«ზვიადიზმი» საბოლოოდ დისკრედიტებულია საქართველოში

«ზვიადიზმი» საბოლოოდ დისკრედიტებულია საქართველოში

 

    გასული კვირის მთავარი მოვლენა (საქართველოსათვის), ეგრეთ წოდებულ «ზვიადისტთა», ანუ ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა გააქტიურება გახდა. მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ რამდენიმე ხმაურიანი აქცია მოაწყო მოსკოვში დაპატიმრებულ «უზენაესი საბჭოს წევრთა» გათავისუფლების მოთხოვნით. კერძოდ, ვინმე გივი თაქთაქიშვილისა, რომლის დაპატიმრებაზეც, ჯერ კიდევ 1993 წელს გასცა სანქცია საქართველოს ხელისუფლებამ «სამშობლოს ღალატის» ბრალდებით;
    ბუნებრივია, ეს ბრალდება არ არის მართებული, ვინაიდან «ღალატში» იგულისხმება სამოქალაქო ომის დროს განხორციელებული სხვადასხვა აქცია (მაგალითად, ფოთის დაკავება და ასე შემდეგ), მაგრამ, მეორე მხრივ, თვით «ზვიადისტთა» ქმედება ამ ომის შემდეგ ცოტა არ იყოს უცნაურია: მანანა არჩვაძე, რომლის ქმარი, სწორედ «ანტირუსული ქარიზმის» გამო გახდა საქართველოს პრეზიდენტი (ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ ქარიზმით მოექცა სათავეში ეროვნული მოძრაობის რადიკალურ ფრთას) 1994 წელს მოსკოვში გადასახლდა - ანუ «ბოროტების იმპერიის» დედაქალაქში; იმავე «სატანის ბუდეში» (როგორც თავად უწოდებდნენ) დაიდო ბინა «ზვიადისტთა» ძალიან დიდმა ნაწილმა.
    ტყუილია, თითქოს «აბა, რა ექნათ საწყლებს, რუსეთში რომ არ გაქცეულიყვნენ, ხომ ამოალპობდა ციხეში შევარდნაძე...» ჯერ ერთი, თუ შევარდნაძე «რუსეთის აგენტია», მაშინ მოსკოვში რისი იმედით გარბიხარ? თანაც, სწორედ იმ მოსკოვში, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდი? გარდა ამისა, გარემოებით პრინციპების შეცვლა ვერ გამართლდება. და ბოლოს: გურამ პეტრიაშვილი, მაგალითად, უკრაინაში გაიქცა და არა რუსეთში. ამის საშუალება სხვასაც ჰქონდა, მაგრამ იმ სხვებმა მაინც მოსკოვი არჩიეს.
    სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს: მოძრაობა («ზვიადიზმი»), რომელიც დღენიადაგ ქადაგებდა: «ბოროტებასთან შერიგება უზნეობააო», ხოლო ედუარდ შევარდნაძეს «იმპერიის ხელდასმულად მიიჩნევდა», რატომღაც ახლა უკვე მხოლოდ შევარდნაძეს ებრძვის, რუსეთის საწინააღმდეგოდ კი კრინტს აღარ ძრავს. კაცმა რომ თქვას, ეს ფენომენი კაცობრიობამ კარგა ხანია შეისწავლა: პიროვნულად გამწარებულ ადამიანს საკუთარი ტკივილის გარდა აღარაფერი აინტერესებს და სწორედ ამ მოტივაციით მოქმედებს პოლიტიკაში.
    მანანა არჩვაძისთვის «სამშობლოს თავისუფლება» და ნებისმიერი პოლიტიკური კონცეფცია უაზრო და გაუგებარია, - მას ამოძრავებს მხოლოდ ერთი: გადატანილი ტკივილის სიმწარე. ამასთან შედარებით საერთოდ აღარ აინტერესებს არც რაიმე «მოძრაობა», არც რუსეთი და არც თვით პოლიტიკა.
    ვიმეორებ: ეს გასაგებია და ადვილად ასახსნელი (პიროვნულ თვისებათა გათვალისწინებით), მაგრამ ის ათასობით «ზვიადისტი» რამ . . . . . . . . , ვინც ჯერ კიდევ გუშინ, გუშინწინ ამაყად ყელმოღერებული «ზვიადის» სურათებით ხელში დარბოდა მიტინგებზე, «დიდოსტატის მარჯვენას» ლოცვასავით კითხულობდა, «ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ სამშობლოს თავისუფლებისათვის» ბრძოლის რომანტიკით იყო აღტაცებული, ხოლო დღეს მანანა არჩვაძე გამსახურდიას «აქციებში» მონაწილეობს - მოსკოვში გაქცეული და იქ ხუთი წლის შემდეგ «დაპატიმრებული» ზვიადისტების გასათავისუფლებლად?!
    გაუგებარია, როგორ უთავსდება ერთმანეთს რუსეთში ცხოვრება და «ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა?» მაშასადამე, «საქართველოს თავისუფლება» და «ზვიადის იდეები» აქ არაფერ შუაშია. ჩვენდა სამარცხვინოდ, მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტრაიბალისტური მოტივაცია - ტრაიბალისტური სიძულვილი ხელისუფლების წინააღმდეგ. მაშასადამე, არანაირი კონსტრუქციული (მით უმეტეს სახელმწიფოებრივი) მუხტი ამ მოძრაობაში აღარ არის ჩადებული. 1992-1993 წლებში ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შორის თვით სამოქალაქო ომის დროსაც ძალიან ბევრი უაღრესად პატიოსანი, მართლა პატრიოტულად განწყობილი ადამიანი იყო, რომელთაც სწამდათ, რომ იბრძოდნენ «სამშობლოს თავისუფლებისთვის», - «კრემლის მარიონეტი» ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ დღეს (1999 წლის დამდეგს) ამ მოძრაობაში, ფაქტიურად, ნორმალური და წესიერი ადამიანი აღარ დარჩა (ყოველ შემთხვევაში, იმ ფრთაში, რომელზეც ამჯერად ვლაპარაკობთ) - არიან მხოლოდ ტრაიბალისტები და «ჩვეულებრივი შიზოიდ-პარანოიდები», ვისაც ჭკუა ან ელემენტარული განსჯა ძნელად თუ მოეკითხება.
    მიუხედავად ამისა, მათ ძალუძთ, საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინონ პროცესების განვითარებაზე, შეუძლიათ მოაწყონ ხმაურიანი აქციები, რომელთა დარბევას რუსული მასმედია მსოფლიო რეზონანს შესძენს, გაამძაფრონ დაძაბულობა საზოგადოებაში, იქცნენ სათამაშო ტიკინად, დემაგოგიურ არგუმენტად სხვადასხვა ძალთა ხელში და ასე შემდეგ.
    «ზვიადისტებში» უკვე ძალიან ცოტაა ელემენტარულად მოაზროვნე, არატრაიბალისტური, არა მხოლოდ ბოღმასა და სიძულვილზე აგებული მოტივაციის პიროვნება.
    თუ არიან ასეთები, მანანა არჩვაძის აქციებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მთლიანობაში კი, ეგრეთ წოდებული «ზვიადიზმი», როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაიზარდა გულისამრევ მარაზმში (მარტოთბილისის პოლიციის სამმართველოში მუშაობის სურვილი რად ღირს - ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ?!), რომელსაც (თუნდაც ეფემერული) პოლიტიკური მოტივი აღარ გააჩნია. დღევანდელმა «ზვიადისტებმა», თავიანთი უზნეობით და უპრინციპობით, იმ საცოდავ ექს-პრეზიდენტს, ვისაც მართლა უყვარდა საქართველო, წაართვეს ერთადერთი, რაც სიკდვილის შემდეგ შერჩა, - სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლის ქარიზმა. სწორედ მათი ქმედების (და არა «დიქტატორობის» ან «სოხუმის დაკარგვაში შეტანილი წვლილის») გამო, ისტორია ზვიად გამსახურდიას ფიგურას დადებითად აღარ შეაფასებს.
   

საქართველო-თურქეთის საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა

    მატერიალური სიდუხჭირით შეჭირვებულ საზოგადოებას, ფაქტობრივად, მოშიმშილე ადამიანებს, ალბათ, არც მოეკითხება, მაგრამ მთლიანად ქართულ საზოგადოებას, ალბათ მეტი ყურადღება მართებდა იმ ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენისადმი, რომელიც ახალციხეში განხორციელდა. პირველად, 1829 წლიდან, საქართველო-თურქეთის საზღვარი იქცა საზღვრად საქართველოსა და თურქეთს შორის.
    დღემდე იგი ყველგან (საქართველოს გარდა) რუსეთ-თურქეთის საზღვრად აღიქმებოდა. რუსი მესაზღვრეები რამდენიმე დღის წინ ახალციხიდან ისე გაუჩინარდნენ, მათ კვალსაც ვერავინ მიაგნო. თავისთავად ეს ფაქტი უკვე ამჟღავნებს მათ «ცივილიზებულობასა» და დამოკიდებულებას საქართველოსადმი. მაგალითად, ჰონგკონგიდან ბრიტანული დროშის გატანას, ბრიტანელი ჯარისკაცების გასვლას, თან სდევდა გრანდიოზული ცერემონია, რომლითაც განსაკუთრებით აღინიშნა ისტორიული მომენტის მნიშვნელობა.
    როგორც ჩანს, სწორედ ეს არ ეპიტნავებოდათ რუს მესაზღვრეებს, - მათ არ სურდათ დაფიქსირებულიყო მათი წასვლა, რადგან იმედი აქვთ, რომ კიდევ დაბრუნდებიან.
    უნდა ვაღიაროთ, საქართველოს სასაზღვრო უწყებამ, რომელსაც ნამდვილად ღირსეული ხელმძღვანელი ჰყავს, ბრწყინვალედ წარმართა ეს პროცესი - გეგმაზომიერად, უჩუმრად, მაგრამ განუხრელად და მიზანსწრაფულად.
    დეკემბრის დასაწყისში, თბილისში (რაც ნიშანდობლივია), ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად, რუსეთის სასაზღვრო ჯარები 1999 წლის 10 ივლისამდე დატოვებენ საქართველოს. ქვეყნის საზღვაო აკვატორიას ისინი უკვე აღარ აკონტროლებენ. ჩხეიძე-ტოცკის შეთანხმების შესაბამისად, სასაზღვრო ჯარები აფხაზეთიდან გაიტანენ მთელ მოძრავ ქონებას, რომ სეპარატისტებს არაფერი დარჩეთ.
    სხვა საქმეა, რამდენად შეასრულებს რუსული მხარე ამ შეთანხმებას, მაგრამ თუ არ შეასრულებს, საქართველოსაც ექნება არგუმენტი, რომ არ შეასრულოს იმავე დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები.
    მოლაპარაკება სოხუმში აფსუა სეპარატისტთა ლიდერთან, რასაკვირველია, უშედეგოდ დასრულდა; სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი. არძინბა კატეგორიულად წინააღმდეგია არათუ საქართველოს გემების შესვლისა აფხაზეთის აკვატორიაში, არამედ სანაპირო წყლების თუნდაც ერთობლივი კონტროლისა. მისი განცხადებით: «თუ რუსი მესაზღვრეები დატოვებენ აფხაზეთს, მათ ადგილს აფხაზები დაიკავებენ, ხოლო საქართველოს ყოველგვარ მცდელობას, გააკონტროლოს ჩვენი ტერიტორია, აღვიქვამთ, როგორც აგრესიას».
    რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში საქართველო არ შეეცდება ახალი ომის დაწყებას, რათა გააკონტროლოს აფხაზეთის საზღვაო აკვატორია, - ამის უნარი რომც გვქონდეს, - საერთაშორისო თანამეგობრობა (არა მხოლოდ რუსეთი) ამას აღიქვამს როგორც სამშვიდობო შეთანხმებათა დარღვევას, მაგრამ ჩვენი უმწეობა და უუნარობა, დავიცვათ საზღვაო აკვატორიის ყველა მონაკვეთი, სულაც არ ნიშნავს რუსი მესაზღვრეების დატოვებას. ისინი, რეალურად, საქართველოს სასიკეთოს იქ მაინც არაფერს აკეთებნენ - უფრო პირიქით, მათი მიზანი მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესთა დაცვა იყო, საქართველოს ინტერესებს კი საერთოდ არ ითვალისწინებდნენ - მაგალითად, თავისუფლად ატარებდნენ აფხაზეთში ყველაფერს, რაც სჭირდებოდა არძინბას რეჟიმს, სამაგიეროდ კი, მკაცრად აკონტროლებდნენ იმ ტვირთებს, რაც შეიძლებოდა ჩრილო-კავკასიისთვის ყოფილიყო განკუთვნილი.
    დარწმუნებული ვარ, რუს მესაზღვრეებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე რომ ემოქმედათ, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებდა კანონს «სახელმწიფო საზღვრის შესახებ» ესოდენ მკაცრი ფორმულირებით: «სახელმწიფო საზღვრის დაცვას ახორციელებენ მხოლოდ საქართველოს სასაზღვრო ჯარები», რაც გულისხმობდა უცხო სახელმწიფოს (რუსეთის) მესაზღვრეთა გაყვანას თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან და საზღვაო აკვატორიიდან.
    მაგრამ მოსკოვს, როგორც ჩანს, სეპარატისტებთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა; ოღონდ, იმავდროულად, არც საქართველოდან წასვლა უნდოდა; ნურას უკაცრავად, - ორივე ერთად არ გამოვა. ქართული პოლიტიკის მაგისტრალური მიმართულება უნდა გამოიხატოს ფორმულით: «სეპარატისტებთან ურთიერთობის გაფუჭების გარეშე საქართველოსთან კეთილ ურთიერთობას ვერ შეინარჩუნებ». ეს ეხება არა მხოლოდ საზღვარს, არამედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ყველა ასპექტს.
    1999 წლის 10 ივლისამდე საქართველო-თურქეთის საზღვრის მთელს პერიმეტრს უკვე მხოლოდ ქართველი მესაზღვრეები გააკონტროლებენ. ყველაზე რთული პრობლემა ქონების გაყოფა იყო.
    იგულისხმება, რასაკვირველია, მოძრავი ქონება. რაც შეეხება უძრავ ქონებას, იგი მთლიანად საქართველოს დარჩება. რუსებმა ვერ გაბედეს (თუ ვერ მოასწრეს), უძრავი «ინფრასტრუქტურის» განადგურება. არადა, სწორედ ასე მოიქცნენ მათი «კოლეგები» რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებიდან, ვიდრე საქართველოში სხვადასხვა სამხედრო ობიექტს დატოვებდნენ.
    მოძრავი ქონება (იარაღი და სამხედრო ტექნიკა, სხვადასხვა ხასიათის აპარატურა) გაიყოფა პრინციპით 50-50-ზე. რუსული მხარე მთლიანად ინარჩუნებს და გაიტანს ტაბელურ იარაღს (როგორც ჩანს, ეს მათთვის ღირსების საქმეა). გენერალი ტოცკი ცდილობდა საქართველოს «კვოტა» შეემცირებინა იმ მოტივით, რომ ქართულმა მხარემ არ დააფინანსა 1994-1998 წლებში რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე 40 პროცენტით, როგორც ეს გათვალისწინებული იყო 1994 წლის 3 თებერვალს შევარდნაძისა და ელცინის ხელმოწერილი დოკუმენტით.
    მაგრამ ამ საკითხში კომპრომისის მიღწევა მაინც მოხერხდა. მოძრავი ქონების 50 პროცენტი (ტაბელური იარაღის გარდა) საქართველოს სასაზღვრო ჯარებს დარჩებათ. სამაგიეროდ, რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახური ინარჩუნებს საშუალებას, მიიღოს სრული ინფორმაცია საქართველოს საზღვრებზე არსებული ვითარების შესახებ - თბილისში (ექსპერტთა სახით) დარჩება რამდენიმე რუსი ოფიცერი-მესაზღვრე, რომლებიც ინფორმაციას მიიღებენ და გადასცემენ მოსკოვს. ეს სავსებით ნორმალური კომპრომისია, რადგან ის «ოფიცერთა ჯგუფი», საჭიროებისას, აგრეთვე, ავდილად შეიძლება გავიყვანოთ საქართველოდან.
   

ჟენევის «პროცესი» საქართველოსათვის მავნებელი ხდება

    17-18 დეკემბერს შვეიცარიაში გაიმართა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაეროს ეგიდითა და «მეგობარი ქვეყნების» მონაწილეობით.
    ამ მეგობარ ქვეყნებს შორის რუსეთი, რასაკვირველია, «პირველია თანასწორის უფლებით».
    სწორედ ეს პარადოქსული ფორმულა გამოხატავს მის უფლებამოსილებასა და რეალურ სტატუსს. მართლაც, რუსეთი რეალურად აკონტროლებს ვითარებას კონფლიქტის ზონაში; ამდენად, მას მეტი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ უკვე ყველა ობიექტური დამკვირვებლისათვის ცხადია, რომ თვით «ჟენევის პროცესი» საქართველოსთვის მხოლოდ ზიანის მომტანი ხდება - ფაქტობრივად, ამ პროცესში ფიქსირდება საქართველო და აფხაზეთი, როგორც ორი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი.
    ეს იყო პროგრამა-მინიმუმი, რომელსაც არძინბა ისახავდა მიზნად 1994 წელს მოლაპარაკებების დაწყებისთანავე. მეტის მიღწევა მისთვის, ჯერჯერობით, შეუძლებელი იყო, მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით: განსხვავებულ სუბიექტებად საქართველოსა და აფხაზეთის ფიქსაციის შემდეგ ერთი ხელის გაწვდენაღა დარჩება აფხაზეთის სეპარატისტული «რესპუბლიკის» აღიარებამდე.
    «საქართველოს მეგობარი» ქვეყნების ჯგუფს კი სახელი (ჩვენივე თანხმობით) შეეცვალა და აწ უკვე ეწოდება «გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ჯგუფი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში». თანაც, ზოგიერთები უკვე ამბობენ არა «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის», არამედ «საქართველო-აფხაზეთის» კონფლიქტის, რაც ერთი და იგივე, რა თქმა უნდა, არ არის.
    სეპარატისტები ძალიან ოსტატურად იყენებენ ჟენევაში «საკოორდინაციო საბჭოს» ყველა შეხვედრას საიმისოდ, რომ დააფიქსირონ თავიანთი საერთაშორისო სამართალსუბიექტობა - თუნდაც «დივერსიული აქტების» თემაზე ყურადღების აქცენტირებით.
    ამით ერთდროულად «რამდენიმე კურდღელს» იჭერენ. უპირველეს ყოვლისა, საგულისხმოა, რომ დასავლეთი არადსროს დაუჭერს მხარს იმ მოძრაობას, რასაც ჩვენ «პარტიზანულს ვუწოდებთ» - ეს გამორიცხულია; ასე, თანდათანობით ტრანსფორმირდება «საქართველოს მეგობართა» ჯგუფი ჯერ «ორივეს მეგობრად», შემდეგ კი (რაოდენ საცარიც უნდა იყოს) - მხოლოდ აფხაზეთის მეგობრად.
    განა არ სჯობდა ამას, მოლაპარაკებაში აფსუა სეპარატისტებთან «მეგობრები» საერთოდ არ ჩართულიყვნენ». რა თქმა უნდა, სჯობდა! - ეს პრესტიჟულიც იქნებოდა და საქართველოსთვის მომგებიანიც, ვინაიდან ისინი დარჩებოდნენ უბრალოდ «საქართველოს მეგობრებად».
    თავდაპირველად, ამ ჯგუფის შექმნის მიზანი მხოლოდ კონფლიქტების მოწესრიგებაში მონაწილეობა, მით უმეტეს, მასში, შუამავლობა არ ყოფილა. გაუგებარია, რატომ უნდა მოვახმაროთ, რატომ უნდა გამოვაყენებინოთ ჩვენი კოზირი, ჩვენი სიმდიდრე საკუთარი სეპარატისტული მიზნებისთვის ძაღლთაპირ არძინბასა და მის ხროვას?
    ჟენევის რაუნდზეც არანაირი სიახლე არ ყოფილა. საქართველოს დელეგაცია, უკვე მერამდენედ, იძულებული გახდა, დაეგმო «დივერსიული ჯგუფების მოქმედება» და რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ «ჩვენ პარტიზნებს არ ვგულისხმობთ» - ფაქტია, რომ ამერიკელებიც, ფრანგებიც, ინგლისელებიც, გერმანელებიც, რუსებიც და საკუთრივ აფსუებიც «დივერსანტებში» სწორედ პარტიზანებს გულისხმობდნენ.
    მერედა ღირდა ამისთვის ამ სიშორეზე წასვლა? ნამდვილად არ ღირდა! ყველა მომდევნო რაუნდსაც სეპარატისტები უეჭველად გამოიყენებენ ჩვენს «გულუბრყვილობას» (ასე ვთქვათ) - რეალური შედეგი კი (თუნდაც ლტოლვილთა დაბრუნების თვალსაზრისით) არ მიიღწევა.
    ელემენტარული ლოგიკით, ამგვარ მოლაპარაკებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი (საქართველოსათვის), თუ მათ პროცესში ფიქსირდება ჩვენთვის სასურველი და სასარგებლო პოლიტიკური რეალობა.
    მაგრამ სინამდვილეში, «საკოორდინაციო საბჭოს» შექმნაც და ამ ფორმატით ნებისმიერი კონტაქტი სეპარატისტულ მხარესთან მხოლოდ მათთვის სასურველ რეალობას აფიქსირებს - ადასტურებს აფსუეთის საერთაშორისო სამართალსუბიექტობას, თანდათანობით აჩვევს საერთაშორისო თანამეგობრობას ( მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებს, თორემ რუსეთი დიდი ხანია ამას მიეჩვია), რომ საქართველო სხვაა და აფხაზეთი - სხვა. და რომ ისინი ისინი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები არიან. გაუგებარია, რა რჯის ჩვენს ხელისუფლებას, ასე იმოქმედოს?
   

ოსი სეპარატისტები «დამოუკიებლობას» არ შეელევიან

    გასულ კვირას, ქართულ-ოსურ კონფლიქტშიც ერთობ პოზიტიური პროცესი დაიწყო: საქართველოს ხელისუფლება დარწმუნდა, რომ მისი განცხადებები «ქართულ-ოსური» კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგების შესახებ» გადაჭარბებული ოპტიმიზმის გამოვლენა იყო.
    თუმცა, პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, ზოგჯერ ოპტიმისტური სურათი უნდა დახატოს, მაშინ როდესაც «საოპტიმიზმო» ბევრი არაფერია.
    სინამდვილეში, კონფლიქტი შიდა-ქართლ-სამაჩაბლოში, ანუ ეგრეთ წოდებულ «სამხრეთ ოსეთში» ისევე შორს არის «საბოლოო მოწესრიგებისაგან», როგორც «აფხაზური კონფლიქტი», მაგრამ ორივე მხარე ქმნიდა შთაბეჭდილებას (ვინაიდან ეს ორივეს ხელს აძლევდა), თითქოს პრობლემა აღმოიფხვრა.
    არადა, თუ «პრობლემის აღმოფხვრაში» რეგიონის სტატუსის განსაზღვრა იგულისხმება, - მხარეები კვლავინდებურად შეუთავსებელ პოზიციებზე დგანან.
    ცხინვალის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ოფიციალური თბილისის წინადადება «ნულოვანი ვარიანტის» შესახებ, რომელიც გულისხმობდა 1990 წლის დეკემბრამდე არსებულ სტატუს-კვოს აღდგენას. ამ წინადადების შესაბამისად, უნდა აღდგენილიყო «სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი» საქართველოს შემადგენლობაში.
    ოსებს საპასუხოდ შემდეგი არგუმენტი აქვთ: როდესაც საქართველოში «სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი» არსებობდა, მაშინ თვით საქართველოც ერთიანი სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირის) შემადგენლობაში შედიოდა ანუ «სახმრეთ ოსეთი» საქართველოს ნაწილი იყო იმდენად, რამდენადაც საქართველო იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი».
    ამრიგად, დღეს დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში «ის» სტატუსი ოსებს უკვე აღარ დააკმავყოფილებთ. ისმის კითხვა: მაშ რას მოითხოვენ?
    არადა, თვით კითხვაა არასწორად დასმული; გაუგებარია, რატომ გვექმნება ასეთი შთაბეჭდილება, თითქოს ისინი რაღაცას მოითხოვენ, - ეს ჩვენ, ქართული მხარე ვსვამთ დღენიადაგ «სტატუსის განსაზღვრის» საკითხს, თორემ ოსებს მიაჩნიათ, რომ აქვთ «რესპუბლიკა იუჟნაია ოსეტია» და ვინმეს მხრიდან აღიარებას სულაც არ საჭიროებენ.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ამ პოზიციას ისინი არ შეიცვლიან და რეალურად, არანაირ სხვა სტატუსს არც განიხილავენ, რაც მათთვის ყველაზე მთავარია: გაიძვერა ჩიბიროვმა, და კიდევ უფრო დიდმა გაიძვერა ძასოხოვმა ისე ეშმაკურად წაიყვანეს საქმე, რომ საქართველოს რუსეთთან არცა აქვს რაიმე პრეტენზია როკის გვირაბის «მოღიაღებულობის» გამო.
    ცხინვალის გავლით კი საქართველოში კონტრაბანდის 70-80 პროცენტი შემოედინება, რაც ანგრევს ჩვენს ბაზარს, ანადგურებს ადგილობრივ მწარმოებელს, აღარიბებს ბიუჯეტს, სამაგიეროდ, ამდიდრებს «სამხრეთ ოსეთს». თითქოსდა, რუსეთთან ვაჭრობა შეუძლებელი იყოს ყაზბეგის გავლით; ამ გზის დაკეტვას ვერც რუსეთი, ვერც «ჩრდილო ოსეთი» შეძლებენ, ვინაიდან ამ შემთხვევაში სომხეთი (კრემლის სტრატეგიული მოკავშირე) სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება.
    «სამხრეთ ოსეთის» სტატუსზე ლაპარაკი, რეალობიდან გამომდინარე, საერთოდ უნდა შეწყდეს. კიდევ კარგი, საქართველოს ხელისუფლება «ჟენევის ფორმატით» ოსებთანაც არ აწარმოებს მოლაპარაკებას.
    ყველაზე ნორმალური იქნებოდა, რუსებისგან როკის გვირაბის ჩაკეტვა მოგვეთხოვა (როგორც ფსოუზე საზღვრის ჩაკეტვა მოვითხოვეთ), შემდეგ კი თანდათნაობით მოგვეხდინა რეგიონის ინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკურ სისტემაში.

დილის გაზეთი, 21 დეკემბერი, 1998 წ.