თუ დავუშვებთ, რომ სიტუაციის დირიჟორი კვლავ პრეზიდენტია, მაშინ ყველაფერი ძლიერ კარგად არის

თუ დავუშვებთ, რომ სიტუაციის დირიჟორი კვლავ პრეზიდენტია, მაშინ ყველაფერი ძლიერ კარგად არის

        დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში იგეგმება ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სესიის პირველი სხდომა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი გამოვა სიტყვით.

        სავარაუდოდ, იგი დეპუტატებს კვლავ შესთავაზებს საკონსტიტუციო რეფორმათა პროექტების განხილვას, რაც ჯერ კიდევ 2 წლის წინათ შეიტანა პარლამენტში. ამასობაში, პარლამენტს გარეთ, თუ პრეზიდენტს დავესესხებით, «დიდი წივილ-კივილი იგეგმება». დასავლეთ საქართვლეოდან ჩამოსული ოპოზიცია (ბევრმა მათგანმა ზუსტად ათი წლის თავზე აღისრულა წადილი თბილისში ტრიუმფით შემოსვლის თაობაზე) გრანდიოზულ მიტინგს გეგმავ,ს რათა ჩაშალოს პირველი სხდომის ჩატარება და პარლამენტის შეკრება.
        არ არის გამორიცხული, ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც იყოს მერყევ და მშიშარა დეპუტატებზე, რომელთაც შეიძლება არც შეიწუხონ თავი პირველ სხდომაზე დასწრებით –ა ქაოდა, «კიდევ მოვასწრებ და თავი შარში რატომ ჩავიგდოო».
        მაგრამ ეს «კიდევ» შეიძლება აღარც იყოს, თუ ასე გაგრძელდა: საქმე ის გახლავთ, რომ კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში ითვლება ახახლი პარლამენტი ამოქმედებულად.
        საამისოდ აუცილებლად უნდა შეიკრიბოს 157 დეპუტატი მიანც, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა. წინააღმდეგ შემთხვევაში (ვიდრე ამდენი დეპუტატი არ შეიკრიბება) პარლამენტი «არშემდგარად» ითვლება და მას არა აქვს უფლება, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება – ვთქვათ, აირჩიოს თავმჯდომარე.
        სულაც არ არის წარმოუდგენელი, პარლამენტს ამ ქვორუმის შეკრება გაუჭირდეს. მით უმეტეს, გარედან ასეთი წნეხის პირობებში.
        მაგრამ გუშინდელი და დღევანდელი დღის დრამატურგია უფრო საინტერესო აზრობრივ მიზანსცენებსაც მოიცავდა. მათგან ყველაზე ნიშანდობლივი გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადება.
        ამ ვრცელი განცხადების ყველა ასპექტის განხილვა ამჟამად არაპროდუქტიულია, ვინაიდან ყველაზე მთავარი «ფრაზათა შორის» ითქვა: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება «სახელისუფლებო ბლოკის» ლიდერთა წინადადებას, რათა საქართველოს პარლამენტი შეიკრიბოს, იმუშაოს დროებით და უახლოეს მომავალში ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მას წინ უძღოდა თვით პრეზიდენტის განცხადებაც იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს ღრმა საკონსტიტუციო რეფორმათა პროექტი: დაფუძნდეს ორპალატიანი პარლამენტი, შეიქმნას მინისტრთა კაბინეტი და განისაზღვროს ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა.
        რა თქმა უნდა, ეს ორი განცხადება ურთიერთკავშირშია, მაგრამ ბევრად უფრო საინტერესო ის არის, რომ მათ აშკარად აქვთ კავშირი, აგრეთვე, ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან. არავინ. ისე არ არის დაინტერესებული საკონსტიტუციო რეფორმით, როგორც თვით ედუარდ შევარდნაძე.
        მან ამჟამად ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა ოპოზიცია, როდესაც მისი მხრიდან რეფორმაზე უარის თქმა კომპრომისზე უარის ტოლფასი იქნება და, იმავდროულად, მისი მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაც მოხდება.
        სხვაგვარა რომ ვთქვათ, შევარდნაძის დირიჟორობით, ოპოზიციამ გააფთრებით იბდრძოლა იმისათვის, რაც პრეზიდენტს ბევრად მეტად სურდა, ვიდრე ოპოზიციას. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ «რიგგარეშე არჩევნები», რომელიც ახსენა თედო ჯაფარიძემ, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საკონსტიტუციო რეფორმის კონტექსტში. თუ პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტის წინადადებები, შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში, დააფუძნა ორპალატიანი პარლამენტი, გარდაქმნა საქართველო ფედერაციად, შექმნა მინისტრთა კაბინეტი, მაშინ, რასაკვირველია, ბუნებრივად წარმოიშობა აუცილებლობა, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რათა მოსახლეობამ დააკომპლექტოს ახალი (150-წევრიანი) პარლამენტი, მისი ზედა და ქვედა პალატა.
        ზემოთქმულის გათვალისწინებით, ყველაფერი, რაც ბოლო ხანს ხდება, სულ სხვა ელფერს იძენს და გრანდიოზულ სპექტაკლს ჰგავს.
        ამ სპექტაკლის ორივე მხარემ შესანიშნავად იცის საბოლოო მიზანი. და, ალბათ, მიაღწევს კიდეც მას. შესაბამისად, მაყურებელი, ანუ დიდი კრება მართლაც გახარებული და მხიარული დარჩება. ალბათ, კვანძის გახსნას უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. ყველაზე ნაკლებ საინტერესო ის იქნება, თუ რომელი მხარე გამოცხადდება «ტრიუმფატორად».

დილის გაზეთი, 22 ნოემბერი, 2003 წელი