ზესტაფონიდან - ჭიათურაში და პირიქით

ზესტაფონიდან - ჭიათურაში და პირიქით

        შაბათს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელიც «ჭიათურმანგანუმისა» და ზესტაფონის «ფეროშენადნობის» პრივატიზებას მიეძღვნა. ფაქტობრივად, ეს იყო «მინიმთავრობის სხდომა» რეგიონული მმართველობის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
        თავისთავად, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება უბრუნდება «დიდი პრივატიზების» პრობლემას, რასაც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს: ლიბერალური ტრანსფორმაციის წარმატება სწორედ ამ პროცესის დასრულებაზეა დეამოკიდებული. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც ქართველი ლიბერალები «რადიკალურ რეფორმებს» მოითხოვდნენ და უმთავრეს მაჩვენებლად (არცთუ უსაფუძვლოდ) პრივატიზების დონეს მიიჩნევდნენ. ახლა, როდესაც რეფორმირებისას, გარდაუვალი გაჭირვების გამო, ლიბერალური ეკონომიკის ფასეულობები პოპულარული აღარ არის (ვინაიდან, მთავარი ფასეუობა აქ ჯოჯოხეთური შრომა, ინიციატივა და პასუხისმგებლობებია, ნაცვლად გემრიელი სადილის მერე ტახტზე წამოგორებისა). «მემარჯვენეები» პოლიციის წინააღმდეგ ომსა და ადამიანის (პატიმრის, ეჭვმიტანილის) უფლებების დაცვაზე გადაერთვნენ.
        შესაბამისად, უკანასკნელოი 3 წელია, ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა ადგილზე იტკეპნება. საბედნიეროდ, სავალუტო ფონდი, მთავრობის რეფორმიტსული ნაწილი და ეკონომიკური ვითარება თავად სვამს დღის წესრიგში «დიდი პრივატიზების» გაგრძელების საკითხს.
        კონკრეტულად, «ჭიათურმანგანუმისა» და «ფეროს» პრობლემების გადასაჭრელად, ეს ერთადერთი გამოსავალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგრძელდება სრულიად ფუჭი და უაზრო წყლის ნაყვა. ოღონდ, რასაკვირველია, უნდა მოიძებნოს პრივატიზების ისეთი ფორმა, რაც, ერთი მხრივ, ინვესტორს დააკმაყოფილებს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს სოციალურ პრიორიტეტებს შეესაბამება – საპენსიო-სახელფასო ვალდებულებათა შესრულება, მოსახლეობის დასაქმება და ასე შემდეგ. მთელ მსოფლიოში მხოლდ ასე ხდება სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა და ამაში არაფერია «ანტილიბერალური».
        ამჟამად ხსენებულ საწარმოთა პერსონალისადმი სახელმწიფო დავალიანება სამ მილიონ ლარს აჭარბებს. ამას სხვა კრედიტორების კუთვნილ რვა მილიონ ლარსაც კი თუ დავუმატებთ, მაინც არ გამოდის იმდენი თანხა, სერიოზულმა ინვესტორმა ვერ «აწიოს». გარდა ამისა, ინვესტორს აუცილებლად დასჭირდება 10-15 მილიონი დოლარის ინვესტირება მაღაროთა ასამოქმედებლად.
        ზოგიერთი ცნობით, ხელისუფლებამ ზომიერი (ანუ გონიერი) გადაწყვეტილება მიიღო და აღარ მოითხოვს ვალების დაუყოვნებლივ დაფარვას. იგულისხმება, რომ ფინანსირება შეიძლება 20 წლის განმავლობაშიც გაიჭიმოს, რაც სავსებით ბუნებრივია, თუ საწარმოთა ამჟამინდელ კატასტროფულ მდგომარეობას და შესაბამის მსოფლიო ბაზარზე შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ. ზესტაფონის «ფეროშენადნობი» არ არის ერთადერთი ასეთი საწარმო არათუ მსოფლიოში, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაშიც კი. ხოლო მანგანუმი, მხოლოდ ჭიათურაში როდი მოიპოვება.
        იგულისხმება, რომ ტენდერის ერთ-ერთი შეუვალი პირობა იქნება «ფეროსთვის» მანგანუმის აუცილებლად ჭიათურაში შესყიდვა, რაც აბსოლუტურად მიზანშეწონილი მოთხოვნაა: ინვესტორთა რაოდენობა კი შემცირდება, სამაგიეროდ, აღდგება ზესტაფონ-ჭიათურის ერთიანი კომპლექსი. ინვესტორმა უნდა იკისროს ვალდებულება, ყოველწლიურად აწარმოოს 100 ათას ტონაზე მეტი პროდუქცია.
        რაც შეეხება ზესტაფონის «ფეროშენადნობ» ქარხანას, გაცილებით დიდი მოცულობის ინვესტირება იქნება საჭირო (40 მილიონ დოლარამდე) 3-4 წლის განმალვობაში. სერიოზული პრობლემიაა უწყვეტი ელექტროენერგიით ქარხნის მომარაგება შესაბამისი ხარისხის უზრვნელყოფით. არ არის გამორიცხული, სპეციალურად საშუალო ზომის თბოელექტროსადგურის აშენება, ან ამ მიზნით, ტყიბულის «თეს»-ის ლეგენდარული პროექტის რეანიმირება.
        ამჟამად საკონტროლო პაკეტებს სახელმწიფო ფლობს ორივე სააქციო საზოგადოებაში. ზესტაფონის «ფეროშენადნობთა» ქარხანაში – თითქმის 52 პროცენტი. მათ გასაყიდად შეიძლება გამოცხადდეს კომერციული კონკურსიც, ანუ ფაქტობრივად, აუქციონი. ოღონდ, რასაკვირველია, საინვესტიციო ვალდებულებათა შემდგომი დაცვის პირობებით. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ აქციათა საწყისი ფასი 2-3 მილიონი დოლარიც შეიძლება იყოს.
        ძნელი განსაჭვრეტი არ არის, რომ ორივე საწარმოსთან დაკავშირებით, უპირველესი (ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე რთული) პრობლემა იქნება, ეგრეთ წოდებული, «დამალული ვალები». ადგილობრივი (ქართველი) კრედიტორები საბუთებს სათუთად ინახავენ: ვიდრე საწარმო სახელმწიფო საკუთრებაშია, განსაკუთრებით არ აქტიურობენ, მაგრამ, როგორც კი უცხოელიო ინვესტორი (ანუ, რეალურად გადამხდელი) შემოვა, უმალვე დაესევიან, დაიწყება გაუთავებელი სასამართლო პროცესები და ინვესტორს თავბედს აწყევლინებენ. გაუგებარია, რა გახდა შესაბამისი საკანონმდებლო შესწორების მიღება, რაც ასეთი სირთულის წარმოშობას გამორიცხავდა. ამერიკელი და ევროპელი ინვესტორისთვის ამგვარი რამ იმდენად გაუგებარია, თავიდან არც ესმოდათ რაზე იყო საუბარი – რასაკვირველია, იღებდნენ პასუხისმგებლობას ყველა ვალის გადახდაზე. აბა, როგორ წარმოიდგენდნენ, რომ შეიძლება არსებობდეს «დამალული ვალი»? (რომელიც არანაკლებ კანონიერია) და კრედიტორმა 12 წლის განმალვობაში საბუთი წარმოადგინოს სასამართლოში?
        როგორც ჩანს, ტენდერი გაზაფხულის ბოლოს (მაისში) გაიმართება, თუმცა, თებერვლის ბოლომდე სააქციო საზოგადოებათა მმართველ ორგანოებში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება, რაც (არ არის გამორიცხული) სერიოზული დაპირისპირების მიზეზიც გახდეს.
        ამ პროექტთან დაკავშირებით, შეიძლება კვლავ დაიწყოს საუბარი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ვალების რესტრუქტურიზების უფლების მინიჭებაზე.

დილის გაზეთი, 3 თებერვალი, 2003 წელი