ვლადისლავ არძინბას «კომპრომისი»

ვლადისლავ არძინბას «კომპრომისი»

 

    რამდენიმე დღის წინ, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთი საქართველოს სთავაზობს «კვიპროსისა» და «ბოსნიის» ვარიანტს, ანუ ფედერაციას «შიდა სუვერენიტეტის» შენარჩუნებით. თუ ყურადღებით დააკვირდებით, ამ განცხადებაში ახალი არაფერია. არძინბა კვლავ ისეთივე «მძვინვარე ფანატიკოსია» და საქართველოსთან არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მაგრამ ბოლო დროს მისმა ფანატიზმმა განსაკუთრებული ელფერი შეიძინა, რაც სეპარატისტთა პრეზიდენტს იმაში ეხმარება, რომ საკმაოდ ოსტატურად ითამაშოს საქართველოს წინააღმდეგ - საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკური ვითარების გამოყენებით.
            «შიგა სუვერენიტეტის» შენარჩუნება ის ეშმაკური ფორმულაა, რომელიც საქართველოს ჩიხში აქცევს. საქმე ის გახლავთ, რომ ფორმალურად საბჭოთა პერიოდში აფხაზეთს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი გააჩნდა - «მოკავშირე» და «ავტონომიური» რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში ერთ მთლიან ორგანიზმად შეკრული იყო მხოლოდ კომუნისტური პარტიის ერთიანობის ძალით. სხვა მხრივ კი ყველა მექანიზმი არსებობდა იმისათვის, რათა ავტონომიურ რესპუბლიკას (შესაბამისი პოლიტიკური ვითარების შექმნისთანავე) «შიგნიდან აეფეთქებინა» მოკავშირე რესპუბლიკა. ჩვენს შემთხვევაში - საქართველო.
           არძინბამ და მისმა ხროვამ ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენა. ახლა კი სურს, იურიდიული ლეგიტიმაცია მოიპოვოს. საქმე ისაა, რომ არავითარი «შიგა სუვერენიტეტი» არ შეიძლება არსებობდეს და არ არსებობს. სხვა საქმეა «შიდა ავტონომია», სუვერენიტეტი კი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთიანი შეიძლება იყოს.
            სუვერენული უფლების მთავარი თვისება სწორედ ის გახლავთ, რომ იგი მხოლოდ აბსოლუტური შეიძლება იყოს. სუვერენიტეტი ან არსებობს, ან არ არსებობს: «სანახევრო სუვერენიტეტი» ან «შეზღუდული სუვერენიტეტი» აზრობრივი ნონსენსია. ამდენად, არძინბა ფაქტიურად კვლავ «დამოუკიდებლობაზე» ლაპარაკობს, ოღონდ ამ მოთხოვნას «იურიდიული კაბალისტიკით» ნიღბავს: აფხაზეთმა უკვე ჩამოაყალიბა თავისი მთავარი მოთხოვნა - საქართველოსთან ერთად შეიქმნას «ფედერაციული კავშირი», რომელშიც ორად-ორი სუბიექტი იქნება: თვით საქართველო და აფხაზეთი. ისევ და ისევ ფორმალურად (კომუნისტური სისტემის დაშლამდე). ამგვარი «ორსუბიექტიანი ფედერაცია» უკვე არსებობდა ჩეხეთ-სლოვაკეთის სახით, თუმცა იგი სულ ახლახან ჩვენს თვალწინ დაიშალა!
            არძინბას სწორედ ამგვარი «ფედერაცია» უნდა. «შიდა სუვერენიტეტის» ტერმინით იგი საქართველოსთან «ჰორიზონტალური კავშირის» დამყარებას აღნიშნავს. დავაზუსტებ: მას იმგვარი «ფედერაციის» შექმნა სურს, რომლის «ზეეროვნულ ორგანოებს» მხოლოდ მაკოორდინირებელი ფუნქცია ექნება. ფედერაციის ნორმალური გაგებისათვის ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, მაგრამ სეპარატისტებს «ნორმალურ» ლოგიკას ვერ მოსთხოვ.
           სამაგიეროდ, პროპაგანდისტული თვალსაზრისით, არძინბამ კვლავ მოიგო, ვინაიდან შესაბამისი (მისთვის ხელსაყრელი) შთაბეჭდილება შექმნა დასავლეთის იმ წრეებში, რომლებიც კავკასიით არიან დაინტერესებულნი. გარეშე დამკვირვებელს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს აფხაზეთი საქართველოს კომპრომისს-კომპრომისზე სთავაზობს, საქართველო კი არა და არ თანხმდება, ვინაიდან «სისხლი სწყურია».

მერიდიანი, 9 მაისი, 1997 წ.