დივერსიამ შევარდნაძის წინააღმდეგ ჯაბას ბედი გადაწყვიტა

დივერსიამ შევარდნაძის წინააღმდეგ ჯაბას ბედი გადაწყვიტა

      ჯაბა იოსელიანს მისთვის დამახასიათებელი იუმორი ნამდვილად მისცემს საშუალებას რამდენიმე ანეკდოტი მოჰყვეს სასამართლო პროცესზე, რომელიც უეჭველად განახლდება უახლოეს მომავალში.
    «შავი ანეკდოტების» თემა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი იქნება. ჯაბა იოსელიანი და სხვა მხედრიონელები, რასაკვირველია, შეეცდებიან, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი ტერორისტული აქტის განხორციელება გამოიყენონ თავის მართლებისათვის - ხომ ხედავთ, ახალი ტერაქტი მოხდა, ესეც «მხედრიონის» ბრალია?
    1995 წლის 29 აგვისტოს, დასისხლიანებულმა ედუარდ შევარდნაძემ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა: «ეს იქნება უკანასკნელი ტერაქტი საქართველოში». მისი სიტყვები არ გამართლდა - ტერაქტი განმეორდა კიდევ უფრო მძვინვარე და სასტიკი ფორმით; ამჯერად ორი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ უდიდესი შეცდომა იქნებოდა იმისი თქმა, თითქოს 29 აგვისტოს შემდეგ დაპატიმრებული მხედრიონელებისათვის ახალი დივერსია შევარდნაძის წინააღმდეგ ალიბად იქცევა.
    სხვათა შორის, ეს გარემოება უმალვე იგრძნო როგორც თავად ედუარდ შევარდნაძემ, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ, რომლებმაც თითქმის ერთდროულად გააკეთეს იდენტური განცხადება: «29 აგვისტოს და 9 თებერვალს შემსრულებლები სხვადასხვა იყვნენ, მაგრამ შემკვეთი უდავოდ ერთი და იგივეა».
    ბუნებრივია, ამ ქარაგმაში უპირველესად რუსეთი იგულისხმება, რადგან მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურებს ძალუძთ ერთდროულად ორ იმდენად განსხვავებულ ძალას «ეთამაშონ», როგორიცაა «მხედრიონი» და «მთიელ ხალხთა კონფედერაცია».
    დივერსიის შემდეგ გააფთრებულ ბრძოლაში პრეზიდენტის პირადი დაცვის მიერ მოკლული ჩეჩენი (უკვე უეჭველად ცნობილია) სწორედ «მთიელ ხალხთა კონფედერაციის» წევრი იყო და აფხაზეთშიც იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ.
    მომხდარი ნამდვილად შეცვლის განწყობას «საუკუნის პროცესზე» და დაახლოებით აღადგენს იმ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს, რომელიც საქართველოში 29 აგვისტოს შემდეგ სუფევდა. ლაპარაკიც ზედმეტია რაიმე თანაგრძნობაზე მხედრიონელების მიმართ მეტ-ნაკლებად გავლენიანი და ცნობილი ძალების მხრიდან; პროკურორებს კი «ძალა მოეცათ» და უფრო მეტი რიხით დაიწყებენ საუბარს.
    როგორც ჩანს, ჯაბა იოსელიანის ბედი მართლაც გადაწყვეტილია და მას სამუდამო პატიმრობა ელის. მოსამართლე, საფიქრებელია, ვერ გაბედავს მიიღოს ხელისუფლების და საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
    სხვა «მხედრიონელებიც» ასეთივე ბედს გაიზიარებენ. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, პროცესზე ახალი ტენდენციის განვითარებაც იწყება. კერძოდ, განსასჯელები სულ უფრო იყოფიან «ნამდვილ მხედრიონელებად» და «მიტმასნილებად» ან პირიქით - «ნამდვილ უშიშროების თანამშრომლებად» და «უშიშროებაში შემძვრალ მხედრიონელებად». ეს მოსალოდნელიც იყო. საქმე ის გახლავთ, რომ 1992 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც თემურ ხაჩიშვილი უშიშროების (საინფორმაციო-სადაზვერვო ბიუროს) ხელმძღვანელად დაინიშნა, ამ სისტემაში დამკვიდრება იწყეს «ჩვეულებრივმა» მხედრიონელებმა, ხოლო ეს კონტიგენტი რას წარმოადგენდა, საყოველთაოდ ცნობილია.
    «მხედრიონელებმა» თანდათან «ნამდვილი კაგებეშნიკებიც» კი შეავიწროვეს, მაგრამ უკანასკნელნი კრინტის დაძვრას ვერ ბედავდნენ; ბოლოს კი მიიღეს მათთვის შეთავაზებული თამაშის წესები; წარმოიშვა ერთგვარი სიმბიოზი, რომელშიც წამყვან როლს «მხედრიონელები» ასრულებდნენ, ხოლო «შემსრულებლები» (პროფესიონალიზმის გამო) უშიშროების ძველი თანამშრომლები იყვნენ.
    29 აგვისტოს ტერაქტი (აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - ვ.ხ.) სიმბიოზის იმ ნაწილის მიერ იქნა განხორციელებული, რომლებიც მენტალიტეტით უფრო კრიმინალად რჩებოდა. მაგრამ პასუხისმგებლობის გადანაწილება საშუალებას ქმნიდა, შეკრულიყო წრე რუსეთის მთავარ რეზიდენტზე საქართველოში:
    იგორ გიორგაძე იქცა კრიმინალ-კაგებეშნიკური სიმბიოზის სიმბოლოდ. «საუკუნის პროცესზე» პასუხისმგებლობისაგან თავის დასახსნელად იწყება ოდესღაც ერთიანი და ურყევი გაერთიანების თანდათანობით დაშლა. თანაც, ძნელი სათქმელია, რომელი უფროა ამ პროცესის ინიციატორი:
    «კაგებეშნიკებს» არ სურთ იკისრონ პასუხისმგებლობა მხედრიონელების ნამოქმედარზე, რაკი თავი სრულიად უდანაშაულოდ მიაჩნიათ, როგორც 29 აგვისტოს ტერაქტში, ასევე გია ჭანტურიას მკვლელობაში. «მხედრიონელებს» კი ნამდვილად გაუჩნდათ იმედი, რომ «მოსკოვურ კვალს» უფრო ყოფილი «სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი» შეესაბამება, ვიდრე «ეროვნული მოძრაობის წიაღში წარმოშობილი სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია».

მერიდიანი, 13 თებერვალი, 1998 წ.