„დიდი ქართული ინტელიგენცია“: ყორანთა ჩხავილი

    „დიდი ქართული ინტელიგენცია“: ყორანთა ჩხავილი

    «მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი» - გენიალური პოეტის ეს ფრაზა, რომელშიც, რასაკვირველია, პოლიტიკის ნასახიც არ მოიძევება, - იმდენად მძლავრ და შთამბეჭდავ მხატვრულ-სემანტიკურ «ხატს» ქმნის, რომ თუ არა კონკრეტულ მოტივაციას, ყოველ შემთხვევაში სულისკვეთებას კი ხშირად ასახავს.
    ნებისმიერ საზოგადოებრივ პროცესში კი სწორედ სულისკვეთებაა ყველაზე საინტერესო. უფრო მეტიც – იგია განმსაზღვრელი და «მთავარი ფაქტორი», - თუ პოლიტოლოგთა ძირითად «ინსტრუმენტალს» დავუბრუნდებით.
    მერანი უნდა „მიისწრაფოდეს“ (თუნდაც «უგზო-უკვლოდ» – აქ ეს როდია მთავარი), ხოლო ყორანი უნდა «ჩხაოდეს» ანუ საკუთარ (საპირისპირო) «განწირულ სულისკვეთებას» გამოხატავდეს.
    და აქვე: «განწირული სულისკვეთება» უკვე იმთავითვე როდია კეთილშობილება. ისევე, როგორც «მოხუცებულება» თავისთავად. ანუ, «მოხუცი აკადემიკოსი», მიუხედაავდ იმისა, რომ ჟღერს, როგორც «უმწეო ბავშვი» და ბუნებრივად განგაწყობს თითქოს თანალმობისაკენ – სინამდვილეში კიდევ ერთი საცდურია, რაკი «უმწეო ბავშვისაგან» განსხვავებით, «მოხუცი აკადემიკოსი» მხოლოდ თანალმობას კი არ მოითხოვს, არამედ ინტერესთა გათვალისწინებასაც.
    «ინტერესთა კონფლიქტის» დროს კი, (რას იზამ!) ობიექტურად მოქმედებს ლათინური სიბრძნე: «ჰომო-ჰომინის ლუპუს ესტ», რასაც ვერაფრით ურიგდება და ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შეურიგდება (ღიად და ცხადად!) ქართული სემანტიკა და ცნობიერება.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

    რამდენიმე კვირის წინ, «აკადემიის განადგურების» საპროტესტოდ ფილარმონიის «დიდ საკონცერტო დარბაზში» გამართული «აკადემიური თავყრილობა», შემდეგ კომიკური მიტინგი «მთავრობის სახლის» წინ იმთავითვე ჩაფიქრებული უნდა ყოფილიყო, როგორც «დიდი ქართული ინტელიგენციის გედის სიმღერა».
    ეს კიდევ ერთი მშვენიერი მეტაფორაა და რაღაცით ეხმიანება «ტვ-იმედის» ერთი კუდრაჭა ჟურნალისტი გოგონას პროექტ «ალავერდის» ეთერში ერთი „ცნობილი პოეტის“ მიერ განმეორებულ «მიგნებას».
    თუ იხილეთ და გახსოვთ, მან «ჩამავალი მზის სადღეგრძელო» შესვა. ბუნებრივია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ «ჩამავალი მზის მშვენიერებაში» იგი განყენებულად საკუთარ თავს ან თავის პოეზიას გულისხმობდა. როგორც ჩანს, მას იმის თქმა სურდა, რომ ოსვალდ შპენგლერისა არ იყოს «ჩასასვენებლად გადაიხარა დიდი თაობის მზე».
    თანაც არა უბრალოდ «თაობისა», - არამედ «პლეადის» ანუ მისი სპეციფიური სოციალური განსაზღვრულობის, რასაც წლების განმავლობაში აღვნიშნავდით აბსურდული ტერმინით «ელიტარული ინტელიგენცია».
    სწორედ ეს, ოდესღაც თითქმის ყოვლისშემძლე არეოპაგი «შეჰკრბა» ფილარმონიის «დიდ საკონცერტო დარბაზში», შემდეგ მიტინგზე, რათა დაედასტურებინა თავისი არსებობა ან, ყოველ შემთხვევაში, «გედის სიმღერა» მაინც შეესრულებინა დასტურად «ჩამავალი მზის» უჭკნობი მშვენიერებისა.
    მაგრამ თუ ორივე შეკრებაზე მუქი ფერების სიუხვესა და განსაკუთრებით ინტელექტუალურ შემადგენელს გავითვალისწინებთ, გედის მშვენიერი სიმღერის ნაცვლად სულ სხვა რამ «გამოუვიდათ».

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

    არადა «რა დრო იყო», «აფსუს», «რას მოესწრენ» - «გახსოოოოოოვთ?» - მათი ყოველი გამონათქვამი, ყოველი ფრაზა, თითოეული გამოსვლა, თუნდაც ქარაგმა, «ლიტსაქართველოში» გამოქვეყნებული «მცირე განმარტება» - რა საზოგადოებრივ ძრწოლასა და მითქმა-მოთქმას ბადებდა ამ 10-20-30 წლის წინ! ხელისუფლებაც (უცვლელი შევარდნაძის სახით) რა ხელებაკანკალებით ეცნობოდა «ქართველი ინტელიგენციის აზრს».....
    რა რუდუნებით ქმნიდნენ იმ ღირებულებებს, იმ პოტენციალს, რომელიც, როგორც შემდგომ გაირკვა, სინამდვილეში გამანადგურებელი ძალისა აღმოჩნდა და 1988-1993 წლების საზარელი, დაუვიწყარი, მრავალი თვალსაზრისით გამოუსწორებელი ტრაგედია განაპირობა.
    დღემდე არ სურთ შეურიგდნენ (ან თუნდაც მიხვდნენ მაინც და გაიგონ), რომ მაშინ, იმ უკვე შორეულ ეპოქაში, კონკრეტული პოლიტიკოსები (შევარდნაძე, გამსახურდია) კი არ დამარცხდნენ, არამედ ის ღირებულებები დამარცხდა, რასაც ერის ვითომდაც «ინტელექტუალური ელიტა» ქმნიდა ათწლეულების განმავლობაში. ერს კვებავდა, თავადაც გვარიანად «იკვებებოდა» და შემდგომ უკვირდა, რომ ამ «საკვებით» მახინჯი ურჩული გამოზარდა.
    მათ დღემდე ჰგონიათ, რომ 2003 წლის გიორგობას «შევარდნაძის ეპოქა დამთავრდა საქართველოში». სინამდვილეში მათი ეპოქა დამთავრდა!
    თანაც, დამთავრდა არც ისე ლამაზად და მშვენიერად, რომ მართლაც უჭკნობი მეტაფორის ღირსი იყოს, არამედ სამარცხვინოდ, თავლსლაფდასხმულად, უღიმღამოდ და უკანმოუხედავად!
    2003 წლის 23 ნოემბერს მხოლოდ შევარდნაძე კი არ წავიდა – ისინიც დაბრუნდნენ, მასთან ერთად, მშობლიურ მეოცე საუკუნეში.
    რევოლუციამდე მცირე ხნით ადრე ედუარდ შევარდნაძე სწორედ მათ, («ძველ ელიტას») აფრთხილებდა «საშიშროების» შესახებ, რაც ემუქრებოდათ.
    კიდევ კარგი, მაშინ ვერ მიხვდნენ (და მედიდური, ვითომდაც მრავლის, სინამდვილეში არაფრისმთქმელი დუმილი და «ჩაურევლობა» არჩიეს) რომ ლიდერი ამ შემთხვევაშიც მართალი იყო! – მათ ნამდვილად ემუქრებოდათ «საშიშროება».
    კიდევ კარგი ვერ მიხვდნენ, რომ ეს «საშიშროება» სწორედ ისტორიული და საზოგადოებრივი ასპარეზიდან მათი (როგორც წარსული ელიტის) და არა მხოლოდ შევარდნაძის სამარცხვინოდ(!) წასვლას ნიშნავდა; რომ ერთი პიროვნების კრწანისის რეზიდენციაში გამწესებით და მათთვის ძველი პატივ-დიდება-რენომე-რანგის შენარჩუნებით ეს ბობოქარი მოვლენა ნამდვილად არ(ვერ) დასრულდებოდა; რომ რეფორმები გატარდებოდა; მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებთან გახსნილი საროსკიპოები დაიხურებოდა და, რაც მთავარია, «სულთა მპყრობელებს» ადამიანთა სულები, მათი რიდი და პატივისცემაც დაუსხლტებოდათ იმგვარადვე აკანკალებული ხელებიდან.
    და არა მხოლოდ ისინი: მართლაცდა, კიდევ კარგი, ის ხალხი, ვინც გვარიანად მოითბო ხელი შევარდნაძის მმართველობის პირველ პერიოდში და «კუპონებად» ჩაიგდო ხელში ქარხნები, წილები, აქტივები, 22-23 ნოემბერს კი გულგრილად, «შორიდან» ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას, - ვერ მიხვდა, რომ ის რაც ხდებოდა, ადრე თუ გვიან მათაც აუცილებლად შეეხებოდა, მათაც წაართმევდნენ კუპონებად «პრიხვატიზებულ» ქონებას და რომ ნებისმიერი რევოლუცია უპირველესად სწორედ ქონების ხელახალ განაწილებას ნიშნავს.
    ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ციხეებში ბევრი ისეთი ადამიანიც აღმოჩნდა, ვისაც რევოლუციის დღეებშიც კი, ასეთ პერსპექტივაზე რომ მიგენიშნებინა, - სასაცილოდ არ ეყოფოდა: «მე რომელი შევარდნაძისტი მნახე, კისერი უტეხიაო» გეტყოდა და მხრებს აიჩეჩავდა. კიდევ კარგი ისინიც ვერ მიხვდნენ, რომ შევარდნაძე მათაც აფრთხილებდა - «ჩემთან რაც ადრე ჭამეთ იმასაც გაგახსენებენ და გულგრილნი ნუ ხართო».
    კიდევ კარგი, მაშინ ვერ მიხვდნენ. თორემ რომ მიმხვდარიყვნენ სინამდილეში რა საფრთხე ელოდათ (იმის მიუხედავად, ბოლო წლებში იყვნენ შევარდნაძესთან თუ არა) – ის რევოლუცია ესოდენ უმტკივნეულო ვერ იქნებოდა.
    საბედნიეროდ, ახლა უკვე გვიან არის «დიქტატურაზე» ლაპარაკი!
    წავიდა, დამთავრდა თქვენი დრო, ბატონებო (და ქალბატონებო)! მართლა დამთავრდა!!! თანაც, დამთავრდა არა ისე, როგორც თქვენ გინდოდათ დამთავრებულიყო, არამედ ბევრად უარესად, - ისე, რომ შთამომავლებს დარჩებით სახითხითოდ და «მხრებასაჩეჩად».
    რაღა დარჩენიათ ოდესღაც «დიადი ელიტის» ნამუსრევთ (ან განა მარტონი არიან ამგვარნი საკაცობრიო ისტორიაში?) – მხოლოდ მოთქმა და მწარე კვნესა ისტორიული დამარცხებისა, მხოლოდ გოდება წინაშე «აკადემიისა», „მწერალთა კთვშირისა“, «პიონერთა სასახლისა», კუპონებად ხელთგდებული და დღეს სახელმწიფოსთვის «ნებაყოფლობით დაბრუნებული» აქციებისა მსუყე ქარხანა-საწარმოებში; ან წინაშე ციხის კამერის კუთხეში, პირსაბანის ქვეშ მდებარე სათლისა.
    ახია თქვენზე!!!

„ალია“