ვაჟა ლორთქიფანიძე მომავალზე ფიქრმა დაღუპა

ვაჟა ლორთქიფანიძე მომავალზე ფიქრმა დაღუპა

        საქართველოს პრეზიდენტის იდუმალებით მოცულმა შეხვედრებმა ჯერ «გადამდგარ-დროებით» მინისტრებთან, შემდეგ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, უმალვე წარმოშვა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის არსებობს აზრთა ერთგვარი უთანხმოება მომავალი მთავრობის კონფიგურაციისა და პერსონალური შემადგენლობის შესახებ.
        «მოქკავშირის» ელიტაში ჯერ კიდევ ამ შეხვედრებამდე მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომლის დროსაც, როგორც ჩანს, გამოიკვეთა მთავარი გადაწყვეტილება: თუ შექმნილი კატასტროფული საბიუჯეტო კრიზისის ფონზე პრეზიდენტი წარმოადგენს, ხოლო პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობის «ძველ» შემადგენლობას, ეს ძალზე უარყოფითად იმოქმედებს ხელისუფლების იმიჯზე და შედეგსაც არ მოიტანს კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით.
        9 აპრილის არჩევნების შემდეგ მოქალაქეთა კავშირსა და პრეზიდენტს სჭირდებოდათ მძლავრი დემარში არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ ამ პოლიტიკის განმახორციელებელი მთავრობის რეფორმირების თვალსაზრისით.
        საქართველოს მოსახლეობას კვლავინდებურად ახასიათებს რეალობის პერსონიფიცრება – ეს, თავისთავად რეალობაა, რასაც ვერავინ გაექცევა.
        შეუძლებელია მოსახლეობამ მიიღოს და აღიქვას ახალი პოლიტიკა, თუ არ მოხდა პერსონაჟთა შეცვლა. როგორც ჩანს, ამ ლოგიკით ხელმძღვანელობდა პარლამენტის (იგივე მოქალაქეთა კავშირის) ელიტა, როდესაც პრეზიდენტისაგან კარდინალურ ცვლილებებს მოითხოვდა.
        კონკრეტულად რა გადაწყდა რამდენიმე დღის წინ გამართულ «საიდუმლო სერობაზე», თითქოსდა ძნელი დასადგენია, ვინაიდან სხდომა დახურული იყო. თუმცა ინფორმაციამ მაინც გაჟონა – პარლამენტარებმა პრეზიდენტს შესთავაზეს, სრულიად ახალი კანდიდატურები წარმოადგინოს პარლამენტში, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის ჩათვლით.
        თავდაპირველად, არ იყო ცნობილი, ესწრებოდნენ თუ არა პრეზიდენტთან შეხვედრას ოპოზიციონერები – ოპოზიციური ფრაქციების ლიდერები და ოპოზიციონერი დეპუტატები. თუმცა ის ინფორმაცია, რომელმაც სწორედ პარლამენტიდან გაჟონა, გვარწმუნებს, რომ წარმოუდგენელია ასეთ სხდომაზე ოპოზიცია მიეწვიათ, ვინაიდან იხილებოდა მეტისმეტად «ინტიმური» და «ფაქიზი» საკითხები, რომლებიც არც ერთი თვალსაზრისით არ ეხებოდა ოპოზიციას (ვთქვათ, კოალიციური მთავრობის მკვდრადშობილ იდეას), არამედ გულისხმობს მხოლოდ ძალთა გადანაწილებას მმართველ პარტიაში: რაკი 9 აპრილის არჩევნების შემდეგ (ნაწილობრივ არჩევნებამდეც) სიმძიმის ცენტრი დაირღვა, სიტუაციის გაწონასწორება აუცილებელი გახდა შევარდნაძე-ჟვანიას ტანდემის შემდგომი განმტკიცებითა და გაძლიერებით.
        და მაინც, ეს ცვლილებები არ უკავშირდება მხოლოდ ლიდერობისათვის ბრძოლას მოქალაქეთა კავშირის შიგნით. მთლიანად ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა საბიუჯეტო კრიზისის შედეგად. ვითარება, გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება – აპრილის საბიუჯეტო გეგმა კვლავ «ჩავარდა», სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსება შეუძლებელი ხდება. იანვრიდან მიღებული შემოსავლები თითქმის მთლიანად საგარეო ვალის დაფინანსებას მოხმარდება.
        რა თქმა უნდა, მმართველი პარტიაც იძულებული გახდა, მიეგნო «ჩავარდნის» კონკრეტული მიზეზებისათვის. ასეთი მიზეზი კი უდავოდ ის იყო, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სურდა (ეშინოდა) მიეღო არაპოპულარული გადაწყვეტილებები.
        ოღონდ აქაც არსებობს გარკვეული გრადაცია. პასუხისმგებლობის ხარისხის თვალსაზრისით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც განსაზღვრავენ საერთოპოლიტიკურ კურსსა და სტრატეგიას.
        რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრს – მისთვის უფლებამოსილებათა გაზრდის მთავარი აზრი, როგორც ჩანს ის იყო, რომ სწორედ მას მიეღო საკუთარ თავზე დარტყმა და განეხორციელებინა აუცილებელი, მაგრამ ძალზე არაპოპულარული ნაბიჯები: დაწყებული «არგადამხდელთათვის» ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით, დამთავრებული ურჩი გადამხდელების ანგარიშებისთვის ყადაღის დადებით.
        კაცმა რომ თქვას, ეს არ არის მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირის» ახირება. ნებისმიერი მმართველი პარტია ნებისმიერ ქვეყანაში ყოველთვის ცდილობს ტაქტიკური სირთულეების «პერსონიფიცირებას», რათა არ დაიკარგოს სტრატეგიული კურსის მხარდაჭერა მოსახლეობის (ელექტორატის) მხრიდან.
        ეს სრულიად არ ნიშნავს (თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ), რომ სახელმწიფო მინისტრს (ამ შემთხვევაში, ვაჟა ლორთქიფანიძეს) მოქკავშირის ელიტა გაწირავდა, ოღონდ ლორთქიფანიძეს არაპოპულარული (მაგრამ აუცილებელი) გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, პიროვნული კარიერის პერსპექტივა მოესპობოდა, ვინაიდან არა მხოლოდ ხალხის სიძულვილს დაიმსახურებდა (შეუძლებელია რეფორმატორი ხალხს უყვარდეს, ვინაიდან ადამიანები აუცილებლობას ყოველთვის ვერ აცნობიერებენ), არამედ გადაიკიდებდა გავლენიან ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფებს.: აი, სწორედ აქ არის პრობლემის არსი.
        ვაჟა ლორთქიფანიძეს, როგორც ჩანს, არ ეპიტნავა მომავალზე უარის თქმა, იგი ნამდვილად შორს იხედებოდა და 2005 (ან 2010) წლის შემდგომ პერსპექტივასაც ჭვრეტდა. მით უმეტეს, პოსტსაბჭოურ ისტებლიშმენტში ხომ საკმოად მრავალრიცხოვანი ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის სეგმენტი ამიტომ სახელმწიფო მინისტრი ერიდებოდა მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას, რაც აუცილებელი იყო საბიუჯეტო კრიზისის დასაძლევად.
        მეორე მხრივ, ზურაბ ჟვანიასა და «საპარლამენტო ელიტის» მოტივაცია გასაგებია: მას კიდევ უფრო ნაკლებად ეპიტნავებოდა პასუხისმგებლობის აღება იმისათვის, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა ეკეთებინა. მით უმეტეს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა უცნაური ვითარება, როდესაც მთავრობა გაცილებით ნაკლებად ასოცირდება სოციალურ პრობლემებთან, ვიდრე პარლამენტი და პრეზიდენტი.
        როგორც ჩანს, ვაჟა ლორთქიფანიძემ სწორედ აქ დაუშვა უმძიმესი შეცდომა: მას რომ ნაკლები ეფიქრა მომავალზე და შეესრულებინა სახელმწიფო მინისტრის უშუალო ფუნქცია (ანუ მიეღო აუცილებელი, თუმცა არაპოპულარული გადაწყვეტილებები), მოქალაქეთა კავშირის ელიტა (პრეზიდენტის ჩათვლით) მის მიმართ ესოდენ მკაცრი არ იქნებოდა.
        ჯერჯერობით გაურკვეველია, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა უკვე გადაწყვიტა ლორთქიფანიძის შეცვლა, ანუ დაეთანხმა «საპარლამენტო ელიტის» მოთხოვნებს, მაგრამ თუ ეს ხმები გამართლდა, პროცესები ლოგიკურად დაგვირგვინდება (უფრო ალოგიკური იქნებოდა მათი სხვაგვარად დასრულება) და სახელმწიფო მინისტრი გახდება ისეთი პიროვნება, რომელსაც (განსხვავებით ვაჟა ლორთქიფანიძისაგან) არ ექნება არანაირი პოლიტიკური (მით უმეტეს, საპრეზიდენტო) ამბიცია, ანუ მზად იქნება შეასრულოს მძლავრი «ტარანის» ფუნქცია – არაპოპულარული, სარისკო გადაწყვეტილებებით საბიუჯეტო კრიზისის გარდატეხისა.
        რაც შეეხება «კურსს» - მმართველ პარტიას და მთლიანად ხელისუფლებას ამ საკითხში უკან დასახევი გზა არა აქვთ.

მერიდიანი, 5 მაისი, 2000 წელი