თენგიზ სიგუას გადადგომა

თენგიზ სიგუას გადადგომა

გუშინ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოხდა უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი პრეცედენტი - გაითვალისწინა რა ქვეყანაში შექმნილი ვითარება და პოლიტიკური დაძაბულობის დონე, შემდგომი კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. განცხადება ამის თაობაზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა თენგიზ სიგუამ, რომელიც, როგორც ყოველთვის, მხნედ და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა მოახსენა მინისტრთა კაბინეტსა და მის ხელმძღვანელს გაწეული მუშაობისათვის.
    პარლამენტარები მოვლენათა ასეთი განვითარებისათვის, როგორც ჩანს, მზად იყვნენ, ამიტომ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე დაიწყეს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აღმასრულებელ სფეროში კაბინეტის გადადგომის შემდეგ. ზოგიერთმა პარლამენტარმა (მათ შორის ყველაზე მწვავედ ზურაბ ჟვანიამ) განაცხადა, რომ თუ არ მოხდა კარდინალური სტრუქტურული ცვლილებანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მთავრობის პერსონალური შემადგენლობის შეცვლა ქვეყანას არავითარ სიკეთეს არ მოუტანს.
    ამავე დროს, ოპოზიციურად განწყობილმა «მერაბ კოსტავას საზოგადოებამ» მოითხოვა თვით სახელმწიფოს მეთაურის პოსტის გაუქმება, როგორც სრულიად უმაქნისი ინსტიტუტისა.
    საპირისპირო განცხადებით გამოვიდა «ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი». თუმცა, მისი წარმომადგენლის გამოსვლაში, ცოტა არ იყოს, უადგილოდ იყო ჩართული პარლამენტარ თორნიკე ფიფიას საკითხი, რომელიც დიდი ხანია აღარ ესწრება პარლამენტის სხდომებს პრინციპული მოსაზრებების გამო.
    «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» აზრით კი, მთავრობა შეეწირა პოლიტიკურ ინტრიგებს და იქცა განტევების ვაცად მაშინ, როდესაც ნამდვილი დამნაშავე უფრო «მაღლაა» საძიებელი.
    კენჭისყრა მთავრობის გადადგომის ცნობად მიღების დადგენილებაზე საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა - რამოდენიმეჯერ ჩაიშალა კიდეც და მხოლოდ მესამე ცდისას შეძლო პარლამენტმა, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია - 127-მა დეპუტატმა ხმა მისცა დადგენილებას.
    ამრიგად, საქართველოში დასრულდა «სიგუას ეპოქა» და დაიწყო ახალი. ეს რომ სწორედ ასეა, სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლაშიც იგრძნობოდა - მან სახელმწიფოს მეთაურისადმი ნდობის საკითხი დააყენა. ალბათ იმისათვის, რომ პარლამენტისათვის ქარაგმულად ეთქვა: თუ მენდობით, ახლა უკვე ხელ-ფეხი გახსნილი მაქვს და ვიმოქმედებ ისე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ.
    ირაკლი წერეთელმა მაინც სცადა ამ წინადადების გამოყენება საპარლამენტო ოპოზიციის გამოსაკვეთად და შესთავაზა პარლამენტს, სახელობითი კენჭისყრის წესით ეყარათ კენჭი შევარდნაძისადმი ნდობის ვოტუმისათვის.
    მაგრამ ნოდარ ნათაძემ საკითხის ამგვარი დასმა უდროოდ მიიჩნია და უფრო მეტიც - განაცხადა, რომ ფუნდამენტური მოხსენებისა და ამ მოხსენების გამო საპარლამენტო დებატების გარეშე თვით სახელმწიფოს მეთაურსაც არა აქვს პარლამენტის წინაშე ამ საკითხის დასმის უფლება.
    შემდგომი გამოსვლისას ნათაძემ მისთვის ჩვეული ხატოვანი, მეტაფორული სტილით ისაუბრა შევარდნაძის საგარეო პოლიტიკაზე. მისი თქმით, რუსეთს სურს, საქართველოს მუდმივად უჭერდეს ყელზე ხელს, მაგრამ ჩვენ ეს ხელი საკუთარ კისერთან არ უნდა მივუშვათ და უფრო ადრე შევეწინააღმდეგოთ მასო.
    როგორც ყოველთვის, მღელვარე იყო იზა ორჯონიკიძის გამოსვლა, რომელსაც, ალბათ, ქართველი «ჟანა დარკის» წოდება დაშვენდებოდა (იოსებ ნონეშვილიხ ანალოგიით - «შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა» - ავტ.).
    თუმცა, ამის თაობაზე პატივცემული ვიცე-სპიკერი ცოტა სხვა აზრის ბრძანდება და რამდენიმეჯერ ისარგებლა კიდეც «დირექტიული ზარით» ქალბატონ იზას გამოსვლის დროს, რომელმაც მკაცრად, მაგრამ ამავე დროს «ზომიერად» შეუტია სახელმწიფოს მეთაურს, რადგან იგი «არ იყენებს თავის უფლებებს ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად».
    ამგვარი ლეიტმოტივი სხვათა გამოსვლებშიც იგრძნობოდა: ერთ-ერთმა პარლამენტარმა ისიც კი თქვა, რომ როდესაც შევარდნაძე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, კოლეგიის სხდომებზე მის ხელქვეითებს სისხლი ეყინებოდათ ძარღვებში. როგორც ჩანს, გამომსვლელს იმის თქმა სურდა, რომ პარლამენტარებსაც ასევე უნდა «ეყინებოდეთ ძარღვებში» სისხლი და აი, სწორედ მაშინ დამყარდება წესრიგი.
    საერთოდ, უნდა ითქვას: ბევრს, ძალიან ბევრს მოენატრა «კომუნისტური მათრახი». საბედნიეროდ, შევარდნაძე გაცილებით უფრო ჭკვიანი კაცია, ვიდრე ბევრი მისი მომხრე (ქალიცა და კაციც), ამიტომ მან კარგად იცის, რა არის შესაძლებელი და საჭირო და რა არის საჭირო, მაგრამ შეუძლებელი.
    «კაბინეტთან» ერთად ამ სხდომაზე იმ სტრუქტურათა ხელმძღვანელობის გადადგომის საკითხიც დაისვა, რომლებიც უშუალოდ მთავრობაში არ შედიან, მაგრამ ემორჩილებიან პარლამენტს. ასეთებია: პროკურატურა, კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი, სტატისტიკური სამმართველო, ტელედეპარტამენტი და სხვა.
    თუმცა, ეს ხელმძღვანელები ამჯერად, ალბათ, მაინც გადაურჩნენ პარლამენტის რისხვას.
    საბოლოოდ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სახელმწიფოს მეთაური დროებით შეითავსებს პრემიერ-მინისტრის პოსტს, რათა ორშაბათიდანვე შეუდგეს მინისტრების დანიშვნას თანამდებობებზე.
    ერთადერთი მინისტრი, რომლის პოსტზე ყოფნა-არყოფნის საკითხი უკვე გადაწყვეტილია, არის გიორგი ყარყარაშვილი. იგი უეჭველად განაგრძობს თავისი მოვალეობის შესრულებას.
    ამრიგად, საქართველო ახალ «ერაში» შევიდა. თუმცა, განსხვავებით ისტორიული და გეოლოგიური «ერებისაგან», პოლიტიკური «ერა» ძალზე ხანმოკლეა. მითუმეტეს საქართველოში.

«ივერია-ექსპრესი», 7 აგვისტო, 1993 წ.