ევროსაბჭო ვალდებულებათა შესრულებას ამოწმებს

ევროსაბჭო ვალდებულებათა შესრულებას ამოწმებს

       

        თბილისში იხსნება საერთაშორისო კონფერენცია «კავკასიური ინიციატივა», რომლის ორგანიზატორია პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტი.
        მოსალოდნელია, რომ დღეს კონფერენციას მიესალმება პრეზიდენტი შევარდნაძე.
        კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ, აგრეთვე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის დეპუტატები, აგრეთვე, ქართველი ჟურნალისტები, პოლიტოლოგები და ექსპერტები.
        ძირითადი განსახილველი თემაა კავკასიაში არსებული ვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონტექსტში ის არის, რომ თბილისის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი ჩამოვიდა.
        რასაკვირველია, მისი ვიზიტის პროგრამა მხოლოდ კონფერენციაში მონაწილეობით არ შემოიფარგლება.
        ორწელიწად-ნახევარი გავიდა ევროსაბჭოს საქართველოს გაწევრიანელბიდან. 1999 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრით დაადასტურა ჩვენი ქვეყნის უფლებამოისლება, მაგრამ, ბუნებრივია, გარკვეულ პირობათა სანაცვლოდ, რომელთა შესრულება გარდაუვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპასუხო მექანიზმი უეჭველად ამოქმედდება.
        ვლატერ შვიმერი, ამ თვალსაზრისით, ევროსაბჭოს მთავარი «აღმასრულებელია». მას მოლაპარაკება ევალება ყველა იმ სტრუქტურასთან, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან ვალდებულებათა შესრულებაზე.
        ძირითადად, საქმე ეხება ოთხ პირობას. პირველი და მეორე განხორციელებულია: საქართველოში სამუდამოდ გაუქმდა სიკვდილით დასჯა. აღსანიშნავია, რომ მრავალ ქვეყანაში ეს პირობა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულეს, ანუ სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი გამოაცხადეს. საქართველოში კი სასჯელის ამ ზომის გაუქმება უმტკივნეულოდ მოხერხდა, რაც სერიოზული წარმატებაა - ევროპელები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ლამის საჯაროდ სიკვდილთი დასჯის ტრადიციისთვის.
        მეორე პირობა ეხებოდა პენიტენციალური სისტემის გადაცემას შინაგან საქმეთა სამინისტროდან - იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში. არც ეს პირობა იყო იოლი შესასრულებელი. მიაქციეთ ყურადღება ამ საკმაოდ მახვილგონივრული პირობით, «ევროპის საბჭო» იმ სტრუქტურათა ინსტიტუციური სიმტკიცისა და ქმედითობის შემოწმებას ცდილობს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პარადიგმაზე: მართლწესრიგი - ადამიანის უფლებები. ჯერჯერობით, ურთულესი პრობლემების მიუხედავად, ეს სისტემა არ დანგრეულა და, ასე თუ ისე, ფუნქციონირებს.
        გაცილებით უფრო რთულია «ადგილობრივი თვითმმართვლეობის» საკითხის გადაწყვეტა. არ არის ზუსტი ინფორმაცია, თითქოს ევროსაბჭო მოითხოვს რაიონის გამგებელთა არჩევითობას. სინამდვილენში ევროსაბჭო გვთავაზობს არჩევითობას სწორედ თვითმმართველობის დონეზე და მზად არის, შეეგუოს რაიონულ დონეზე მმართველობის (ანუ დანიშვნით) ინსტიტუტების არსებობას. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ არ შეიქმნება მმართველობის სამხარეო რგოლები.
        ამჟამად პარლამენტში შეტანილი პროექტი სწორედ ასეთ კომპრომისს ითვალისწინებს, ანუ არჩევნები თვითმმართველობის დონეზე და რაიონულ დონეზე მმართველობის სისტემის შეცვლა თვითმმართველობით, რაც პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციური დანაკლისის შევსებას და ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის განსაზღვრას.
        ყველაზე რთულად შესასრულებელი იქნება მეორე პირობა, რაც გულისხმობს მესხეთიდან 1944 წელს გასახლებული გათურქებული ქართველების სამცხე-ჯავახეთში დაბრუნებას. საქართველოს ვალდებულებებით, 2 წლის განმავლობაში (ანუ, ევროსაბჭოში ოფიციალურად გაწევრიანებიდან, რაც საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან გარკვეული ხნის შემდეგ განხორციელდა) უნდა დამტკიცებულიყო კანონმდებლობა, ხოლო რეპატრიაცია 2010 წლამდე უნდა მოხდეს.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზეზი არ იქნება საკმარისი საქართველოს უფლებამოსილებათა შესაწყვეტად ევროსაბჭოში.

დილის გაზეთი, 6 ივლისი, 2001 წელი