ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება: ხელისუფლების რისკიანი „ვა-ბანკი“

ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება: ხელისუფლების რისკიანი „ვა-ბანკი“

    ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და „ხანმოკლე ექსპრემიერის“ დაპატიმრების შემდეგ ყველაზე საინტერესო კომენტარი პრეზიდენტმა გააკეთა. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ ვანოს უკვე ვერაფრით დაეხმარება. ერთადერთი, შეუძლია შეიწყალოს, თუმცა ალბათ ვერც ამას მოასწრებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე; და როგორც დაბადებით პოლიტიკოსი, მიშა თანდაყოლილი გუმანით გრძნობს, რომ „პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა“, არარეალური ინტენციის გამომჟღავნება კი მუდამ წამგებიანია.
    მერაბიშვილის დაპატიმრებას წინ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა უსწრებდა: ყოფილი პოლიტპატიმრების ყრილობა სპორტის სასახლეში - უკვე დაუფარავი მუქარით ახალი ხელისუფლების მიმართ, „სამართლიანობის აღდგენის პროცესში მისი უნიათობის გამო, - და ნინო ბურჯანაძის დასწრება ამ ყრილობაზე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვანო სწორედ ნინომ დააპატიმრა, რაკი ხელისუფლება მიხვდა, რომ ქართული პოლიტიკის „რკინის ლედი“ ხელწამოსაკრავი კონკურენტი არ არის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ხოლო „აქტიურად უკმაყოფილოთა“ მასა ძალიან ძლიერი რესურსია საარჩევნო ბრძოლაში. მაშინაც, თუ ხელისუფლება გპირდება, რომ იმ არჩევნებს გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაატარებს. არაფერს ისე არ სცემს ამომრჩეველი პატივს, როგორც ძალას! და თუ შენიშნა, რომ სწორედ ნინოა „მაგარი“ და არა ბიძინა (მით უმეტეს ფილოსოფოსი გიორგი) მაშინ არჩევანიც „ძლიერის“ სასარგებლოდ გაკეთდება. ძლიერი და აქტიური კი ის იქნება, ვისაც 9 წლის განმავლობაში გაანჩხლებული და გავეშებული ათასობით „ზეაქტიურ ადამიანი“ დაუჭერს მხარს საოქტომბროდ.
    ამდენად, ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო განაცხადისა და პოლიტპატიმრებთან მისი არაფორმალური შეთანხმების შემდეგ, ივანიშვილის გუნდს რადიკალური ნაბიჯების გარდა სხვა გზა აღარც დარჩენოდა: მიხვდნენ, რომ შემდგომი გაუბედავობით სერიოზულად რისკავენ. თუმცა, ვანოს დაპატიმრებაც მძიმე რისკია: თუ ხელისუფლებამ (პროკურატურამ) ეს საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, შედეგი უარესიც შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე არდაპატიმრების შემთხვევაში იქნებოდა.
    არადა, საქმის მასალები ასპროცენტიან გარანტიას არ ქმნიან: პროკურატურის წარმომადგენელს, ვინც საბრალდებო დასკვნა ჟურნალისტებს გააცნო, რატომღაც ეგონა, მის გამოსვლას ყურადღებით არავინ მოისმენდა. მაგალითად, ხელვაჩაურის აგარაკზე საუბრისას ასეთი რამ თქვა: „ვანო მერაბიშვილმა დააკავა იგი“. მსმენელს მოეჩვენებოდა, რომ ლაპარაკია არა აგარაკის დაკავებაზე, არამედ მისი მფლობელი ბზინესმენისა. სინამდვილეში, „კვარციტისა“ და „მადნეულის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ ლობჟანიძე საქართველოდან შვეიცარიაში ჯერ კიდევ 2003 წლის სექტემბერში (!) გადასახლდა, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ ირაკლი ოქრუაშვილის დროს აღიძრა, როცა ვანო მერაბიშვილი ჯერ მინისტრიც არ იყო.
    გარდა ამისა, ბუნებრივად ჩნდება კითვა: თუ სახელმწიფომ მფლობელს ქონება უკანონოდ ჩამოართვა და ამჟამადაც სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება, ახალი ხელისუფლება ბიზნესმენს რატომ არ უბრუნებს? გააუქმოს საპროცესო შეთანხმება და დაუბრუნოს - ამაზე ადვილი რა არის? ოღონდ საქმე ისაა, რომ საავიაციო ქარხნის მისი ყოფილი მფლობელებისთვის დაბრუნება უფრო რთული იქნება და პრეცედენტისაც ამიტომ ეშინიათ. ყველაფერი ბევრად იოლი იქნებოდა, მერაბიშვილს ის ვილა საკუთარ სახელზე რომ გადმოეფორმებინა, მაგრამ ამდენი ვეღარ „ინაგლა“.
    რაც შეეხება სოციალური მუშაკებისთვის ხელფასების დარიგებას, არც ეს იქნება იოლი დასამტკიცებელი, თუ ნამდვილად არსებობს 600 000 ხელმოწერილი და გაფორმებული ანკეტა. ხოლო ინტერვიუერი რას ეუბნებოდა რესპოდენტს გამოკითხვისას და ეუბნებოდა თუ არა „ხმა ნაციონალურ მოძრაობას მიეცითო“ - კანონი არ არეგულირებს.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    პროკურატურამ კიდევ ორი ბრალდება გააჟღერა - „გირგვლიანისა“ და „26 მაისის“ თაობაზე. პირველ „ქეისთან“ დაკავშირებით, სულ უფრო უცნაურ სახეს იძენს ოლეგ მელნიკოვის დაყოვნება კიევში: რა გახდა მისი ექსტრადირება? თუკი ის საკვანძო მოწმეა, რომელიც „მეიდნის სუფრაზე“ მყოფ ჩინოსნებს აკავშირებდა მერაბიშვილთან, ახალაიასთან და სხვებთან, მაშინ კონკრეტულად რატომ არაფერი ითქვა, რა მექანიზმებით და ვისი მეშვეობით ახორციელებდა მერაბიშვილი საქმის გაყალბებას? ეს ხომ ბევრად უფრო ხელშესახები და აღმაშფოთებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის, ვიდრე თუნდაც სოცმუშაკებთან დაკავშირებული ბუნდოვანი ბრალდება?
    კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაშია ხელისუფლება 26 მაისის ეპიზოდში: არც ეს ბრალდება წაუყენებიათ მერაბიშვილისთვის. მხოლოდ გააჟღერეს, რაკი PR თვალსაზრისით მომგებიანია მაგრამ პრაქტიკულად - საშიში და წამგებიანი. იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ საქმეზე მხოლოდ მერაბიშვილი გაასამართლო და არ გაასამართლო მისი მოადგილეები, სპეცდანის მეთაური, რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც ადამიანებს გადამეტებული ძალით და უსასტიკესად უსწორდებოდნენ. აბა თუ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, მაშინ მინისტრს რისთვის ასამართლებთ? „ბრძანებას ვასრულებდითო“ - ყველა შემთხვევაში ვერ გამოდგება პასუხისმგებლობისგან თავის დასაძვრენად. ასეთი ფართო პროცესი კი ხელისუფლებას არ აწყობს, რადგან პირდაპირ „ურტყამს“ ძალისმიერ ინსტიტუტს: ხვალ რომ მთავრობას დასჭირდეს, პოლიციელები ბრძანებას აღარ შეასრულებენ (ამის სიმპტომები უკვე არის) რაკი მუდამ ექნებათ სასჯელის შიში ხელისუფლების მორიგი შეცვლის შემთხვევაში. ჰოდა როგორ „ზომოს“ ახლა სპეცდანელმა ან მათმა მეთაურმა, რომელი ხელისუფლების რომელი ბრძანებაა (ძალის გამოყენების შესახებ) სწორი, გამართლებული, კონსტიუტუციური და, ამდენად, შესასრულებელი?
    ერთი სიტყვით, ვანოს დაპატიმრებით „მეოცნებეთა გუნდმა“ მაინც სერიოზულ შარში გახვია თავი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ დასავლეთის პროგნოზირებად რეაქციას. ევროპაში უკვე წერენ „იულია ტიმოშენკოს სინდრომის შესახებ“ და პასუხიც შესაბამისი იქნება.
    კაცმა რომ თქვას, არც იულია და არც ვანო (ისევე, როგორც მიშა, ბიძინა და ა.შ) დიდად არ აღელვებთ; ახალი ხელისუფლებების მიერ ძველთა დაჭერა მხოლოდ იმიტომ არ მოსწონთ, რომ დასავლეთის სტრატეგიული მიზანი პოსტსაბჭოურ სივრცეზე ხელისუფლებათა არჩევნებით ცვალებადობის დამკვიდრებაა. ხოლო ის, რასაც უკრაინაში იანუკოვიჩი და საქართველოში ივანიშვილი აკეთებენ, ამ ტრადიციას ძირშივე სპობს, რადგან ყველა სხვა პოსტსაბჭოურ ელიტას უჩნდება დაპატიმრების შიში ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობის შემთხევაში! ამიტომ, არც სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ ოდესმე და არც ძალაუფლებას გადააბარებენ ვინმეს უსისხლოდ. ამგვარი სინდრომი კი, საბოლოოდ, კატაკლიზმებსა და „ლიბიურ სცენარებს“ მოასწავებს ამ ჩვენს ვეებერთელა, იარაღით გაძეძგილ პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
    მერედა, უნდათ ეს ევროპელებს? სულაც არა!

2013