ეროვნული ბანკი ლეგიტიმურ ჩარჩოებში ექცევა?

ეროვნული ბანკი ლეგიტიმურ ჩარჩოებში ექცევა?

   

    საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო ბანკის მმართველი საბჭოს დამტკიცების შემდეგ, საბანკო სისტემაში პრინციპულად ახალი ვითარება იქმნება.
    ორი წლის განმავლობაში ეს სტრუქტურა (იურიდიული თვალსაზრისით) ფაქტობრივად ჰაერში იყო გამოკიდებული, ვინაიდან პარლამენტსა და ნოდარ ჯავახიშვილს შორის არსებული დაპირისპირების გამო, ეროვნული ბანკი გარკვეულწილად მოკლებული იყო თავისუფლებას - ყოველ შემთხვევაში, არ გააჩნდა მანევრირებისათვის აუცილებელი სივრცე.
    ამგვარი მდგომარეობა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აძლევდა ხელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩათვლით, ვინაიდან, რაც უფრო გაჭიანურდებოდა საბჭოს წევრთა დამტკიცება და გაურკვეველი იქნებოდა ექსპრეზიდენტ ჯავახიშვილის ბედი, მით უფრო დაექვემდებარებოდა ბანკი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლს.
    მათ კი, თავის მხრივ, მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ურყევად განეხორციელებინათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ რეკომენდირებული «მონეტარისტული» კურსი ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში.
    მაგრამ სავალუტო ფონდის ექსპერტები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ ტენდენციებს. მათ მხედველობიდან არ გამორჩებოდათ ის გარემოება, რომ 1998 წლის ბიუჯეტში «სოციალური მიმართულება» უფრო მეტად იყო გამოკვეთილი პროგრესისტულის საზიანად, ანუ მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის უფრო მეტი თანხა გამოიყო, ვიდრე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობაში ინვესტირებისთვის.
    ალბათ ამ მიზეზითაცაა გამოწვეული მრეწველობის ზრდის ტემპის შეჩერება იანვარ-თებერვალში.
    ვაშინგტონში ეს ტენდენცია უმალვე შენიშნეს და რაკი თბილისში ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა შეიქმნა, ედუარდ შევარდნაძისაგან რამოდენიმეჯერ კატეგორიულად მოითხოვეს ბანკის პრეზიდენტის საკითხის გადაწყვეტა. მათ იმდენად პიროვნულად ჯავახიშვილის ბედი არ აღელვებდათ, რამდენადაც თვით ბანკის გადაქცევა რეალურად «მეხუთე ხელისუფლებად», რომლის პოლიტიკის განსაზღვრა მხოლოდ პარლამენტის პრეროგატივა გახდებოდა.
    კონსტიტუციის თანახმად კი, სწორედ პარლამენტი ადგენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. მაგრამ თუ ბანკი აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი გახდებოდა, საჭირო შეიქნებოდა ისეთი ფიგურის გამოძებნა, რომელიც მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციებისათვის არ იქნებოდა უცხო და იმავე ხაზს გააგრძელებდა, რაც 1995 წლიდან ტარდება საქართველოში ფულად-საკრედიტო სფეროში.
    ირაკლი მანაგაძე შეიძლება სავალუტო ფონდის ნომენკლატურად ჩაითვალოს. როგრც ჩანს, კამდესიუს გუნდს (იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს კურირებს) აქვს მყარი გარანტია, რომ მანაგაძე «მონეტარისტულ» კურსს არც ერთ შემთხვევაში არ უღალატებს. პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილება კი მას ვერ აიძულებს «მემარცხენე» პოზიციისაკენ გადაიხაროს. რაც შეეხება პარლამენტის პოლიტიკის შეცვლას და «ინფლაციური გზით მრეწველობის სტიმულირების» წინადადებას, დღევანდელ პირობებში ეს შეუძლებელია! შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობას პარლამენტში მემარცხენეები მოიპოვებენ. სხვათა შორის, ამ უკანასკნელთ ტყუილად ჰგონიათ, რომ საქართველოს ზემძლავრი ფინანსური დონორები არჩევნებში მათ გამარჯვებას დაუშვებენ. თუ მათ რუსეთშიც ძალუძთ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოხდენა, მით უმეტეს შეუძლიათ ეს საქართველოში.
    სავალუტო ფონდი ვერ შეურიგდება ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც მის მიერ საქართველოს ეკონომიკაში (იგივე ლარის განმტკიცებაში) ჩადებული ასეულობით მილიონი დოლარი წყალში გადაყრილი აღმოჩნდება მორიგი «მემარცხენე ექსპერიმენტის» შედეგად.
    ამრიგად, ცოტა არ იყოს, გაუგებარი და უცნაურია «მემარცხენეთა» იმედი, რომელიც მათ პარლამენტის სხდომაზე გამოთქვეს: «თუ ახალი პრეზიდენტი მემარცხენე პოლიტიკას გაატარებს» (ანუ (იგულისხმება) თუ იგი დაუშვებს ყოვლად გაუმართლებელ ემისიას, მრეწველობის «გაბერვას» არაუზრუნველყოფილი ფულადი მასით, რაც ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც დასრულდა ბელორუსეთში), მაშინ მისი მოღვაწეობა მემარცხენეთათვის მოსაწონი იქნება.
    მაგრამ მანაგაძე, ალბათ, ასე არ იმოქმედებს. უფრო სავარაუდოა, რომ იგი გააგრძელებს ნოდარ ჯავახიშვილის კურსს. სოციალური დემაგოგიის აყოლა და «საკრედიტო რესურსებით» მანიპულირება ერთ-ერთი წინა პრეზიდენტისათვის როგორც დამთავრდა, ყველამ კარგად ვიცით.
    ჩვენი «მემარცხენეების» უბედურება კი ის არის, რომ მათ არ სურთ (არც უნდათ) გაიგონ: პოლიტიკა, რომელსაც ისინი ქვეყანას სთავაზობენ, უდავოდ პატივსაცემი პოლიტიკაა და ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, თურქეთში, საბერძნეთში) გაამართლა კიდეც, მაგრამ საქართველოს პირობებში იგი უეჭველად გადაიზრდება კრიმინალურ მარაზმში - კრედიტი მოხმარდება არა წარმოების სტიმულირებას, არამედ გაკოტრებულ, უმაქნის და უნიათო მეწარმეთა ცხოვრების მოწყობას იმავე მოსკოვში.
    ზუსტად ასე მოხდა საცოდავი დემურ დვალიშვილის დროს: როგორც კი ასეთი მეწარმე ფულს ხელში ჩაიგდებს, დაუყოვნებლივ გადაახურდავებს დოლარებში და რუსეთში «მოხევს» - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მოსკოვურ ბანკებში ჩარიცხულ ვალუტას მერე ვერავითარი ძალა ვეღარ დაგვიბრუნებს.
    მე შენ გეტყვი და ვინმეს შერცხვება ან პასუხისმგებლობას იკისრებს გარდაუვალი ფინანსურ-ეკონომიკური კრახისათვის. როგორ გეკადრებათ - უეჭველად იტყვიან, აბა, რა ჩვენი ბრალია, თუ ქართველი ერი კრიმინალური ფსიქოლოგიის მატარებელი აღმოჩნდა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება არ აღმოაჩნდაო.

მერიდიანი, 23 მარტი, 1998 წ.