დომუხოვსკი-გელბახიანის საქმე

დომუხოვსკი-გელბახიანის საქმე

 

    ბოლო დროს საზოგადოებაში დიდ ვნებათღელვას იწვევს ე.წ. «დომუხოვსკი-გელბახიანის» სასამართლო პროცესი. ზოგიერთმა გაზეთმა გადმობეჭდა რამდენიმე ევროპული გამოცემის პუბლიკაცია, რომლებიდანაც ჩანს, რომ ამ სასამართლო პროცესს ევროპაშიც აქცევენ ყურადღებას (ყოველ შემთხვევაში - გარკვეულ წრეებში).
    ჩვენში კი დოკვაძეც, გელბახიანიც და დომუხოვსკიც უფრო იმ საშინელი სამოქალაქო ომის ლანდებად აღიქმებიან, რამაც საქართველოს უდიდესი ზიანი მიაყენა, ქვეყანა ლამის დაანგრია, მაგრამ ასეა თუ ისე დამთავრდა, ისტორიას ჩაბარდა! ყოველ შემთხვევაში, რეალურ, პოლიტიკურ დონეზე, - თუნდაც მრავალთა ცნობიერებაში იგი კვლავ გრძელდებოდეს.
    მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფალთა არაკომპეტენტური (მეტი რომ არ ვთქვათ) ქმედების გამო, ხდება (შესაძლოა მათდაუნებურად) სამოქალაქო ომის სულიერი ატმოსფეროს რეანიმაცია.
    ამთავითვე ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, არავითარი სიმპათია ტერორისტების მიმართ არა მაქვს და არც მექნება, როგორიც არ უნდა იყოს მათი შემდგომი ბედი. მათ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს რამდენიმე სრულიად უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვი!
    არავითარი გამართლება ამას არა აქვს, მაგრამ როდესაც საუბარია ტერორისტთა სიკვდილით დასჯაზე და არა მხოლოდ მათ იზოლირებაზე საზოგადოებისაგან, ეს უკვე აღიქმება, როგორც გამარჯვებულის მიერ დამარცხებულის დასჯა და არა როგორც საზოგადოების შემდგომი ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელი აქტი.
    აქვე ვიტყვი: დღევანდელ ეტაპზე სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი და განსაკუთრებული ზომა, საქართველოში გამართლებულად მიმაჩნია, რადგან სხვაგვარად წინ ვერ აღვუდგებით ბარბაროსული კრიმინალის და ტერორის იმ «მეცხრე ტალღას», რომელმაც ლამის წალეკოს სრულიად საქართველო. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. თანაც არა იმიტომ, რომ მსჯავრდებულთა ბედი თავისთავად მათი პიროვნების გამო მაინტერესებს, არამედ იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც შეიძლება ამ პროცესმა გამოიწვიოს საზოგადოებაში.
    დავიწყოთ იმით, რომ ჩიქოვანის ქუჩაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის საქმე სრულიად გაუმართლებლად გააერთიანეს ე.წ. «ყვარლის საქმესთან» მაშინ, როდესაც ამ ორ მოვლენას შორის თვისობრივი სხვაობაა - ყვარლის ტყეებში დააკავეს ექსპრეზიდენტის მომხრეთა რაზმი, რომელიც არსებული ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. სხვა საკითხია, რამდენად გამართლებული იყო მათი მცდელობა, მაგრამ ეს მაინც სხვა მოვლენაა, ხოლო ჩიქოვანის ქუჩაზე განხორციელებული აქტი - სხვა.
    ყვარლის საქმის ბევრ მონაწილეს არავითარი კავშირი ჯაბა იოსელიანის წინააღმდეგ განხორციელებულ აფეთქებასთან არ ჰქონია - ეს თვით სასამართლო პროცესმაც დაადასტურა.
    ზოგიერთი მათ ქმედებას «სამშობლოს ღალატის» კვალიფიკაციას აძლევს - აქაოდა, «ისინი ხომ ჩეჩნეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ, რომელიც იმ დროს აფხაზეთში გვეომებოდაო».
    ვიზიარებ ამ არგუმენტს, მაგრამ მაშინ არ შეიძლება არ გავიზიაროთ მეორე, საპირისპირო არგუმენტიც: თუკი ჩეჩნეთის ტერიტორიის გამოყენება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად გაუმართლებელი იყო ზემოთხსენებული მიზეზის გამო, მაშინ არანაკლებ გაუმართლებელი იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენება ქვეყნის ხელისუფლების (პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას) დასამხობად - რაც აგრეთვე სრულიად უეჭველად დასტურდება მრავალი ფაქტითა და მოწმის ჩვენებით.
    გარდა ამისა, ამ ორი საქმის გაერთიანებით ხელისუფლებამ (ნებსით თუ უნებლიედ) თავად მიაკუთვნა ჩიქოვანის ქუჩაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს იმ სამოქალაქო ომის ტვიფარი, რომელიც, სხვათა შორის, თავადვე დაიწყო. ეს კი ყოვლად გაუმართლებელია!
    ხელისუფლება რომ გულწრფელი და ქვეყნისთვის კეთილმოსურნე ყოფილიყო, მას პირიქით, ეს ორი საქმე ერთმანეთისაგან უნდა გაემიჯნა, რადგან თუ დოკვაძისა და გელბახიანის მოქმედება აღიქმება სამოქალაქო ომის კონტექსტში, მაშინ მორალისტური არგუმენტაცია (ეს კი მთავარი არგუმენტია!) მათ წინააღმდეგ ყოველგვარ დამაჯერებლობას კარგავს: ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს შეუძლიათ თქვან (და სავსებით არგუმენტირებულადაც): «სამწუხაროა, რომ ჩიქოვანის ქუჩაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ განა დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების შედეგად ცოტა დაიღუპა სრულიად უდანაშაულო ადამიანი, - უბრალოდ ქუჩაში გამვლელი?»
    ამრიგად, ხელისუფლება გაცილებით გონივრულად მოიქცეოდა, თუ ჩიქოვანის ქუჩის სისხლიან ინციდენტს «ყვარლის საქმისაგან» გამოაცალკევებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. უფრო პირიქით. ხელისუფლების მომხრე ტელეჟურნალისტები ყვარლის ინციდენტის გამო გამართულ სასამართლო პროცესს «დომუხოვსკი-გელბახიანის» საქმეს უწოდებენ და, კაცმა რომ თქვას, სხვაგვარად ვერც მოიქცეოდნენ, რადგან ეს ორი პროცესი, ფაქტობრივად, გაერთიანებულ იქნა ხელისუფლების მიერვე - პროპაგანდისტული მიზნით.
    ამავე კონტექსტში უნდა იქნას განხილული დამნაშავეთა (თუ ისინი მართლაც დამნაშავენი არიან) სიკვდილით დასჯის საკითხიც: განურჩევლად იმისა, როგორია ჩვენი დამოკიდებულება უდანაშაულო მსხვერპლის მიმართ, ზემოთხსენებული მიზეზის გამო, ამგვარი სასჯელი უეჭველად იქნება აღქმული (თუნდაც ისტორიის მიერ), როგორც სამოქალაქო ომში გამარჯვებულის მხრიდან - დამარცხებულზე შურისძიება. ანუ არა როგორც იურიდიული სამართლის აქტი, არამედ როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება.
    გამოდის, მთავარი ის კი არ ყოფილა, რომ პოლიტიკური მიზნით უდანაშაულო ადამიანის მოკვლა არ შეიძლება და ამას გამართლება არა აქვს, არამედ ის, თუ ვინ გაიმარჯვა სამოქალაქო ომში. ზვიად გამსახურდიას რომ გაემარჯვა, მაშინ დღევანდელი ბრალმდებელნი ისხდებოდნენ საბრალდებო სკამზე და უკვე მათ გაასამართლებდნენ «დეკემბერ-იანვრის პუტჩის დროს უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობისათვის».
    სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას თავიდანვე უნდა გაემიჯნა ჩიქოვანის ქუჩის ტერორისტული აქტი - სამოქალაქო ომისაგან. მაგრამ მერკანტილური მოსაზრებებით (ამწუთიერი პროპაგანდისტული მოგების მისაღებად) მან ეს არ გააკეთა, რითაც  უდიდესი ზიანიც მიაყენა საზოგადოებრივ, ეროვნულ ცნობიერებას, რომლის საფუძველი «მორალურისა» და «ამორალურის» ცნებათა მკაცრი დეფინიციაა.
    ამ ცნებათა აღრევა კი, უეჭველად იწვევს საზოგადოებრივი მორალის დეგრადაციას და საბოლოო ჯამში - ერის გადაგვარებას.

«მსგეფსი», მარტი, 1995 წელი.