ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთს «ასიმეტრიულ ფედერაციას» სთავაზობს

ედუარდ შევარდნაძე აფხაზეთს «ასიმეტრიულ ფედერაციას» სთავაზობს

      ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ვლადისლავ არძინბას, რათა განიხილონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საკითხები
    შესაძლოა ეს ტაქტიკური სვლა იყოს, ვინაიდან ბოლო დროს გალის რაიონში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ქართველი პარტიზანები. შევარდნაძეს სურს გაემიჯნოს მათ მოქმედებას (რაც პოლიტიკურად სავსებით გამართლებული და რაციონალურია), რათა სეპარატისტებს აღარ მისცეს საშუალება, შექმნან მათთვის მომგებიანი ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული ფონი.
    ეს ვარაუდი რომ სწორია, შემდეგი გარემოებაც მეტყველებს: სეპარატისტთა ე.წ. «საგარეო საქმეთა სამინისტროს» წარმომადგენლის განცხადებით, შევარდნაძე - არძინბას შეხვედრა შეიძლება ჩაიშალოს «აფხაზეთში ქართველ დივერსანტთა მოქმედების გამო».
    აფსუებს ამჟამად ფართო არჩევანი აქვთ - ყველა კოზირი მათ ხელში იყრის თავს. არჩევანს კი ისინი საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოში მოვლენათა განვითარების ზუსტი პროგნოზირებით გააკეთებენ.
    არ არის გამორიცხული, არძინბა საბოლოოდ მაინც დათანხმდეს შეხვედრას, ვინაიდან იგი მისთვის მომგებიანი აღმოჩნდეს სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით.
    მაშასადამე, ედუარდ შევარდნაძის წინადადება «შეხვედრის» თაობაზე პოლიტიკური სვლაა, რომელსაც რეალური გამოხატულება არ ექნება არც ლტოლვილთა დაბრუნების და არც აფსუათა «შემორიგების» სახით.
    სამაგიეროდ, სავსებით რეალური და გააზრებულია ედუარდ შევარდნაძის წინადადება აფხაზეთის მომავალი სტატუსის თაობაზე. პრეზიდენტის თქმით, იგი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს, თუ როგორ ესახება აფხაზეთის სტატუსი «ასიმეტრიული ქართული ფედერაციის» ფარგლებში.
    მის წინადადებებს აფსუები კარგა ხანია იცნობენ, ვინაიდან ხელისუფლებამ ისინი ორი-სამი წლის წინ შეიმუშავა, ოღონდ ჩამოყალიბებული სახით არ გამოუქვეყნებია.
    ამგვარი გადაწყვეტილება უდავოდ მიუთითებს ქვეყანაში ვითარების ზოგად შეცვლაზე; განსაკუთრებით, პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. რაც შეეხება თვით წინადადებებს, ისინი კარგა ხანია ცნობილია პოლიტიკით დაინტერესებული ან პოლიტიკურად აქტიური წრეებისათვისაც: საქართველო უნდა იქცეს ფედერაციულ სახელმწიფოდ სახელწოდებით - «საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა». ახალი ქართული ფედერაციის სუბიექტები იქნებიან:. აფხაზეთის რესპუბლიკა, აჭარის რესპუბლიკა, სამეგრელო, სვანეთი, გურია, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლაჩხუმი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, თბილისი და შესაძლოა, ცხინვალის რეგიონი, რომლის სახელწოდება ურთიერთკომპრომისით განისაზღვრება. ოღონდ (ჩანაფიქრის თანახმად) ეს უნდა იყოს ასიმეტრიული ფედერაცია, ანუ სხვადასხვა სუბიექტს კონსტიტუციურად სხვადასხვა დონის უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს. მხარეებს უფლებამოსილება გაცილებით მცირე იქნება, ვიდრე «რესპუბლიკებისა». აფხაზეთის რესპუბლიკას მეტი უფლებები ექნება, ვიდრე აჭარის რესპუბლიკას და ა.შ.
    შესაძლოა, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი ამა თუ იმ მხარეს სტატუსის შესახებ. მთლიანობაში, ეს მოდელი თითქმის იდენტურია რუსეთის ფედერაციული მოდელისა, სადაც ფედერაციის სუბიექტები არიან ოლქებიც და ყოფილი ავტონომიური, აწ უკვე «სუვერენული» რესპუბლიკებიც.
    ამ მოდელში იგულისხმება ერთიანი მოქალაქეობა ფედერაციის სუბიექტში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა რუსული ფედერალიზმი ფორმალურად ითვალისწინებს სუბიექტის სრულ თვითმმართველობას.
    აქ გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ რუსეთის ავტონომიები თვისობრივად განსხვავდებოდნენ საქართველოს ავტონომიებისგან. რუსეთის ფედერაციაში ავტონომიური წარმონაქმნები ეკონომიკურადაც და ენობრივი თვალსაზრისითაც (რაც ძალზე მნიშვნელოვანია) გაცილებით მეტად იყვნენ ინტეგრირებულნი. საქართველოს ავტონომიები კი ამ მხრივ ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში წარმოადგენდნენ განკერძოებისათვის გამოსადეგ სისტემებს.
    საეჭვოა, ვლადისლავ არძინბამ არათუ თანხმობა განაცხადოს ამ წინადადებებზე, არამედ სერიოზულადაც განიხილოს.
    ბოლოს და ბოლოს, ყველა მათგანი არძინბასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და კონფიდენციალური მოლაპარაკების დროს შევარდნაძესთან თუ საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან არაერთხელ განუცხადებია მასზე უარი.
    აფსუათა ლიდერი საქართველოს სულ სხვა მოდელს სთავაზობს: ჰორიზონტალურ ურთიერთობებს მთლიანობაში საქართველოსა და აფხაზეთს შორის.
    ეს აფსუა სეპარატისტებს მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რათა დააფიქსირონ თავიანთი თანასწორსუბიექტურობა საქართველოსთან და შემდეგ სრული დამოუკიდებლობაც გამოაცხადონ.
    სხვათა შორის, ეს მოდელი შინაარსობრივად აჭარასაც ათანაბრებს საქართველოს სხვა მხარეებთან. როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში პოლიტიკური აქტივობა სწორედ ამ მოდელის გარშემო წარიმართება, ოღონდ საეჭვოა, იგი წარმატებული იყოს.

მერიდიანი, 13 მაისი, 1998 წ.