თამაზ ნადარეიშვილი ვა-ბანკზე მიდის; მოსახლეობა კი აფხაზეთის დაკარგვას შეურიგდა

თამაზ ნადარეიშვილი ვა-ბანკზე მიდის; მოსახლეობა კი აფხაზეთის დაკარგვას შეურიგდა

 

        აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ გასულ კვირას საბოლოოდ დაადასტურა, რომ აპირებს კენჭი იყაროს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. მან უკვე შექმნა პოლიტიკური ორგანიზაცია («აფხაზეთის განთავისუფლების კავშირი»), რომელიც სტრუქტურიზებულია, გაფორმებულია იურიდიულად და მზად არის ჩაებას წინასაარჩევნო ბატალიებში
        ცალკე ეს პარტია 7-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამჟამად საქართველოში (გალის რაიონის გარდა, სადაც არჩევნები ვერ ჩატარდება) მყოფი ყველა ლტოლვილი სწორედ «ნადარეიშვილის პარტიას» მისცემს ხმას (რაც აგრეთვე გამორიცხულია).
        თუმცა, მეორე მხრივ, ლტოლვილთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მიხვდა, რომ ვერავინ შეძლებს მისი ინტერესების დაცვას უკეთ, ვიდრე აფხაზეთის ყოფილი ქართული ელიტა, რომლის წინამძღოლიცა და რჩეულიც თამაზ ნადარეიშვილია.
        ამ უკანასკნელსაც მოჰყირჭდა ფრაქცია «აფხაზეთის» იმედად ყოფნა - მაშინ, როდესაც ამ ფრაქციის წევრები გაფანტულნი არიან სხვადასხვა პარტიებში და ვერ ახერხებენ კონსოლიდირებას.
        თამაზ ნადარეიშვილისათვის ყველაზე მომგებიანი ვარიანტი იქნებოდა, თუ თვითონ მოიპოვებდა დეპუტატის მანდატს. სხვა საკითხია, როგორ მოახერხებს ნადარეიშვილი პარლამენტში მოხვედრას - მაჟორიტარ დეპუტატად იგი კენჭს, ალბათ, არ იყრის, პარტიებთან ალიანსის თვალსაზრისით კი საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს.
        უპირველეს ყოვლისა, გაფორმებულია კავშირი ირაკლი წერეთლის «ეროვნული დამოუკიდებლობის» პარტიასთან; მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს საარჩევნო ალიანსს – მით უმეტეს, რომ სედპ-ს მიზერული ოდენობის ამომრჩეველი ჰყავს (დაახლოებით 1 პროცენტი – 1995 წლის შემდეგ რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა).
        გაცილებით პერსპექტიული იქნებოდა საარჩევნო ბლოკი მმართველ პარტიასთან, მაგრამ გამორიცხულია მოქალაქეთა კავშირმა «საარჩევნო ალიანსი» შექმნას. მასთან პოლიტიკური (წინასაარჩევნო) კავშირი შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ თამაზ ნადარეიშვილი «ჩაჯდეს» სმკ-ს საარჩევნო სიაში; თანაც არა პირველ სამეულში ან პირველ ხუთეულში. ათეულში - კიდევ მაინც საკითხავია.
        უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის რანგისათვის ასეთი მდგომარეობა შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს - თუ თამაზ ნადარეიშვილმა ვერ დაარწმუნა მოქალაქეთა კავშირი, შესაბამისი ადგილი გამოუძებნოს სიაში და ამით დაადასტუროს, რომ მმართველი პარტიისათვის კვლავინდებურად აფხაზეთია უმთავრესი პრიორიტეტი.
        თუმცა, ამგვარი სურვილი (აფხაზეთის უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადებისა) შეიძლება სხვა პარტიებსაც ჰქონდეთ - გააჩნია, რამდენად პერსპექტიული არიან ისინი.
        7-პროცენტიანი ბარიერის შემოღებამ გაართულა პოლიტიკური ვითარება საქართველოში. პარტიებმა კონსოლიდირებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ თამაზ ნადარეიშვილის უპირატესობა (ვიმეორებ) იმაში მდგომარეობს, რომ «აფხაზეთის პარტია» (თუ სიმბოლურად ვიტყვით) – ყველასათვის მისაღებია. მისაღები იქნებოდა იგი «ბათუმური კოალიციისათვის», მაგრამ ეს კოალიცია აფხაზ სეპარატისტებთან კომპრომისს ქადაგებს, რაც თავად თამაზ ნადარეიშვილისათვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ნადარეიშვილი ყოველთვის მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების მომხრე იყო - იმ უბრალო მიზეზით, რომ სხვაგვარად აფხაზეთის პრობლემა ვერ გადაწყდება. მისი რადიკალიზმი სრულებითაც არ არის მოკლებული ლოგიკას, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება ესოდენ რადიკალური პოზიცია მოქალაქეთა კავშირისათვის?
        ქართულ საზოგადოებაში თანდათან მწიფდება აზრი, რომ აფხაზეთი დაკარგულია. დაკარგულია თუნდაც იმიტომ (ყველაფერ სხვას თუ თავს დავანებებთ), რომ 250 ათასი ქართველი ლტოლვილიდან ვერ მოიძებნა თუნდაც 1000 ბრძოლისუნარიანი კაცი, ვინც თავისი მიწა-წყლისათვის იბრძოლებდა და პირველი გასროლისთანავე (როგორც შარშან, მაისში) მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ენგურს გამოღმა არ გამოიქცეოდა. იგივე ითქმის საქართველოს დანარჩენ მოსახლეობაზეც.
        კაცმა რომ თქვას, დღევანდელ პირობებში აფხაზეთის «ძალით დაბრუნებაზე» ლაპარაკიც ზედმეტია. ამის შნოც რომ გვქონდეს, არც რუსეთი დაგვიჭერს მხარს და არც დასავლეთი, რომელმაც კოსოვოში დაამტკიცა, რომ «ეროვნულ უმცირესობათა» დაცვა მისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.
        მაგრამ უმთავრესი კვლავ და კვლავ მაინც მოსახლეობის განწყობაა – რაოდენ მწარედაც არ უნდა ჟღერდეს, საქართველოს მოსახლეობა (რა თქმა უნდა, გარდა თვით აფხაზეთის დევნილი ქართველებისა) უკვე შეურიგდა აფხაზეთის დაკარგვას და მხარსაც კი დაუჭერს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, თუნდაც გალის რაიონის სანაცვლოდ.
        ასეთ ვითარებაში, თუ «მოქალაქეთა კავშირი» წავა ალიანსზე «ნადარეიშვილის პარტიასთან», ამით იგი თვითონვე შეიზღუდავს პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელ სივრცეს, იმთავითვე გამორიცხავს შესაძლო კომპრომისს არძინბასთან და იკისრებს პასუხისმგებლობას, რომელსაც მას (მოქალაქეთა კავშირს) უკვე თვით მოსახლეობაც აღარ აკისრებს, ვინაიდან, იგი, ფაქტობრივად, აფხაზეთის დაკარგვას შეურიგდა.

მერიდიანი, 9 აგვისტო, 1999 წელი