ედუარდ შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი პრეზიდენტობას გააგრძელებენ

ედუარდ შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი პრეზიდენტობას გააგრძელებენ

  

    შაბათს საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე საათით ეწვია ბაქოს, რათა ჰეიდარ ალიევისათვის დაბადების დღე მიელოცა. ეს გარკვეული ტრადიციაა: ედუარდ შევარდნაძის 70 წლისთავზე აზერბაიჯანის პრეზიდენტიც თბილისში სრულიად მოულოდნელად, პროტოკოლის დარღვევით ჩამოვიდა. სხვათა შორის, შევარდნაძეს ეს «მოულოდნელი ვიზიტი» ალბათ არცთუ ძალიან ესიამოვნა, ვინაიდან იგი არ აპირებდა იუბილეს გადახდას (საქართველოს სინამდვილის გათვალისწინებით). მაგრამ ალიევის ვიზიტმა შეძლო ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს მხოლოდ აზერბაიჯანი გამოეხმაურა ამ თარიღს. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს ასე არ არის.
    ბაქოში «ელვისებური ვიზიტის» ძირითადი (შესაძლოა ერთადერთი) მიზანი პოლიტიკური იყო და არა მეგობრული ან ჰეიდარ ალიევისადმი განსაკუთრებული სიმპათიის გამომხატველი.
    არაერთ დამკვირვებელს შეუნიშნავს, რომ ალიევი და შევარდნაძე სრულიად სხვადასხვა წარმომავლობის პოლიტიკური პერსონები არიან. შევარდნაძე გორბაჩოვის გუნდში იყო, ალიევი კი ლიგაჩოვს უჭერდა მხარს, ამდენად, შეუძლებელია, ისინი პოლიტბიუროში დაპირისპირებულნი არ ყოფილიყვნენ. სამაგიეროდ, დღეს მათი ინტერესები მნიშვნელოვნად ემთხვევა ერთმანეთს, როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე პირადი თვალსაზრისით.
    შემოდგომაზე აზერბაიჯანში უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები. ჰეიდარ ალიევი ამ არჩევნებისათვის აქტიურად ემზადება, ოღონდ არადემოკრატიული ხერხებით მოქმედებს და პოტენციურ კონკურენტებს იშორებს,
    მაგალითად, ჰასან ჰასანოვს (ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც მექრთამეობაში დასდეს ბრალი და თანამდებობიდან გაათავისუფლეს). ალიევს ყოველმხრივ სურს იმის დემონსტრირება, რომ არ აპირებს პრეზიდენტობის დათმობას და შემოდგომაზე კვლავ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.
    ბაქოში გამართული ღონისძიებებისას ალიევმა რამდენიმეჯერ ხაზგასმით აღნიშნა: «ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და კიდევ მრავალ წელს ვუხელმძღვანელებთ ჩვენს ქვეყნებს». შევარდნაძის მხარდაჭერა ამ თვალსაზრისით მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელთა თვალშიც მნიშვნელოვანი ფიგურაა.
    ძნელი სათქმელია, ეყოლება თუ არა ალიევს სერიოზული კონკურენტი, მაგრამ ცხადია, რომ იგი შევარდნაძის მადლიერი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტიც მტკიცედ აცხადებდა, რომ პრეზიდენობას გააგრძელებს. თუმცა, მისთვის მომავალი არჩევნები (2000 წელს) უფრო შორეული პერსპექტივაა ვიდრე ალიევისთვის. გარდა ამისა, ქართული საზოგადოების მენტალიტეტის გათვალისწინებით, იგი გაცილებით ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ალიევის მხარდაჭერას ედუარდ შევარდნაძის კანდიდატურისადმი, ვიდრე აზერბაიჯანელები - შევარდნაძის სიტყვებს.
    ბაქოში იგრძნობოდა, რომ ჰეიდარ ალიევი 75 წლის ასაკშიც მზად არის გამარჯვებისთვის საბრძოლველად და გაიმარჯვებს კიდეც. არანაკლებ მტკიცეა ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებაც. საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელ კოლეგაზე ხუთი წლით ახალგაზრდაა (ბაქოში იხუმრა, ჩემი ბრალი არ არისო).
    მიუხედავად პოლიტიკური სისტემების სხვაობისა, საეჭვოა, მასაც სერიოზული კონკურენტი ჰყავდეს იმ არჩევნებში. გარდა ამისა, შემოდგომაზევე აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმი მიიღებს გადაწყვეტილებას «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ.
    ეს უკვე სახელმწიფოებრივი ინტერესია და იგი ნამდვილად ემთხვევა პიროვნულს. შევარდნაძემ შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც «დიდი ნავთობსადენის» გაყვანა ნებისმიერი მარშრუტით საქართველოს გარდა, «ზურგში დანის ჩაცემად» და პიროვნულ ღალატად აღიქმება.
    პირდაპირ თქვა კიდეც ბაქოში საზეიმო სხდომაზე: «საქართველოს არაფერი გააჩნია ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გარდა. ჩვენი მეგობრობა ქმნის საფუძველს, ნავთობსადენმა არ გაიაროს სხვაგან, მეგობარი ქვეყნის გარდა».
    ალიევმა ასეთი მიდგომა დაადასტურა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული კავშირის მნიშვნელობას.
    აზერბაიჯანის პრეზიდენტი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა - მან ტოლი არ დაუდო ქართველ კოლეგას და თავადაც ერთი საათი ილაპარაკა. მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძის ხანმოკლე, არაოფიციალური ვიზიტი, მის მიერ წარმოთქმული სიტყვით (საზეიმო სხდომაზე) ოფიციალური ხასიათს იძენს, ვინაიდან ამ სიტყვაში მნიშვნელოვანი წინადადებები იყო გამოთქმული საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობათა შემდგომი განვითარების თაობაზე.
    რაც შეეხება შევარდნაძის «სპიჩს», იგი საკმაოდ პროფესიულად იყო კონსტრუირებული და მხოლოდ ქება-დიდებას არ შეიცავდა. საქართველოს პრეზიდენტი მისი და ალიევის პოლიტიკურ მსგავსებებზე საუბრობდა - «ერთ ბედზე», რომელიც მათ გაიზიარეს და რაც მთავარია, კვლავ უნდა გაიზიარონ.
    რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა არა მხოლოდ «ნავთობსადენის» საკითხში თანამშრომლობა, არამედ პრეზიდენტობაც.
    ალიევი და შევარდნაძე თითქოს ეუბნებოდნენ თავიანთ ხალხებს: თუ აზერბაიჯანის და საქართველოს ინტერესები ობიექტურად ემთხვევა, ვერავინ შეძლებს ამ ინტერესთა გამოხატვასა და განხორციელებას ჩვენზე უკეთო.
    როგორც ჩანს, აქ იგულისხმება ხანგრძლივი ნაცნობობა და თანამშრომლობა, განურჩევლად იმისა, მოკავშირეები იყვნენ ალიევი და შევარდნაძე თუ მტრები.
    ისინი მართლაც შესანიშნავად იცნობენ ერთმანეთს და რუსული გამოთქმისა არ იყოს, «ნახევარი სიტყვითაც იგებენ პარტნიორთა აზრს»; ამდენად, ერთმანეთს ვერაფერს გამოაპარებენ.
    შეიძლება ისეც მოხდეს, რომ «პოლიტბიუროში» შეურიგებელი დაპირისპირებული ალიევი და შევარდნაძე თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ პოლიტიკურ მოკავშირეებად იქცნენ.
    პოლიტიკოსებს ხომ პიროვნული მეგობრობა არ მოეთხოვებათ.

მერიდიანი, 11 მაისი, 1998 წ.