დღეს შევარდნაძე გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

დღეს შევარდნაძე გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა

        საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ედუარდ შევარდნაძის პირველი ოფიციალური ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში შედგება.
        დღეს საღამოს, საქართველოს პრეზიდენტი, თანმხლებ პირებთან ერთად, სპეცთვითმფრინავით ლონდონში მიფრინავს. სარწმუნო წყაროს ცნობით, საბიუჯეტო კრიზისმა პრეზიდენტის ვიზიტსაც უკვე «დაატყო ხელი» - ყოველ შემთხვევაში, თანმხლებ პირთა რიცხვი განახევრებულია, ხოლო ჟურნალისტები მხოლოდ საკუთარი ხარჯით მოგზაურობენ.
        ფინანსური მიზეზების გამო ვიზიტის ხანგრძლივობა შემცირდა კიდეც - ნაცვლად 3 დღისა, იგი ორ დღეს გასტანს და პრეზიდენტი ოთხშაბათს, გვიან ღამით, დაბრუნდება საქართველოში.
        დიდი ბრიტანეთის შერჩევა პირველი ვიზიტისათვის (პრეზიდენტს სხვა მიწვევაც ჰქონდა «დიდი შვიდეულის» ვქეყნებიდან) შემთხვევითი არ უნდა იყოს: ამ ქვეყანამ, ურთულეს პირობებში, ანუ მაშინ, როდესაც უკიდურესად დაიძაბა ვითარება რუსეთ-საქართველოს ჩეჩნეთის მოანკვეთზე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე აქტიურად დაუჭირა მხარი.
        გავიხსენოთ თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრ რობინ კუკის ვიზიტი – სწორედ (და მხოლოდ) საქართველოში, მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები თუ ჩამოვიდოდნენ კავკასიაში, აუცილებლად სამივე სახელმწიფოს (საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს) მოინახულებდნენ.
        დიდ ბრიტანეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აგრეთვე ე.წ. «ევროატლანტიკურ სივრცეში», ვინაიდან, ერთი მხრივ, იგი აშკარად ევროპული სახელმწიფოა ყველა თვალსაზრისით (მიუხედავად დაუნინგ სტრიტის ტრადიციულად «გრილი» დამოკიდებულებისა ბრიუსელისადმი), მაგრამ, მეორე მხრივ, მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს - ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირეა ევროპაში.
        წინასწარი ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძე პირველად შეხვდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს, აგრეთვე უდიდესი ნავთობკომპანიების ლიდერებს (სიტიში). რაც შეეხება ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს, იგი სცილდება ცერემონიის ფარგლებს: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ედუარდ შევარდნაძეს (პირველს, სნგ-ს ლიდერთაგან) გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს ჯილდოს - წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის ორდენს მიანიჭებს.
        შესაძლოა, დაუნინგგ სტრიტზე გამართოს მოლაპარაკება აფხაზეთის პრობლემის თაობაზეც – ბრიტანული დიპლომატია (კარგი გაგებით) ყოველთვის გამოირჩეოდა აგრესიულობით და მისი «დაინტერესება» ამა თუ იმ პრობლემით მართლაც, ძალიან «ძვირად ფასობს».
        «საქართველოს მეგობარ ქვეყანათა» ჯგუფის შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთი ყველაზე აქტიური არ ყოფილა, თუმცა ოფიციალურ დონეზე ყველაზე მეტად მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს.
        და ეს მაშინ, როდესაც «მთავარი აფსუა სეპარატისტი ევროპაში», პროფესორი ჰიუტი სწორედ დიდი ბრიტანეთის ტახტის ქვეშევრდომია და შემთხვევას არ უშვებს ხელიდან (ალბათ, არც ამჟამად გაუშვებს), რათა საქართველო არ «მოშხამოს» «დამოუკიდებელი აფსუეთის» წინააღმდეგ «აგრესიისათვის».

მერიდიანი, 17 ივლისი, 2000 წელი