ვაზიანში «სტელსებს» ელიან

ვაზიანში «სტელსებს» ელიან

        გუშინ ბრიტანულმა «ბი-ბი-სი»-მ ეთერში გააჟღერა და თავის ინტერნეტ-საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შესაძლო დაფუძნების შესახებ, რომელიც ანტიერაყული საომარი ინფრასტრუქტურის ნაწილად იქცევა.
        ბრიტანული მედიის ცნობით, ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინათ თბილისში შეხვედრისას ისაუბრეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ სკოდმეიკერმა და პრეზიდენტმა შევარდნაძემ. ამერიკული წყაროები ამ ინფორმაციას ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებენ, თუმცა, არც უარყოფენ. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას ამ თემაზე ნიშანდობლივად უპასუხა «ჩვენ ცუდს ვერაფერს ვხედავთ, პირიქით, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართვლეო მზად არის, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციებში, რაც ერაყის ტერიტორიაზე განხორციელდება».
        ამ პასუხით სავსებით ცხადია, რომ ინიციატივა სამხედრო ბაზის დაფუძნების შესახებ თბილისს ეკუთვნის და არა ვაშინგტონს, თუმცა, ამერიკელებმა ეს ინიციატივა საკმოად კეთილგანწყობით მიიღეს. საქმე ეხება ვაზიანის (ყოფილ რუსულ) სამხედრო ბაზას და ვაზიანის აეროდრომს, რომელსაც ნებისმიერი ტონაჟის და კლასის სამხედრო თვითმფრინავების მიღება შეუძლია.
        აეროდრომი მოდერნიზებულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვოებით. ამერიკელებს უმოკლეს ვადაში შეუძლიათ მისი კეთილმოწყობა სამხედრო-ტექნიკური სტანდარტის შესაბამისად, როგორც ეს გააკეთეს ყირგიზეთში, ქალაქ მანასთან მდებარე აეროდრომზე. ერთადერთი გადაულახავი წინააღმდეგობა რელიეფი და საფრენი ბილიკის სიგრძე იქნებოდა, მაგრამ ვაზიანის აეროდრომი ამ თვალსაზრისითაც ყველა მოთხოვნას შეესაბამება.
        მაშასადამე, მთავარია, რამდენად სჭირდება პენტაგონს საქართველოს გამოყენება და ოფიციალური თბილისის წინადადების მიღება. ამ საკითხს კი ორი ასპექტი აქვს: სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური.
        სამხედრო თვალსაზრისით, დამატებითი სამხედრო აეროდრომი ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა, ანუ იმ შემთხვევაშიც თუ მეზობელ თურქეთში ყველა პრობლემა გადაიჭრება (საეჭვოა, ამ ქვეყნის სამხედრო ელიტამ, რომლეიც, ფაქტობრივად, მართავს ქვეყანას, ამეროიკული პოლიტიკის ფარვატერიდან გადაუხვიოს) და ამერიკა თავისუფლად შეძლებს აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ბაზის გამოყენებას (სხვათა შორის, ეს ბაზა ჯეიჰაპნის პორტიდან სულ ახლოს მდებარეობს), მეორე, ასეთივე კლასის აეროდრომი მას ნამდვილად «არ აწყენს».
        ბოლოს და ბოლოს, ეს ჩრდილოეთ მიმართულებიდან სამხედრო აფრენათა სიხშირეს გაზრდის. სამხრეთ მიმართულებიდან აფრენები ერთდროულად 5 ამერიკული ავიამზიდიდან განხორციელდება ისე, რომ დარტყმის ინტენსივობა არნახულ დონეს (დღეში 300-400 დარტყმას) მიაღწევს. ასევე დისპოზიციაში ვაზიანის აეროდრომი (ვიმეორებ) ამერიკელებს მხოლოდ დაეხმარებოდა – ხელს ნამდვილად არ შეუშლიდა.
        შესაძლოა, ვაზიანში განელაგებინათ დამხმარე საავიაციო ინფრასტრუქტურა, საჰაერო ბენზინმზიდები, მფრინავი რადარები და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს, თუ ერაყის ავიაცია «გაძალიანდება», ვაზიანის აეროდრომებს «სტესლის» ტიპის ფ-117», ვიაგამანადგურებლების მიღებაც შეძლია, მაშინ როდესაც იმავე («გაუჩინარების») ტექნოლოგიით შექმნილ მძიმე ბომბდამშენებს (ბ-2) ახლომდებარე აეროდრომები არ სჭირდებათ, ისინი მხოლოდ ამერიკის ტერიტორიიდან მოქმედებდნენ იუგოსლავიის ომის დროსაც.
        გარდა ამიისა, თანამედროვე სამხედრო ხელოვნებაში არსბეობს ისეთი ტერმინი, როგორიცაა «მიხტომის აეროდრომი» - საშუალო სიშორის ავიაციისთვის. ამ თვალსაზრისით, ვერანაირი ავიამზიდი ვერ შეცვლის აეროდრომს.
        ამრიგად, რომ არა მეორე (პოლიტიკური) ფაქტორი, ამერიკელები ერთ წუთსაც არ დაფიქრდებოდნენ, ისე განაცხადებდნენ თანხმობას ვაზიანის აეროდრომის გამოყენებაზე ერაყის ომის დროს. მაგრამ მოგვწონს ჩვენ თუ არა, ან მოსწონთ თვით ამერიკელებს თუ არა, არსებობს რუსეთის ფაქტორი.
        ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ საქართველომ ამერიკას შესთავაზა არა მხოლდ და არა იმდენად ვაზიანის ბაზის გამოყენება ერაყის ომის დროს, არამედ (ყირგიზეთის მსგავსად) ვაზიანში მუდმივი ამერიკული ბაზის დაფუძნება იმავე მანასის აეროდრომის დარად. ეს წინადადება სავსებით რაციონალური და მიზანშეწონილია. მართლაც, საეჭვოა, ომი ერაყში 2 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. შემდეგ ამერიკელები წავლენ, ანუ საქართველო გაღიზიანებულ რუსეთთან პირისპირ დარჩება. ეს იყო, ჯობს, რუსეთის «გამოსასწორებლად» ამერიკული კონტინგენტიც დარჩეს საქართვლეოში, ვინაიდან ასიოდე სამხედრო ინსტრუქტორი, ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტ ფაქტორად ვერ გამოდგება.
        მიიღებენ თუ არა ამ წინადადებას ამერიკელები, ჯერჯერობით, უცნობია. უფრო მეტი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინჯირლიკის ბაზასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, ალბათ, უარს იტყვიან. ოღონდ ამას საკმაოდ დელიკატურად გააკეთებენ, რათა საქართვლეოს არ აწყენინონ.
        ალბათ, თურქეთში ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, მაქსიმუმი, რაც შეიძლება შედგეს, იქნება ვაზიანში დაზიანებული თვითმფრინავების დასმა და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება.

დილის გაზეთი, 14 თებერვალი, 2003 წელი