ვინ არის დასადაღი?

ვინ არის დასადაღი?

        საარჩევნო კამპანიის ნაადრევი დაწყება (ყველა ნორმალურ ქვეყანაში მისი აქტიური ფაზა თვით არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე იწყება) უეჭველად კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მომავალი ბატალიები უპრეცედენტოდ გააფთრებული იქნება.

        მაგრამ, თვით მოსხალეობის შესაძლო «გააფთრების» ხარისხს პოლიტიკოსები რატომღაც არ ითვალისწინებენ. გუშინ ამ თვალსაზრისით ერთი უმძიმესი შეცდომა ქართულმა პოლიტოკრატიამ (ანუ პოლიტიკურმა ელიტამ მთლიანობაში – კორპორაციულად) უკვე დაუშვა.
        სასტუმრო «მარიოტში» გამართულ შეხვედრაზე თითქმის ყველა შეთანხმდა, რომ მომავალ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ, მარკირებას გამოიყენებენ. როგორც ჩანს, ჩვენს პოლიტიკურ ბომონდს დღემდე ვერ გაუგია, რომ მთავარი მისი «შიდა შეთანხმება» კი არ არის, არამედ ჯანსაღი სუორდინაციული დამოკიდებულება ელექტორატთან, როგორც ასეთთან.
        სწორედ ამ გაუგებრობის შედეგია «მარკირების» (ანუ ადამიანების საქონელივით დადაღვის მარაზმატიკული პრაქტიკის) ველური ქვეყნებიდან საქართვლეოში გადმონერგვის მცდელობა. სხვისი არ ვიცი და მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ასეთ შემთხვევაში იმ ამაზრზენ «არჩევნებში» არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ.
        «ერითრეაში არჩევნები ასე ჩაატარესო» - არ მაინტერესებს რა როგორ იყო ერითრეაში. აკი, 15 წელია, ეს ჩვენი «დემოკრატიული მოძრაობა» ჩაგვჩიჩინებს, რომ საქართველო საქართველოა, და არ არის ერითრეა. კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, თუ გასაყიდი ბოჩოლასავით უნდა დაგვდაღონ «დემოკრატიული ნებაგამოვლინების» გასარკვევად.
        რაც შეეხება გაყალბებას, რაკი ვინმე სადმე რაღაცას აყალბებს, - ეს სულაც არ აძლევს უფლებას ამ ჩვენს შუბლძარღვგაწყვეტილ «ელიტას», ადამიანი საქონელს დაამსგავსოს და, «გაყალბებაში» თანამონაწილეობის ეჭვით, «ხუთიათასწლოვანი სახელმწიფო ტრადიციის მქონე» (ყოველ შემთხვევშაი, ბავშვობიდან ამას გვიმტკიცებდნენ) ქვეყნის ყველა მოქალაქე ესოდენ დამამცირებელი პროცედურის მსხვერპლად აქციოს – წერა-კითხვის უცოდინარ იმ საბრალო პაპუასებს დაამსგავსოს, ხელმოწერის ნაცვლად ჯვარს რომ ასმევინებენ საარჩევნო ბიულეტენში გაეროს «გულკეთილი» დამკვირვებლები.
        შიმშილობისა თუ უშუქობის პირობებში, ერთადერთი, რაც დაგვრჩა, ადამიანური ღირსებაა, ხოლო თუ ელიტას გაყალბების თავიდან აცილების სხვა მეთოდები ვერ მოუგონია – თავად არის დასადაღი! თანაც მხურვალე შანთით და არა უფერული ფლომასტერით.
        ეს წვრილმანი არავის ეკონოს. ამ მაგალითიდან მკაფიოდ ჩანს, სინამდვილეში (ანუ რეალურად – რიტორიკის მიუხედავად) როგორ აღიქვამს ელიტა საკუთარ ერს. აღიქვამს, როგორც რუსული უთარგმნადი სიტყვა – ბიდლო-ს!!!
        სხვა ახსნა ამ აღმაშფოთებელ «შეთანხმებას» არ მოეძევება. მალე, ალბათ, სულ მთლად ორუელის «1984 –ის პერსონაჟებს დაგვამსგავსებენ – ვირთხებზე გამოსაცდელ ექსპერიმენტებს რომ უტარებდნენ «საზოგადო კეითლდღეობის» მეთოდთა დასაზუსტებლად.
        აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება, ამ მარაზმს დაეთანხმონ ის პარტიები, , ვინც თავს «დემოკრატიულ ფასელუობათა» მცველად მიიჩნევს. რეალურად, ეს იმას გამოიწვევს, რომ არჩევნებში მონაწილეთა როიცხვი 50 პროცენტს არ გადააჭარბებს. თანაც, ელექტორატის სოციალური კატეგორია სულაც არ შეიცვლება «დემოკრატთა» სასარგებლოდ.
        ასეთი «მანიპულაციები» მხოლოდ შეაფერხებს ნორმალური საარჩევნო პრაქტიკის და ტრადიციის ჩამოყალიბებას ქვეყანაში.
        გარდა ამისა, თუ გაყალბებაში «კარუსელები» იგულისხმება, პროპორციული (პარტიული) აპრჩევნებისას მათი მნიშვნელობა აშკარად გადაჭარბებულია – ასეთ ტექნოლოგიას აზრი აქვს მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც მცირე საარჩევნო ოლქში კენჭისყრის ბედს რამდენიმე ასეული ან ათეული ხმა წყვეტს.
        სინამდვილეში, «არჩევნების მასობრივიგაყალბება» არ ხდება ყალბი პირადობის მოწმობის დარიგებით. მათი რიცხვი მილიონ ამომრჩეველზე რამდენიმე ასეულს არ შეიძლება აჭარბებდეს, თორემ ამდენ ხანს, მით უმეტეს, საქართვლეოში!) საქმე სადღაც «გასკდებოდა» და რომელიმე განაწყენებული ჯეელი, არჩევნების შემდეგ თანამდებობა რომ არ მისცეს – კონკურენტ პარტიაში «კომპრომატს გახეთქავდა».
        მასობრივი გაყალბების უამრავი სხვა მეოთდი არსებობს, რასაც დემოკრატიულ ქვეყნებში «ლეგიტიმიზებულ ფალისფიკაციას» უწოდებენ. მაგალითად, ამომრჩეველთა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება (მათ შორის, რეგიონებში, მცირე ქალაქებში თუ სოფლებში არჩეული ხელისუფლების მონაწილეობითაც, რაც სულაც არ გულისხმობს აუცილებლად ცენტრალური ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ გაყალბებას) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ისიც საკითხავია, რამდენჯერ შეიძლება შეიცვალოს ეს ჩვენი მრავალგზის გაუპატიურებული საარჩევნო კოდექსი?
        ყოველივე მართლა შავი ანეკდოტის სახეს იძენს – საქართველოში ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, მას წინ საარჩევნო კოდექსის ცვლილება არ უძღოდეს! ქართული «ელიტა» საკუთარ ხალხს ამითაც უდასტურებს, რომ მოსახლეობა მისთვის პოლიტიკური სისტემის «დანართია» )თანაც აბეზარი დანართი), და არა პირიქით.

დილის გაზეთი, 19 აპრილი, 2003 წელი