ვინ «გადაჰკიდა» რუსეთი საქართველოს?

ვინ «გადაჰკიდა» რუსეთი საქართველოს?


       
         ორშაბათს, პრეზიდენტის ტრადიციულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ედუარდ შევარდნაძეს მრავალი ქვეტექსტის შემცველი კითხვა დაუსვა. ამ კითხვების დედააზრი უეჭველად ის იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის «ზედმეტად წარმატებული» ვიზიტი გერმანიაში თურმე ააშკარავებს შევარდნაძის განსაკუთრებულ როლს ამ ქვეყნის გაერთიანებაში, რითაც ღიზიანდება რუსეთი და საქართველოს სამაგიეროს უხდის აფხაზეთის წაგლეჯით.

        შევარდნაძემ კითხვაზე საკმაოდ ზუსტად უპასუხა, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი (მიხეილ გორბაჩოვის თანხმობისა და მითითების გარეშე) ასეთ ეპოქალურ «ძვრას» ვერ მოახდენდა. სხვათა შორის, ამას თვით გორბაჩოვიც ადასტურებს «ნეზავისიმაია გაზეტაში» გამოქვეყნებულ წერილში, რომელშიც აშკარად იგრძნობა მისი გაღიზიანება ედუარდ შევარდნაძის მიმართ.
        პირდაპირ არა, მაგრამ ქარაგმულად გორბაჩოვი აცხადებს, რომ მთავარი როლი «გერმანიის გამაერთიანებლისა» (თითქოს ვინმე უარყოფდეს) სწორედ მას ეკუთვნის და არა შევარდნაძეს.
        თუმცა, დავუშვათ, ხსენებული ჟურნალისტი მართალია, დავუშვათ ერთი წუთით, რომ რუსეთი მართლაც გაღიზიანებულია ედუარდ შევარდნაძეზე ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის, გერმანიის გაერთიანებისა და აღმოსავლეთ ევროპის დეოკუპაციის გამო, მაგრამ მთავარი საკითხი სხვაა: ამიტომ დავკარგეთ აფხაზეთი? ეს არის ჩვენი უბედურების სათავე?
        ყველაფერს აქვს ზღვარი, მათ შორის მოთმინებასაც. ვისაც ახსოვს ამ სტრიქონების ავტორის წერილები ჩემთვის ძალზე ძვირფასია და დაუვიწყარი გაზეთის «ივერია-ექსპრესის» ფურცლებზე (1993-1994 წწ.) უეჭველად დამეთანხმება, რომ შევარდნაძის მეხოტბე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არსებობს ელემენტარული სამართლიანობა და (იქვე) ელემენტარული უსინდისობაც.
        ვინ ადანაშაულებს ედუარდ შევარდნაძეს, რომ სწორედ მან (თურმე ნუ იტყვით) «გააღიზიანა რუსეთი და ამით დაღუპა საქართველო?» ადანაშაულებს სწორედ ის ხალხი, რომელიც 1987-88 წლებიდან ე.წ. «მოძრაობის» სათავეებთან იდგა,
        ნუთუ ვინმეს ჰგონია, ასე ადვილად დაგვავიწყდება იმდროინდელი განწყობა, იმდროინდელი სტერეოტიპები, იმდროინდელი შეხლა-შემოხლა, მიტინგები და ბრალდებები იმავე შევარდნაძის მიმართ? საინტერესოა სად გაქრა ეს ყოველივე? ნუთუ მართლა დაავიწყდათ? თუ დაავიწყდათ, მე შევახსენებ, როგორც რიგითი მოქალაქე ვინაიდან შესანიშნავად მახსოვს ყოველივე.

        1988-89 წლებში (მანამდეც) ედუარდ შევარდნაძისადმი «ზნეობრივ ოპოზიციაში», ყოფნა «ეროვნულობისა» და «პატრიოტულობის» უპირველეს გამოვლინებად ითვლებოდა.
        იმ დროს ეს იმდენად მძლავრი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტი იყო, რომ საწინააღმდეგოდ კრინტის დაძვრას ვერავინ ბედავდა. ჯუმბერ პატიაშვილი და მისი ინტრიგები «ელიტარული ინტელიგენციის» წრეში აქ არაფერ შუაშია; საუბარია სულ სხვა კატეგორიაზე, ვინც (უკვე ბრჭყალებში უნდა ჩავსვა) «ტოტალიტარიზმის ეპოქაში ოცნებობდა სამშობლოს დამოუკიდებლობაზე», ხოლო ედუარდ შევარდნაძე ფანატიკურად სძულდა, როგორც «იმპერიის ხელდასხმული ერთგული მსახური, ეროვნული მოძრაობის ჩამხშობი, მზის ჩრდილოეთიდან ამომყვანი» და ა.შ.
        წარმოიდგინეთ, მაშინ რომ ვინმეს ეთქვა, მოვა დრო და სწორედ ეს ხალხი შევარდნაძეს დაადანაშაულებს – «რუსეთი გააღიზიანა და საქართველოს გადაჰკიდაო», დაუჯერებდა ვინმე? რა თქმა უნდა, არა!
        არადა, დასაჯერებელი ყოფილა! ამაზე უთქვამს ქართველს, რატომ ღმერთი არ გაიცინებსო. სწორედ ის რადიკალები, თბილისის ქუჩებში რომ დარბოდნენ ლოზუნგით «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია», «სატანის ბუდეს» უწოდებდნენ» რუსეთს და უმალვე ანათემას უთვლიდნენ («მოღალატე», «კრემლის აგენტი») ყველას, ვინც რუსეთისადმი თუნდაც ოდნავ დიპლომატიური მიდგომის სურვილს ამჟღავნებდა (კომპრომისზე ხომ აღარ არის ლაპარაკი), ახლა ედუარდ შევარდნაძეს ადანშაულებენ: «რუსეთი გააღიზიანა და გადაგვკიდაო».
        თქვე მართლა ოჯახაშენებულებო, თუ ეს მიგაჩნდათ მთავარ პრობლემად, თუ უმთავრესი რუსეთის კეთილგანწყობა იყო, მაშინ ან ამ «მოძრაობას» რატომ იწყებდით, ან ჩვენ რას გვერჩოდით, ან ამ უბედურ ქვეყანას?
        ედუარდ შევარდნაძემ გამოიტანა რუსთაველზე ლოზუნგი «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია?» ედუარდ შევარდნაძემ უწოდა ზვიად გამსახურდიას «ღმერთთან წილნაყარი კაცი» იმის გამო, რომ «განსაკუთრებით უკომპრომისო» იყო «სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში?»
        გამოდის, ედუარდ შევარდნაძემ მოგვახვია თავს «ეროვნული მოძრაობა», მან მოგვახვია თავს ანტირუსული განწყობა, თურმე მას (პიროვნულად) ისე სძულდა რუსეთი (გულის სიღრმეში), რომ ბავშვობიდან იმპერიის დანგრევაზე ოცნებობდა და გერმანიაც «რუსების ჯინაზე» გააერთიანა.
        სწორედ ის ადამიანები, «შევარდნაძის მოწინააღმდეგე დისიდენტებად» რომ ითვლებოდნენ «საოკუპაციო ეპოქაში» და იმდროინდელ შევარდნაძეს (ცეკას პირველ მდივანს) «პრორუსულობის» ბრალდებით სისხლს უშრობდნენ, ვინც გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავს «მონობის ზეიმს» უწოდებდა, ვისაც ანტირუსული შინაარსის გარეშე ვერ წარმოედგინა დემოკრატიული მოძრაობა საქართველოში, ვინც რადიკალიზმით საქმე მიიყვანა ჯერ 9 აპრილამდე, შემდეგ კი რუსეთის «სატანის ბუდედ» შემამკობელი ზვიად გამსახურდია აარჩევინა ხალხს პრეზიდენტად, როგორც «შევარდნაძის ზნეობრივი ალტერნატივა», - ახლა, 1999 წელს, 9 აპრილიდან 10 წლის შემდეგ (სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს!!!), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორებთან ერთად ქმნის ბათუმში კოალიციებს, თანაც შევარდნაძეს ადანაშაულებს, «რუსეთი გააღიზიანა და გადაგვკიდაო».
        გულდასაწყვეტია, რომ ასეთი, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ორპირი და უპრინციპო პოლიტოკრატია («პოლიტიკური ელიტა» არ ეთქმის) დედამიწის ზურგზე, ალბათ, არც ერთ ერს არ ჰყოლია და არც ეყოლება.

დრონი, 19 ოქტომბერი, 1999 წელი