ევროკავშირი საქართველოსკენ დიდი ნაბიჯებით მოიწევს

ევროკავშირი საქართველოსკენ დიდი ნაბიჯებით მოიწევს

 

        ლუქსემბურგის შეხვედრაზე, სადაც საბოლოოდ შედგა საქართველოს (აგრეთვე, ორ სხვა კავკასიურ სახელმწიფოსა) და ევროკავშირს შორის სამი წლის წინ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება – რამდენიმე საინტერესო მომენტი იყო.
        უპირველესად აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ლიდერებმა (ჟაკ სანტერმა, იოშკა ფიშერმა და ჰანს ვან დერ ბრუკმა) საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებთან, აგრეთვე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების შედეგად, შეიმუშავეს დეკლარაცია, რომლის ზოგიერთი პუნქტი შეიძლება სენსაციურად ჩაითვალოს.
        მაგალითად, დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი ფინანსურად ხელს შეუწყობს ბაქო-ნახიჩევანისა და ერევანი-ჯულფას სარკინიგზო ხაზების ამოქმედებას. თავისთავად, ეს სახელწოდებები მკითხველს შეიძლება არც არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ბაქო-ნახიჩევანის სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანს აკავშირებს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ხოლო ერევანი-ჯულფა სომხეთს აერთებს საქართველოსთან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით. ბაქო-ნახიჩევანი სომხეთის გიუმრის რაიონზე გადიოდა. ამჟამად ეს სარკინიგზო ხაზი, რა თქმა უნდა, ბლოკირებულია სომხეთის მიერ, ვინაიდან ნახიჩევანთან მუდმივი კავშირი კიდევ უფრო გააძლიერებდა აზერბაიჯანს.
        მეორე მხრივ, არსებობს უმოკლესი სარკინიგზო ხაზი სამხრეთ სომხეთიდან საქართველოს ცენტრალურ რაიონებამდე და შავიზღვისპირეთამდე, ოღონდ იგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. აქ «გაცვლა» რეალურად ისევე არ გამოვა, როგორც არ გამოვიდოდა თვით ყარაბაღის ტერიტორიის გაცვლა გიუმრის რაიონზე, - რასაც საერთაშორისო მედიატორები სთავაზობდნენ სომხეთს წლების განმავლობაში, რადგან ამით სომხეთი დაკარგავდა საზღვარს ირანთან, - არადა ეს ქვეყანა არათუ სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე ხდება ყველა თვალსაზრისით, არამედ, აქტიურად მონაწილეობს მოსკოვი-ერევანი-თეირანის გეოპოლიტიკური «ღერძის» ჩამოყალიბებაში.
        მეორე მხრივ, აზერბაიჯანისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახით დახმარების გაწევა სომხეთისათვის მანამ, სანამ არ გადაწყდება ყარაბაღის პრობლემა. უმთავრესი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ამჟამად ბაქო გავლენას ახდენს ერევანზე, - სწორედ კომუნიკაციებია.
        მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა, ასეთი გეგმის შემუშავებით, უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაინც გადადგა სამხრეთ კავკასიაში «შემოსასვლელად» არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით.
        ბრიუსელი მზად არის, გამოჰყოს სათანადო სახსრები ერევანისა და ბაქოს პოზიციათა დასაახლოებლად თუნდაც, ზოგიერთ საკითხში (მაგალითად, კომუნიკაციათა სფეროში) – ხოლო თუ ეს «არ გამოვა», მაშინ კონფლიქტები მაინც გამოიყენოს კავკასიაში დასამკვიდრებლად.
        საქართველოსთვის ეს პროცესი უაღრესად ხელსაყრელია, ვინაიდან საბედნიეროდ, არ გვყავს ისეთი ოპონენტები (აფხაზეთთან და «სამხრეთ ოსეთთან» მიმართებაში), რომლებიც ევროკავშირის ძალისხმევას წინ აღუდგებოდნენ, ან რომელთაც ევროკავშირი საქართველოს თანაბარ პარტნიორებად აღიქვავდა – ისევე, როგორც აღიქვავს ერთმანეთთან თანაბარ პარტნიორებად სომხეთსა და აზერბაიჯანს.
        მაშასადამე, არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ ყარაბაღის კონფლიქტებში ბრიუსელის ჩართვამ მათი მოწესრიგების მიზნით შეიძლება (ნაკლები წინააღმდეგობის პრინციპით) გამოიწვიოს ევროკავშირის ფინანსური და პოლიტიკური «შემოსვლა» სწორედ საქართველოში, რაც, აგრეთვე, ძალიან ხელსაყრელია ჩვენთვის.
        მეორე, საინტერესო მომენტია მოლაპარაკება «ტელეკომუნიკაციათა შემდგომი განვითარების» შესახებ. უეჭველია, რომ ევროკავშირი გეგმავს არა მხოლოდ შავი ზღვა-თბილისი-ერევანი-ბაქოს ბოჭკოვანი კაბელის აგებას (რისთვისაც საქართველო მიმდინარე წელს 8 მილიონ დოლარს მიიღებს) არამედ ტელეკომუნიკაციათა პრივატიზების პროცესებში მონაწილეობასაც.
        სომხეთში ეს პროცესი უკვე დასრულდა – სომხებმა თავიანთი სატელეკომუნიკაციო ბაზარი და სივრცე თითქმის მთლიანად გადასცეს უცხოელებს. საქართველოსა და აზერბაიჯანში კი, ჯერჯერობით, მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მაგრამ თუ აზერბაიჯანი საერთოდ თავს იკავებს ტელეკომუნიკაციათა პრივატიზებისგან, საქართველო, ამ თვალსაზრისით, უკეთეს პარტნიორსა და მყიდველს ეძებს. არ არის გამორიცხული, ევროკავშირი, ამ თვალსაზრისით, «ერიქსონს» ლობირებდეს, რომლის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში და რამოდენიმეჯერ შეხვდნენ კიდეც ედუარდ შევარდნაძეს. ისინი ითხოვენ მხოლოდ ერთს: «ფასებისა და ტარიფების მარეგულირებელი კომისიის შექმნას, რომელიც აღარ იქნება დამოკიდებული კავშირგაბმულობის სამინისტროზე».
        რაკი საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეს ამერიკულმა კომპანიებმაც «დაადგეს თვალი» (გრანდიოზული ამერიკული კომპანია «ოპიკი» მზადაა დააზღვიოს მათი ინვესტიციები) - ევროპელები შეეცდებიან დაასწრონ და კიდევ ერთი პერსპექტიული ფრაგმენტი «მოიგდონ ხელთ» საერთო ევროპული სატელეკომუნიკაციო სივრცისა.
        ედუარდ შევარდნაძე ამ პრობლემებს შეეჩეხა როგორც ვაშინგტონში, ასევე ლუქსემბურგში ყოფნის დროს. მის არჩევანზე ძალიან ბევრად იქნება დამოკიდებული, ვინაიდან კავშირგაბმულობის სამინისტროცა და ქონების მართვის სამინისტროც პრეზიდენტს ემორჩილებიან უშუალოდ.
        რაც ყველაზე საინტერესოა, არ არის გამორიცხული ევროკავშირის ამგვარი დაინტერესება, - «ევროპული ბაზრის» თუნდაც რომელიმე სეგმენტში «მოუგოს» ამერიკის შეერთებულ შტატებს, - პოლიტიკურად «შეინიღბოს» კავკასიაში «პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის» აუცილებლობით; ეს ხაზგასმით აღნიშნეს კიდეც ჟაკ სანტერმა და იოშკა ფიშერმა, მაგრამ მათ (ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს) რა თქმა უნდა ესმით, რომ «პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციისათვის» უბრალოდ აუცილებელია კონფლიქტების გადაწყვეტაში მცირე პროგრესი მაინც.
        ამიტომ, არ არის გამორიცხული, კოსოვოში გამარჯვების შემდეგ, დასავლეთმა კავკასიურ კონფლიქტებს მიაპყროს ყურადღება, ვინაიდან ზოგადად «კონფლიქტების მოწესრიგების» დოქტრინა მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში დასავლეთის «შესვლის» უმთავრესი და პერმანენტული საბაბი ხდება, - ამდენად, სწორედ ეს დოქტრინა გამოიყენება რუსეთზე ზეწოლისათვის, ისევე, როგორც თავის დროზე «ადამიანის უფლებები» და დისიდენტთა პრობლემა გამოიყენებოდა.
        ბუნებრივია, «დეკლარაციაში» ნახსენებია «ინოგეიტის» პროექტი და კასპიის აუზიდან ენერგომატარებელთა ტრანსპორტირების გეგმაც. ისევე, როგორც «ტრასეკას» პროგრამა.
        ამრიგად, ევროკავშირი კავკასიას და საქართველოს უკვე აღარ აღიქვამს, როგორც მოწყალების მიმღებ ობიექტს, - მასთან შესაძლებელია თანამშრომლობა თვით ევროკავშირისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად.
        მაშასადამე, თანდათანობით, ტაატით, სვენებ-სვენებით (ანუ გეოპოლიტიკური პაუზებით) პროცესი კვლავინდებურად ვითარდება ჩვენთვის უაღრესად სასარგებლო და ხელსაყრელი მიმართულებით: ევროკავშირი «შემოდის» კავკასიაში, ხოლო რუსეთის გავლენა ყველა თვალსაზრისით, უპირველესად კი ეკონომიკურად, შაგრენის ტყავივით მცირდება.

7 დღე, 25 ივნისი, 1999 წელი