ვარდების რევოლუცია და არაბული გაზაფხული

ვარდების რევოლუცია და არაბული გაზაფხული

Sine ira et studio (რისხვისა და მიკერძოების გარეშე)

 

    სირიაში საზარელი სისხლისღვრა გრძელდება. ლეგენდარული ქალაქები – დამასკო, ალეპო – ცეცხლშია გახვეული. მსოფლიო უმწეოდ აკვირდება სასაკლაოს, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის დროსაც მიმდინარეობს და ბოლო არ უჩანს, რადგან რუსეთმა და ჩინეთმა დასავლეთს არ მისცეს უფლება, მოვლენებში ისევე ჩარეულიყო, როგორც ეს ლიბიაში მოხდა, სადაც «ნატო»–მ ჯერ სამხედრო ფრენებისათვის აკრძალული ზონა დააწესა, შემდეგ კი პირდაპირი სამხედრო ძალითაც დაეხმარა პოლკოვნიკ კადაფის მოწინააღმდეგეებს. შედეგად, პირსისხლიანი დიქტატორი, რომელიც 42 (!) წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, მეამბოხეებმა მაინც დაამხეს და მთელი მსოფლიოს თვალწინ მოკლეს კიდეც.
    ეს ამაზრზენი კადრები სამუდამოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში: მუამარ კადაფი ოქროს პისტოლეტით ხელში, რომელსაც უახლოეს კედელთან მისვლაც არ აცალეს დასახვრეტად, – როგორც ხდება ხოლმე სამოქალაქო ომის დროს – იქვე ჩაცხრილეს, სადაც მიასწრეს და მოიხელთეს.
    ამ თითქოსდა ემოციური და სპონტანური აქტის მიღმა ყველა ხალხისა და ეპოქისათვის დამახასიათებელი სინდრომი გამომჟღავნდა: რევოლუციონერებს მუდამ ეშინიათ, წინა რეჟიმის ლიდერი მისი მომხრეებისათვის «ცოცხალ დროშად» არ იქცეს. სწორედ ამიტომ მოკლეს ლენინის ბრძანებით რუსებმა მეფე მისსავე შვილებთან ერთად, ხოლო ფრანგებმა ლუი მე–16–ს გილიოტინაზე წააცალეს თავი. ორივეს ჰყავდა სავსებით გულწრფელი მომხრეები და არც მუამარ კადაფი იყო იმდენად სუსტი, ომი კიდევ წლების განმავლობაში არ გაგრძელებულიყო.
    რომ არა დასავლეთის სამხედრო ჩარევა, ლიბიის კონფლიქტი ისევე გაიწელებოდა, როგორც ომი სირიაში, სადაც აგრეთვე ასეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ბაშარ ალ ასადი კვლავ ხელისუფლებაშია, მისი არმია უტევს და ანგრევს ქალაქებს; ალეპოდან მოსახლეობა თითქმის მთლიანად გაიქცა მას შემდეგ, რაც ეს ქალაქი ბრძოლის ველად იქცა. არავინ იცის, დაბრუნდებიან თუ არა ისინი თავიანთ სახლებში, რაკი მათი საცხოვრისი სულ მალე საერთოდ აღარ იარსებებს.
    ასეთი სისხლიანი და საზარელი გაგრძელება აქვს «არაბულ გაზაფხულს», რომელიც დაიწყო ძალიან ლამაზად, აღმაფრთოვანებლად: ტუნისში გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციებით იქაური «შევარდნაძის» – ბენ ალის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ისე წავიდა, სისხლი თითქმის არ დაუღვრია. უბრალოდ გაეცალა მოვლენებს, როგორც ედუარდ შევარდნაძე - ვარდების რევოლუციის დროს. ანალოგიურად მოიქცა იემენის მრავალწლიანი მმართველი ალი აბდულა სალეხი. თორემ იმ მარვალმილინიან ქევყანაში რომ საშინელება დატრიალდებოდა, – შეიძლება სირია და ლიბია მოგონილი ყოფილიყო!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაგრამ ქვეყანაც არის და ქვეყანაც, დიქტატორიც არის და დიქტატორიც: მუამარ კადაფი, ბაშარ ასადი, ისევე როგორც ჰოსნი მუბარაქი (ეგვიპტეში), საკმარისად ძლიერნი იყვნენ, რათა ხელისუფლებისთვის ბრძოლის ცდუნება გასჩენოდათ. სირიის რევოლუციით «არაბული გაზაფხული» ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა. ძნელი წარმოსადგენია, ბაშარ ალ ასადმა ძალაუფლება შეინარჩუნოს. მაგრამ მისი რუსი მოკავშირეები გამოსავალსაც არ უტოვებენ: სიკვდილი ან გამარჯვება! ყოველ შემთხვევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბოლო პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მას თავშესაფარს არ მისცემს, თუმცა ყოველნაირად შეუწყობს ხელს, რათა სისხლისღვრა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. სირიისკენ რუსეთის მძლავრი საზღვაო ესკადრა მიემართება, რასაც დასავლეთი, ჯერ–ჯერობით ვერაფერს უპირისპირებს. სწორედ ის დასავლეთი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა პოსტსაბჭოური «ხავერდოვანი რევოლუციები» არაბულ სამყაროზეც გაევრცელებინა.
    ზოგჯერ ეჭვიც კი გიჩნდება, არსებობს კი ჩვენს მიერ იდეალურად მიჩნეულ ამ ცივილიზაციაში ის «კოლექტიური გონი», რომელიც ზუსტი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს? დასავლურ ცივილიზაციას ჩვენ ხშირად ერთიან, ლამის ჰომოგენურ და ბრძენ (ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე) ძალად მივიჩნევთ. ასეთი ილუზია მოგვყვება ჯერ კიდევ «ეროვნული მოძრაობის» ეპოქიდან. მაგრამ აი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რამდენად მცდარია ეს წამოდგენა და რაოდენ დიდი სიფრთხილე გვმართებს მომავალში მაინც:
    2005 წლის 10 მაისს, თბილისში, «თავისუფლების მოედანზე» ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშ–უმცროსი უნდა გამოსულიყო. მის ვიზიტს მთელი ქვეყანა აღფრთოვანებით, უდიდესი იმედით ელოდა. ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მთელი ქვეყანა! 2004 წლის პირველი მწარე მარცხისა და ცხინვალის ცენტრში ქართველი ჯარსიკაცების სამარცხვინოდ დაჩოქების შემდეგ ერი და ბერი ელოდა, ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ჩვენი განვითარების პროდასავლურ მიმართულებაზე და, რასაკვირველია რუსეთ–საქართველოს დისკურსზე ისაუბრებდა. სხვები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჯორჯ ბუშ–უმცროსი უფრო ქვეყნის შიდა დემოკრატიულ მოწყობაზე, ადამიანის უფლებებზე გააკეთებდა აქცენტს.
    მაგრამ რეალურად მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა: არც პირველნი, არც მეორენი არ ელოდნენ, რომ ბუში, სრულიად მოულოდნელად, დაიწყებდა საუბარს ახლო აღმოსვლეთზე, არაბულ ქვეყნებში მოსალოდნელ დემოკრატიულ ტალღაზე, რომ საქართველო უნდა იქცეს «დემოკარტიის შუქურად» დიდი ახლო აღმოსაველთისთვის და ა.შ. დავაკვირდეთ: ჩვენ საკუთარ ქვეყანას განვიხილავდით და განვიხილავთ, როგორც ევროპის ნაწილს, ანუ პოსტსაბჭოური სივრცისაგან თავის დაღწევა მიგვაჩნია უმთავრეს ისტორიულ ამოცანად, და აქტუალურ დისკურსად ამერიკის პრეზიდენტმა კი (ვიმეორებ) ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, დაიწყო ლაპარაკი არა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაზე, არა პოსტსაბჭოური სივრცის დემოკრატიზაციაზე, არამედ სრულიად გაუგებარ და ყველა თვალსაზრისით შორეულ რეგიონზე: ეგვიპტეზე, «მაღრიბის» ქვეყნებზე, ანუ სწორედ იმ სამყაროზე, რომელსაც ამერიკელებმა, ჯორჯ ბუშ–უმცროსის მმართველობისას, «დიდი ახლო აღმოსავლეთი» უწოდეს.
    მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილავდნენ ისინი საქართველოს და არა იმ რაკურსში, რომელიც ჩვენ გვინდოდა და გვსურდა: როგორც საბჭოთა (რუსეთის) იმპერიისაგან თავდახსნილ პატარა სახელმწიფოს, რომელიც დიდი მეზობლის ზეწოლას განიცდის. არადა, როგორც აღმოჩნდა (და ეს ჩვენთვის უკვე მაშინ უნდა ყოფილიყო ძალიან სამწუხარო და დამაფიქრებელი სიმპტომი) ამერიკელებს ჩვენი «ვარდების რევოლუცია» სჭირდებოდათ და «ეხერხებოდათ» არა როგორც პოსტსაბჭოური სივრცის დემოკრატიზაციის, არამედ მათთვის სასიცოცხლო რეგიონის – ახლო აღმოსავლეთის ტრანსფორმაციის მაგალითი!
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    გასაგებია რატომაც: ამერიკული ისტებლიშმენტი რუსეთთან კონფრონტაციას ერიდებოდა და ერიდება. ეს სივრცე მათთვის «მოსკოვის პასუხისმგებლობის ზონაა». ახლო აღმოსავლეთი კი – დასავლეთის პრიორიტეტული ინტერესების სფერო.
    ახლა კი, წარმოვიდგინოთ ამერიკელი ჩინოსანი (ვთქვათ, ეროვნული უშიშროების საკითხებში ბუშის მრჩევლის რომელიმე თანაშემწე), ვინც წყვეტდა საკითხს: ერჩიათ თუ არა პერზიდენტისთვის თბილისში ჩამოსვლა. იქნებ ჰარვარდიც ჰქონოდა დამთავრებული, მაგრამ თუ ინტელექტი და ელემენტარული გონიერება (ნიჭი) არ გყოფნის, ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტიც არ კმარა იმისათვის, რათა პრიმიტიული გეოპოლიტიკური სქემების მიღმა რეალური პრობლემები დაინახო: პირველ რიგში რუქას შეხედავდნენ, ხოლო თუ მხოლოდ რუქით იმსჯელებ, საქართველო მართლაც მოგეჩვენება «დიდი ახლო აღმოსავლეთის» ნაწილად.
    და თუ ასეა, რატომ არ შეიძლება ეს მაგალითი შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან რეგიონში დემოკრატიზაციის მაგალითად თუ ნიმუშად გამოიყენო? ეს ჩვენ გვეგონა, რომ როდესაც ბუში საქართველოში ჩამოვიდა, იგი მხარს რუსეთის აგრესიის მოგერიებაში დაგვიჭერდა. მას კი (უფრო ზუსტად მის მრჩევლებს გეოპოლიტიკურ საკითხებში) სინამდვილეში, სულ სხვა დისკურსი აინტერესებდა, რომელსაც რუსეთის აგრესიასთან, მით უმეტეს ამ აგრესიის დროს საქართველოს მხარდაჭერასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
    ბუნებრივია, რუსეთი, რომელსაც საქართველო, კავკასია და მთელი პოსტსაბჭოური სივრცე საკუთარი პრიორიტეტული ინტერესების ზონად მიჩნია, აუცილებლად შეეცდებოდა საკუთარი პერროგატივა დაედასტურებინა. როდესაც ამერიკელები ამას მიხვდნენ, უკვე გვიან იყო: მათ უკვე შეუქმნეს ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას (არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქართული ელიტებისა და საზოგადოების უმრავლესობას) ილუზია, თითქოს ვაშინგტონი მზად იქნებოდა გვერდში დაგვდგომოდა მოსკოვის აგრესიის მოგერიებაში. თითქმის არავინ მიაქცია ყურადება და არავის ენიშნა ცუდად, რომ ჯორჯ ბუშს თბილისში გამოსვლისას რუსეთ–საქართველოს პრობლემატიკაზე საერთოდ არ უსაუბრია, ხოლო «დემოკარტიის შუქურა», მათი გაგებით, «დიდი ახლო აღმოსაველთისთვის» ვიყავით და არა პოსტსაბჭოეთისა და რუსეთისთვის, როგორც ჩვენ გვეიმედებოდა.
    ხოლო როცა მოსკოვმა ნელ–ნელა, თუმცა აშკარად და განუხრელად დაიწყო მზადება აგრესიისთვის, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, კონდი რაისი ეწვია საქართველოს და მოჰყვა დემაგოგიას: «რუსეთის პროვოკაციებს არ აჰყვეთ, რადგან მის წინააღმდეგ მხარს ვერ დაგიჭერთო». თითქოს არ იცოდნენ, რომ სწორედ რუსეთმა ჩამოაგდო რაკეტა წითელუბანთან 2007 წლის სექტემბერში, რუსეთი აშენებდა სამხედრო ბაზას ჯავაში, რუსეთი ამარაგებდა სეპარატისტებს უახლესი იარაღით და ამით ამოწმებდა ამერიკასა და დასაველთს: რამდენად იქნებოდნენ ისინი მზად, «რამე რომ ყოფილიყო» საქართვერლოს დასაცავად რეალურად გამოსულიყვნენ.
    ჯორჯ ბუშისა და კონდოლიზა რაისის დიპოლომატია პოლიტიკური ცინიზმის ბრწყინვალე მაგალითია: ყველაზე ნიშანდობლივია აქ ისაა, რომ საქართველოს «ხავერდოვანი რევოლუციის» მაგალითმა მართლაც ითამაშა გარკვეული როლი არაბულ გაზაფხულში. არა გადამწყვეტი, არა განმაპირობებელი, მაგრამ გარკვეული როლი მართლაც ჰქონდა. მით უმეტეს ზემძლავრი სატელევიზიო რესურსების წყალობით. ფაქტიურად, პრეზიდენტმა ბუშმა თბილისიდან სწორედ დიდ ახლო აღმოსავლეთს მოუწოდა, მაგალითი აეღოთ დემოკარტიის შუქურასაგან და აღმდგარიყვნენ დიქტატორების წინაამდეგ. იმ მომენტში მას სულ არ აინტერესებდა კარდინალური გეოპოლიტიკური, ისტორიული, კულტურული, მენტალური სხვაობა ჩვენსა და იმ რეგიონს შორის, რომელსაც საქართველო 200 წლის წინ მოწყდა და მოწყვიტა, დიახაც რუსეთმა!
    ეს მწარე გაკვეთილი ამიერიდან მაინც უნდა გავითვალისწინოთ: არც ამერიკა და არც დასავლეთი სინამდვილეში არ არის «ჭეშმარიტებისა და ყოვლისშემძლე ძალის» ერთადერთი წყარო: ისიც მოქმედებს ეგოისტური გეოპლიტიკური გათვლებით, მასაც ჰყავს რეგვენი მმართველები, რომლებიც საქართველოს რუქაზეც ვერ გიჩვენებენ ზუსტად და ხშირად ელემენტარული ალოთიც არ გამოირჩევიან: მაგალთად, ჯორჯ–ბუშ უფროსმა, 1991 წელს, უკრაინაში ყოფნისას, საბჭოთა ხალხებს მოუწოდა, ერთიანი მოსკოვური სახელმწიფო შეენარჩუნებინათ. საოცარია არა? მთელი ისტორიის განმავლობაში ყველფერს აკეთებდნენ იმისათვის, რათა ის სახელმწიფო დაეშალათ, დაესუსტებიანთ, ნაციონალიზმი, ანუ დამოუკდებლობისაკენ მისწრაფება გაეღვივებინათ და როცა «საქმე–საქმეზე მიდგა», იმპერია არ დაშალოთო – მოგვიწოდეს. რატომ? იმიტომ, რომ ატომური იარაღის მოკავშირე რესპუბლიკებს შორის გავრცელება არ აწყობდათ. ამის გამო აუტკივარი თავის ატკივება არ ეპიტნავებოდათ.
    ოღონდ ყოველივე ამის გამო კი არ უნდა გავბრაზდეთ, ან ამერიკა კი არ უნდა მოვიძულოთ. უბრალოდ, უნდა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ დიდი პოლიტიკაში ყველაფერს ინტერესები წყვეტენ, პატარა ქვეყნისათვის თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალება კი ცივი პრაგმატიზმია.
    სწორედ პრაგმატიზმი უნდა იქცეს საქართველოს ეროვნულ იდეად უახლოესი ათწლეულების განმავლობაში!

2012