ედუარდ შევარდნაძის მიმართ რუსული საზოგადოება აშკარად არაობიექტურია

ედუარდ შევარდნაძის მიმართ რუსული საზოგადოება აშკარად არაობიექტურია

   

    რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღებითა და სითბოთი მიიღო ცნობილი რუსი მუსიკოსი მსტისლავ როსტროპოვიჩი; ბუნებრივია, შევარდნაძე შემთხვევით ან სპონტანურად არასდროს არაფერს აკეთებს. ყოველი მისი ქმედება, თითოეული სიტყვა (მით უფრო, საარჩევნო პერიოდში), მომდინარეობს სახელისუფლებო ინსტინქტიდან და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილითაა ნაკარნახევი. არც ის იყო შემთხვევითი, რომ მსტისლავ როსტროპოვიჩთან საუბრისას შევარდნაძემ გაიხსენა 1991 წლის 19 აგვისტოს პუტჩის ცნობილი ეპიზოდი, როდესაც იგი ალექსანდრე იაკოვლევთან ერთად «თეთრ სახლში» გამაგრებულ ელცინის მომხრეებთან მივიდა.
    მაშინ, ელცინის მომხრე რუსები (რუსეთის მოსახლეობის 70 პროცენტი), რომლებიც კომუნისტური დიქტატურით უკვე «ისტორიულად დაღლილი იყვნენ», ედუარდ შევარდნაძეს ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. აღარაფერს ვამბობ რუსულ ელიტაზე, - ელიტარულ ინტელიგენციაზე. მისი მთელი შემოქმედება, 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში კომუნისტური რეჟიმისა და სტალინიზმის (რაც ერთი და იგივეა) კრიტიკით იყო გაჟღენთილი - თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს შეფარვით კეთდებოდა.
    გაიხსენეთ თუნდაც ელდარ რიაზანოვის ფილმები, ევტუშენკოს და როჟდესტვენსკის ლექსები და ა.შ.
    დღეს აღარ ახსოვთ რუსებს (რაკი იმპერიის დანგრევით არიან გამწარებულნი), თორემ 1987-1988 წლებში რიბაკოვის ანტისტალინურ რომანებს ისეთივე სიამოვნებით კითხულობდნენ, როგორი ნიშნის მოგებითაც ხარხარებდნენ ჟვანეცკის სატირულ საღამოებზე, რომლებზედაც სწორედ კომუნისტური რეჟიმი იყო გამასხარავებული და გაქილიკებული.
    მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსულ საზოგადოებაში «უცნაური პროცესები» წარიმართა - თანდათან აღორძინდა ნოსტალგია ძველი დროებისადმი, მშობლიური «დერჟავის» დაშლით გამოწვეული ტკივილი კი საყოველთაო გახდა, რაც, ცოტა არ იყოს, უცნაურია.
    კი მაგრამ, ეს როგორ, - კომუნისტური რეჟიმი არ გინდათ, ხოლო იმპერია გინდათ? ნურას უკაცრავად, ასე არ გამოვა! - ის იმპერია სწორედ დიქტატურაზე იყო დამყარებული, ხოლო კომუნისტურ რეჟიმზე უარის თქმა უეჭველად ნიშნავდა იმპერიის უარყოფასაც - იმპერია დიქტატურის გარეშე წარმოუდგენელია.
    მიუხედავად ამისა, ემოციური განწყობა განსჯას არ ექვემდებარება. მით უმეტეს, როცა საქმე მასობრივ ფსიქოლოგიას ეხება. ამიტომ, როგორც საერთოდ სჩვეოდა (ისტორიულად) საუკუნეთა განმავლობაში, რუსულმა საზოგადოებამ დაიწყო «მტრის» ძებნა, მტრის პერსონიფიცირება, რომელსაც უნდა დაბრალებოდა საყვარელი «დერჟავის» დანგრევა.
    ეს პირველი შემთხვევა არ არის - რუსეთის ისტორიაში ამგვარი რამ წარსულშიც ხშირად ხდებოდა. მაგალითად, ვინ არის დამნაშავე რუსეთის დანგრევაში? - რა თქმა უნდა უცხოტომელი. აბა, სხვა ვინ იქნება?! ანტისემიტური ისტერიაც ამ სინდრომის გამოვლინებაა.
    რაც ძალზე ნიშანდობლივია, პერსონიფიცირებული მტერი აუცილებლად «უცხოტომელი» უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფსიქოლოგიური სინდრომი «ვერ იმუშავებს».
    სხვათა შორის, არსებობს არცთუ უსაფუძვლო აზრი, რომ გაიძვერა გორბაჩოვს ედუარდ შევარდნაძის ფიგურა სწორედ ამისთვის სჭირდებოდა. გორბაჩოვმა წინასწარ გათვალა: იმპერიის მოდერნიზაციის პროცესში ეკონომიკური დახმარების მისაღებად მას აუცილებლად მოუწევდა დასავლეთთან გეოპოლიტიკურ დათმობაზე წასვლა, ასევე აღმოსავლეთ ევროპიდან, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა, შეიარაღების შემცირება, მაგრამ საამისოდ სჭირდებოდა ფიგურა, რომელსაც შემდგომ ყველაფერი დაბრალდებოდა და რომელიც თავს შეუშვერდა შოვინისტურ რუსული საზოგადოების სიძულვილს. სწორედ ასეთ ფიგურად იქცა შევარდნაძე.

მერიდიანი, 25 იანვარი, 1999 წელი