრემლი შეეცდება საქართველოს შანტაჟირებას აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალთა გაყვანით, რაც ომის განახლებას უნდა ნიშნავდეს.
        რუსი, ეგრეთ წოდებული «მშვიდობისმყოფელების» ენგურიდან წასვლა ამჟამად უკვე აღარ არის წარმოუდგენელი.
        იალტაში არ გაფორმებულა რაიმე ისეთი დოკუმენტი, რაც თბილისის პოლიტიკურ წრეებში მღელვარებას გამოიწვევს. თუმცა, პოლიტიკურ ძალებს (მათ შორის ოპოზიციას) აფხაზეთის პრობლემის გამწვავება ხელს არ აძლევთ.
        ამდენად, გამორიცხულია საპარლამენტო ვნებათაღელვაც. Iალტის შეხვედრა «ჟენევის პროცესის» დასასრული და ახალი პროცესის დასაწყისია. ამდენად, იგი «უკანასკნელიც» არის და, შესაძლოა «პირველიც», სწორედ ყირიმის შეხვედრაზე ყალიბდება ახალი «ყირიმის პროცესი», შესაბამისი ახალი ფორმატით. ყირიმის ნახევარკუნძულისთვის მნიშვნელოვანი (ისტორიული) გადაწყვეტილებები ტრადიციულია და არ არის გამორიცხული, საკუთრივ საქართველოსთვისაც შეიძინოს ეს თვისება.

დილის გაზეთი, 16 მარტი, 2001 წელი