თემურ ხაჩიშვილი ეშმაკობს

თემურ ხაჩიშვილი ეშმაკობს

  

    «საუკუნის პროცესზე» განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 1995 წლის შემდეგ საქართველოში მართლაც ბევრი რამ შეიცვალა; განსაკუთრებით საზოგადოებრივი განწყობის თვალსაზრისით.
    «მხედრიონელთა» დაპატიმრებიდან ორი-სამი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი რენომეს მხრივ ისინი მორალურად განადგურებულნი იყვნენ და საეჭვოა, ასეთი «ჰონორით» ელაპარაკათ პროცესზე, სასამართლო რომ მაშინ გამართულიყო; დღეს, როგორც ჩანს, სხვა ვითარებაა, ამიტომ სასამართლომ საქართველოსათვის ჩვეულებრივი სახე მიიღო - ისეთი შთაბეჭდილება იქმნება (თუ საზოგადოებრივ რეზონანსს გავითვალისწინებთ), რომ ასამართლებენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, რომელთაც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ყოველივე მხოლოდ მათი «პოლიტიკური მრწამსისათვის დევნის» შედეგია.
    ამ ვითარებას განსასჯელნი კარგად გრძნობენ; ამიტომაც ცდილობენ უფრო გაამძაფრონ დისკუსია, შესძინონ მას პოლიტიკური ელფერი და ხელისუფლებაში არსებულ წინააღმდეგობებზეც ითამაშონ. ჯაბა იოსელიანის ჩვენება კლასიკური ნიმუში იყო იმისა, თუ როგორ უნდა ილაპარაკო ისე, რომ საგნობრივად არაფერი თქვა. თემურ ხაჩიშვილიც იგივე ტაქტიკით მოქმედებს, თანაც საკმოად ოსტატურად - მის «ქარაგმებს» თავსა და ბოლოს ვერ გაუგებს კაცი.
    როგორც ჩანს, იგი ცდილობს, თითოეულმა მსმენელმა თავისი განწყობის შესაბამისად თავად «დაასრულოს სათქმელი» და თავადვე გამოიტანოს დასკვნა, რომელიც მის შინაგან მისწრაფებას შეესაბამება. ერთადერთი კონკრეტული ბრალდება იყო ასლან აბაშიძის მოკვლის წინადადება, რაც თითქოსდა კვირაიამ და ბაბილაშვილმა შესთავაზეს. ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რატომ ახსენებს ამ კონტექსტში ხაჩიშვილი მათ ერთად - კვირაია და ბაბილაშვილი ხომ მისი მწარე მოგონებაა იმ პერიოდიდან, როდესაც (მისივე თქმით) «დენზე ჰყავდათ მიერთებული»; მაგრამ თუ იგი თავისი მინისტრობის ან უშიშროების მინისტრის მოადგილეობის ხანას გულისხმობს, მაშინ ბრალდება საერთოდ აბსურდული ხდება: წარმოუდგენელია კვირაია და ბაბილაშვილი იმდენად იდიოტები ყოფილიყვნენ, რომ თემურ ხაჩიშვილისათვის ასლან აბაშიძის მკვლელობა შეეთავაზებინათ. ეს არ არის სტილი, რომელსაც ჩვეულებრივი ნომენკლატურული მუშაკი მიმართავს - კვირაია და ბაბილაშვილი კი სწორედ «ჩვეულებრივი ნომენკლატურული მუშაკები» არიან.
    გარდა ამისა, 1994 წლის 3 დეკემბრიდან (გია ჭანტურიას მკვლელობიდან) მათ უკვე ეჭვი სწორედ «მხედრიონზე» და ამ შეიარაღებული ფორმირების წევრებით დაკომპლექტებულ უშიშროების სამინისტროზე ჰქონდათ. ისინი მაშინ პირდაპირ ვერ გაბედავდნენ ეჭვის გამოთქმას.
    ეს ყოველივე, რასაკვირველია, ზღაპარია: თემურ ხაჩიშვილმა მშვენივრად უწყის, რომ ასლან აბაშიძესა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები არსებობს და სწორედ ამ წინააღმდეგობაზე თამაშს ცდილობს.
    მას ისიც კარგად მოეხსენება, რა არგუმენტით არ ჩამოდის ასლან აბაშიძე თბილისში. აქედან გამომდინარე, ამ არგუმენტისათვის ფაქტოლოგიური მასალის მიწოდება და მისი შემდგომი «განმტკიცება» მარტივი ფანტაზიის მეშვეობითაც შეიძლება.
    ხაჩიშვილს რომ ეთქვა, «ცალკე კვირაიამ შემომთავაზა» ან «ცალკე ბაბილაშვილმა», მაშინ მის ნათქვამს ფორმალური დამაჯერებლობა მაინც ექნებოდა, მაგრამ რაკი ერთად ახსენა, ეს მართლაც ფსიქოტრონული აბებით გაჭყეპილი იმ პატიმრის ზმანებას ჰგავს, მესამე წელი კამერაში რომ იტანჯება.
    საუკუნის პროცესი ჩვენი ქვეყნისათვის (ვიმეორებ) ჩვეულებრივ სახეს იძენს - მოკლულნი და დაზარალებულნი, რა თქმა უნდა, აღარავის ახსოვს. სასამართლო სიცილ-ხარხარსა და ანეკდოტების მოყოლაში მიმდინარეობს. უკლებლივ ყველა განსასჯელი დარწმუნებულია: რაკი სიკვდილით ვეღარ დასჯიან, მაშასადამე მისი ციხეში ყოფნა უკვე მხოლოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. შეიცვლება ხელისუფლება - ისინიც გამოვლენ ციხიდან. ასეთი მიდგომა თვით სახელმწიფოსა და საზოგადოების პრიმიტივიზმზე მეტყველებს. როგორც ჩანს, მართალნი ყოფილან ისინი, ვინც დღემდე ამტკიცებს: ქართველთათვის სახელმწიფოებრიობის ერთადერთი ფორმა შეიძლება მხოლოდ კომუნისტური მუშტი და ტოტალიტარული რეჟიმი იყოსო. დემოკრატიული წეს-წყობილება კი უმალვე გადაიზრდება ანარქიასა და კრიმინალურ ქაოსში.
    ასეთი ერი და ასეთი საზოგადოება ყველაფრის ღირსია.
   
    მერიდიანი, 23 იანვარი, 1998 წ.