ზვიად ძიძიგურის ფენომენი: გაქცევა წარსულისგან

ზვიად ძიძიგურის ფენომენი: გაქცევა წარსულისგან

    ძალზე საინტერესო და ნიშანდობლივი ფენომენია ზვიად ძიძიგური.
    ყოველგვარი ირონიისა და გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს (გარკვეული აზრით კრებითი) ფენომენი ისტორიოსოფიური საზრისის მატარებელია. ყოველ შემთხვევაში საქართველოს უახლესი ისტორიისთვის მაინც ნამდვილად.
    ამჟამად ზვიად ძიძიგური პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი და (რაც აუცილებლად აღსანიშნავია) გულწრფელი ოპონენტია, რომელმაც შეიძლება თავიც შეაკლას მისი შეცვლის საქმეს ისევე, როგორც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას დაცვას აკლავდა თავს.
    ძიძიგურის მოტივი კი, ჩემი ღრმა რწმენით, მისსავე წარსულში (სამოქალაქო ომის პერიოდში და შემდგომ მოვლენებში) უნდა ვეძიოთ.
    ზვიად ძიძიგური მრავალი წლის განმავლობაში საშინლად ეწამა ზვიად გამსახურდიასათვის. ამდენად, მისთვის უეჭველად ძალზე მტკივნეული და მტანჯველი იქნებოდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას შვილებმა, მისმა ოჯახმა პრეზიდენტისადმი ერთგულება იმით დაუფასა, რომ . . . , ზვიად გამსახურდიას ღალატი და მკვლელობა (!!!) დააბრალა.
    ეს მართლაც იმდენად გამაოგნებელი და შემაძრწუნებელი იქნებოდა ადამიანისთვის, ვინც (როგორც თავად ესმოდა) «ამათთვის ყველაფერი გასწირა», რომ მასში სერიოზული ღირებულებითი კონფლიქტიც კი წარმოიშვა «წარსულ» და «აქტუალურ» იდენტობებს შორის.
    ეს ბრალდებები განსაკუთრებით მტკივნეული იქნებოდა ზვიად ძიძიგურისთვის მისი სოციალური და მსოფლმხედველობითი თვისებრიობის გათვალისწინებით, რომლითაც «ოჯახის» ფენომენი შეუვალი მნიშვნელობისაა.
    ანუ, ზვიად ძიძიგურისთვის ეს ბრალდებები (რა თქმა უნდა ყოვლად უსამართლო – ძალიან რბილად თუ ვიტყვით) ისევე მტკივნეული იქნებოდა, როგორც თვით ზვიად გამსახურდიას რომ გამოეთქვას მის წინააღმდეგ
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, დღევანდელი პრეზიდენტის ოპონირებით, ზვიად ძიძიგური საკუთარი წარსულის «გადახედვას» ცდილობს ანუ საკუთარი წარსულის შეცვლას, როდესაც ასე «მიუხედავად», ასე ბოლომდე უერთგულა პრეზიდენტს, შედეგად კი «მისგან», მისი ოჯახისგან ანუ (შესაბამისი აღქმით) მისივე ფენომენისგან ეგზომ უსამართლო ბრალდება და ასეთი «დაფასება» მიიღო.
    საერთოდ ერთადერთი, რასაც გულწრფელად ერთგული ადამიანი ერთგულებისთვის ითხოვს არა მატერიალური სიკეთე, არამედ სწორედ ეს «დაფასებაა». და რაც უფრო გულწრფელია ადამიანი (უდავოდ ასეთია ზვიად ძიძიგური) მით უფრო მტკივნეულია მისთვის უმადურობა და (მით უმეტეს) ესოდენ გამაოგნებელი ბრალდება – მადლიერების სანაცვლოდ.
    აქედან გამომდინარეობს სწორედ ზვიად ძიძიგურის დღევანდელი პოზიცია იმ პოლიტიკოსის (მიხეილ სააკაშვილის) მიმართ, რომელსაც არც იმდროინდელ მოვლენებთან, არც მისთვის მიყენებულ საშინელ შეურაცხყოფასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
    ზვიად ძიძიგური იმდენად იმედგაცრუებული და გულგატეხილია, რომ დღევანდელი პოზიციით მანიფესტირებს მის ახალ ღირებულებას: რომ აღარასოდეს გაიმეორებს, რაც ერთხელ გააკეთა.
    იმასაც კი აღარ აქცევს ყურადღებას, რომ მაგალითად გოგა ხაინდრავასთან დღევანდელი დამეგობრება უეჭველად (ისევ და ისევ, უნდა მას თუ არა) ხაინდრავას იმდროინდელი სიმართლის აღიარებას ნიშნავს.

    იმავე ფენომენის მეორე, საპირისპირო გამოხატულებაა ბუბა კიკაბიძე.
    დავაკვირდეთ მის მთრთოლვარე ხმას, როდესაც ოდინდელი დათო სოკოლოვივით კითხულობს «ნაციონალური მოძრაობის» სარეკლამო ტექსტს საარჩევნო კლიპის კადრს მიღმა.
    ესეც წარსულისაგან გაქცევაა – ესეც მონანიებაა იმდროინდელი პოზიციისა, როდესაც ჯაბა იოსელიანის მიერ თბილისის რაზმეულის ხელმძღვანელად დანიშნული ბუბა კიკაბიძე ლამის იარაღით ხელში იბრძოდა პრეზიდენტისა და მისი საცოდავი მომხრეების წინააღმდეგ, რასაც დღევანდელ რეალობაში ძალიან მწარედ ნანობს და რაც მოხუცებულობისას მწარედ ჰგეჯნის.
    ორივე შემთხვევაში ეს სინდრომი სამოქალაქო ომში მონაწილე მხარეთა (როგორც ფიზიკურად გამარჯვებული, ასევე დამარცხებული მხარის) მიერ საკუთარი ზნეობრივი და ღირებულებითი მარცხის აღიარებაა.
    ანუ, სამოქალაქო ომში ორივე მხარე დამარცხდა და ეს ძალიან მკაცრი გაკვეთილია სამომავლოდ იმის დასადასტურებლად, თუ რა საშინელებაა სამოქალაქო ომი და რაოდენ უპატიებელი სიბრიყვეა პატარა ერისთვის ნებისმიერი იდეის, «კრატიისა» თუ «იზმისათვის» ამგვარი ომის გაჩაღება.