ვიდრე რუსები მოვლენ, «თელასი» უპატრონოდ დარჩა საქართველოში ენეროგოკოშმარი გრძელდება

ვიდრე რუსები მოვლენ, «თელასი» უპატრონოდ დარჩა  საქართველოში ენეროგოკოშმარი გრძელდება

        გუშინ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ «ეი-ი-ეს»-ის ქვეყნიდან წასვლა და «რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების» შემოსვლა ძალზე მტკივნეული პროცესი იქნება. ჯერჯერობით, «თელასი» უპატრონოდ არის მიტოვებული, ანუ ამერიკელები ბოლომდე არ წასულან, მაგრამ რუსები ჯერ კიდევ არ შემოსულან.
        ამ პერიოდში, რასაკვირველია, არც ერთი მხარე თავს არ შეიწუხებს ელექტროენერგიის შესყიდვისთვის, მით უმეტეს, რომ რუსებმა ისევ საკუთარი თავისგან უნდა იყიდონ და, ფაქტობრივად, ამერიკელი გამყიდველი გაამდიდრონ, რომელსაც კიდევ გვარიანი თანხაც უნდა გადაუხადონ გამოსასყიდის ფასად. თავად კი ვერაფერს იხეირებენ, რადგან იურიდიულად სექტემბრამდე (ფაქტობრივად კი დეკემბრამდე) «თელასს» ისევ ამერიკული კორპორაციის მენეჯმენტი აკონტროლებს.
        ეს კიდევ არაფერი, მაგრამ ანატოლი ჩუბაისის მოადგილის – ანდრეი რაპოპორტის განცხადებით, კონტრაქტი იმდენად რთულია, რომ მის საბოლოოდ გაფორმებას ერთი წელი მიანც დასჭირდება(!), ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი «სტრატეგიული ზამთარი» ქართული ენერგეტიკისათვის საბედისწერო შეიძლება გამოდგეს «ორხელისუფლებიანობისა» და»უპატრონობის» გამო. არ არის გამორიცხული, ჩუბაისი სპეციალურადაც აყოვნებდეს «თელასში» რეალურად შემოსვლას, რათა თვალნათლივ გვიჩვენოს, რა გველის, თუ წინააღმდეგობას გავაგრძელებთ.
        ამასთანავე, საქართველოს (უპირველესად თბილისის) მოსახლეობა «რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემების» შემოსვლას უცნაური რეაქციით ხვდება: საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მას შემდგე, რაც გაცხადდა რუსული კომპანიის გადაწყვეტილება «თელასის» შესყიდვის შესახებ, თბილისში გადახდის მაჩვენებელმა 40 პროცენტით იკლო თვით გამრიცხველიანებულ უბნებშიც კი. მით უმეტეს, იმ რაიონებში, სადაც ამერიკელებმა მრიცხველების გარეთ გამოტანა ვერმოასწრეს.
        როგორც ჩანს, მოსახლეობას ჰგონია, რომ რაკი «ბოროტ ამერიკელ ძიას» _ «კეთილი რუსი თოვლის პაპა» ჩაენაცვლა, ამიერიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აღარ მოუწევს. ეს, რასაკვირველია, მწარე ილუზიაა. მოგების იმედი რომ არ ჰქონდეს, ჩუბაისი «თელასს» არანაირი პოლიტიკური მოსაზრებით არ იყიდდა. ეს საქმე შედგა მხოლოდ იმის გამო, რომ მას იმედი აქვს, გეოპოლიტიკა გვარიან მოგებას შეუთავსოს. მაქსიმუმი, რაც ჩუბაისმა შეიძლება გააკეთოს (ისიც გარკვეული პირობებით)9 იქნება ტარიფის მცირეოდენი შემცირება. რაც შეეხება პირობებს, ეს არის _ სტრატეგიული ელექტროგადამცემი ხაზებით დაფუძნებული ერთობლივი სააქციო საზოგადოების შექმნისას გაითვალისწინონ რუსული წილის «ჩათვლა» საქართველოს ვალებში, აგრეთვე, სხვა საწარმოების გადაცემა რუსული კომპანიისათვის. ამ მხრივ, რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემები და «გაზპრომი» სინქრონულად იმოქმედებენ და საქართველოს ხელისუფლებაც ჩათრევას – ჩაყოლას ამჯობინებს, რაკი სანაცვლოდ ამ საწარმოთა ამუშავებას შესთავაზებენ.
        ბოლოდროინდელი ტენდენციების შესაბამისად (მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ), ხელისუფლება მოსახლეობის გულის მოგებას ამჯობინებს ფორმალურად სახელმწიფო საკუთრების შენარჩუნებას. ამრიგად, მინიმუმ ოქტომბრამდე თბილისში და მთელ საქართველოში პრობლემები გარანტირებული გვაქვს. ელექტროგადაცემასა და საბითუმო ბაზარში მოკალათებული ინვესტორები რუსეთის გაანჩხლებას დიდად არ დაგიდევენ. ამიტომცა, «მარაოსებური გათიშვები» გაგრძელდება.
        ოცნება თბილისის გადაქცევისა ელექტროოაზისად, მთელი საქართველოს ენერგოუდაბნოში იმთავითვე უტოპია იყო, ვიდრე მთელ საქართვლეოში გადახდის საკითხი ამა თუ იმ მეთოდით არ მოწესრიგდება, თბილისს ენერგეტიკული პრობლემები არ მოაკლდება. გადახდამ 100 პროცენტსაც რომ მიაღწიოს, მით უმეტეს იმ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ისეთი მარაზმი, რომ დღისით, მზისით, ყაჩაღები მთელ სახელმწიფოს აშანტაჟებენ და უკუნეთში ძირავენ – დროდადრო სტრატეგიულ ელექტროგადამცემ ხაზს აფეთქებენ (თუ ტყვიით წყვეტენ)9 რათა ფული გამოსძალონ ან უფასოდ მიიღონ ელექტროენერგია.

დილის გაზეთი, 19 აგვისტო, 2003 წელი