თედო პაატაშვილის გახსენება

თედო პაატაშვილის გახსენება

    «ქარტია 91»-ის ლიდერი, ისევე, როგორც ირაკლი ბათიაშვილი, ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე განსაკუთრებულ სოციალურ მოვლენას განასახიერებდა. იგი ნამდვილი «ვერელია» და სოციალური თვალსაზრისით (ცენზითა და გარემომცველი წრით), სხვა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვიდრე იმდროინდელ «ლიდერთა» ან მოძრაობის «რიგით წევრთა» დიდი უმრავლესობა.
    თედო პაატაშვილმა თავიდანვე აუღო ალღო პროცესს და საკმაოდ პრინციპული არჩევანიც გააკეთა ზვიად გამსახურდიას სასარგებლოდ. როგორც ჩანს, განმსაზღვრელი აქ ის იყო, რომ პაატაშვილი შინაგანად იმთავითვე არ ეთანხმებოდა ეროვნული მოძრაობის იმ ფრთას, რომელიც ყოველგვარი «საბჭოური არჩევნების» წინააღმდეგ გამოდიოდა და სერიოზულად მოითხოვდა საქართველოს «დეკოლონიზაციას». თედო პაატაშვილი კი «ბალტიისპირელთა მიერ არჩეულ გზას» ემხრობოდა, მაგრამ საქართველოს სპეციფიკასაც არ ივიწყებდა.
    თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან ძალიან დიდი როლი შეასრულა «მრგვალი მაგიდის» პოლიტიკური კონცეფციის შემუშავებასა და 28 ოქტომბრის არჩევნების მომზადებაში. თედო პაატაშვილი და მისი გარშემომყოფნი «მრგვალ მაგიდაში» ყოველთვის განსაკუთრებულ ძალად ითვლებოდნენ და გარკვეულ ეტაპზე განსაზღვრავდნენ კიდეც ბლოკის პოლიტიკას.
    მაგრამ, კრიმინალური დაპირისპირების პირობებში, თედო პაატაშვილის ინტელექტუალობა სრულიად ფუჭი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მან რამდენიმე ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა: კერძოდ, თედო პაატაშვილს არასოდეს ეპატიება 1991 წლის შემოდგომაზე, უკვე ლამის დევნილი «უზენაესი საბჭოს» სხდომაზე გაკეთებული განცხადება: «ზვიად გამსახურდია რუსეთის მიმართ, პროვოკაციულ-კონფრონტაციულ პოლიტიკას ატარებსო» (იგულისხმებოდა კონტაქტები თათარისტანთან). არადა, ზვიად გამსახურდია ამ ნაბიჯებით მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ როგორმე შეესუსტებინა «რუსული წნეხი» ცხინვალის რეგიონში, მაგრამ რეალურად ვერ აკეთებდა იმის მეათედსაც კი (რუსეთის ფედერაციის სუბიექტთა გამოყენების თვალსაზრისით), რასაც რუსეთი სჩადიოდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
    დღევანდელი გადასახედიდან (მასხადოვის ვიზიტი, «მშვიდობიანი კავკასიის იდეა» და სხვა) პატიაშვილის მაშინდელი პრეტენზია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, აბსურდულად მოჩანს. მაგრამ ეს დებულება («პროვოკაციულ-კონფრონტაციული პოლიტიკა რუსეთის მიმართ») მძლავრ იდეოლოგიურ არგუმენტად იქცა უკვე «ტყეში გავარდნილო» კრიმინალური ხროვის ხელში.
    თუმცა, თედო პაატაშვილი «დეკემბერ-იანვრის მოვლენებს» არ მისალმებია და არც გურამ პეტრიაშვილისთვის უკადრებია რაიმე, რომელმაც მას საჯაროდ, ტელევიზიით «ნაძირალა» უწოდა.
    თედო პაატაშვილს ეყო ვაჟკაცობა, «ახალი პარლამენტის» პირველივე სესიაზე ეთქვა გულწრფელად, რომ «თენგიზ სიგუას არა აქვს მორალური უფლება დაიკავოს პრემიერ-მინისტრის სავარძელი მას შემდეგ, რაც მოხდა საქართველოში». სამოქალაქო ომის დროს იგი დაპირისპირებულ მხარეთა შერიგებასაც ცდილობდა, მაგრამ ამაოდ, - ეს არათუ მის ძალებს აღემატებოდა, არამედ ზოგადად შეუძლებელიც იყო.
    მიუხედავად ბევრი შეცდომისა, თედო პაატაშვილი მაინც იმსახურებს გარკვეულ სიმპათიას იმის გამო, რომ იგი ერთ-ერთი იშვიათი წარმომადგენელია «ეროვნული მოძრაობისა», რომელსაც არც ჭკუა და არც რაციონალური განსჯა არ აკლდა.

მერიდიანი, 5 სექტემბერი, 1997 წ.