ვინ იქნება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი?

ვინ იქნება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი?

    2013 წელს არჩეული პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ „მეოთხე“ იქნება და არა მეხუთე; მიუხედავად ფართოდ გავრცელებული აზრისა, ნოე ჟორდანია, მკაცრი გაგებით, „პრეზიდენტი“ არ ყოფილა. არადა, ამ შემთხვევაში სწორედ „მკაცრ გაგებასა“ და თანამდებობის სახელწოდებას აქვს მნიშვნელობა, თორემ უფლებამოსილების დონე განსახვავებული შეიძლება იყოს სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოში.
    მეოთხე პრეზიდენტთან დაკავშირებით აბსოლუტურად ცხადი მხოლოდ ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს მესამედ კენჭს ვერ იყრის - ამას ერთმნიშვნელოვნად კრძალავს კონსტიტუცია, ხოლო კონსტიტუციური ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს მხოლოდ იმ პირობით ხორციელდება, თუ მათ დასავლეთი უჭერს მხარს და ოპოზიციაც არ ეწინააღმდეგება. მაგალითად, საკონსტიტუციო რეფორმა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის (ბიძინა ივანიშვილისთვის) პასიური და აქტიური საარჩევნო უფლების მინიჭების თაობაზე.
    აქ ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ გარკვეულობაც აქვე მთავრდება: შემდეგ პრეზიდენტთან დაკავშირებით კი ჯერ კიდევ სრული გაურკვევლობაა. და ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ უცნობია, რას აპირებს თვით მიხეილ სააკაშვილი: გეგმავს თუ არა იგი გახდეს პრემიერ-მინისტრი? მართალია, პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ „10 წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერ-მინისტრობა არ ხიბლავს“, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ (აგრეთვე ინტერვიუში) კატეგორიულად გამორიცხა სააკაშვილის გაპრემიერება, მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური განცხადებებია, რომლებიც ბევრს არაფერს ნიშნავს: სწორედაც რომ გააჩნია გარემოს და ვითარებას ამ გარემოში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი თავად არ არის დაინტერესებული აქ გარკვეულობა იყოს. ისევე, როგორც არ არის დაინტერესებული მთელი მისი გუნდი და აი, რატომ: თუ დღესვე განცხადდება, რომ მოქმედი პრეზიდნტი 2013 წლის შემდეგ მიდის პოლიტიკიდან, არ აპირებს დაიკავოს პრემიერის პოსტი ან კმაყოფილდება რაიმე სიმბოლური თანამდებობით (ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან თუნდაც პარტიის ლიდერის, რაც განუვითარებელი პარტიული სისტემის პირობებში ბევრს არაფერს ნიშნავს), ეს აუცილებლად გამოიწვევს სახელისუფლებო სისტემის დესტაბილიზაციას: ბიუროკრატიის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც კი მას დანამდვილებით ეცოდინება, რომ „წამსვლელს“ ემსახურება, იგი აუცილებლად შეეცდება „საქმე დაალაგოს“ მომავალ შესაძლო ხელისუფლებასთან, ანუ სახელისუფლებო ვერტიკალის ყველა რგოლში დაიწყება ბიუროკრატთა და ჩინოსანთა „გემიდან გადახტომის“ პროცესი, როგორც ეს ხდებოდა ედუარდ შევარდნაძის მმართველოს ბოლო წლებში.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ბიუროკრატიას, ანუ საშუალო და წვრილ ჩინოსნებს ყველგან (მათ შორის ძალისმიერ სტრუქტურებში!) ზუსტად ეცოდინებათ ვინ არის და როდის არის „წამსვლელი“, - საქართველოში 2013 წლამდე შეიძლება კიდევ ერთი რევოლუციაც მოხდეს. ისევ შევარდნაძის ეპოქას რომ შევადაროთ: ედუარდ შევარდნაძე 2005 წელს უნდა წასულიყო, მაგრამ რევოლუცია წელიწადნახევრით ადრე მოხდა, რაკი ისტებლიშმენტი დარწმუნდა, რომ იგი „წამსვლელი“ იყო და ახალი ნავი უნდა ეპოვათ, რომელშიც შევარდნაძის გემიდან გადახტებოდნენ.
    მეორეს მხრივ, ამ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხის გაუცემლად („რას აპირებს მიშა?“) შეუძლებელია სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა. მათ შორის „ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?“ ობიექტურობისთვის აქვე შევნიშნოთ, რომ ანალოგიური გაურკვევლობაა ოპოზიციურ ფლანგზეც. ბიძინა ივანიშვილმა კი თქვა, რომ მხოლოდ პრემიერ-მინსიტრობას უმიზნებს და პრეზიდენტობის პრეტენზია არა აქვს, მაგრამ ამ განცხადებას დაახლოებით ისეთივე პოლიტიკური „ფასი“ აქვს, როგორც მიხეილ სააკაშბვილისა და გრიგოლ ვაშაძის ზემოთხსენებულ ინტერვიუებს. ისე, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტი კანდიდატთა ნაკლებობას არ განიცდის. მათ ჩამოთვლას აზრი არა აქვს. შეიძლება ითქვას, კოალიციაში შემავალ ყველა სუბიექტს, „რამე რომ იყოს“, საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
    რაც შეეხება მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ვისაც (ამერიკულ ორგანიზაციათა გამოკითვებს თუ ვენდობით) მოსახლეობის ლამის ნახევარი „თვალდახუჭული აძლევს“ ხმას ისე, რომ მისი ვინაობაც კი არ იცის ჯერ, აქ რეალური კანიდატები ერთი და იგივე გუნდის წევრები არიან. ანუ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სწორედ იმ გუნდის გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღვანდელ მმართველ ელიტას შეადგენს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    „გუნდი“ რამდენიმე ასეულ ადამიანს მოიცავს. ეს არ არ არის მხოლოდ საპარლამენტო ფრაქცია და მათი „ტელეოქროპირები“: სინამდვილეში, მისი შემადგენლობა ბევრად უფრო ფართოა და გულისხმობს ადგილობრივ ელიტებს, ძალისმიერ სტრუქტურათა მაღალი რანგის ჩინოსნებს, მსხვილ ბიზნესმენებს და ა.შ.
    აქვე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მითითება მომავალ მემკვიდრეზე საკმარისი არ იქნება: იგი გუნდმაც უნდა მიიღოს. საქართველო არ არის რუსეთი და ის, რამაც რუსეთში „იმუშავა“, საქართველოში, ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, წარმატებით ვერ იუმუშავებს. თუმცა მიხეილ სააკაშვილის პოზიციას რომ დიდი „ფასი“ ექნება საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისას, ეჭვს არ იწვევს.
    პრეზიდენტი, ამ მხრივ გარკვეულ ქარაგმებს უკვე აგზავნის საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში. მაგალითად, ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი იყო ის, რაც 6 მაისს, გორში, პოლიციის აღლუმისას მოხდა: მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა და შინაარსიანი ტექსტიც დაურთო: „ივანე მერაბიშვილს კიდევ დიდი გზა აქვს წინო“. დააკვირდით: „ვანოსო“ არ უთქვამს. ანუ ფამილარობაც გამორიცხა და ამით ისევ და ისევ ელიტას მიუთითა, რამდენად სერიოზულად უნდა აღექვა ეს დაჯილდოვება.
    შეიძლება თუ არა ეს ნიშნავდეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სწორედ ივანე მერაბიშვილს მოიაზრებს მომავალ პრემიერ - მინისტრად? ნამდვილად შესაძლებელია! პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ის თავისებურება ახლავს, რომ მას სწორედ გუნდი ნიშნავს თანამდებობაზე და არჩევნებზე პირდაპირ არ არის დამოკიდებული. ანუ განმსაზღვრელია მერაბიშვილის რეალური გავლენა და არა მისი ელექტორალური რესურსი. ანუ ის, თუ რამდენად „არჩევადია“ იგი და რამდენად საკმარისი იქნება მისი გავლენა სახელისუფლებო სისტემაში საიმისოდ, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატება უზრუნველყოს.
    ამ თვალსაზრისით, დღვანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ნაკლებპერსპექტიულია, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეიძლება მმართველი გუნდისა და მოქმედი პრეზიდენტისთვის ყველაზე მისაღები კანიდატი გახდეს. ანუ უზრუნველყოს ძალაუფლების უმტკივნეულო გადაცემა გუნდის შიგნით და მთლიანობაში, სახელისუფლებო სისტემის სტაბილურობის გარანტადაც იქცეს.
    გასათვალისწინებელია, რომ ვანო მერაბიშვილი იმ რეფორმის (პოლიციის რეფორმის) ავტორად ითვლება, რომლის წარმატებულობა ქართული ხელისუფლების მთავარი ბრენდია მსოფლიო ასპარეზზე. ამ შემთხვევაში, საპრეზიდენტო კანდიდატებიც მათი ელექტორალური რესურსის (ანუ არჩევადობის) შესაბამისად შეირჩევა. ყველაზე ბუნებრივი კანიდატი კი თბილისი მერი, გიგი უგულავა იქნებოდა. ყოველ შემთვევაში, მან 2010 წელს დაამტკიცა, რომ ჰყავს ე.წ. „თვითმყოფადი ამომრჩეველი“, რომელიც მისდამი სიმპატიითაა განწყობილი.
    მაგრამ მოინდომებს კი თავად უგულავა მერის თანამდებობის გაცვლას პრეზიდენტის პოსტზე? პოლიტიკური ანალიზისას ერთმნიშვნელოვნება ყოველთვის სახიფათოა: არსებობს ლეგიტიმური აზრი, რომ არ მოინდომებს, რაკი „მერის რეალურ ძალაუფლებას ამჯობინებს უუფლებო ან შეკვეცილუფლებიანი პრეზიდნეტის პოსტს“. მაგრამ ჯერ ერთი, ამ აზრით მერის უფლებამოსილება შეკვეცილია თუნდაც თბილისში. გარდა ამისა, სისტემურ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც პრეზიდენტის პოსტს 2013 წლის შემდეგ „გუდურად“ და საქორწინო გენერლად მივიჩნევთ. სინამდვილეში კი, თუ საქართველოს კონსტიტუციას ჩავხედავთ, საყოველთაო კენჭისყრით არჩეული პრეზიდენტი არც თუ ისე უუფლებოა და სიტუაციაზე ზეგავლენის რეალურ ბერკეტებსაც ინარჩუნებს. მათ შორის ძალისმიერი სტრუქტურების სახით.
    ანუ ტანდემი მერაბიშვილი - პრემიერი, უგულავა - პრეზიდენტი, მმართველ გუნდში უკვე გადაწყვეტილი თუ არა, განსახილველი საკითხია. ოღონდ, ისევ და ისევ, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს არა აქვს განსხვავებული გეგმები. ამ გეგმებს კი, დროზე ადრე, იგი უახლოეს თანამებრძოლებსაც არ გაანდობს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. შეიძლება ზოგიერთი „ცნობადი სახე“ ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდეს, თითქოს რაღაც იცის პრეზიდენტის პირადი გეგმების შესახებ, რაკი მისი უახლოესი თანამებრძოლი და თანამოაზრეა, მაგრამ სინამდვილეში არაფერიც არ იცის და არც შეიძლება იცოდეს - ეს ელემენტარული სახელისუფლებო ტექნოლოგიაა. მით უმეტეს საქართველოში, სადაც ადამიანს ძნელად რაიმე „დაადგება ენაზე“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სახელდებიან აგრეთვე ლევან ვარშლომიძე, დათო ბაქრაძე და მიხეილ მაჭავარიანი. მაგრამ მათ შორის მაინც პრინციპული სხვაობაა: ვარშალომიძე და ბაქრაძე უფრო იმ სიტუაციას ერგებიან, როდესაც თვით მიხეილ სააკაშვილი ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ხოლო მიხეილ მაჭავარიანი (ისევე, როგორც გიგი უგულავა) სხვა რანგის ფიგურები არიან, რაკი თვით გუნდში უფრო მეტი გავლენით სარგებლობენ. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ბაქრაძე და ვარშალამიძე ამ გუნდის რეალური წევრები, მით უმეტეს ლიდერები საერთოდ არ არიან. სამაგიეროდ, გუნდის სრულუფლებიანი წევრია კულტურის მინისტრი ნიკა რურუა. თუკი მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილება (პრემიერის გუნდიდან მისი შერჩევის შემთხვევაში) მხოლოდ წარმომადგენლობითი მისიით შემოიფარგლება, ანუ კულტურულ ღონისძიებებში მონაწილებით და ა.შ, მაშინ კულტურის მოქმედი მინისტრი ყველაზე რელევანტური კანდიდატია. ოღონდ ნუ დავივიწყებთ, რომ როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, პრეზიდენტს საქორწინო გენერლისა და კონცერტებზე დასწრების უფლებამოსილება კონსტიტიციით კი არა აქვს, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ იგივე გუნდის წევრი იქნება, რაც პრემიერ-მინისტრი.
    კიდევ ერთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურა საერთოდ არ არის გუნდის წევრი. უფრო მეტიც: ნომერ პირველ ოპონენტადაც კი აღიქმება. ესაა . . . . . . ბიძინა ივანიშვილი! უკვე გამოითქვა საკმაოდ საინტერესო აზრი, რომ ევროკავშირის წევრთათვის საარჩევნო უფლების მინიჭება იყო ქარაგმული შეთავაზება ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რათა მან დაიკავოს 2013 წელს პრეზიდენტის თანამდებობა. ამ ვერსიის ავტორები იგივე შეცდომას უშვებენ: მათ რატომღაც მიაჩნიათ, რომ 2013 წელს პრეზიდენტი „უუფლებო“ იქნება და პრემიერ-მინისტრის სათამაშოდ იქცევა.
    არადა, ნამდვილად არ არის ასე!!! ამიტომ მმართველი პარტია პრეზიდენტის თანამდებობისთვის ისევე იბრძოლებს, როგორც პრემიერის პოსტისთვის. სხვა საქმე იქნებოდა, პრეზიდენტს რომ პარლამენტი ირჩევდეს - კი ბატონო, ასე შემთხვევაში მართლაც გაჩნდებოდა სივრცე ერთგვარი პოლიტიკური მანევრისა და სტრატეგიულ მოკავშირეებთან კომპრომისისთვის, მაგრამ 2013 წლიდან ამოქმედებული კონსტიტიციით, ქვეყანაში, ფაქტობრივად, ძალაუფლების ორი წყარო და ორი ცენტრი ჩნდება: პრეზიდენტი და პრემიერი მისი აპარლამენჰტო გუნდით.
    თუ „გუნდს“ კომპრომისი დასაშვებად მიაჩნდა, მას სავსებით შეეძლო ჯერ კიდევ 2008 წელს ამგვარი „სტრატეგიული გარიგება“ ნინო ბურჯანაძისთვის შეეტავაზებინა. „არისტოკრატი ქალბატონი“ მას ნამდვილად დათანხმდებოდა და ხელისუფლება ბევრ პრობლემას აიცილებდა თავიდან.
    ჩინელი ფილოსოფოსი ამბობდა: „ძნელია დაიჭირო კატა ბნელ ოთახში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის იქ საერთოდ არ არის“. იგივე შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას მათემატიკური ტერმინის მოშველიებით: ძნელია იმსჯელო გაურკვეველი მნიშვნელის პირობებში.
    ანუ იძულებული ვართ, ლოგიკური ჯაჭვი ავაგოთ ჰიპოთეტური დაშვებიდან, რომლის სათავე ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვაა: რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი? არ არის გამორიცხული ეს მას თავადაც არ ჰქონდეს ჯერ გადაწყვეტილი.
    ერთი შესანიშნავი ქართული გამოთქმა არსებობს ასეთი საკითხებისთვის: „გააჩნია რა შემთხვევაში“

2012