«თბილსრესის» ახალი მფლობელი ძველ ვალებს არ გადაიხდის

«თბილსრესის» ახალი მფლობელი ძველ ვალებს არ გადაიხდის

 

        ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების წინა დღეს, პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელიც ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზებას მიეძღვნა. კიდევ კარგი, «საარჩევნო საჭიროებამ» მაინც აიძულა ხელისუფლება, დაერღვია მუდმივი «ბალანსების» პოლიტიკა და მიუხედავად «ენერგეტიკული ბიუროკრატიის» (ყოფილი საბჭოთა ბიუროკრატიის ყველაზე გავლენიანი ნაწილის) გააფთრებული წინააღმდეგობისა, საპრივატიზაციოდ გაეტანა რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური და, რაც მთავარია, გარდაბნის თბოელექროსადგური.
        აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ჰიდროსადგურთა «იჯარის» მავნე პრაქტიკაზე, ვინაიდან ეს იწვევდა გენერაციის ობიექტთა სრულ გამოფიტვასა და განადგურებას.
        ენერგეტიკულ ბიუროკრატიას საკმარისი ფული ჰქონდა, რათა ჰესების პრივატიზება მოეხდინა, მაგრამ მაინც იჯარას ამჯობინებდა.
        რაც შეეხება «თბილსრესს» - ყველაზე რეალური მყიდველი «აეს-თელასია», ოღონდ ხელისუფლება უნდა შეურიგდეს იმ აზრს რომ ახალი მეპატრონე არ გადაიხდის ვალებს, რაც 1994 წლიდან დაუგროვდა «თბილსრესს» (სად წავიდა 100 მილიონ დოლარამდე თანხა, კაცმა არ იცის) გაუთვალისწინებელი რემონტებისათვის.
        კიდევ კარგი, ეს თანხა გერმანიისა და მსოფლიო ბანკის კრედიტებია და მათი გადახდის ვადა მხოლოდ 30-40-ი წლის შემდეგ იწყება. გარდა ამისა, «თბილსრესში» საპრივატიზაციოდ გამზადებულია მხოლოდ მე-9 და მე-10 ენერგობლოკები. სხვა ბლოკებს არც ერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი არ მოჰკიდებს ხელს. «აეს-თელასი» მოითხოვს, გაუქმდეს აბსურდული საგადასახადო «შესწორება», რომლის მიხედვით, იგი ვალდებულია დღგ გადაიხადოს არა გაყიდული, არამედ წარმოებული პროდუქციის ღირებულებიდან.
        არადა, ეს მართლაც აბსურდია – დამატებით ღირებულების გადასახადის თვით ბუნება მოითხოვს, იგი დაერიცხოს რეალიზებულ პროდუქციას და არა წარმოებულს, რაკი პარლამენტმა ვერ მოასწრო ამ «ბრძნული» შესწორების გაუქმება – მომავალ ზამთარს საქართველო შეიძლება კვლავ ძველი პრობლემით შეხვდეს.

7 დღე, 22 სექტემბერი, 1999 წელი