ვახტანგ გოგუაძეს სტალინი გამოეცხადა

ვახტანგ გოგუაძეს სტალინი გამოეცხადა

 

    ოპოზიციონერთა ირონიული ქარაგმის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ვახტანგ გოგუაძემ 1993 წლის სექტემბერში «სიზმარი ნახა» და დილით განაცხადა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის აუცილებლობის შესახებ.
    ასეა თუ ისე, სიზმარი ადვილად აუხდა - ორიოდე დღის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურმა (თავდაპირველი მტკიცე პროტესტის მიუხედავად) ხელი მოაწერა განცხადებას ესენგეში შესვლის შესახებ.
    მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა - თანამეგობრობამ სრული უსუსურობა და უნიათობა გამოამჟღავნა, ვახტანგ გოგუაძემ კი მორიგი «წინასწარჭვრეტით» საზოგადოება გააოცა, მაგრამ იმჯერად ნაკლები წარმატებით: საბედნიეროდ, საქართველო არ შევიდა სამანეთო ზონაში (ანუ რუსეთში), ხოლო ეროვნული ვალუტა, იმავე კატასტროფული წინასწარმეტყველებების მიუხედავად, ჯერაც ქმნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პირობებს.
    ვახტანგ გოგუაძის მორიგი წინასწარმეტყველება კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი კავშირის შექმნას შეეხება. სხვათა შორის, პოლიტიკაში რაიმე პრობლემის გამარტივება, როგორც წესი, მცდარი დასკვნების წინაპირობა ხდება. დავუშვათ, სერიოზულად დაიწყო «ახალ კავშირში» შესვლის იდეის განხილვა ან თუნდაც ახდა სიზმარი და მართლაც შევედით «ახალ კავშირში» - რას მისცემს ეს საქართველოს? - აბსოლუტურად არაფერს!
    ქართველ პოლიტიკოსებს (მათ შორის გოგუაძეს) ვერ გაუგიათ: პოლიტიკაში არსებობს შეუქცევადის ცნება, თუ «განახლებულ კავშირში» შესვლით ცდილობენ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას, - ეს უკვე არარეალურია, თუ ახალი პრობლემების თავიდან აცილება უნდათ, რუსეთთან კავშირი სულაც არ იძლევა ამის გარანტიას.
    არადა, ყოფილ სპიკერს არც იმ აზრთან სურს შერიგება, რომ თუ რუსეთი შესაბამის გარანტიებს მისცემს საქართველოს ხელისუფლებას – კომპრომისზე წასვლას შევარდნაძეს ვერავინ დაასწრებს და მოსახლეობის დიდი უმრავლესობაც მხარს დაუჭერს. საქმეც სწორედ ამ გარანტიებშია - რუსეთს არ სურს და ალბათ აღარც ძალუძს რადიკალურად შეცვალოს რაიმე პოსტსაბჭოურ სივრცეში.
    მის იმედად ყოფნა კი ქართული ანდაზის გამართლება იქნებოდა: «მკვდარი მკვდარს აეკიდაო». აქ ემოციურ დამოკიდებულებაზე არ არის საუბარი: შეიძლება გიყვარდეს რუსეთი ან არ გიყვარდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა აცნობიერებდე, რეალურად რა შეუძლია ამ ქვეყანას და რისი თავი აქვს.
    კიდევ ერთი საინტერესო მომენტი სტალინის ფენომენისადმი დამოკიდებულებაში მდგომარეობს. ქართული ინტელიგენციის დიდ ნაწილს ვერა და ვერ მოუშორებია განსაკუთრებული «სტალინისტური სინდრომი», არადა, იმავე ვახტანგ გოგუაძეს, როგორც ნაკითხ და ჭკვიან კაცს უნდა ესმოდეს: რუსოფობიის მარცვალი საქართველოში 1956 წლის 9 მარტს დაითესა, და როგორც სტალინის რეაბილიტაცია აღარ მოხდება რუსეთში არასდროს (საქართველოსთან მეგობრობის გამო არც ერთი რუსი პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს), ასევე საქართველოში ვეღარ ამოიშლება ცნობიერებიდან ის საშინელი დღე, როცა რუსებმა ათეულობით უდანაშაულო ახალგაზრდა დახვრიტეს მხოლოდ სტალინის ერთგულებისათვის.
    დღეს სტალინის ძეგლი გორში ანტირუსული სიმბოლოა და არა პირიქით, მაგრამ ვახტანგ გოგუაძესა და მის თითო-ოროლა მიმდევარს არც ამის აღიარება სურთ.

მერიდიანი, 10 ნოემბერი, 1997 წ.