ვინ მოიგო საპარლამენტო არჩევნები?

ვინ მოიგო საპარლამენტო არჩევნები?

    თითქოსდა უადგილო კითხვაა. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ უკვე არა მხოლოდ უბრალო უმრავლესობისთვის, არამედ კონსტიტუციური უმრავლესობისთვის იბრძვის პარლამენტში და სერიოზული შანსიც აქვს საამისოდ თუნდაც იმიტომ, რომ როგორც ბევრჯერ ითქვა, „ნაციონალი მაჟორიატრები“ დიდხანს ვეღარ გაჩერდებიან „მიშას გემზე“: ეს ინსტიტუტი, თვით მისი სოაციალური ბუნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება არ იყოს ლოიალური მთავრობისადმი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატი რაიონის ვერც ერთი პრობლემის გადაწყვეტას ვერ შეძლებს.
    მაგრამ ჯერ ერთი, კონსტიტუციური უმრავლესობა სულაც არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის „მრავალფეროვანი“ კოალიცია გადაწყვეტილებებს იოლად მიიღებს. გარდა ამისა, პირველი ოქტომბრის პოლიტიკური მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა და არ დაიყვანება მხოლოდ ერთი პარტიის წაგებასა და მეორეს გამარჯვებამდე. ხოლო თუ პოლიტიკურ შედეგებს გავითვალიწინებთ იმ რაკურსით, თუ ვის რა პოზიცია და რესუსრები ჰქონდა 30 სექტემბრის მდგომარეობით, შეიძლება სრულიად მოულოდნელად დავასკვნათ, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნები მოიგო . . . . . ნინო ბურჯანაძემ!
    დასკვნა არალოგიკური ჩანს, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ისევ და ისევ არა ფორმალური მხარე (ვთქვათ ის, რომ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ არ მონაწილეობდა არჩევნებში) არამედ პოტენციური შესაძლებლობები, რომელიც გაუჩნდა კონკრეტულად ამ პოლიტიკოსს „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შედეგად.
    შეიძლება ითქვას, 2 ოქტომბერს საქართველოში შეიქმნა სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელზეც მთავარი ბრძოლა უკვე პრეზიდენტის პოსტისთვის წარიმართება. და რამდენადაც ფუჭი იქნებოდა ბურჯანაძის მონაწილეობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ოქტომბერს სააკაშვილის პარტიის გამარჯვებისას, იმდენადვე ფართო შესაძლებლობები მოიპოვა მან საბოლოო წარამტებისთვის იმის შედეგად, რომ ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ძველი სახელისუფლებო სისტემა დაანგრია (ან როგორც მინიმუმ, სერიოზულად შეარყია), თუმცა ახალი ჯერ კიდევ ვერ შექმნა.
    თვით ბიძინა ივანიშვილს სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვს საპრეზიდენტო ინსტიტუტზეც და შესაძლო კანდიდატებზეც: მთავრობის წარდგენისას მან დაადასტურა, რომ სურს პრეზიდენტი სიმბოლურ ფიგურად აქციოს, რომელიც ქვეყანაში არაფერს წყვეტს. შესანიშნავი მეცნიერისა და კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ხმალაძის დასახელება სწორედ ამას ნიშნავდა. არადა, მცირე ხნით ადრე, ივანიშვილი ირაკლი ალასანიას ახსენებდა, თუმცა ალბათ ურჩიეს კონსტიტუციაში ჩაეხედა და დარწმუნებულიყო, რომ არათუ დღეს, არამედ მომავალი ახალი კონსტიტიციითაც, პრეზიდენტი სულაც არ არის ასეთი სიმბოლური და უმწეო ფიგურა. სინამდვილეში იგი ინარჩუნებს ძალიან სერიოზულ ბერკეტებს და ეს ბერკეტები მით უფრო ქმედითი იქნება, თუ პრეზიდენტის პოსტს ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსი დაიკავებს. მაგალითად, იგივე ნინო ბურჯანაძე.
    რაც შეეხება მცდელობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე კონსტიტიციაში მორიგი ცვლილების შეტანისა, - რათა პრეზიდენტი არა ხალხმა, არამედ პარალმენტმავე აირჩიოს, - შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს ერთის მხრივ ალასნიას გუნდის, მეორეს მხრივ „ნაციონალური უმცირესობის“ წინააღმდეგობის გამო.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამრიგად, „ქართულმა ოცნებამ“, სურდა ეს ივანიშვილს თუ არა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებითა და ნაციონალთა ოპოზიციაში გადაყვანით პირველ რიგში სწორედ ნინო ბურჯანაძეს შეუქმნა პირობები, რათა იბრძოლოს პრეზიდენტის პოსტისთვის და სასაცილოა ვარაუდი, რომ ვახტანგ ხმალაძე, რა კარგი მეცნიერიც არ უნდა იყოს, შეძლებს სერიოზული წინააღმდეგიობა გაუწიოს ბურჯანაძეს ამ ბრძოლაში. მხოლოდ ფული ასეთ საკითხებს არ წყვეტს. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ. ივანიშვილსაც მხოლოდ ფულით არ მოუგია. მით უმეტეს, რომ ეს რესურსი არც ქალბატონს აკლია მაინც და მაინც. ყოველ შემთხვევაში იმ ოდენობით, რაც საჭირო და საკმარისია.
    ბურჯანაძის ამომრჩეველი იქნება ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, ჯიუტად ისწრაფის „ძლიერი ხელისკენ“ ანუ სტაბილური და პროგნოზირებადი ხელისუფლებისკენ! ესე იგი, არ ცნობს შეკავება-გაწონასწორების იმ თეორიულ სქემებს, რომლებიც სალონურ ვითარებაში მუშავდება ინტელექტუალთა მიერ. ამ კატეგორიას (არადა იგი სწორედაც უმრავლესობაა) ვერ აუხსნი, რა განსხვავებაა მომავალი კონსტიტიციით გათვალიწინებულ „არბიტრ-პრეზიდენტსა“ და 1995 წლის „ძლიერ პრეზიდენტს“ შორის. მის თვალში ქვეყნის პირველი პირი და მთავარი ხელისუფალი მაინც პრეზიდენტია. მორჩა და გათავდა! სულ სხვა საქმე იქნებოდა, პრეზიდენტს რომ პარლამენტი ირჩევდეს და არა „ხალხი“.
    გარდა ამისა, პრეზიდენტი ბურჯანაძე ადრე თუ გვიან „მეოცნებეთა“ ხელისუფლების მესაფლავე გახდება: იგი სულ ადვილად დაანგრევს ნებისმიერ უმრავლესობას პარლამენტში და ის, ვინც იყო „ბიძინას უმრავლესობა“, მანამდე კი „მიშას უმრავლესობა“, აუცილებლად იქცევა „ნინოს უმრავლესობად“. ბიძინა ივანიშვილს კი არ ჰყავს სერიოზული კანდიდატი, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ბურჯანაძეს საპრეზიდენტო მარათონში, რომელიც სულ რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყება. თვითონ პრეზიდენტობას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, არერთგზის უთქვამს, რომ 2 წლის შემდეგ პრემიერის პოსტიდანაც კი გადადგება. ამიტომ მთავარი კითხვა უკვე ისაა, შეძლებს კი ყოფილი მმართველი პარტია ისეთი კანდიდატურის წამოყენებას, რომ მის გასამარჯვებლად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელთ დარჩენილი რესურსები იყოს საკმარისი? მათ შორის რეგიონული ადმინისტრაციები, ორი საუკეთესო (დაფარვის არეალითა და მხატვრულ-პროფესიული თვალსაზრისით საუკეთესო) ტელეკომპანია, დასავლეთის მხარდაჭერა და ზოგიერთი სხვა რესურსი?
    საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ბურჯანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო კანდიდატები ჩამოთვალა (ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე . . ) მას გიგი უგულავა არ უხსენებია. თბილისის მერი მხოლოდ იმ კონტექსტში ახსენა, როდესაც ჯერ განაცხადა, „ანგარიშსწორება არ უნდა მოხდესო“, შემდეგ კი ბევრად დიდხანს იმაზე ისაუბრა, როგორ და რატომ უნდა მოხდეს ანგარიშსწორება.
    ანუ, აქ ყველაფერი ნათელია. გაურკვეველი მხოლოდ ისაა, რამდენად მოინდომებს თვით გიგი უგულავა (ნაციონალთაგან ერთადერთი „არჩევადი“ ფიგურა) აუტკივარი თავის ატკივებას. მას ბევრჯერ უთქვამს, რომ იქნება დედაქალაქის მერი 2014 წლამდე და „არანაირ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ამ ვადის ამოწურვამდე არ აპირებს“. თუმცა ვინ იცის? - მომავალი წლის განმავლობაში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება, ხოლო თუ ზოგიერთ „ტელეინვექტივას“ გავითვალისწინებთ, დავრწმუნდებით, რომ უგულავას, როგორც მინიმუმ სერიოზულად აღიქვამენ.
    ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალებს“ საპრეზიდენტო კანდიდატი (სერიოზული და არჩევადი კანდიდატი) არ ეყოლებათ, ანუ თბილისი მერი აუტკივარი თავის ატკივებაზე მართლაც უარს იტყვის, მაშინ დღესვე შეგვიძლია მივულოცოთ ნინო ბურჯანაძეს, რაკი, როგორც აღმოჩნდა, პირველ ოქტომბერს ქართულ „ავრორას“ სწორედ მისთვის უსვრია!

2012