ერთგულების გაკვეთილი

ერთგულების გაკვეთილი

    

        პოლიტიკურ წრეებში დიდი სჯა-ბაასია მომავალი «ახალი ოპოზიციური გაერთიანების» თაობაზე, რომელშიც, როგორც ამბობენ, «სააკაშვილის ხელისუფლებიდან წამოსული ფიგურებიც» მიიღებენ მონაწილეობას.
        საქართველოს უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, ეს მართლაც ძალზე საინტერესო თემაა: ჯერ არ ყოფილა სახელისუფლებო ცვლა ამ ქვეყანაში – მას წინ მოქმედი ხელისუფლების გემიდან ცნობილ ფიგურათა გადახტომის «ტყაპა-ტყუპი» არ წამძღვარებოდა.
        ასე იყო ზვიად გამსახურდიას, ასევე ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დასალიერს. ამჟამად, ჯერ-ჯერობით, გაქანებული «ტყაპა-ტყუპი» რაღაც არ ისმის. ოღონდ ამის მიზეზი ის არ უნდა იყოს მხოლოდ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძლიერი ხელისუფლება შექმნა და «გადახტომის» მსურველებს ვანო მერაბიშვილის უწყების შურისძიებისა ეშინიათ; თუმცა «გამოსაჩხრეკს» ალბათ მართლაც იოლად გამოუჩხრეკენ; არც ის უნდა იყოს მთავარი მიზეზი, რომ ოპოზიციაც, თუ ძალიან რბილად ვიტყვით, არც თუ «რაციონალურად იქცევა» - მაგალითად «სააკაშვილის გარემოცვის დაპატიმრება-გასამართლებით იმუქრება», იმავდროულად კი «მედიის თავისუფლებას» ითხოვს, რითაც მედიამფლობელ ბიზნესმენებსაც აშინებს და ხელისუფლებისადმი ტელემედიის ლოიალობას განაპირობებს.
        მთავარი მიზეზი, როგორც ჩანს, სხვაა. სათავე, ისევ და ისევ, «ვარდების რევოლუციასა» და შემდგომ განვითარებულ მოვლენებშია. საქმე ის გახლავთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რევოლუციაში გამარჯვების შემდეგ, შექმნა (ქვეყნისათვის) ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პრეცედენტი იმისა, რომ «გემიდან გადახტომა» არავის დაუფასდება!
        იმ ქვეყანაში, სადაც ერთ-ერთი პოლიტიკოსი (ქალბატონი) ამაყად აცხადებდა «ერთგულება ძაღლის თვისებააო», ამგვარ პრეცედენტს, გადაუჭარბებლად, «სახელმწიფოთშემოქმედი ფაქტორის» მნიშვნელობაც კი აქვს!
        მართლაც, აბა კარგად გავიხსენოთ, რით და როგორ «დაუფასა» ახალმა ხელისუფლებამ «გემიდან გადახტომა» მათ, ვინც ამ «სკუპის» სანაცვლოდ ახალ ხელისუფლებაში ადგილსა და კეთილდღეობის განგრძობას ელოდა: ის პოლიციელები (რიგითებიც და ჩინოსნებიც), რომლებმაც ხელისუფლება არ დაიცვეს, მომიტინგეებს ღიმილით აცილებდნენ კანცელარიის შენობისკენ და ჩუმ-ჩუმად ქშენდნენ – «მიდით ბიჭებო, მოგვაწექით და გავიწევითო», ან «გაი»-ს თანამშრომლები, რევოლუციურ ესკორტს რომ მაშუქებითა და ზუმერებით ესალმებოდნენ ავტომაგისტრალზე დასავლეთიდან – თბილისისაკენ, ახალმა ხელისუფლებამ რევოლუციის უმალვე გააპანღურა სამსახურებიდან, უმუშევრად დატოვა და მათ ნაცვლად «საპატრულო პოლიცია» შექმნა; ანუ სრულებით ახალი ხალხი მოიყვანა, რომელიც წინამორბედთა ბედს მკაფიოდ ხედავს და ჭკუისსასწავლებლ გაკვეთილადაც მიიჩნევს;
        ის «ქართველი გენერალი», რომლის სპეცდანიშნულების რაზმი, 2003 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში, პირველი გადავიდა რევოლუციონერთა მხარეს და მიტინგებზე ამას ამაყადაც აცხადებდა – რევოლუციურმა ხელისუფლებამ, სულ მალე, აგრეთვე პანღურისკვრით გააგდო ქუჩაში და თავლსალაფიც დაასხა;
        შევარდნაძისდროინდელი ჩინოსნებს, რომლებიც რევოლუციამდე რამდენიმე კვირით ადრე რევოლუციონერებისათვის ერთობ სასარგებლო განცხადებებით გამოდიოდნენ ტელევიზიით და იმდროინდელი «რუსთავი ორის» სენსაციურ ტოპნიუსებს ქმნიდნენ შევარდნაძის რეჟიმის მხილებით, ასევე მათ, ვინც «მომავლებს» თვალს უპაჭუნებდა საიდუმლო შეხვედრებისას, სულ მალე ჰკრეს პანღური ყოველგვარი მობოდიშებისა და ალტერნატივების გარეშე;
        შემდგომ იმ ჟურნალისტებსაც, რომლებმაც «ფეხი და ენა» შევარდნაძისდროინდელი სიტყვის თავისუფლების პირობებში აიდგეს, თუმცა ყველაფერი გააკეთეს ხელისუფლების დელეგიტიმაციისა და «გადარდუბალებისთვის», ანუ რევოლუციის წარმატებისა და გამარჯვებისთვის, - აგრეთვე ამოჰკრეს ნაზ ადგილას, ან ციხეშიც ჩასვეს;
        და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ რიგის გაგრძელება კვლავ შეიძლება. შესაბამისად, დღევანდელი სახელისუფლებო ელიტის წევრები ხვდებიან, რომ გემიდან «ტყაპა-ტყუპით» გადახტომა მათ ვეღარ უშველის, - ყველაფერს დაკარგავენ, - ახალი ხელისუფლება თავის ხალხს მოიყვანს, ძველებს (განურჩევლად მათი «დამსახურებისა») უეჭველად გააპანღურებს და, თანდათანობით მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ერთგულება არა უბრალოდ ღირებულებაა, არამედ (რაც მათთვის ბევრად არსებითია) პრაგმატული არჩევანიც!
        გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ საზოგადოებრივი ღირებულების «განმტკიცება» ესოდენ ჭკუისსასწავლებელი მაგალითით და შესაბამისი ტრადიციის ჩამოყალიბება (ისევ და ისევ იმ ქვეყანაში, სადაც ერთგულება «ძაღლის თვისებად» მიაჩნიათ გავლენიან «საზოგადოებრივ ფიგურებს») საქართველოს მესამე პრეზიდენტის დიდი დამსახურებაა ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე.
        ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ხსენებული, ამ ქვეყანაში ისტორიულად ერთობ გავრცელებული შეხედულებისა, ერთგულება სახელმწიფოებრივი ფენომენიცაა და მას სათუთი გაფრთხილება სჭირდება.
        თუნდაც ამ «სითათუთის» გამოხატულება ლაზათიანი პანღური იყოს მათთვის, ვინც ამ ღირებულებას «ძაღლის თვისებად» მიიჩნევდა და მიიჩნევს.