დიტერ ბოდენს საქართველოდან გაძევება ემუქრება.

დიტერ ბოდენს საქართველოდან გაძევება ემუქრება.

      

        მთელმა საქართველომ ნახა კადრები სამეგრელოდან, სადაც შავი დღე აყარეს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხებში. მთლიანობაში საკმაოდ კორექტულად, მაგრამ ძალზე მწვავედ დიტერ ბოდენს (მისი სახით, უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციას) უთხრეს, რომ იგი არის უმაქნისი, უსუსური, ბიუროკრატიული, დიდწილად ფარისევლური და, ხშირ შემთხვევაში, «მუნდირის ღირსებას გამოკიდებული».
        დიტერ ბოდენმა ეს ყოველივე დიპლომატიური «სიმედგრითა» და «სიდინჯით» აიტანა - სხვათა შორის, ის უბრწყინვალესი, რაფინირებული დიპლომატიამ. მაგრამ ერთი წუთითაც არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ იმავე საღამოს, სულ რამდენიმე საათის შემდეგ,, საქართველოში გაეროს ოფისი ნიუ-იორკში აფრენდა «ელვაკორესპონდენციას» მომხდარი ინციდენტის უზუსტეის, დეტალური აღწერით და ეს დოკუმენტი გენერალურ მდივანს მაგიდაზე ექნებოდა.
        იყვნენ თუ არა მართლები ლტოლვილები და სიმართლეა თუ არა ის, რაც ბოდენს (გაეროს) პირში მიახალეს? - რა თქმა უნდა, სრული სიმართლეა. ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ შინაარსობრივად გაეროს არც სურს და არც შეუძლია, რეალურად რაიმე ზემოქმედება მოახდინოს კონფლიქტის მხარეებზე. ჩვენ ამ ორგანიზაციას დავაკისრეთ (იმედისა და მოლოდინის თვალსაზრისით) ისეთი ფუნქცია, რასაც იგი იმთავითვე «ვერ აწევს».უ ფრო ზუსტად, გაერთიანებუი ერების ორგანიზაციას სხვადასხვაგვარად აქვს წარმოდგენილი (და ფუნქციონალურად სხვაგვარად ვრეც წარმოიდგენს) მისია, რომლეიც ჩვენს აბსოლუტურად განსხვავებულად გვესმის.
        მაგალითად, გაეროს გენერალური მდივნის უკლებლივ ყველა წარმომადგენელი (დიტერ ბოდენის ჩათვლით) და მისიის ყველა თანამშრომელი, ვისაც აფცაზეთის პრობლემასთან შეხება ჰქონია 1994 წლიდან დღემდე, იმეორებს ერთსა და იმავეს: ჩვენ აქ (აფხაზეთში, თბილისში, ენგურზე, კოდორში) ვიმყოფებით მხოლოდ იმისთვის, რათა მხარეებს მოლაპარაკებისთვის აუცილებელი პირობები შევუქმნათ. ჩვენ მხოლოდ შუამავლები ვართ- შეთანხმებას თქვენ («საქართველომ და აფხაზეთმა») უნდა მიაღწიოთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი თავიის ავტორიტეტით «გაანათლებს» ამ შეთანხმებას და თვალს მიადევნებს მის განუხრელად შესრულებას.
        ჩვენ ამის გაგება და გაგონება არ გვსურს - ჩვენ გვინდა, რომ გაერომ «დამნაშავედ» გამოაცხადოს სეპარატისტთა მხარე, მაგრამ ვერც დიტერ ბოდენი და ვრეც კოფი ანანი (ძალიანაც რომ სურდეთ, ამას ვერ გააკეთებენ იმ უბრალო მიზეზით, რომ ისინი ტექნიკური მუშაკები არიან. გადაწყვეტილებებს გაეროში იღებს უშიშროების საბჭო, კიდევ უფრო ზუსტად - «მუდმივი წევრი» 5 ქვეყანა (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), ხოლო რუსეთი (ისევე, როგორც ამერიკა) ყოველთვის «დაბლოკავს» იმ გადაწყვეტილებას, რაც მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს არ შეესაბამება. თქვენ წარმოიდგინეთ, დიტერ ბოდენს არ შეძლია გააკეთოს, რაიმე განცხადება, რაც გაეროში რუსეთის წარმომადგენელ ლავროვს არ მოეწონება, ვინაიდან იგი დაინიშნა ხუთივე ზემოთ ჩამოთვლილი ელჩის თანხმობით, ანუ ის მათ «კოლექტიურ ნებას» გამოხატავს. და საერთოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხოლოდ მაშინ არის ქმედითი, როდესაც ერთმანეთს ემთხვევა «დამფუძნებელ ქვეყანათა» ინტერესები ან ამერიკა აიძულებს სხვებს, მის წინადადებას დაეთანხმონ სხვა საკითხებში საპასუხო დათმობის (!) ფასად.
        მაგალითად, ასე მოხდა ბოსნიის კონფლიქტთან დაკავშირებით 1994-1995 წლებში.
        პრობლემის თავიდათავი ის არის, რომ «მოძრაობის» პირველი წლებიდანვე ჩვენ რაღაც განსაკუთრებულ (ლამის მითოლოგიურ) ძალასა და მნიშვნელობას განიჭებდით, ეგრეთ წოდებულ «საერთაშორისო სამართალს». სინამდვილეში იგი სხვა არაფერია, თუ არა «ძლიერთა კონსენსუსი,» რომელსაც სხვები ემორჩილებიან.
        ვერაფერს რეალურად გაერო აფხაზეთში ვერ გააკეთებს. პირიქით, - თვით თავის შუამავლობის ფაქტითაც კი იგი ზოგიერთ დემაგოგიურ არგუმენტს ანიჭებს სეპარატისტებს. ამდენად, გაერომ აფხაზეთში თავისი ფუნქცია მართლაც ამოწურა, თუ ამ ფუნქციად მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს არ ვაღიარებთ, რასაც ნაწილობრივ ართმევს თავს, ანუ «აკვირდება» რეალობას.
       

დილის გაზეთი, 21 დეკემბერი, 2001 წელი