თუ რუსეთს აშკარად არ დავუპირისპირდით, სტამბოლის ხელშეკრულება ვერაფერს გვიშველის

თუ რუსეთს აშკარად არ დავუპირისპირდით, სტამბოლის ხელშეკრულება ვერაფერს გვიშველის

        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს დიპლომატიურ უწყებას სპეციალური ნოტით აცნობა, რომ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება «სტამბულის შეთანხმების» აღსასრულებლად, რომელიც ვაზიანიდან და გუდაუთიდან რუსული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.
        ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ნოტა მოჰყვა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტარლური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის ვიზიტებს.
        შეგახსენებთ: 1999 წლის 19 ნოემბერს, სტამბოლში, «ათასწლეულის სამიტის» (ეუთოს კონფერენციის) დროს, ხელი მოეწერა «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» ადაპტირებულ ხელშეკრულებას.
        «ადაპტირებული» დოკუმენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილ რეალობას ითვალისწინებს, ხოლო თვით «დიდი ხელშეკრულება» ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებისა და «ფლანგური შეზღუდვების» შესახებ გაფორმდა პარიზში, 1990 წელს – საბჭოთა კავშირის სახელით მას ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა ხელი.
        არსებული ინფორმაციით, რუსული დელეგაცია ყველანაირად ცდილობდა, აეძულებინა ქართული მხარე, დათანხმებოდა მის პირობებს, მაგრამ რაკი უშუალო ზეწოლამ არ გაჭრა, შემდგომ «ეშმაკობას» მიმართა და ამ მეთოდით უფრო მეტს მიაღწია.
        საქმე ის არის, რომ «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ» ხელშეკრულებაც და მისი ადაპტირებული ვარიანტიც გულისხმობს ე.წ. «ფლანგურ შეზღუდვებს», ანუ საზღვრებთან და ამა თუ იმ ტერიტორიებზე მძიმე ტექნიკის განლაგების კვოტას. გარდა ამისა, «ადაპტირებული ხელშეკრულება» სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო კონტიგენტის განლაგებას უშვებს მხოლოდ დროებით – თუმცა, არ არის განსაზღვრული, რა ვადა იგულისხმება «დროებით» რეჟიმში, რუსული გენერალიტეტის ინტერპრეტაციით «დროებითი» შეიძლება იყოს 25 წელიც.
        როგორც ცნობილია, 1995 წლის სექტემბერში, რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ოთხი «ძირითადი» სამხედრო ბაზის დაფუძნების შესახებ. გარდა ამისა, არსებობს კიდევ რამდენიმე ათეული ობიექტი, რომელიც ამა თუ იმ ბაზის სამხედრო ინფრასტრუქტურას განეკუთვნება.
        ამრიგად, თუ სტამბოლში საქართველო არ დათანხმდებოდა თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების განლაგებას «დროებით რეჟიმში» (ოღონდ ზემოთ ხსენებული კვოტების დაურღვევლად) – მაშინ რუსეთი იძულებული იქნებოდა, საერთოდ გაეყვანა ჯარი (დაუყოვნებლივ) ან უარი ეთქვა თვით ხელშეკრულების პარაფირებაზე და განეცხადებინა, რომ ამ საკითხში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აწესრიგებს საერთაშორისო სამართლის სხვა აქტები, კერძოდ, გაეროს წესდება, რომელიც (ქვეყნის თანხმობით) დასაშვებად მიიჩნევს მის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის განლაგებას.
        მაგრამ «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» თაობაზე ხელშეკრულების უარყოფა გამოიწვევდა უმწვავეს დაპირისპირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის – ეს ძალზე არასასურველი იყო მოსკოვისათვის. მით უმეტეს, ჩეჩნეთის კონფლიქტის გამო ისედაც დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით.
        ქართული მხარის პოზიცია კი, როგორც ჩანს, ასეთი იყო: ჩვენ დავთანხმდებით ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების შენარჩუნებას ჩვენს ტერიტორიაზე, თუ გაიყვანთ ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო კონტინგენტებს.
        საბოლოოდ, რუსულმა და ქართულმა დელეგაციებმა ხელი მოაწერეს «ერთობლივ განცხადებას», რომელსაც იმპერატიული (აუცილებელი) ხასიათი აქვს და იგი ოფიციალური დოკუმენტის სახით თან დაერთო «ადაპტირებულ ხელშეკრულებას». განცხადებაში ნათქვამია, რომ 2001 წლის 1 ივლისამდე უნდა მოხდეს ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია, ხოლო 2000 წლის ბოლომდე, მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, თუ რამდენი წლით განლაგდება საქართველოს ტერიტორიაზე ბათუმისა და ახალქალაქის ბაზები.
        ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რუსებმა (როგორც ყოველთვის) იეშმაკეს, «ჭკუაში გვაჯობეს» და ხელშეკრულებაში ჩაწერეს (ორმხრივი თანხმობით) ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზა: «ყოფილი ბაზის ობიექტების ერთობლივი გამოყენებისა და ექსპლუატაციის თაობაზე მხარეები მოილაპარაკებენ 2000 წლის 31 დეკემბრამდე».
        აქ არ არის დასახელებული, კონკრეტულად რა ობიექტები იგულისხმება. ქართული მხარე რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ იგულისხმება «საცხოვრებელი ფართი, საწყობები, საბავშვო ბაღები» და ა.შ. სინამდვილეში კი (ვიმეორებ) რუსებმა «ჭკუაში გვაჯობეს», ვინაიდან ეს ფრაზა ტოვებს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. «სამხედრო ბაზის» ობიექტებში ხომ ვაზიანის სამხედრო აეროდრომიც შედის?
        მაშასადამე, ძნელი მისახვედრი არ არის, როგორ მოიქცევა რუსეთი: 2001 წლის ივლისამდე იგი უეჭველად გაიყვანს ვაზიანიდან სამხედრო ტექნიკას, მაგრამ დატოვებს ცოცხალ ძალას, ანუ შეინარჩუნებს კონტროლს ვაზიანის სტრატეგიულად მნიშვნელოვან აეროდრომზე. რა არის ბოლოს და ბოლოს, სამხედრო ბაზა? – რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, აეროდრომი, რომელსაც ნებისმიერი ტვირთამწეობის თვითმფრინავების მიღება შეუძლია.
        ამით რუსეთი იოტისოდენად არ დაარღვევს ხელშეკრულებას «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების» თაობაზე, ანუ ტყუილად გვაქვს იმედი დასავლეთის მხარდაჭერისა. ცოცხალი ძალის «დატოვებით» (ვაზიანში) რუსეთი ხელშეკრულების ჩარჩოებს არ სცილდება. აკი ქართულმა მხარემ თავად მოაწერა ხელი «ერთობლივი ექსპლუატაციის» შესაძლებლობას? ჰოდა, მოდით, მოვილაპარაკოთ. ოღონდ, სანამ მოვილპარაკებთ, აეროდრომი «ჩვენი იქნება», მოლაპარაკება კი «მეორედ მოსვლამდე» გაგრძელდება.
        რაც შეეხება გუდაუთას, რუსეთი ცოცხალ ძალას არც ბომბორას აეროდრომიდან გაიყვანს, ოღონდ იმ საბაბით, რომ იქ «სამშივდობო პოლკია» განლაგებული, რომელიც «კეთილშობილ მისიას» ასრულებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში!
        ამ პრობლემის თავი და თავი, როგორც ჩანს, ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ურთიერთობათა აშკარა გამწვავება რუსეთთან. ამიტომ ცდილობს ჯარების გაყვანა უზრუნველყოს, «ეუთოს დოკუმენტთა» კონტექსტში – თუმცა, ეს ილუზიაა. სულ ერთია, «სავიზრო რეჟიმის» შემოღებას თავიდან ვერ ავიცილებთ, როგორც არ უნდა «შევფუთოთ» ჯარების გაყვანის მოთხოვნა.
        ამიტომ ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში (ისევე, როგორც მესაზღრვეებთან დაკავშირებით) ის არის, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით მიიღოს კანონი «თავდაცვის შესახებ», რომელიც გაითვალისწინებს (ვთქვათ) 2001 წლის 31 დეკემბრამდე უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა მთლიანად გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან (გარდა სამშვიდობო ძალებისა), ხოლო ქართველმა დიპლომატებმა პირდაპირ განუცხადონ რუს კოლეგებს, რომ თუ მოსკოვი არ დაანებებს თავს «ცუღლუტობას» და მთლიანად არ გადმოსცემს ქართულ მხარეს ვაზიანის აეროდრომს, თუ არ გაიყვანს ჯარს გუდაუთიდან – მაშინ კანონი მიღებული იქნება მესამე მოსმენით და რუსეთი (ყოველ შემთხვევაში, იურიდიულად) ვალდებული გახდება, ჯარები მთლიანად გაიყვანოს საქართველოდან, ოღონდ არა «ეუთოს ხელშეკრულებით», არამედ გაეროს წესდების შესაბამისად.
        ვაზიანიდან და გუდაუთიდან ჯარების მთლიანად გაყვანის შემთხვევაში კი (თანაც, თუ საქართველო შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე გემს მიიღებს) ახალქალაქისა და ბათუმის ბაზები შეიძლება 5 წლითაც დაკანონდეს.

7 დღე, 31 მარტი, 2000 წელი