ევროსაბჭო საქართველოს აბსურდულ პრეტენზიებს უყენებს

ევროსაბჭო საქართველოს აბსურდულ პრეტენზიებს უყენებს

    13-24 სექტემბერს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მორიგი სესია შედგება. მასზე მიწვეულნი არიან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები. ერთ-ერთ საკითხად ევროპის საბჭოში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გაწევრიანების წინადადებას განიხილავენ. როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოსა და სომხეთს მხოლოდ «მეთვალყურის» სტატუსი აქვთ.
    ევროსაბჭოში გაწევრება საქართველოსათვის ძალზე მნიშვნელოვანია - ამით იგი თავისი ინტერესების დასაცავად ევროპაში მაღალ ტრიბუნას მოიპოვებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს თვით ევროპისთვისაც. მაგრამ საქართველოს მიღებით, ევროპის საბჭო პასუხისმგებლობას კისრულობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის დასაცავად. ეს კი ევროპელებს დიდად არ ეპიტნავებათ. ტრადიციულად ევროპა (ზოგადად, დასავლეთი) ყოველთვის ამჯობინებდა საქართველოს ხარჯზე რუსეთთან კომპრომისს. ასე მოხდა 1918-21 წლებში, საქართველოს I რესპუბლიკის არსებობის დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ერთა ლიგაში არ მიიღეს, რათა არ ეკისრათ პასუხისმგებლობა მისი შემდგომი ბედის გამო.
    არ არის გამორიცხული, იგივე განმეორდეს XX საუკუნის ბოლოსაც. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამჟამინდელი სპიკერი, ლენი ფიშერი, საქართველოში სტუმრობისას საკმაოდ ორჭოფულად პასუხობდა კითხვას: «როდის გაწევრიანდება საქართველო ევროპის საბჭოში?» აშკარა იყო, რომ ევროპის საბჭოს ამ ეტაპზე საქართველოს მიღება არ უნდა, ვინაიდან კვლავაც არსებობს საშიშროება, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის ანტიქართული აგრესია განახლდეს. რუსეთთან დაპირისპირება კი ევროპელებს არ სურთ.
    რა თქმა უნდა, ლენი ფიშერი ამას პირდაპირ არ იტყოდა, არც მომავალ სესიაზე იტყვის, მაგრამ საბაბი უეჭველად მოიძებნება: «ჯერ აფხაზეთის და «სამხრეთ ოსეთის» პრობლემები მოაგვარეთ, ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე კი შემდგომ ვილაპარაკოთ».
    არავითარი საპირისპირო არგუმენტი არ გაჭრის - ჯერ მოაგვარეთ პრობლემები. მორჩა და გათავდა! არადა, რუსეთი ხომ მიიღეს გაცხარებული «ჩეჩნეთის ომის» დროს ევროსაბჭოში? ლენი ფიშერმა, ამ არგუმენტზე თბილისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ასეთი «სამართლიანი» პასუხი გასცა: «რუსეთი სხვაა და საქართველო სხვა, სხვებს ნუ ედრებით».
    ზოგადად ამ ქალბატონის მთელი «ნააზრევი» ერთადერთ სენტენციამდე დაიყვანება: «ამდენი პრობლემა გაქვთ და ევროპაში რა გინდათ?». ჩვენ კი გვეგონა, თუ «ევროპულ ორიენტაციას» ავირჩევდით, კანონმდებლობას ევროპულ ნომრებს დავუახლოებდით და ყველაფერს გავაკეთებდით დასავლეთის გულის მოსაგებად, ეს უკანასკნელი სამაგიერო სიკეთეს მოგვაგებდა. არადა, ჯერჯერობით დასავლეთი ჩვენს მიმართ ისეთივე უსულგულოა, როგორც საუკუნის დასაწყისში.
    თუმცა, საქართველოს ნამდვილად შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ევროპის საზოგადოებრივ აზრზე და იმ წინააღმდეგობაზე ითამაშოს, რომელიც ევროპულ ქვეყნებს შორის არსებობს. ოღონდ ამისთვის პრინციპული და მტკიცე პოზიციაა საჭირო. თბილისმა ამ საკითხის განხილვისას რამდენიმე (თუნდაც ერთი) მოკავშირე უნდა აირჩიოს (ვთქვათ გერმანია ან საფრანგეთი) და მათი მეშვეობით ევროპის საბჭოზე ზემოქმედების მოხდენა სცადოს.
    ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატების მისაღწევად საჯაროდ უხერხული სიმართლის თქმა აუცილებელი გახდება, რათა ევროპელმა «პრაგმატიკოსებმა» ჩვეული «კეთილშობილური რენომეს» დაკარგვის საფრთხე იგრძნონ.

მერიდიანი, 15 სექტემბერი, 1997 წ.