ვლადიკავკაზში ქართველებს უფრო თბილად შეხვდნენ, ვიდრე სამხრეთელ ძმებს    

ვლადიკავკაზში ქართველებს უფრო თბილად შეხვდნენ, ვიდრე სამხრეთელ ძმებს    

 

    პარასკევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფებოდა. ჩრდილოეთ ოსეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძასოხოვმა საქართველოს დელეგაციის მიწვევით ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებული ინტერესი დააფიქსირა.
    ძასოხოვი ჭკვიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელმაც არა მხოლოდ კომუნისტური ნომენკლატურის ყველა საფეხური გაიარა, არამედ კავკასიურ რეალიებსაც კარგად იცნობს. ამ რეგიონში ვითარება კვლავინდებურად რთულია. არავინ იცის, რა მოხდება ხვალ და სად იფეთქებს ახალი კონფლიქტი.
    ვლადიკავკაზში პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალს ჩრდილოეთ კავკასიის მთელი ელიტა ესწრებოდა. მასაც კი ეტყობოდა შინაგანი დაძაბულობა და ურთიერთიჭვნეულობა. ამ პირობებში, ზურაბ ჟვანიას ამოცანა, როგორც ჩანს, იმაში მდგომარეობდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებისადმი საქართველოს კეთილგანწყობა დაეფიქსირებინა. მიუხედავად ყველაფრისა, რაც უახლოეს წარსულში მოხდა, საქართველოს ლიდერებს (მათ შორის, შევარდნაძესაც) კარგად ესმით, რომ ჩრდილოეთ კავკასია (აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტთა გათვალისწინებით) კიდევ დიდხანს, შესაძლოა სამუდამოდაც, დარჩება ქართული პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად.
    თავყრილობას ვლადიკავკაზში, რა თქმა უნდა, ე.წ. «სამხრეთ ოსეთის» პრეზიდენტი ჩიბიროვიც დაესწრო. ამის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და, იქნებ, არც იყო საჭირო, ვინაიდან ქართული პოლიტიკა ამ რეგიონში მოქმედებს პრინციპით: ბოლოს და ბოლოს, ან ვიომოთ ან შევრიგდეთ და საერთო ენა გამოვნახოთ.
    რაც შეეხება ვლადისლავ არძინბას, - მასაც სურდა ვლადიკავკაზში ჩასვლა და, ალბათ, ჩრდილოეთ ოსეთშიც იყვნენ მისი მიწვევის მსურველნი, მაგრამ ზურაბ ჟვანიამ წინასწარ ისეთი მტკიცე პროტესტი განაცხადა, რომ არძინბამ ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასვლა ვეღარ შეძლო. დიფერენცირებული მიდგომა ამ ორი კონფლიქტისადმი შეიძლება, გამართლებულიც აღმოჩნდეს, ვინაიდან ვითარება ნამდვილად განსხვავებულია.
    ცხინვალის რეგიონში საქართველომ მაინც შეძლო ნაწილობრივი გავლენის შენარჩუნება მაშინ, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიას მთლიანად სეპარატისტები აკონტროლებენ - ფსოუდან ენგურამდე.
    ზურაბ ჟვანიას დემარშმა (ეს სწორედ პოლიტიკური დემარში იყო), რომელიც, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეთაგან განსხვავებით, გამოეხმაურა მიწვევას და მონაწილეობა მიიღო თითქოსდა მხოლოდ რუსეთის «საშინაო საქმედ მიჩნეულ» ღონისძიებაში, ნამდვილად დაადასტურა: თბილისი აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს ფრთხილ და რთულ თამაშს (ეს თამაში გარკვეულ რისკთანაც არის დაკავშირებული) ჩრდილოეთ კავკასიაში, რათა დაიცვას საკუთარი ინტერესები და, შეძლებისდაგვარად, გაიუმჯობესოს პოლიტიკური დისპოზიცია, რომელიც აფხაზეთში დამარცხების შემდეგ თითქოსდა უიმედო ჩანდა.
    ვლადიკავკაზში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ მთლად ასე არ არის საქმე. ჩრილოეთკავკასიელებს უამრავი პრობლემა «უკვე აფეთქებული» თუ ჯერ აუფეთქებელი აქვთ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში და რუსეთთან მიმართებაშიც. საქართველოს ფაქტორი აქ მაინც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ვინაიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები პატარა ხალხები, ზემოთ ხსენებული პრობლემების გადაწყვეტისას, დიდად არიან დამოკიდებულნი გარეშე ფაქტორებზე. საქართველომ ერთ-ერთი ასეთი ფაქტორის როლი შეიძლება შეასრულოს.
    ზურაბ ჟვანიასადმი დამოკიდებულება ხაზგასმულად კორექტული და პატივისცემით გამსჭვალული იყო. ამით ჩრდილოკავკასიელი ლიდერები ნამდვილად იმის დემონსტრირებას ახდენდნენ, რომ საქართველოს კავკასიის ნაწილად მიიჩნევენ, მასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ და «ქართველის» ხსენებაზე თვალი სისხლით არ ევსებათ.
    ჟვანიასთან მისალმებისას ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და გავლენიანმა ლიდერმა, ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტმა, ვალერი კოკოვმა საქართველოს «მშობლიური» (Родная) უწოდა.
    შეიძლება იგი ეშმაკობდეს - მან ხომ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ტრაგედიაში, მაგრამ თვით ასეთი დამოკიდებულება მაინც ნიშანდობლივია და მრავლისმეტყველი. ასეთივე იყო სხვა კავკასიელი ლიდერების დამოკიდებულებაც მაშინ, როდესაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანსб ივანე რიბკინს და თვით ელცინის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელმაც მისი მისალოცი წერილი წაიკითხა, საკმაოდ «მჟავედ» დაუკრეს ტაში, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიის ეპისკოპოსი გედეონიN (ეს ის გედეონია, რომელმაც 1989 წელს, ცხინვალში კონფლიქტისთანავე წერილი გამოაქვეყნა რუსულ პრესაში: ქართველებს მოვუწოდებ, აღდგომაზე მაინც, ადამიანის ხორცს ნუ შეჭამენო) კინაღამ სტვენით ჩამოაგდეს ტრიბუნიდან - ისეთი სისულელეები ილაპარაკა;
    ნიშანდობლივია, რომ ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი ახმედ ზაკაევი (იგი ასლან ზაკაევის ნაცვლად ჩავიდა ცერემონიალზე) ზურაბ ჟვანიას გარდა არავის გაეკარა, ხოლო გამოსვლისას ლაზათიანად გამოლანძღა სხვა ჩრდილოეთკავკასიელები და ქარაგმულად აგრძნობინა, რომ თუ კვლავაც მისცემენ საშუალებას რუსეთს, გაატაროს «დაჰყავი და იბატონეს» პოლიტიკა კავკასიაში, სამუდამოდ მონებად დარჩებიან.
    უცნაურია, მაგრამ ფაქტია: კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალზე, საქართველოს წარმომადგენელს უფრო უკრავდნენ ტაშს, ვიდრე ე.წ. «სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს», რომელმაც დამსწრეთა გული ვერაფრით მოიგო. ნებისმიერი დამკვირვებლისათვის ცხადი იქნებოდა, რომ «ორი ოსეთის გაერთიანების» იდეა სულაც არ არის პოპულარული ჩრდილოეთ ოსეთში; ყოველ შემთხვევაში, მეზობელ მაჰმადიანურ ხალხებთან არცთუ კეთილმეზობლური ურთიერთობის მქონე ჩრდილოეთელ ოსებს ამის გამო ქართველებთან დაპირისპირება სულაც არ ეპიტნავებათ.
    ნიშანდობლივია: ალექსანდრე ძასოხოვმა გამოსვლისას ისაუბრა არა ქართულ-ოსურ კონფლიქტზე (როგორც ჩვენშია მიღებული), არამედ ქართულ-სამხრეთ ოსურ კონფლიქტზე, რითაც ხაზი გაუსვა: კონფლიქტი ქართველებთან სამხრეთელ ოსებს ჰქონდათ და არა ჩრდილოეთელებს, რაც ერთი და იგივე არ არის.
    მთლიანობაში, ჩრდილოეთ კავკასიელებთან ამგვარი კონტაქტები უდავოდ სასარგებლოა. ყოველ შემთხვევაში, ამით არაფერი გაფუჭდება და სტრატეგიული თვალსაზრისით, ქვეყანა მხოლოდ მოიგებს.

7 დღე, 2 თებერვალი, 1998 წ.