თვითმმართველობა – გზა მმართველობისკენ

თვითმმართველობა – გზა მმართველობისკენ

    2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქალაქეთა კავშირი - ჟვანიას, სოციალისტები - რჩეულიშვილს, ედპ კი - სარიშვილს წამოაყენებს

    რთული შესამჩნევი არ არის, რომ «თვითმმართველობის შესახებ» კანონმა, რომლის მიღებას დიდი აურზაური მოჰყვა პარლამენტში, არა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის გააფთრება გამოიწვია, არამედ მნიშვნელოვნად «დაძაბა» პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში.
    დაიწყო ისეთ პარტიათა კონსოლიდაცია, რომლებსაც მსოფლმხედველობრივი და სოციალური თვალსაზრისით საერთო არაფერი აქვთ. მაგალითად, კანონის მიღებისთანავე, ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს: ფრაქცია «აღორძინებამ»; «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ»; «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ»; «ტრადიციონალისტთა კავშირმა»; «ლეიბორისტულმა პარტიამ» და ა.შ.
    გამორჩეულ პერსონათა შორის აღსანიშნავია თენგიზ სიგუა, რომელიც მართალია «ლიდერის» როლს ვერ შეასრულებს, მაგრამ მისი ინტერესი რადიკალთა შეკრებისადმი ერთობ ნიშანდობლივია.
    პირველად ბოლო პერიოდში გაისმა «რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების» მოთხოვნა. ამ წინადადებისათვის ახლა კრიტიკული პერიოდია: 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ თითქმის ორი წელიწადი გავიდა, ამდენივე დარჩა მომავალ არჩევნებამდე. არჩევნებიდან (ვთქვათ) ერთი წლის შემდეგ ასეთი მოთხოვნა ვერ დაისმებოდა, რადგან «არჩევნებიდან ხომ სულ რაღაც ერთი წელიწადია გასული». 1998 წელსაც ამგვარი მოთხოვნა აბსურდულად იქნება აღქმული, რაკი «არჩევნებამდე ერთი წელიწადიღა» დარჩა.
    ბუნებრივია, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებს ითხოვენ, თვით არჩევნები იმდენად არ აინტერესებთ, რამდენადაც არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში გარდატეხა. თუ სახელისუფლებო მონოლითი გაიბზარა და «რიგგარეშე არჩევნების» მოთხოვნა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ფსიქოლოგიურ დომინანტად იქცა, მომავალ არჩევნებში ეს პოლიტიკური ძალები უეჭველად მიაღწევენ გარიგებას და მოიპოვებენ «კუთვნილ» პოზიციებს. ასე მოხდა 1991 წელს: პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მისი კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა, დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შემდეგ კი ოპოზიციურმა ძალებმა, ე.წ. პრეფერენციების სისტემის მეშვეობით დაიმკვიდრეს ადგილი ახალ ხელისუფლებაში.
    ზემოთქმულიდან ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა: საქართველოში მიღწეული «სტაბილურობა» მყიფე და არამდგრადია, თუმცა მას ნამდვილად გააჩნია ტენდენცია განმტკიცებისაკენ. მძლავრი მადესტაბილიზებელი ფაქტორის (ვთქვათ, აფხაზეთში ახალი ომის) გამორიცხვის შემთხვევაში სახელისუფლებო ბალანსი შინაგან მდგრადობას შეიძენს, ანუ საქართველოში ჩამოყალიბდება ხელისუფლებათა ცვლის ჩვეულებრივი მექანიზმი, როდესაც აღარ ხდება «ელიტათა ცვლა», არამედ ელიტის შიგნით იცვლებიან სხვადასხვა ჯგუფები.
    1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქვეყანაში დაიწყო ელიტის შეცვლის უპერსპექტივო პროცესი. უპერსპექტივო, რადგან მას სოციალური საფუძველი არ გააჩნდა; ამიტომ დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შედეგად «ძველებმა» ადვილად დაიბრუნეს ხელისუფლება.
    ამჟამად კი უფრო რთულად არის საქმე, - მმართველი დაჯგუფება საბოლოოდ არ არის სტრუქტურიზებული და ჩამოყალიბებული, ამიტომ ელიტის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები შეეცდებიან, როგორმე ჩაებღაუჭონ მიმქროლი მატარებლის უკანასკნელ ვაგონს. სხვა შანსი მათ აღარ ექნებათ.
    1999 წლისთვის პოლიტიკური სპექტრი საბოლოოდ დაიწმინდება და ბრძოლა ორ-სამ უმძლავრეს ელიტარულ დაჯგუფებას შორის გაიმართება. სავარაუდოდ: მოქალაქეთა კავშირს, ეროვნულ-დემოკრატებსა და სოციალისტურ პარტიას შორის. ჯერჯერობით ამგვარი განლაგება სამივე ძალას ხელს აძლევს, ვინაიდან თუ მათ არჩევნებში გაიმარჯვეს, ხელისუფლებაში საბოლოოდ ჩამოყალიბდება თანაფარდობა «მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის». სოციალისტები და «ეროვნულ-დემოკრატები» თანახმანი იქნებიან, მოქალაქეებს კიდევ ოთხი წლით დაუთმონ პასუხისმგებლობა (იმ პირობით, რომ თავად საპარლამენტო ოპოზიციის როლს შეასრულებენ) და მოემზადონ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.
    2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სამივენი კვლავ ედუარდ შევარდნაძეს დაუჭერენ მხარს, მაგრამ 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკვე საკუთარი კანდიდატურებიც ეყოლებათ (სოციალისტებს - ვახტანგ რჩეულიშვილი, ედპ-ს - ირინა სარიშვილი, მოქალაქეთა კავშირს - ზურაბ ჟვანია).
    ბუნებრივია, მოვლენათა ამგვარი განვითარება, როდესაც 2005 წლამდე სამ ძირითად პოლიტიკურ დაჯგუფებას კონსენსუსი უკვე მიღწეული აქვს, დიდად არ ეპიტნავება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს. საყურადღებოა, რომ უკმაყოფილონი არიან როგორც «ელიტის შიგნით», ასევე მმართველი ელიტის გარეთაც. ამდენად, არავის უნდა უკვირდეს, თუ რადიკალურ განცხადებებს რიგგარეშე არჩევნების შესახებ აკეთებენ არა მხოლოდ პარლამენტს გარეთ დარჩენილი მოღვაწენი, არამედ «მოქმედი» დეპუტატებიც; საბოლოო ანგარიშით, უპერსპექტივობა მათაც ძლიერ აწუხებთ. «თვითმმართველობა» კი ისეთი საკითხია, რომელიც ნამდვილად გამოდგება სხვადასხვა მსოფლმხედველობრივი მიმართულების ძალთა ალიანსის გასამართლებლად. ეს ერთადერთი შესაძლებელი საკითხია, ვინაიდან საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის ნებისმიერ სხვა საკითხში «მემარჯვენეები» და «მემარცხენეები» ვერ გაერთიანდებიან, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ.
    ამრიგად, სახელისუფლო სისტემა კვლავ ირყევა და საკმარისია რაიმე მძლავრი გარეშე ფაქტორი, რომ ერთბაშად იფეთქოს დაუკმაყოფილებელი პოლიტიკური ამბიციის ვულკანმა. რადიკალური მოთხოვნებით იკრიბებიან ყოფილი «შევარდნაძისტებიც», «ცენტრისტებიც» - ისინი გრძნობენ ინტერესთა თანხვედრას და მზად არიან, გააფთრებული ბრძოლისთვის.
    «თვითმმართველობასთან», საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან ან, ზოგადად, ნებისმიერ აბსტრაქტულ პოლიტიკურ საკითხთან ყოველივე ამას საერთო არაფერი აქვს. პოლიტიკური ჯგუფები იბრძვიან პოლიტიკური პერსპექტივის, «მზისქვეშეთში» ადგილის შესანარჩუნებლად. იბრძვიან, ვინაიდან 1988 წლიდან ისე შეეჩვივნენ პოლიტიკას, რომ სხვა აღარაფერი შეუძლიათ.
    «დიდი სამეულის» სიმტკიცეს ედუარდ შევარდნაძის ფენომენი განაპირობებს. ეს უკანასკნელი საკუთარ პარტიას უპირატესობას არ ანიჭებს და ერთდროულად სამივეს მფარველობს.
    სხვა ძალებს გამოკვეთილი ლიდერი სჭირდებათ. ახლა სწორედ ამ ლიდერის ძებნაში არიან და (მათი აზრით) მიაგნეს კიდეც. ქართული პოლიტიკის სცენაზე მის შემოჭენებას შეიძლება სერიოზული ძვრები მოჰყვეს.

7 დღე, 19 სექტემბერი, 1997 წ.