ვინ კლავდა ალექსანდრე ანქვაბს?

ვინ კლავდა ალექსანდრე ანქვაბს?

 

    22 თებერვალს, დილით, აფხაზეთის „პრეზიდენტი“, ალექსანდრე ანქვაბი, როგორც ყოველთვის, 8 საათზე გამოემგზავრა გუდაუთიდან - სოხუმისკენ. ანქვაბი გუდაუთაში ცხოვრობს. ოღონდ არა საკუთარ, არამედ ნათესავის სახლში. ნათესაობის ყადრი: დედა-შვილობა, მამა-შვილობა, დედმამიშვილობა და უბრალოდ სისხლით ახლობლობა აფხაზებმა არანაკლებ „იციან“, ვიდრე ჩვენ - ქართველებმა. უფრო ზუსტად, ეს თვისება მათ მეგრულმა ფენომენმა შესძინა. შოვინიზმსა და აფხაზი ერის დამცირებაში ნურავინ ჩაგვითვლის, რაკი ჯიუტი ფაქტია: ასეთი დონით და „სიტკბოთი“ ნათესაობის შეგრძნება არც ერთ იმ ჩრდილოკავკასიელ ერს არ ახასიათებს, რომლებიც თვით აფხაზებს (ქართველებისგან, მათ შორის მეგრელებისგან განსხვავებით) თავის სულიერ და სისხლისმიერ ნათესავებად მიაჩნიათ.
    არადა, თუ აფხაზთა ნათესაურ ურთიერთობებს, - „ტირილს“, ქორწილს, ძეობას და დღეობას, თუნდაც სუფრის ტრადიციებს დავაკვირდებით, „ჩვენგან“ გადმოღებული განუზომლად მეტია, ვიდრე ჩრდილოკავკასიელთაგან შეძენილ-შემორჩენილი. კიდევ ვიმეორებ: ეს არანაირი შეურაცხყოფა არ არის. შეურაცხყოფა უფრო ის მგონია, აფხაზეთის დღევანდელი პრეზიდენტის ბაბუამ საკუთარ შვილს რომ „ზოლოტინსკი“ დაარქვა - რომელიღაც კოლონიზატორის (რუსი მოხელის) საპატივცემულოდ.
    თუმცა, ეს საუბარი და მსჯელობა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამდენად, დავუბრუნდეთ ისევ ალექსანდრე ზოლოტინსკოვიჩ ანქვაბს, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, დილით ადრე გამოემგზავრა იმ სახლიდან, სადაც შარშან მასზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა: თავდამსხმალებმა ყუმბარმტყორცნიდან ორსართულიანი ოდის სწორედ ის ნაწილი დაცხრილეს, სადაც ანქვაბსა და მის მეუღლეს სძინავთ. ანუ წინასწარ იცოდნენ „სპალნა“ სად იყო. ძალიან მეეჭვება, ეს ინფორმაცია იმ ოჯახში სუფრაზე მიწვეულ რომელიმე აფხაზს გაეცა. თუმცა, აფხაზურ სუფრებზე მხოლოდ აფხაზებს, რა თქმა უნდა არ იწვევენ. მით უმეტეს, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ქართველებს კი აფხაზურ სუფრებზე საერთოდ ვერ ნახავთ. მით უმეტეს, თუკი სუფრა გუდაუთაშია. ამდენად, კითხვა „ვის უნდა გაეცა“ - სრულიად მარტივია.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ჰოდა მოქრის „პრეზიდენტის ექსკორტი“ მისი სოხუმური რეზიდენციისკენ. ჯერ გუდაუთის რაიონში არიან. . . . .
    ამ სტრიქონების ავტორს ეს გზა არაერთგზის გაუვლია (ომამდეც და ომის შემდეგაც, - 1990-იან წლებში) და ვისაც უნახავს, ყველა დამეთანხმება, რომ მსგავსი სილამაზე დედამიწაზე ალბათ არსადაა. მხოლოდ აფხაზეთში! მარცხნივ ტყიანი მთებია, ანუ კავკასიონის ფერდები იწყება, მარჯვნივ - ზღვა დგაფუნობს, ესეც გზის პირასაა.
    ძნელი სათქმელია, ფიქრობდა თუ არა ამ დროს ანქვაბი იმ წინააღმდეგობების შესახებ, რამაც რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში იჩინა თავი, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ როგორც ყველა ადამიანი, ისიც აფხაზეთის სილამაზით ტკბებოდა. ეს იმგვარი სილამაზეა, რომელსაც ვერაფრით შეეჩვევი. ანუ „თვალს ვერ შეაჩვევ“ - იქ რომც დაიბადო, გაიზარდო და მთელი ცხოვრება გაატარო.
    მაგრამ ეს მშვენიერება, როგორც აღმოჩნდა, სასიკვდილო საფრთხის შემცველიცაა, რადგან იდეალური ასპარეზია დივერსიულ-ტერორისტული აქტის განსახორციელებლად: მარჯვნივ რომ ზღვაა და მარცხნივ - დაბურული ფერდობები, ეს იმას ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კორტეჟს მანევრისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სივრცე არ ექნებოდა. თავდამსხმელებმა (დაახლოებით 10-15 კაცი თუ იყო, ოღონდ საუკთესო, უახლესი იარაღით აღჭურვილნი) ჯერ გზის სავალ ნაწილზე ბომბი ააფეთქეს, შემდეგ კი, როდესაც კორტეჟი უმწეოდ გაჩერდა, მეთოდურად დაიწყეს მანქანების დაცხრილვა „კალაშნიკოვებით“ და РПГ-7 ყუმბარმტყორცნებიდან.
    „კალაშნიკოვებს“ რაც შეეხება, უკვე 50 წელია მსოფლიოში ყველა თავზეხელაღებულ ავაზაკს ეს ავტომატი უჭირავს ხელში, მაგრამ არსებობს მისი განსაკუთრებული მოდიფიკაციები და სწორედ ამ იშვიათ სახეობებს იყენებდნენ ტერორისტები ანქვაბზე თავდასხმისას.
    ოღონდ, სურდათ კი მისი მოკვლა? იქნებ უბრალოდ შეშინება უნდოდათ?
    ანქვაბის სასწაულებრივი გადარჩენის ორი შესაძლო მიზეზი არსებობს. პირველი: „პრეზიდენტი“ მისი აცვის ბიჭებმა გადაარჩინეს, რომლებიც მას ვაჟკაცურად აეფარნენ მკერდით. ორი მათგანი დაიღუპა კიდეც.
    მეორე ვერსიით კი, აფეთქების შემდეგ, სპეციალურად ესროდნენ არა იმ მანქანას, რომელშიც ანქვაბი იმყოფებოდა, არამედ დაცვის მანქანას. ანუ მხოლოდ შეშინება ჰქონდათ დავალებული. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს უბრალო შეცდომა ყოფილიყო: პირადი დაცვის წევრები, ანუ ე.წ. „ლიჩნიკები“, თუკი პროფესიონალები არიან, „დაცვის ქვეშ მყოფს“ ხშირად, თანაც მისთვისვე მოულოდნელად უცვლიან მანქანას - კორტეჟის მოძრაობის დაწყებამდე.
    მაგალითად, პრეზიდენტი შევარდნაძე ხშირად არა გერმანიის მიერ ნაჩუქარი „მერსედეს 600“ -ით, არამედ დაცვის ჯიპით გადაჰყავდათ. განსაკუთრებით 1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტის შემდეგ. სხვათა შორის, იმ ამბების დროს „თეთრმა მელამ“ კიდევ ერთი „თიკუნი“ მიიღო: „ტერაქტგამძლე პრეზიდენტი“, რაკი 9 თებერვლის ტერაქტი მისთვის უკვე მეორე იყო და, „სპექტაკლების შესახებ“ მოარული ჭორების მიუხედავად, ორჯერვე ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.
    ალექსანდრე ანქვაბისთვის კი ეს უკვე მეხუთე თავდასხმაა!!! მის მოკვლას ცდილობდნენ მაშინაც, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როცა პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა და ვიცე-პრეზიდენეტობის დროსაც. ოღონდ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებით: ყველა შემთხვევაში თავდასხმა იყო ბევრად ნაკლებ პროფესიული და უარესად მომზადებულ-განხორციელებული, ვიდრე ბოლო ტერაქტი გუდაუთა-სოხუმის გზაზე.
    აფხაზეთის უბადრული ხელისუფლება დღეს აცხადებს, რომ „ყველაფერი კეთდება დანაშაულის გამოსაძიებლად“. დეტალებსაც აქვეყნებენ: თავდამსხმელები თურმე ტყეში მიიმალნენ და „ცამ ცაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო“. არადა, გუდაუთის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია მთელს აფხაზეთში. აფხაზური სოფლები ან დასახლებები იქ თითქმის ყველა ნაბიჯზეა, თანაც, აფხაზური მენტალობიდან გამომდინარე, როგორც კი ანქვაბზე თავდასხმის ამბავს შეიტყობდნენ, მთელი მისი ნათესაობა-ახლობლობა სახლში შენახულ იარაღს წამოავლებდა ხელს და გუდაუთის ტყეების ჩხრეკას დაიწყებდა.
    მაინც ვერავის მიაკვლიეს. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ აფხაზეთის ხელისუფალთ, როდესაც გუდაუთის რაიონის რელიეფურ თუ ბუნებრივ თავისებურებებზე საუბრობენ (მათი თქმით, სწორედ ეს ართულებს ძებნას) რატომღაც არასდროს ახსენდებათ: იქვე, თავდასხმის ადგილიდან „ყურის ძირში“ განლაგებულია უძლიერესი რუსული სამხედრო ბაზა. ანუ, სულაც არ არის გამორიცხული, დივერსანტები არა აფხაზეთის „ცამ და მიწამ“ არამედ სწორედ იმ ბაზამ „ჩაყლაპა“ და თუ ასეა, ძებნას არავითარი აზრი არა აქვს: მათ უკვე დატოვეს აფხაზეთი ბომბორას სამხედრო აეროდრომიდან, რომელსაც აფხაზეთის „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ არასდროს აკონტროლებდა და ვერც დღეს აკონტროლებს.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოსკოვის გაავების მიზეზი, თუკი ეს „ცოფიანი“ ტერაქტი მართლაც რუსული ГРУ-ს ორგანიზებულია? რამდენიმე მთავარი მიზეზი არსებობს:
    1) ანქვაბი კატეგორიულ უარს აცხადებს დაუბრუნოს ეთნიკურ რუსებს ის ბინები, რომლებშიც იყვნენ ჩაწერილნი 20 წლის წინ, შემდეგ აფხაზეთი დატოვეს, „დაბრუნება“ კი მხოლოდ მას შემდეგ მოინდომეს, რაც მოსკოვმა სცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. „რუსების დაბრუნება“ კრემლს რუსულ-სომხური თემის სასარგებლოდ აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარების შეცვლის საშუალებას მისცემდა.
    2) ანქვაბი უარზეა შეასრულოს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება (?!) რუსეთის მთავრობის ბალანსზე აფხაზეთის საუკეთესო სანატორიუმების (ე.წ. „გორბაჩოვის აგარაკი“ მიუსერაში, „ხრუშჩოვის აგარაკი“ გუდაუთაში და „ბერიას აგარაკი“ გაგრაში) გადაცემის თაობაზე. თანაც სიმბოლურ ფასად: 1 რუბლად. ანუ დაახლოებით 0,03 ცენტად.
    3) ყველაზე კომიკური ის იყო, რომ არც ვიცე-პრეზიდენტმა ანქვაბმა, არც იმდროინდელმა „პრეზიდენტმა“ ბაღაფშმა ამ ბრძანებულების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ - ინტერნეტით შეიტყვეს. პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით კი გამოდიოდა, რომ რუსეთის ხელისუფალნი ისე შემოვიდოდნენ ამ აგარაკებზე (ზღვით და ჰაერით), როგორც თავის დროზე რუსეთის საიმპერატორო გვარის წარმომადგენლები მოდიოდნენ ბორჯომის აგარაკზე ან სტალინი ჩადიოდა თავის აგარაკზე იმავე აფხაზეთში ისე, რომ „აბორიგენებს“ არავინ არაფერს ეკითხებოდა. არც ატყობინებდნენ საერთოდ. აფხაზებისთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო. ამიტომ, „პრეზიდენტ ბაღაფშს“ სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს მოსკოვში, რომელსაც გადაჰყვა კიდეც
    4) ანქვაბმა რუსული გენერალიტეტიც გაანაწყენა, რაკი სოხუმის სანატორიუმი მხოლოდ სარგებლობაში გადასცა და არა საკუთრებაში. პასუხად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ის სანატორიუმი (ყველაზე დიდი აფხაზეთში) ვითომ „სარემონტოდ“ დაკეტა ანუ ათასობით აფხაზური ოჯახი ულუკმაპუროდ დატოვა
    ერთი სიტყვით, ჩვენი აფხაზი თანამოძმენი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არიან. მათდამი ზოგადი კეთილგანწყობის მიუხედავად, ჩვენც უნდა ვაღიაროთ და თავადაც, რომ ასეთი არჩევანი თვითონ გააკეთეს, თორემ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უამრავჯერ შეეძლოთ ქართულ მხარესთან კომპრომისის მიღწევა.
    ამჟამად კი ისეთ სასტიკ, დაუნდობელ, თანაც ცბიერ და ცინიკურ მტერთან აქვთ საქმე, რომელთან ნამდვილად არ „გაუვათ“ ის, რაც პატარა და სუსტ საქართველოსთან გაუვიდათ იმავე „დიდი მოკავშირის“ მეშვეობით, რომელიც ამჟამად მათ სრულ გადასანსვლას, ხოლო აფხაზეთის - „დიდი სოჭის გაგრძელებად“ ქცევას ლამობს.

2012