დუდაევის პოლიტიკური რომანტიზმი - ჩეჩენი ხალხის განადგურება

დუდაევის პოლიტიკური რომანტიზმი - ჩეჩენი ხალხის განადგურება

 

    თუ ომი ასეთი ტემპით გაგრძელდა, მაშინ რუსეთის არმიას კიდევ სამი თვე მაინც დასჭირდება, რათა ჩეჩნეთში გამავალ სატრანსპორტო კომუნიკაციებზე სრული კონტროლი დაამყაროს და დაიკავოს ცენტრალური ჩეჩნეთი, რის შემდეგაც რუსეთის ჯარები შეუდგებიან სეპარატისტთა უმთავრესი სიმაგრის და უკანასკნელი ფორპოსტის - შალის დაპყრობას, რომელშიც დუდაევის ფორმირებათა ხელთ არსებული საბრძოლო მასალისა და იარაღის უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. ამის შემდეგ ომი მართლაც დამთავრდება.

    საქართველოს მეზობელ ჩეჩნეთში, როგორც ჩანს, დასასრულს მიუახლოვდა სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი. რუსეთის ფედერალურმა ჯარებმა როგორც იქნა მოახერხეს გროზნოს აღება და თავის კონტროლს დაუქვემდებარეს სამი რაიონი, სადაც ომის დაწყებამდე დუდაევის მოწინააღმდეგე ოპოზიცია იყო გამაგრებული.
    ფედერალური ჯარები, ბოლო დღეებში, შეიჭრნენ სხვა რეგიონებშიც და აწარმოებენ ბრძოლებს ქალაქების არღუნისა და შალის ასაღებად. უფრო სწორად ეს ქალაქები (ისევე როგორც თვით გროზნო) მეთოდურად ნადგურდება არტილერიისა და ავიაციის პერმანენტული დარტყმებით. რუსეთის არმია იყენებს უახლეს სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო საშუალებებს - რეაქტიულ სარაკეტო დანადგარებს; «მიწა-მიწა» ტიპის მძიმე რაკეტებს; «ვაკუუმურ» და «კასეტურ» ბომბებსა და სხვა.
    აღდგენილია სარკინიგზო მოძრაობა მოზდოკ-ყიზლარის მონაკვეთზე, მაგრამ დაღესტნისა და აზერბაიჯანისაკენ (ამიერკავკასიისაკენ) გზა კვლავ დაკეტილია. რუსეთის ჯარებმა დაკარგეს დაახლოებით 3 ათასი მეომარი მხოლოდ მოკლულთა სახით; დაჭრილია - 6 ათასი; უგზოუკვლოდ დაიკარგა კიდევ რამდენიმე ასეული მეომარი.
    ამავე დროს, ჩეჩნეთის ძალებმა მოკლულთა სახით დაკარგეს 2 ათასი მეომარი, ხოლო მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაიღუპა 20-დან 30- ათასამდე (!) მოქალაქე. 300 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და ლტოლვილად იქცა. საერთო მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 6 ტრილიონი რუსული რუბლი.
    სოციალური გამოკითხვების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. რუსეთის ფედერაციის ზოგიერთ სუბიექტში (მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში) იგრძნობა სეპარატისტულ მისწრაფებათა გაცხოველება. შეინიშნება საერთაშორისო თანამეგობრობის (განსაკუთრებით ევროპის) მიერ რუსეთის «დასჯის», მისი იზოლაციის ტენდენცია.
    მიუხედავად ხმამაღალი განცხადებისა «საომარ მოქმედებათა საბოლოო დასრულების» შესახებ, ომი კვლავაც გაგრძელდება; რუსეთის ჯარები უეჭველად განაგრძობენ შეტევას - ყოველ შემთხვევაში, საკვანძო პუნქტებისა და კომუნიკაციების სრულ დაკავებამდე.
    უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გააფთრებულ ხასიათს შეიძენს ბრძოლა გეოგრაფიულ სამკუთხედში: სერნოვოდსკ - სამაშკი - აჩხოი მარტანი.
    აღმოსავლეთით რუსეთის ჯარები შეუტევენ (და უკვე უტევენ კიდეც) არღუნს, რათა შემდგომ მოემზადონ ჩეჩნეთის მეორე დედაქალაქის - გუდერმესის ასაღებად. სწორედ ამ ქალაქში იყრიან თავს უმთავრესი სატრანსპორტო კომუნიკაციები და ნავთობსარეწები. რაც უფრო მიუახლოვდება საბრძოლო მოქმედებები ხასავიურტს, მით უფრო მეტი იქნება ალბათობა იმისა, რომ ომის ცეცხლი შეიძლება დაღესტანსაც მოედოს, ვინაიდან ამ რესპუბლიკაში ათასობით ჩეჩენი ცხოვრობს.
    თუ ომი ასეთი ტემპებით გაგრძელდა, მაშინ რუსეთის არმიას კიდევ სამი თვე მაინც დასჭირდება, რათა ჩეჩნეთში გამავალ სატრანსპორტო კომუნიკაციებზე სრული კონტროლი დაამყაროს და დაეუფლოს ცენტრალურ ჩეჩნეთს. რის შემდეგაც, რუსეთის ჯარები შეუდგებიან სეპარატისტთა უმთავრესი სიმაგრის და უკანასკნელი ფორპოსტის - შალის დაპყრობას, რომელშიც დუდაევის ფორმირებათა ხელთ არსებული საბრძოლო მასალისა და იარაღის უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. ამის შემდეგ ომი უკვე მართლაც დამთავრდება, - თუ არ ჩავთვლით ტერორიზმსა და პარტიზანული მოქმედების პრობლემებს.
    მაგრამ ეს ყოველივე სწორედ ამ სცენარით წარიმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთის არმია შეძლებს გატეხოს ჩეჩენთა ორგანიზებული წინააღმდეგობა და ხელთ იგდოს ჯოჰარ დუდაევი. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ მოუხელთებელია. იგი განუწყვეტლივ იცვლის ადგილსამყოფელს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მთავარი ბაზები სამხრეთ ჩეჩნეთში - მთისწინეთშია კონცენტრირებული. ალბათ ეს იმთავითვე ასე იყო განსაზღვრული, - ჩეჩნები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ომისათვის. ამიტომაც, მათი წინააღმდეგობის გადალახვა არც ისე ადვილი იქნება.
    თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ელცინსა და მის მრჩევლებს ადვილი გამარჯვების იმედი ჰქონდათ, მაგრამ მათი გადაწყვეტილება, აღმოეფხვრათ სეპარატიზმის კერა რუსეთში, საბოლოო და შეუქცევადი იყო! ჩეჩნეთში, როგორც ჩანს, იწყება ომის ახალი, პარტიზანული ეტაპი, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. სამხრეთ ჩეჩნეთის ვიწრო ხეობებსა და უღრან ტყეებში ჩეჩენთა წინააღმდეგ ომს შეიძლება წლები დასჭირდეს. ავიაცია და ტანკები იქ უძლურნი იქნებიან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩეჩნები რუს მეომრებზე ნაკლებად არ არიან შეიარაღებულნი. გარდა ამისა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ადრე მსახურობდა საბჭოთა არმიაში. ამიტომ, საბრძოლო ხელოვნების თვალსაზრისითაც ურიგოდ როდი არიან მომზადებულნი. მიუხედავად ამისა, თუ (ვიმეორებ) წინააღმდეგობა ორგანიზებულ ხასიათს დაკარგავს, ომის ბედი სტრატეგიული თვალსაზრისით გადაწყვეტილი იქნება.

    ჩვენთვის კი ის არის საინტერესო, თუ როგორ და რამდენად შეიძლება შეეხოს ეს ომი საქართველოს. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სასაზღვრო ჯარების ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა მკვიდრად გაამაგროს საქართველო-რუსეთის საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც კავკასიის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით გადის (პირიქითა ხევსურეთი და სხვა), რათა საბრძოლო მოქმედებების მთისწინეთში გადმოტანის შემდეგ (ეს კი გარდაუვალია) არ მოხდეს საქართველოს საზღვრების თუნდაც სტიქიური დარღვევა ჩეჩენი ბოევიკების მიერ.
    ისინი უეჭველად შეეცდებიან, იპოვონ თავშესაფარი იმ რეგიონებში, რომელსაც რუსეთის ავიაცია ვერ დაბომბავს, რათა არ გამოიწვიოს საქართველოს პროტესტი. ამავე დროს, ყოველმხრივ გამართლებული იქნება ჰუმანიტარული დახმარების გაწევა ლტოლვილებისათვის - უმწეო ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისათვის. საქართველოს სასაზღვრო ჯარები ან სხვა ქართული შეიარაღებული ფორმირებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნენ ჩართულნი სხვა მოქმედებებში. სამხედრო თვალსაზრისით, საქართველომ უნდა დაიცვას სრული ნეიტრალიტეტი. თუმცა, ამავე დროს, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველომ პირიქით, უნდა გააფართოოს ძალისხმევა რუსეთთან გეოპოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით.
    სიტუაცია ამჟამად უაღრესად ხელსაყრელია იმ გაგებით, რომ რუსეთის მმართველი ელიტა სისხლხორცეულად აღმოჩნდა დაინტერესებული საქართველოსთან კეთილმეზობლური და, უფრო მეტიც, სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარებით, რათა უზრუნველყოს თავისი სამხრეთ ფლანგის უსაფრთხოება.
    ამავე დროს, საქართველომ მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად უნდა აგრძნობინოს რუსეთს, რომ აფხაზეთის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის გარეშე ეს კონსენსუსი ვერ მიიღწევა; ქართულმა დიპლომატიამ კი გაააქტიუროს ძალისხმევა როგორც «ევროპული», ასევე «აღმოსავლური» მიმართულებით, რათა მოხდეს იმ გარემოების დემონსტრირება, რომ საქართველო დამოუკიდებლად ეძებს ალტერნატიულ გზებს პრობლემის გადასაჭრელად.
    ჩეჩნეთის კრიზისი რუსეთის სახელმწიფოებრიობისათვის უდიდეს გამოცდად იქცა, მაგრამ ჩვენთვის ეს მხოლოდ ფონია პოლიტიკური წარმატების მისაღწევად.
    ამავე დროს, ნამდვილად არ ეგების ქვეყნის რეალურ შესაძლებლობათა გადაჭარბებული შეფასება. რუსეთი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რათა ფიზიკურად გატეხოს სეპარატისტთა წინააღმდეგობა (მიუხედავად საქართველოს პოზიციისა) და, ამავე დროს, საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით არ დაუშვას საერთაშორისო ასპარეზზე თავისი პოზიციების სერიოზული შესუსტება.
    რაც შეეხება თავად ჩეჩნეთსა და ჩეჩენ ხალხს, არ შეიძლება, ადამიანური თვალსაზრისით, მას არ თანავუგრძნობდეთ და არ ვწუხდეთ დაღვრილი სისხლის გამო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვის ესეც უნდა იქცეს კიდევ ერთ ისტორიულ გაკვეთილად იმისა, რომ პოლიტიკა ვერ იტანს სენტიმენტებს, ხოლო რომანტიზმი პოლიტიკაში - დანაშაულებრივი ავანტურიზმის ტოლფასია.

«მოქალაქე», 23 მარტი, 1995 წელი.