ენგური - დროის საზღვარი წარსულ და მომავალ საქართველოს შორის

ენგური - დროის საზღვარი წარსულ და მომავალ საქართველოს შორის

 

    აწ უკვე ისტორიას ჩაბარებული კომუნისტური წყობის ერთ-ერთი მთავარი თვისება სინამდვილის გაყალბება იყო. ეს ეხებოდა როგორც აწმყოს, ასევე წარსულ სინამდვილესაც, რომ აღარაფერი ვთქვათ, ისეთ კურიოზზე, როგორიცაა მყოფადი რეალობის (მომავლის) გაყალბება - რაც თითქოს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ «ყველაზე პროგრესული» იდეოლოგიის მესვეურებმა ესეც სცადეს.
    დროისა და რეალობისადმი უპატივცემულო, აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის იყო, არის და იქნება ტოტალიტარული საზოგადოების უპირველესი თვისება, მისი განმსაზღვრელი ნიშანი - ამგვარ საზოგადოებაში დრო (ბუნების კანონთა საწინააღმდეგოდ) მატერიალურ სახეს იძენს. ოღონდ მისი გამოხატულება სალვადორ დალის ერთ-ერთ მხატვრულ ტილოზე გამოსახული «დამჭკნარი საათია». საათი არ შეიძლება დაჭკნეს ყვავილივით, მაგრამ ეს იყო დიდი ხელოვანის პროტესტი დროის მატერიალიზაციისა და პოლიტიზაციის წინააღმდეგ - იგი ხომ ასევე არ შეიძლება, დღევანდელობის ნიხრით «გამოიქნას».

    ქართული საზოგადოება, მიუხედავად ერთი შეხედვით მასში მომხდარი «გრანდიოზული» ცვლილებებისა, თავისი შინაგანი არსით, სიღრმისეული ბუნებით, კვლავ ტოტალიტარულად რჩება. მატერიალურ გარსს, ამ შემთხვევაში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - უნდა დავაკვირდეთ არა ქუჩებში საკმაოდ ამაზრზენად გამოფენილ სავაჭრო დახლებს, არამედ იმას, თუ რა მდგომარეობაშია საზოგადოებრივი ცნობიერება - რამდენად ძალუძთ «ძლიერთა ამა ქვეყნისა» მასში ხელოვნური «იდეოლოგიური ინექციებით» სასურველი პროცესების პროვოცირება და მართვა; რამდენად ადვილად (ან ძნელად) ეგუება ეს ცნობიერება სხვადასხვა დოგმასა და სტერეოტოპს.

    დღეს საქართველო შემაძრწუნებელი დუმილით შესცქერის იმას, თუ როგორ შორდება მის სხეულს აფხაზეთი. სისხლი - სისხლთაგანი და ხორცი - ხორცთაგანი ჩვენი ქვეყნისა. მდინარე ენგური, რომელსაც არასდროს განუკვეთია ქართული სამყარო - ამჟამად ხელოვნური საზღვარია არა მხოლოდ თანადროული პოლიტიკურ-ტერიტორიული გაყოფის თვალსაზრისით (ამ «გაყოფის» შედეგად წარმოშობილ ორ «სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს» შორის), არამედ, უფრო დიდი და მრისხანე გაგებით, ეს არის დროითი საზღვარი - წარსულსა და მომავალს შორის. იგი ჰყოფს იმ საქართველოს, რომელიც დავკარგეთ, - მომავალი საქართველოსგან. დროითი ერთობლიობის, დროის ჰარმონიის აღსადგენად კი აუცილებელია დღესვე გავიაზროთ, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, რატომ შეიქმნა დღეს სწორედ ამგვარი რეალობა, იყო თუ არა ეს გარდაუვალი; სად, როდის დავუშვით შეცდომა და ვინ არის დამნაშავე, უფრო ზუსტად - ვინ ტყუის დროისა და ისტორიის წინაშე იმ ადამიანთაგან, რომლებიც ამჟამად, მომხდარი ეროვნული კატასტროფის მიზეზთა საკუთარ, დოგმატურ ხედვას ამკვიდრებენ ერის ცნობიერებაში.
   

* * *

    1992-1994 წლებში, აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენათა შესახებ, საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე სტერეოტიპს ამკვიდრებს. უპირველესი (და უმთავრესი) მათგანი ომის დაწყების მიზეზებსა და გარემოებებს ეხება.
    ეს სავსებით ბუნებრივია. ხელისუფლება თითქმის ინსტიქტურად გრძნობს, რომ სწორედ აქ იმალება მთავარი კითხვა: რატომ დაიწყო ეს ომი? რა გახდა მისი მიზეზი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, - რა მიზანს ისახავდა იგი? ამიტომაც ჩქარობენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. მაგრამ, თუ «პასუხებს» ყურადღებით გავაანალიზებთ, არ არის ძნელი შესამჩნევი მათი სრული აბსურდულობა.

    რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას, ხელისუფლებამ შემდეგი სტერეოტიპი შემოგვთავაზა: «ომი აფხაზეთში ჩვენ არ დაგვიწყია. საჯარისო ნაწილების გადაადგილება მიზნად ისახავდა სატრანსპორტო კომუნიკაციების დაცვას. ომი კი დაიწყო იმის გამო, რომ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი არ ჩავიდა სოხუმში და არ შეუთანხმა ოპერაციის გეგმა ვლადისლავ არძინბას».
    ერთი შეხედვით საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს: არძინბას გეგმა არ გავაცანით და მანაც გასცა ბრძანება გალი-ოჩამჩირის საზღვარზე ქართული საჯარისო ნაწილებისთვის ცეცხლი გაეხსნათ - «მაშინ დაიღვარა პირველი სისხლი და დაიწყო საქართველოს დამღუპველი ომი».
    არადა, ამ კონსტრუქციის «ლოგიკა» ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს - იგი უმალვე იშლება, როგორც კი ისტორიულ ფაქტებს ვუპირისპირებთ. გავიხსენოთ მაშინდელი ვითარება:
    1992 წლის აგვისტოსთვის საქართველოში დამყარდა ძალთა იმგვარი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო ომის ჭეშმარიტ ინსპირატორს - რუსეთს აძლევდა ხელს: ქვეყანას მართავდა სახელმწიფო საბჭო, რომლის იურისდიქცია ფაქტობრივად არ ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოს (მათ შორის აფხაზეთის) უდიდეს ნაწილზე; კრემლის სპეცსამსახურები, რომლებიც ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს ზვიად გამსახურდიას დამხობას, იმჟამად გარკვეულ დახმარებას უწევდნენ სამეგრელოსა და აფხაზეთში გამაგრებულ მის შეიარაღებულ ფორმირებებს, რათა შეინარჩუნონ საქართველოში დაძაბულობა და არ მისცენ ქვეყანას სტაბილური განვითარების საშუალება. მათ ოდნავადაც არ აინტერესებდათ ის «მსოფლმხედველობრივი» დაპირისპირება, რომელმაც სამოქალაქო ომი გამოიწვია. დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შემდეგ კრემლს აინტერესებდა მხოლოდ ერთი - არასტაბილურობა საქართველოში, რომელიც შესანიშნავი ფონია «მართვადი ქაოსის» მექანიზმების ამოქმედებისთვის; აფხაზეთის ტერიტორიაზე იმართებოდა დამხობილი ხელისუფლების მომხრეთა მიტინგები, ქობალიას შეიარაღებული ფორმირებებმა დაატყვევეს რომან გვენცაძე და ალექსანდრე კავსაძე; ახლოვდებოდა 11 ოქტომბრის არჩევნები, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ფაქტობრივად არსებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია; აფხაზეთში კი, არძინბას დაჯგუფება ზედიზედ იღებდა სეპარატისტულ გადაწყვეტილებებს - აღადგინა 1925 წლის ანტიქართული კონსტიტუცია; ძალადობის გზით თანამდებობიდან გააძევა შინაგან საქმეთა მინისტრი, გივი ლომინაძე.
    მივაქციოთ ყურადღება: როდესაც ედუარდ შევარდნაძე დღეს საუბრობს აფხაზეთში ომის დაწყების წინაპირობებზე, მას თითქოს «ავიწყდება» ფაქტების ამ ჯაჭვიდან ზოგიერთი რგოლი. კერძოდ, პარლამენტში გამოსვლისას მან გაიხსენა ზვიადისტების მიერ რომან გვენცაძის მოტაცების ფაქტი, მაგრამ რატომღაც არაფერი უთქვამს იმის თაობაზე თუ როგორ დაჭრეს აფხაზებმა გივი ლომინაძე და როგორ გააძევეს იგი სოხუმიდან - თბილისში; არაფერი უთქვამს აგრეთვე აფხაზების მიერ 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენაზე ან მდინარე ენგურთან «აფხაზური საბაჟოს» გახსნის შესახებ - თითქოს ეს ყველაფერი არც მომხდარა.
    ახლა კი, გავიხსენოთ, რას ამბობდა დღევანდელი სახელმწიფოს მეთაური, მაშინ - 1992 წლის აგვისტო-სექტემბერში - სახელმწიფო საბჭოს სხდომებზე გამოსვლისას:
    იმ დროს პირიქით – მას თითქოს დაავიწყდა «ზვიადიზმის პრობლემა». სამაგიეროდ, ძალიან ბევრს საუბრობდა «აფხაზური სეპარატიზმის ფესვებზე», იმაზე, რომ «ეს პრობლემა ბოლოს და ბოლოს უნდა გადაწყდეს», რომ «ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძემ» ერთხელ ხრუშჩოვის სიტყვები გაიხსენა: Я натравлю на вас Абхазов! სწორედ მაშინ გაისმა ნიშანდობლივი ფრაზა ერთ-ერთ ინტერვიუში: «დღეს (როდესაც სამამულო ომი მძვინვარებს -ავტ.) ქართველი ერის, საქართველოს ხსნა ჩვენს ერთიანობაშია. უნდა გავერთიანდეთ საქართველოს გადასარჩენად!».
    დიახ, წინააღმდეგობა ნამდვილად არსებობს, მაგრამ უდავოა ისიც, რომ შევარდნაძეს ძალიან კარგად ესმოდა, რით შეიძლებოდა დამთავრებულიყო ომი. ძალიან კარგად ესმოდა რუსეთის მომავალი როლი და რომ (აი ეს არის ყველაზე მთავარი) მთელი პასუხისმგებლობა შედეგებზე მას და სწორედ მას დაეკისრებოდა.
    გავახსენოთ ფაქტების მეორე, «პარალელური» რიგიც: 1992 წლის 13 აგვისტოს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე იმართება ხალხმრავალი მიტინგი. იმ დილით გვარდია უკვე დაძრული იყო აფხაზეთისკენ - წინა დღეს  სახელმწიფო საბჭომ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება. მიტინგზე გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა და ამბობს ძალიან უცნაურ ფრაზას: «გუშინ ედუარდ შევარდნაძემ თქვა - უნდა გადავდგეო. ჩვენ კი ვუთხარით - ეს იქნება ღალატი!»
    თენგიზ სიგუა, რა თქმა უნდა, შევარდნაძის «გულმხურვალე სიყვარულით» არც მაშინ გამოირჩეოდა. ამ ფრაზას კი არაერთი უცნაურობა ახლდა თან: მსმენელთათვის გაურკვეველი დარჩა, კონკრეტულად რას ეხებოდა იგი - რატომ დაიქადნა შევარდნაძემ გადადგომა - რომან გვენცაძის მოტაცების გამო, თუ. . . . თუ ეს დაკავშირებული იყო იმ დისკუსიასთან, რომელიც სამხედრო საბჭოზე გაიმართა «აფხაზეთის ტერიტორიაზე საჯარისო ნაწილების გადაადგილების» თაობაზე?!
    კიდევ ერთი, დღეს უკვე უეჭველი ფაქტი: სამხედრო საბჭოს იმ სხდომაზე ჯაბა იოსელიანი ამ «ოპერაციის» წინააღმდეგი იყო. სწორედ იმის გამო, რომ მას ძალიან კარგად ესმოდა: ომი აფხაზებთან გარდაუვალი გახდებოდა და ასევე გარდაუვალი გახდებოდა დამარცხებაც.
    ამასობაში, სამი ათასი გვარდიელი, ორმოცდაათი მოძველებული ტანკითა და ჯავშანმანქანით, სწრაფად მიიწევდა დასავლეთისკენ. 13 აგვისტოს, საღამოს, საქართველოს ტელევიზია გადმოსცემს ინტერვიუს ქუთაისში მყოფ თენგიზ კიტოვანთან. ვიმეორებ სიტყვა-სიტყვით: «მიღებულია გადაწყვეტილება, გვარდიამ დაიცვას რკინიგზა ლესელიძიდან - სამტრედიამდე. ჩვენ ბოლომდე გავალთ და ამ გადაწყვეტილებას შევასრულებთ. ვინ შეიძლება გაგვიწიოს წინააღმდეგობა? შეიძლება წინააღმდეგობა გაგვიწიონ აფხაზებმა მაგრამ ჩვენ არ გვეშინია ამის, რადგან ვიცავთ ჩვენს სამშობლოს».
    თუ ტელევიზია მოინდომებს, ამ ფირის მოძიება ძალიან ადვილად შეიძლება. შევარდნაძის ამჟამინდელი მტკიცებით კი, კიტოვანი არძინბასთან უნდა ჩასულიყო სოხუმში და მასთან შეეთანხმებინა ოპერაციის გეგმა, ხოლო რადგან მან ეს არ გააკეთა, - არძინბამ გასცა ბრძანება, ქართული გვარდიისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ ოჩამჩირესთან.
    ვიმსჯელოთ ლოგიკურად: დავუშვათ, არძინბამ მართლაც განაცხადა თანხმობა, ქართული გვარდიის ნაწილებთან ერთად დაეცვა რკინიგზა აფხაზეთის ტერიტორიაზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იგი გულისხმობდა ამ მიზნით აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთივე მცირერიცხოვანი რაზმის შეყვანას, როგორიც აფხაზეთში (ყარყარაშვილის მეთაურობით) შევიდა გაზაფხულზე - მაქსიმუმ 200 ან 300 მეომრის შემადგენლობით. თუ კიტოვანი სოხუმში ჩავიდოდა და მას გააცნობდა გეგმას, რომლის თანახმად, ენგური უნდა გადმოელახა სამი ათას ჯარისკაცსა და ორმოცდაათ ტანკს - იგი უეჭველად უარს იტყოდა ამ გეგმის მიღებაზე. ამიტომ სოხუმში კიტოვანის ჩასვლას არავითარი აზრი არ ჰქონდა - სწორედ ამიტომ არ ჩავიდა თენგიზ კიტოვანი აფხაზეთის დედაქალაქში.
    გავიხსენოთ კიდევ ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება: ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სოხუმში ჩადის თენგიზ სიგუა და კატეგორიულად მოითხოვს არძინბას გადადგომას. რატომღაც ყველას დაგვავიწყდა, რომ ეს თემა მაშინ ყველაზე ხშირად მუსირებდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. მოთხოვნა ასეთი იყო: გადადგეს არძინბა, აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ გააუქმოს მიღებული უკანონო გადაწყვეტილებანი, გამოაცხადოს თვითდაშლა, ხოლო რეალური ძალაუფლება გადაეცეს აფხაზეთის დროებით საბჭოს, რომელიც მოამზადებს და ჩაატარებს არჩევნებს.
    მაშინვე გაკეთდა კიდევ ერთი განცხადება: «თუ არძინბა არ გადადგება - სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება და კიდევ უფრო მწვავე ხასიათს შეიძენს».
    კი მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ გვახსოვს? - სად არის აქ «რკინიგზის დაცვა და კომუნიკაციების აღდგენა?» თუ ესაა მთავარი მიზანი, მაშინ რა შუაშია არძინბას გადადგომა და უზენაესი საბჭოს თვითლიკვიდაცია?
    ამასობაში, მოვლენათა რიგი კიდევ უფრო უცნაურ ხასიას იძენს: «ზვიადიზმის» პრობლემა ნელ-ნელა გადადის მეორე პლანზე; ქობალია ათავისუფლებს სანდრო კავსაძესა და რომან გვენცაძეს; თენგიზ კიტოვანი რუს ჟურნალისტ ლეონიდ პარფიონოვს (გადაცემისათვის «პორტრეტი ფონზე») აძლევს ინტერვიუს, რომელშიც ამბობს სენსაციურ ფრაზას: «ხალხი მოითხოვს ავტონომიის გაუქმებას აფხაზეთში!» (არც ეს ფირია უგზოუკვლოდ დაკარგული-ავტ.), ხოლო ჟურნალისტი ნატო ონიანი რადიოინტერვიუში ეკითხება შევარდნაძეს: «არიან თუ არა მზად საქართველოში დისლოცირებული რუსეთის ჯარები, - დაიცვან საქართველო ჩრდილოეთ კავკასიელი მომხდურებისაგან?».
    შევარდნაძე ხანმოკლე დუმილის შემდეგ თითქოს «მხრებს იჩეჩს» და პასუხობს: «ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს». იგი მართლაც მძიმე მდგომარეობაშია - მას დილიდან საღამომდე ურეკავენ ჩრდილოეთ კავკასიიდან, რუსეთიდან, მთელი მსოფლიოდან. კითხვა ერთია: რა ხდება? რაშია საქმე?
    ელცინი ბრუნდება მოსკოვში და, პირველსავე პრესკონფერენციაზე (1991 წლის აგვისტოში), თეთრ სახლში მყოფი ერთ-ერთი ცნობილი რუსი ჟურნალისტი მას (პირდაპირ ეთერში!) უსვამს კითხვას: «შევარდნაძე აგვისტოს პუტჩის დროს აქ, ჩვენთან იყო. ახლა კი მას ხელები სისხლში აქვს მოსვრილი - რით შეგვიძლია დავეხმაროთ მოძმე აფხაზ ხალხს?»
    ელცინი უკავშირდება შევარდნაძეს და «სთხოვს», არ შეიყვანოს ჯარი სოხუმში. დღეს სახელმწიფოს მეთაური აცხადებს, რომ იგი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა გვარდიის სოხუმში შესვლა არ დაეშვა. ქარაგმულად კი კიტოვანზე უთითებს. მაგრამ ეს არ არის სამართლიანი. კიტოვანს რომც მოენდომებინა, მას აღარაფრის გაკეთება არ შეეძლო: რაკი ის «ჯარი» სოხუმამდე მივიდა, ზღაპრულად მდიდარ სოხუმში შესვლას მას უკვე ვეღარავინ და ვერაფერი დაუშლიდა.
    თუ გავიხსენებთ, როგორი იყო მაშინ გვარდიის შემადგენლობა, ნათელი გახდება: რაკი იგი მიადგა საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქს, იგი ამ ქალაქში აუცილებლად შევიდოდა და კიტოვანის ბრძანებას აინუშშიც არ ჩააგდებდა.
    საერთოდ, უნდა ითქვას, რომ იმდროინდელ მოვლენებზე საუბრისას ზოგი ისე მსჯელობს, თითქოს მართლა გვყავდა ჯარი, რომელიც უკლებლივ ყველა ბრძანებას შეასრულებდა - უბრძანებდნენ, არ შევიდოდა სოხუმში, უბრძანებდნენ - არ გადავიდოდა (ან პირიქით - გადავიდოდა) გუმისთაზე. . . . .
    სინამდვილეში, ასე არ იყო და ამ თემაზე მსჯელობას არ ვაგრძელებ მხოლოდ ერთი მიზეზით: რათა უნებლიედ შეურაცხყოფა არ მივაყენო იმ ჯარისკაცთა ნათელ ხსოვნას, რომელთაც გულწრფელად გაწირეს თავი სამშობლოს ერთიანობისათვის. გვარდიაში ასეთებიც ბევრნი იყვნენ.
    გუმისთის მეორე მხარეს კი, აფხაზები გამარჯვებისთვის ემზადებოდნენ. უმალვე ამუშავდა «დაყოვნებული მოქმედების ნაღმი», რომლის ფეთქებადი პოტენციალი იმდენად ძლიერი იყო, რომ საქართველოს, ფაქტობრივად, გამარჯვების არავითარი შანსი არ გააჩნდა.
    რუსული სამხედრო მანქანა თითქმის უშეცდომოდ ახორციელებდა კრემლში შემუშავებულ გეგმას. სრული ცილისწამებაა, თითქოს ქართული ჯარი ეშერას არ გასცდა იმიტომ, რომ იგი შევარდნაძემ შეაჩერა და რომ თითქოს ამავე მიზეზით არ იქნა ტყვარჩელი აღებული. სინამდვილეში, ქართული გვარდია მივიდა იქამდე, სადამდეც იგი გეგმის ავტორებმა მიუშვეს: გუდაუთიდან აღმოსავლეთით - გუმისთამდე, დასავლეთით - გაგრამდე და ჩრდილოეთით - სოფელ ლაბრამდე. იმიერიდან კი დაიწყებოდა კომპაქტურად დასახლებული ქართული მოსახლეობის გაძევება აფხაზეთიდან - საოკუპაციო ჯარების განდევნის მოტივით.

        ვინ და რატომ, რა მიზნით მოიყვანა მოქმედებაში რუსული ნაღმი?
    ვგულისხმობ: გარდა იმ გეგმისა, რომელიც რუსეთს გააჩნდა, არსებობდა თუ არა «ლოკალური გეგმა», რომელიც გამომდინარეობდა არა იმპერიის გეოპოლიტიკური მისწრაფებებიდან, არამედ მაშინ საქართველოში, ფაქტობრივად არსებული ხელისუფლების ინტერესებიდან?
    ზემოთმოყვანილი ფაქტების რიგი გვარწმუნებს, რომ ამგვარი «მეორადი გეგმა» (თუმცა პირველთან უმჭიდროესად კოორდინირებული) უეჭველად არსებობდა. ეს იმდენად საშინელი ბრალდებაა, რომ არა თუ იურიდიული არამედ ზნეობრივი საფუძველი არ მაქვს, პირდაპირ დავდო ბრალი საქართველოს მაშინდელი «მმართველი კვარტეტის» რომელიმე წევრს - ედუარდ შევარდნაძეს, თენგიზ კიტოვანს, თენგიზ სიგუასა და ჯაბა იოსელიანს.
    არა იმიტომ, რომ მეშინია, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს (და არც შეიძლება არსებობდეს) პირდაპირი სამხილი.
    მაგრამ ერთი რამ ჩემთვის აბსოლუტურად ცხადია: ასეთი გეგმა ნამდვილად არსებობდა. ომის ინიციატორმა (ვინც უნდა ყოფილიყო იგი) დანამდვილებით იცოდა, რა მოჰყვებოდა «ჯარების გადაადგილებას აფხაზეთში», მაგრამ მან დანამდვილებით იცოდა შემდეგიც:
    ომის დაწყების გამო აფხაზეთის ქართული მოსახლეობა (რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტის მომხრე იყო) უეჭველად დადგებოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ალტერნატივის წინაშე. ანუ, ომის ინიციატორმა უცდომლად გათვალა: ომის დაწყების შემდეგ აფხაზები არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებდნენ ქართველების დაყოფას «ზვიადისტებად» და «ანტიზვიადისტებად»; ისინი არავითარ შემთხვევაში არ გაარჩევდნენ, ბარიკადის ვინ რომელ მხარეს იდგა ქართულ სამოქალაქო ომში, არამედ დაუპირისპირდებოდნენ მთლიანად - აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას. ანუ, ეს მოსახლეობა (თავის გადასარჩენად) უბრალოდ, იძულებული გახდებოდა, მხარი დაეჭირა თბილისში არსებული ხელისუფლებისათვის.
    სამამულო ომი განიხილებოდა, როგორც სამოქალაქო ომის დასრულებისთვის (უფროს სწორედ, მასში საბოლოო გამარჯვებისთვის) საჭირო უებარი საშუალება. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანა სამამულო ომს აწარმოებს, მაშინ ნებისმიერი მოტივით (სიტყვით თუ საქმით) გამოსვლა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აღიქმება «ზურგში მახვილის ჩაცემად» და სამშობლოს «ღალატად!» როცა სამამულო ომია, რა დროს იმაზე მსჯელობაა, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი დეკემბერ-იანვრის მოვლენებში ან მანამდე არსებულ იდეურ დაპირისპირებაში?!
    როდესაც ქვეყანაში სამამულო ომია, როგორ შეიძლება არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და არ დააკანონო თუნდაც იარაღის ძალით მოსული ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძვის?!
    ამჯერად, არ ვაპირებ იმის გარჩევას, რამდენად მიზანშეწონილი (თავი რომ დავანებოთ ზნეობრივ კატეგორიებს) იყო წინა ხელისუფლების პრობლემის ამ გზითა და ხერხით გადაწყვეტა. იმ ხელისუფლების მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს არსებობს ფაქტი და არსებობს მისი შეფასება: ის, რომ აფხაზეთის ომი სწორედ ამ მიზანს ისახავდა - ჩემში იოტისოდენ ეჭვს არ იწვევს. შეფასება კი სხვისთვის მიმინდვია.
    * * *
    ჩვენ უნდა მივხვდეთ, ბოლოს და ბოლოს, რომ აფხაზეთში ომის დაწყება უკვე მაშინ იყო დაგეგმილი, როდესაც ზვიად გამსახურდიას, მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად, 1992 წლის 7 იანვარს თბილისიდან წასვლის საშუალება მისცეს. არადა, «მთავრობის სასახლე» ხომ ყოველმხრივ გარშემორტყმული იყო? ვიღაცას აუცილებლად სჭირდებოდა მისი ყოფნა სწორედ გროზნოში - სხვაგან იგი ვერსად წავიდოდა; ვიღაცას სჭირდებოდა, ისედაც მძვინვარე სამოქალაქო ომის ცეცხლში ახალ-ახალი «იდეური არგუმენტის» შენთება . . . .

    თითქოს ყოველივე ამაზე ფიქრი უკვე ძალიან გვიან არის - საქართველო დამარცხებული და განადგურებულია! მაგრამ დროს თავისი იდუმალი ძალა, თავისი ფილოსოფია აქვს. ეკლესიასტეს მრისხანე წინასწარმეტყველება ყოველ ეპოქაში ინარჩუნებს ძალმოსილებას - კვლავაც მოვა დრო «ქვათა შეგროვებისა», როდესაც ყოველივე დაფარულს ფარდა აეხდება და მოტყუებული ერი კვლავაც ეზიარება ღმერთივით ერთიან და განუყოფელ ჭეშმარიტებას.