თამარ ჩხეიძის ფუნდამენტალიზმი

თამარ ჩხეიძის ფუნდამენტალიზმი

 

    70-იანი წლების ბოლოს თბილისელი ახალგაზრდობისათვის (განსაკუთრებით სტუდენტებისათვის) თამარ ჩხეიძე ცოტა უჩვეულოდ და გაუგებრად აღიქმებოდა: მართალია, «ანტისაბჭოურობა» საყოველთაო შინაგანი სიმპათიით სარგებლობდა, მაგრამ ჩხეიძეზე მაინც ამბობდნენ: «სპეციალურად იცვამს თბილისურ ტანსაცმელს, რათა დემონსტრირება მოახდინოს, ხედავთ, რა ცუდად გვაცხოვრებენ კომუნისტებიო».
    ამ სტერეოტიპში კრისტალური სიზუსტითაა გამოხატული იმდროინდელი გახრწნილი და გადაგვარებული საზოგადოების შინაარსი. საოცარია: «სოციალიზმის» პირობებში ქართული საზოგადოება გაცილებით მეშჩანური და ბიურგერული იყო, ვიდრე დღეს - «ველური კაპიტალიზმის» პირობებში. მიუხედავად ამისა, თამარ ჩხეიძე არც ლუმპენად აღიქმებოდა, რადგან რეზო ჩხეიძის შვილი გახლდათ. ეს გარემოება კი მის შემთხვევას განსაკუთრებულ პიკანტურობას ანიჭებდა. იმდროინდელ «არისტოკრატიულ» (სინამდვილეში პროვინციულ) «სალონებში» თ. ჩხეიძის ფენომენი ჭორაობის საგნად არაერთგზის ქცეულა.
    მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რეზო ჩხეიძეს არასოდეს უთქვამს უარი თავის შვილზე. თუმცა, ძირითად საკითხებში მას არ ეთანხმებოდა. საკმარისია მისი «მშობლიურო ჩემო მიწავ, ანუ რაიკომის მდივანი» გავიხსენოთ. ისიც ფაქტია, რომ ედუარდ შევარდნაძე რეზო ჩხეიძისაგან «შვილზე უარის თქმას» არ მოითხოვდა. ეს მეტად სერიოზული შეცდომა იქნებოდა როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ იყო მამა სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, შვილი - დისიდენტი. შევარდნაძეს უნივერსიტეტში მისვლა ხომ ჯოჯოხეთში შესვლის ტოლფასად დაუსვეს; თუმცა ცკ-ს მდივანი მაინც მოთმინებით «მუშაობდა» სტუდენტობასთან ისევე, როგორც ინტელიგენციასთან და სხვა სოციალურ ფენებთან.
    მიუხედავად ამისა, თამარ ჩხეიძე მაინც დააპატიმრეს და «უდაბნოში» გაასახლეს.
    ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე თამარ ჩხეიძე აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში და მალე ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. ასევე გაიმარჯვა მისმა წინადადებამ, საზოგადოებაში არ მიეწვიათ ზვიად გამსახურდია. დღეს უკვე ნათელია, რომ იმ დროისათვის ეს თითქოს უმნიშვნელო ფაქტი შემდგომში სამოქალაქო ომის ერთ-ერთი საწინდარი გახდა.
    თამარ ჩხეიძე ბოლომდე ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში დარჩა, მიუხედავად საზოგადოების ათეულობით და ასეულობით «პარტიად» დაქუცმაცებისა. მისი ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ იგი ფსიქოლოგიურად დღემდე დისიდენტია. «დისიდენტობა» და «პოლიტიკოსობა» კი ერთი და იგივე არ არის.
    სამწუხაროდ, პოლიტიკის კეთება (ეს საქართველოს უახლესმა წარსულმა დაადასტურა) იმ ადამიანებს ძალუძთ, რომლებიც კომუნისტურ ეპოქაში შესანიშნავად ცხოვრობდნენ და ახლაც არაფერი უჭირთ. თამარ ჩხეიძისა და სხვა ქართველი დისიდენტების უბედურება კი ისაა, რომ მათ, კომუნისტური წყობის დამხობის მიუხედავად, თავი არ ანებეს პოლიტიკას და პოლიტიკოსობას.

მერიდიანი, 26 აგვისტო, 1997 წ.