ზურაბ ჟვანია პრემიერ - მინისტრობას არ აპირებს?

ზურაბ ჟვანია პრემიერ - მინისტრობას არ აპირებს?


   

    პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე, როგორც ჩანს, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. ზოგიერთი დამკვირვებელი თვლიდა, რომ ჟვანია აღმასრულებელ ხელისუფლებაში აპირებდა გადასვლას, რეფორმათა გაგრძელებისათვის ახალი სტიმული რომ მიენიჭებინა. შესაძლოა ამგვარი აღქმის მიზეზი გახდა სიტყვები: «მზად ვარ, ვიყო ბრძოლის წინა ხაზზე».
    ბევრს ეგონა ზურაბ ჟვანია ამით პრემიერ-მინისტრობას მოითხოვდა პრეზიდენტისაგან, თუმცა ასეთი გაგება მცდარი აღმოჩნდა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეს იგი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელია. როგორც არ უნდა შეიცვალოს (თუნდაც შემცირდეს) პარლამენტის უფლებამოსილება, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს უფრო მნიშვნელოვანი და პერსპექტიულიო პოსტია, ვიდრე პრემიერ-მინისტრობა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლით ჟვანია ძალიან დიდ რისკზე წავიდოდა, თანაც გაუმართლებელ, წინასწარ წაგებისათვის განწირულ რისკზე და აი, რატომ: ამჟამინდელი «მემარცხენე ოპოზიცია» საკმაოდ უცნაურ ტაქტიკას ირჩევს ხელისუფლების ოპონირებისას. მაგალითად, «სოციალისტები» მკაცრად აკრიტიკებენ საპარლამენტო უმრავლესობას, «მოქალაქეთა კავშირს», მაგრამ პრეზიდენტთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურთ, ამიტომ მის მიმართ გაცილებით «ზომიერნი» არიან. იქმნება აბსურდული ვითარება: არ შეიძლება გაუთავებლად ლანძღავდე მმართველ პარტიას ან, ყოველ შემთხვევაში, პარტიას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას წარმოადგენს და იმავდროულად აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კრინტს არ სძრავდე.
    ოდესმე თუ გაგიგიათ, ვახტანგ რჩეულიშვილს არათუ პრეზიდენტზე, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლების რომელიმე ხელმძღვანელზე ან მინისტრზე აუგი ეთქვას? ასეთ შემთხვევას ვერ გაიხსენებთ, ვინაიდან იგი წარმატებული ბიზნესმენია და მთავრობასთან ურთიერთობის გართულება არ სურს - ეს ხელს არ აძლევს. თუმცა პრეზიდენტს ხანდახან მაინც გააკრიტიკებს ხოლმე - უფრო ეჭვიანობით: ვაითუ, მოქალაქეები შეინარჩუნოსო.
    ამგვარი აბსურდული ვითარება მხოლოდ საქართველოში შეიძლება არსებობდეს - ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, დემოკრატიული თამაშის წესებს ეს ყოველივე კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
    ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას (ან პრეზიდენტს) თითქმის არ აკრიტიკებდეს, სამაგიეროდ, დღენიადაგ ლანძღავდეს საპარლამენტო უმრავლესობას? ასეთი რამ შეუძლებელია, მაგრამ «საქართველოში მართლაც რაღა უნდა გაგიკვირდეს კაცს». ამ უცნაურობის მიზეზი ისაა, რომ რჩეულიშვილსაც და ბევრ სხვა ოპოზიციონერსაც ედუარდ შევარდნაძის «გადაბირების» იმედი არ დაუკარგავთ. ვისაც ეს იმედი გადაეწურა, კარგა ხანია, ბათუმში გაიქცა. «სოციალისტთა ლიდერი» მათ რიცხვს არ განეკუთვნება, ამიტომ კვლავაც აგრძელებს ბრძოლას. თუ ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრის სავარძელს დაიკავებდა, ეს ნამდვილად «მისწრება» იქნებოდა ოპოზიციონერთათვის, ვინაიდან ისინი მიიღებდნენ საშუალებას, ზემოაღწერილი «არანორმალურობა» გაესწორებინათ: პრეზიდენტი საბოლოოდ გაემიჯნებოდა როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას; პრემიერ-მინისტრის ლანძღვა-გინება ჩვეულებრივ საქმედ იქცეოდა. . . . .
    სანამ საქართველოში «ამერიკული მოდელი» იმოქმედებს, აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკა მხოლოდ პრეზიდენტის კრიტიკად აღიქმება, ვინაიდან ამ მოდელში ფაქტიურად (მისი შინაარსიდან გამომდინარე) ყველაფერზე სწორედ (და მხოლოდ) პრეზიდენტი აგებს პასუხს.
    ხოლო «ფრანგული მოდელი» გულისხმობს პრეზიდენტის ქცევას სახელმწიფოს მეთაურად, როდესაც იგი «ხელისუფლებათა სამივე შტოზე ამაღლდება».
    წარმოვიდგინოთ, ამ პირობებში ჟვანიას პრემიერ-მინისტრის პოსტი რომ დაეკავებინა, როგორი იქნებოდა ოპოზიციონერთა ტაქტიკა»? ძნელი მისახვედრი არ არის - ისინი უმალვე შექმნიდნენ მისგან «უპირველესი პრობლემის» ობიექტს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს მჭერმეტყველება ვეღარ უშველიდა.
    საკანონმდებლო ორგანოში იგი ოპონენტებს ყოველდღიურად უპასუხებს, პრემიერ-მინისტრს კი ამის საშუალება აღარ ექნება. ასე რომ, ჟვანიას სწრაფვა «პრემიერის» სავარძლისაკენ ილუზიაა – ჯერ-ჯერობით მას ეს უბრალოდ არ სჭირდება და საკმაო ალღოც აქვს, ასეთი შეცდომა რომ არ დაუშვას,
    მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც შევარდნაძის პოზიცია თანდათან იკვეთება: როგორც ჩანს, მას სულ უფრო აღიზიანებს «მემარცხენეთა გამოხდომები», რომლებიც ვერ ახერხებენ საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს «მოქალაქეებს» ებრძვიან მხოლოდ და არა პრეზიდენტს. შეუძლებელია ებრძოდე პარტიას და არ ებრძოდე მის თავმჯდომარეს. ეს უბრალოდ აბსურდია. უკანასკნელ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ აშკარა გაღიზიანებით განაცხადა: «ზოგიერთი ოპოზიციონერი, ვინც მწვავედ გვაკრიტიკებს და ხალხს უმტკიცებს, რეფორმათა შედეგად უკეთესობისაკენ არაფერი შეცვლილაო, თვითონ მშვენივრად მოეწყო - ფლობს საწარმოებს, რესტორნებს, ენერგეტიკულ ობიექტებს და ა.შ.»
    პრეზიდენტს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ უეჭველად რჩეულიშვილს გულისხმობდა. მაშასადამე, სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ «გადააჭარბა» და ბალანსი ვერ დაიცვა.
    მთავარი საკითხი აქ, რასაკვირველია, თვით პრეზიდენტის ინტერესებია - მან შესანიშნავად იცის, რომ საბაზრო რეფორმათა გაგრძელება ამ ხელისუფლებისთვის, ვინც ეს რეფორმები დაიწყო, ერთადერთი გამოსავალია. უკან დასახევი გზა აღარ არის, რეფორმამ ბევრი შეუქცევადი ცვლილება გამოიწვია და მათი დამუხრუჭება უკვე მხოლოდ მთელი სისტემის, მთელი ხელისუფლების გამოცვლითღაა შესაძლებელი, ახალი რევოლუციისთვის კი ქართველი ხალხი ჯერ მზად არ არის.

მერიდიანი, 8 ივლისი, 1998 წელი