ზვიადისტებთან შერიგება თუ მორიგება?

ზვიადისტებთან შერიგება თუ მორიგება?

 

        კაკო ელიავასა და მისი რაზმის მორიგი «შემორიგების» შემდეგ «ეროვნული თანხმობისა» და შერიგების თემა საქართველოში კვლავ აქტუალური ხდება.
        1993 წელს, გელათის ტაძართან «ცალმუხლჩოქით ფიცის» ეპოქა თითქოს წარსულს ჩაბარდა, მაგრამ საზოგადოება კვლავაც ვერ გარკვეულა «შერიგება». «შემორიგება» «გარიგების» ქართულ სინონიმისტიკაში. თუმცა ეს სამი ცნება, რომელიც ბოლო ხანს ლამის ქართული პოლიტიკის მცნებად იქცეს, სრულად და თვისებრივად სინონიმური, რა თქმა უნდა, არ არის. მათგან თითოეული საკმაოდ განსხვავებული, შეიძლება ითქვას, მკვეთრად განსხვავებული შინაარსისა და აზრობრივი დატვირთვის მატარებელია. შესაბამისად, ამ სამი სიტყვა-ცნებით სამი განსხვავებული პოლიტიკური კურსის აღნიშვნა შეიძლება.
        ჯერჯერობით გაურკვეველია, მათგან რომელს განეკუთვნება ძალოვანი სტრუქტურების მიერ სენაკში განხორციელებული აქცია. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ «ელიავასა და ელიავისტების» შეწყნარება, არამედ ცნობილი პრესკონფერენციაც – საკმაოდ უცნაური განცხადებებით. თუ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, როგორ განვითარდა მოვლენები მეამბოხეთა მიერ ათიოდე დაჟანგული, აშკარად უვარგისი ავტომატისა და მათთვის სრულიად უსარგებლო იარაღის ჩაბარების შემდეგ, ეს ყოველივე მეამბოხეთა «ჩაბარებას» ან მათ მიერ ჩადენილის მონანიებას სრულებითაც არ ჰგავს.
        კაკო ელიავა კვლავ ტყეში რჩება - «ფერმერობის» შესახებ მისი განცხადებები აშკარად ხუმრობაა. რეალურად იგი არც იარაღს აბარებს, არც რაიმეს ინანიებს, ხოლო ხელისუფლებისგან მოითხოვს «მეამბოხე» ქვედანაყოფის ცალკე გაფორმებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სისტემაში. ასეთივე «ცალკე» ქვედანაყოფი იყო სენაკის ბრიგადა, რომელმაც ოქტომბრის ამბოხი მოაწყო.
        როგორც ჩანს, სინამდვილეში არავითარი «შერიგება», «მონანიება» ან «იარაღის დაყრა» არ მომხდარა – უბრალოდ, ხელისუფლებამ მიიღო მაკიაველისტურად რაციონალური გადაწყვეტილება: ელიავას ბანდის გასანადგურებლად სამეგრელოში ფართომაშსტაბიანი ოპერაციის ჩატარებას იგი ვერ გაბედავდა, ელიავას «შეხედულებათა შეცვლა» კიდევ უფრო შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ მეამბოხეთა შეწყალებით მან (ხელისუფლებამ) გარკვეულწილად გაანეიტრალა «იგორ გიორგაძის მომხრეთა» დაპატიმრებით გამოწვეული შთაბეჭდილება და იმთავითვე ამოძირკვა საკმაოდ საშიში სტერეოტიპი, რომლის თანახმად ხელისუფალნი რეპრესიულ ზომებს მიმართავენ «სხვაგვარად მოაზროვნეთა» წინააღმდეგ.
        არავითარი განსხვავება ელიავას შემდგომ ქმედებათა თვალსაზრისით არ ჰქონდა იმას, დარჩებოდნენ თუ არა ოქტომბრის ამბოხის «რიგითი» მონაწილენი ქუთაისის ციხეში – ამ შემთხვევაში კი, ყველა თვალსაზრისით, ჯობდა ისინი განთავისუფლებულიყვნენ და ხელისუფლებას ჩვენი სახელმწიფოს უმწეობა კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა «გულმოწყალებად».
        კაკო ელიავასთან «შერიგებაზე» საუბარს აზრი არა აქვს – ასეთი საუბარი ისევ და ისევ მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ იქცა სახელმწიფოდ, ვინაიდან არ შეიძლება სახელმწიფო «ურიგდებოდეს» ტყეში გაჭრილ შეიარაღებულ ხროვას, თუ ამ შერიგების არსი იარაღის «დადება» («დაყრა» უფრო შეურაცხმყოფელად ჟღერს) არ არის; მაგრამ ელიავას შემთხვევაში, როგორც დავრწმუნდით, იარაღის არც «დადებას», არც «დაყრას» არავინ აპირებს.

        სავსებით შესაძლებელია, ხვალ იგივე გაიმეორონ, რაც 1998 წლის ოქტომბერში _ ყოველ შემთხვევაში, ელიავას არც ერთი ისეთი განცხადება არ გაუკეთებია, რაც ამის საშუალებას აღარ მისცემს.
        იგი ყოველნაირად ცდილობდა, დაეტოვებინა უკან დასახევი გზა – დაპირისპირების განახლებისა და სამოქალაქო ომისაკენ. რა თქმა უნდა, ეს ისევ და ისევ ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს, ვინაიდან იმის მიუხედავად, მართალია თუ არა კაკო ელიავა 1991-92 წლების მოვლენათა შეფასებისას; იმის მიუხედავად, რამდენად კანონიერი თუ გამართლებული იყო ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა; დღეს (1999 წელს), კაკო ელიავას მოქმედება არის სამშობლოს ღალატისა და ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩაცემის კლასიკური მაგალითი.
        ამ ვითარებაში კი 8-9 წლის წინანდელ მოვლენათა «კანონიერებასა და უკანონობაზე», მათ ისტორიულ გამართლებულობასა თუ გაუმართლებლობაზე» ლაპარაკი ცეცხლთან თამაშია და «ელიავებისათვის» მათი პროვოკაციული ქმედების იდეოლგიურ არგუმენტირებას ნიშნავს.
        თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს პარლამენტი დაგმობს დეკემბერ-იანვრის გადატრიალებას და ამით ელიავას «დაამშვიდებს», ძალიან ცდება. «ზვიადიზმი», მათ შორის დეკემბერ-იანვრის გადატრიალების დაგმობა, ელიავასთვის მხოლოდ საბაბია, ასე ვთქვათ «იდეოლოგემაა», სინამდვილეში, მას სულ სხვა მოტივაცია აქვს, - მათ შორის ტრაიბალისტური წყენა, თორემ ზვიად გამსახურდიას ბედი უკვე სულაც აღარ აღელვებს.
        ამიტომ პარლამენტში დეკემბერ-იანვრის გადატრიალების დაგმობისთანავე იგი უეჭველად წამოაყენებს ახალ, აშკარად შეუსრულებელ მოთხოვნებს. მაგალითად: - «გადადგეს ხელისუფლება, პრეზიდენტი და პარლამენტი სრული შემადგენლობით, ახალი არჩევნები დანიშნოს გამსახურდიას პარლამენტმა და ა.შ.»
        ეს, რასაკვირველია, ნიშნავს არსებული კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებას – ანუ საქართველოს ყველა მტრისა და ავისმზრახველის გულის გასახარად. 1991 წელს «შესწორებული» ბრეჟნევისეული კონსტიტუციის აღდგენას.
        ზემოთქმული ალბათ მაინც საკმარისი არგუმენტია საიმისოდ, რომ ყოველგვარი საუბარი, «დეკემბერ-იანვრის» მოვლენათა შეფასების თაობაზე უაზროდ და უმიზნოდ ჩაითვალოს. ამ საუბრით მხოლოდ ვაღიზიანებთ ორივე მხარეს, «ვჩხვლეტთ» მოუშუშებელ იარას და ვქმნით მორალურ ატმოსფეროს სამოქალაქო ომის რეციდივების აფეთქებისთვის.
        სულ ერთია, მხარეები იმავე აზრზე დარჩებიან, როგორიც ადრე ჰქონდათ, - თუ ვინმე აზრს შეიცვლის, საერთო ვითარებაზე ეს მაინც ვერ მოახდენს ზეგავლენას – არსებობს ორი სტერეოტიპი, ხოლო მათგან რომელი შეესაბამება სიმართლეს, ამას მომავალი, ისტორია განსჯის;
        ნებისმიერ შემთხვევაში, ამჟამინდელი ხელისუფლება, არსებული კონსტიტუციის საფუძველზე, უბრალოდ, ვალდებულია იმოქმედოს კანონის შესაბამისად ანუ იმოქმედოს ისე, რომ თითქოს არ ყოფილა არავითარი «სახელმწიფო გადატრიალება» და მან «სუფთა ფურცლიდან» დაიწყო.
        სხვაგვარი ქმედება კვლავ და კვლავ გვაბრუნებს სამოქალაქო ომის ეპოქასა და შესაბამის ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში.
        უკიდურეს შემთხვევაში, თუ «სხვა გზა არ არის», სავსებით შესაძლებელია და საკმარისია, მხარეები «მორიგდნენ» თამაშის ისეთ წესებზე, რომელთა დაცვა შესაძლებლად აქცევს ქვეყანაში სტაბილურობისა და წესრიგის შენარჩუნებას.

დრონი, 15 ივნისი, 1999 წელი