დსთ - ს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებით საქართველო არაფერს დაკარგავს, გარდა ბორკილებისა

დსთ - ს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებით საქართველო არაფერს დაკარგავს, გარდა ბორკილებისა

 

        პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების თანახმად, საქართველო გამოდის ე.წ. დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეიდან, ვინაიდან უაზრობად მიაჩნია საპარლამენტო თანამშრომლობა ე.წ. თანამეგობრობის ქვეყნებთან მაშინ, როდესაც «გოსდუმის» დადგენილებით რუსი დეპუტატები აფხაზეთის სეპარატისტულ არჩევნებში დამკვირვებლებად მონაწილეობენ.
        ეს ნაბიჯი (თუ იგი გადაიდგა) ნამდვილად დროულია, ვინაიდან საქართველოს გარშემო მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით, ქვეყანა უბრალოდ ვალდებულია განახორციელოს საპასუხო დემარშები - გაუთავებელი პროვოკაციებისა და მტრული გამოხდომების პასუხად.
        დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა შეიქმნა 1999 წელს - რუსეთის ფედერაციის საბჭოს» იმდროინდელი თავმჯდომარის, შუმეიკოს ინიციატივით.
        ასამბლეა დაფუძნდა სანკტ-პეტერბურგის «ტავრიის» სასახლეში, სადაც ათეულობით წლის წინ რუსეთის იმპერიის «სახელმწიფო სათათბირო» სხდომებს მართავდა. რა თქმა უნდა, ამით რუსეთის თანამედროვე ხელმძღვანელობა ერთგვარ «პოლიტიკურ შთაბეჭდილებას» ქმნიდა, ვინაიდან სიმბოლოებს პოლიტიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
        საქართველო ამ ე.წ. ასამბლეაში შეიყვანა ვახტანგ გოგუაძემ, რომელმაც, იმთავითვე გულმხურვალედ «აიტაცა» შუმეიკოს წინადადება. საინტერესოა, რომ საქართველოს პარლამენტს არანაირი დადგენილება ამ საკითხზე არ მიუღია. ვახტანგ გოგუაძემ ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, 1996 წლიდან, «საპარლამენტო ასამბლეის» მუშაობაში ახლადარჩეული პარლამენტიც ჩაება.
        ამ ხნის განმავლობაში ეს «მუშაობა» იმით გამოიხატა, რომ ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია რეგულარულად მწვავედ აყენებდა აფხაზეთის საკითხს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთგვარ წარმატებასაც აღწევდა - ასამბლეა იღებდა დადგენილებებს, რომლებშიც ასახული იყო ქართული მხარის პოზიცია აფხაზეთთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, რუსეთის «საპარლამენტო ხელმძღვანელობა» ყოველთვის უკავშირდებოდა ამის შემდეგ სეპარატისტთა ლიდერებს და «უხსნიდა» მათ – არ აღელვებულიყვნენ, ვინაიდან ამ დადგენილებებსა და განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ ჰქონდათ; უბრალოდ, მათი მეშვეობით, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში «შეტყუება» ხდებოდა; ეს კი აფხაზი სეპარატისტებისათვის ხელსაყრელი იყო, ვინაიდან ამით ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ, დსთ-ს «საშინაო საქმედ» აღიქმებოდა.
        აქედან გამომდინარე, «საპარლამენტო ასამბლეის» მუშაობაში საქართველოს მონაწილეობას არავითარი აზრი არ ჰქონდა - ამით მხოლოდ რუსეთი რჩებოდა მოგებული – იგი არა მხოლოდ თავის «გეოპოლიტიკურ სივრცეს» აფიქსირებდა, არამედ (თქვენ წარმოიდგინეთ) იტოვებდა საშუალებას, რათა საჭიროების შემთხვევაში დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეას მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე კონფედერაციის, ან სულაც ფედერაციის დაფუძნების თაობაზე. გააჩნია, რამდენად მოახერხებდა რუსეთი შესაბამისი ვითარების «მომწიფებას».
        ფსოუზე საზღვრის გახსნის შემდეგ საქართველომ აუცილებლად უნდა გადადგას ნაბიჯი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრციდან თანდათანობით გამოსასვლელად, ვინაიდან თანამეგობრობაში იგი სწორედ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის იმედით შევიდა, მაგრამ ასამბლეას საქართველოსათვის ტავრიის სასახლეში ერთი ოთახის გარდა, არაფერი მოუტანია.

მერიდიანი, 13 ოქტომბერი, 1999 წელი